რა იკრძალება და რა იქნება დაშვებული - ის, რაც ტაქსის მძღოლებმა უნდა იცოდნენ - კვირის პალიტრა

რა იკრძალება და რა იქნება დაშვებული - ის, რაც ტაქსის მძღოლებმა უნდა იცოდნენ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტაქსებთან მიმართებაში ახალი ვიზუალური სტანდარტი 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება.

კალაძემ ტაქსების ვიზუალურ მხარეზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის დაადასტურა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ტაქსის ფერთან დაკავშირებით, რომელიც თეთრი იქნება.

"ჩვენ ვმუშაობთ ვიზუალურ სტანდარტზე, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან იქნება სავალდებულო. საუბარია ფერზე და ჩვენ ძალიან ბევრი მსჯელობა გვქონდა ამასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ თეთრი ფერი იყოს ტაქსებისთვის სავალდებულო. 2019 წლის ოქტომბრიდან სამკარიანი ავტომობილები და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ვერ შეძლებენ ამ სერვისის გაწევას. ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის ქალაქში გამოიყოფა სპეციალური პარკირების ადგილები, რომელიც იქნება მათთვის უფასო. გარდა ამისა, მათ საკუთარ ავტომობილებზე ექნებათ გამოყოფილი კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება რეკლამის გაკეთება და რეკლამიდან შემოსული თანხა იქნება მათი პირადი საკუთრება. ასევე, მანათობელი ტაქსის ნიშანი, რომელსაც დაამზადებს მერია, ტაქსებს გადაეცემათ უფასოდ", - აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მხოლოდ ის ტაქსები იმოძრავებენ, რომლებსაც ლიცენზია აღებული აქვთ. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძღოლი, რომელიც ლიცენზირების გარეშე განახორციელებს აღნიშნულ სერვისს, დაჯარიმდება 200 ლარის ოდენობით.

"ტაქსების რეგისტრაცია გრძელდება. ამ ეტაპზე გაცემულია 6200-ზე მეტი ნებართვა. 1-ელი ოქტომბრიდან ამ სერვისის გაწევა ლიცენზიის გარეშე შეუძლებელია. ვისაც ნებართვა არ ექნება, ძალიან მკაცრი მიდგომები იქნება - ჯარიმა 200 ლარი. ნებართვის 1 წლის აღების საფასური ჩვეულებრივი შიდა წვის ძრავიანი ავტომობილებისთვის 100 ლარს შეადგენს, ჰიბრიდებისთვის 50 ლარია, ხოლო ელექტრომობილებისთვის - უფასოა", - განაცხადა კალაძემ.

ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის თეთრად გადაღებვის შემთხვევაში მანქანის პასპორტის შეცვლა მოუწევთ. რეგისტრაციის მოწმობაში ავტომანქანის სხვა მონაცემებთან ერთად მისი ფერიც არის მითითებული.

აღსანიშნავია, რომ მანქანის პასპორტის შეცვლა მძღოლებს 65 ლარი დაუჯდებათ. ზოგადად, მანქანის სარეგისტრაციო მოწმობის აღება 35 ლარი ღირს, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში, მათ შორის ავტომობილისთვის ფერის შეცვლისას მძღოლებს დამატებით 30 ლარის გადახდაც უწევთ, რაც ჯამურად 65 ლარს შეადგენს.

"ინტერპრესნიუსი" აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ესაუბრა.

"მოქალაქე, რომელსაც სურს მის მფლობელობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას შეუცვალოს ფერი, ვალდებულია გადაღებვის შემდეგ წამოადგინოს ავტომობილი მომსახურების სააგენტოში. სატრანსპორტო საშუალება გაივლის სტანდარტულ დათვალიერებას, რომლის საფუძველზეც სარეგისტრაციო დოკუმენტში განხორციელდება ცვლილება და მფლობელი მიიღებს ახალ სარეგისტრაციო მოწმობას", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" შსს-ში.

იხილეთ ვიდეო