"შემოვარდნენ მანქანაში, მოიტაცეს ყველაფერი - კარავი, ბალიშები" - როგორია ზაზა სარალიძის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

"შემოვარდნენ მანქანაში, მოიტაცეს ყველაფერი - კარავი, ბალიშები" - როგორია ზაზა სარალიძის მდგომარეობა?

ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის ამჟამად პარლამენტის შენობის წინ, მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება.

ზაზა სარალიძე მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა მისი ავტომობილი გააჩერეს და გაჩხრიკეს, შეუძლოდ გახდა. მას ადგილზე სასწრაფოს მისვლამდე საპატრულო პოლიცია და რიგითი მოქალაქეები უწევდნენ დახმარებას, სასწრაფოს მისვლის შემდეგ კი სარალიძემ სამედიცინო დახმარებაზე უარი განაცხადა.

ზაზა სარალიძე სამართალდამცავებს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აქციების შეწყვეტას არ აპირებს. მისივე ინფორმაციით, პოლიციამ მისი ავტომობილიდან კარავი და პირადი ნივთები ამოიღო.

როგორც სარალიძემ აღნიშნა, მას და მის მხარდამჭერებს პარლამენტის შენობასთან მიჰქონდათ კარვები, იქ ასევე უნდა მისულიყო სახალხო დამცველის წარმომადგენელიც, თუმცა, როგორც სარალიძე განმარტავს, მას სამართალდამცველებმა კარავი წაართვეს.

"შემოვარდნენ მანქანაში, მოიტაცეს ყველაფერი - კარავი, ბალიშები. ყველაფერი მოიტაცეს", - განაცხადა სარალიძემ.

პარლამენტის შენობის წინ აქცია "მამები სიმართლისთვის" 19:00 საათზე განახლდება.

იხილეთ ვიდეო