მამაცაშვილი, ჩხარტიშვილი, გახარია... ვინ დაჰპირდა ივანიშვილს კომპრომატების დადებას ქუმსიშვილზე და ვინ აკონტროლებს პროკურატურას?.. - კვირის პალიტრა

მამაცაშვილი, ჩხარტიშვილი, გახარია... ვინ დაჰპირდა ივანიშვილს კომპრომატების დადებას ქუმსიშვილზე და ვინ აკონტროლებს პროკურატურას?..

"პალიტრამედიის" სტამბაში ( შპს "კოლორპაკი") პროკურატურის შესვლამ ძალიან დიდი საზოგადოებრივი და მედიარეზონანსი გამოიწვია. რას ეძებს პროკურატურა "კოლორპაკში" და რატომ გახდა საჭირო სტამბის 4 წლის დოკუმენტაციის მოთხოვნა, ამაზე ამ სამართალდამცავ უწყებას მხოლოდ ზოგადი პასუხი აქვს. სამაგიეროდ, სხვადასხვა მედიასაშუალებებმა, რომლებმაც ეს თემა აქტიურად გააშუქეს, პროკურატურის სტამბაში შესვლა პირდაპირ დაუკავშირეს ყოფილ ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენებს და უკვე მერამდენედ დაისვა კითხვა - დაიჭერენ თუ არა ყოფილ მაღალჩინოსანს? ან თუ დასაჭერია რატომ არ იჭერენ?

რა თქმა უნდა, თუ რომელიმე ადამიანი თანამდებობაზე ყოფნისას კანონს დაარღვევს, მან სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი. თუმცა მეორე მხრივ, საუბარი იმაზე, ვინ რომელი კანონი დაარღვია, უნდა ემყარებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებს...

ვნახოთ, რაიმე კონკრეტულ ფაქტს წარუდგენს თუ არა პროკურატურა საზოგადოებას. რაც შეეხება თავად ქუმსიშვილს - ის ჯერ მინიშნებებით საუბრობს. 21 სექტემბერს ერთ-ერთ კომენტარში ყოფილმა მინისტრმა მის წინააღმდეგ აგორებული შავი პიარი დაუკავშირა "სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრების მოსურნე ადამიანების არაჯანსაღ ინტერესებს" და თქვა, რომ მისი რეპუტაციის შებღალვას ადრეც და ახლაც ცდილობენ. ციტატა: "სხვადასხვა დაინტერესებული ადამიანები თუ ჯგუფები, მათ შორის ძალიან გავლენიანი ადამიანები" ციტატის დასარული.

ვინ იგულისხმება "ძალიან გავლენიან ადამიანებში", ქუმსიშვილს არ უთქვამს. თუმცა ის ინფორმაცია, რაც სარწმუნო წყარომ მოგვაწოდა, მეტ-ნაკლებად სრული სურათის დანახვის საშუალებას იძლევა.

მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის კონფლიქტი სააშკარაოზე გამოვიდა და მთავრობიდან კვირიკაშვილი და მისი გუნდი ივანიშვილმა გაუშვა, ადამიანთა ჯგუფმა, რომელთაც ბიძინა ივანიშვილზე გარკვეული გავლენა აქვთ, გადაწყვიტა კვირიკაშვილის გარემოცვის უახლოესი წევრის დიმიტრი ქუმსიშვილის საბოლოოდ ჩაძირვა. ივანიშვილთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე სხვა ადამიანთან ერთად, ესენი არიან - ერთი მხრივ, უჩა მამაცაშვილი და ვანო ჩხარტიშვილი და მეორე მხრივ, შს მინისტრი გიორგი გახარია.

რატომ დაუპირისპირდნენ ეს ადამიანები და ქუმსიშვილი ერთმანეთს, ეს ალბათ, ჟურნალისტური გამოძიების სხვა სტატიის თემაა. თუმცა ერთ ფაქტორზე უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ. ცნობილია, რომ უჩა მამაცაშვილი და ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მეგობრები და საქმიანი პარტნიორები არიან. სარწმუნო წყაროს ცნობით, მაშინ როდესაც ქუმსიშვილი ფინანსთა მინისტრად დაინიშნა, ფარცხალაძე სრულად აკონტროლებდა როგორც პროკურატურას, ასევე ფინანსურ პოლიციას (აქედან გამომდინარე ყველა შედეგით...), რომელიც ფორმალურად ფინანსთა მინისტრს ემორჩილებოდა, თუმცა რეალურად, აბსოლუტურად დაქვემდებარებული იყო ოთარ ფარცხალაძის ბრძანებებზე და მას სწორედ ფარცხალაძის კადრი გიორგი ბადაშვილი ედგა სათავეში.

რამდენიმეთვიანი დაპირისპირების შემდეგ, ივანიშვილის დახმარებით, ქუმსიშვილმა შეძლო ფინანსური პოლიციის დაბრუნება ფინანსთა სამინისტროს რეალური მართვის ქვეშ და ფარცხალაძე გვერდზე გასწია.

ბადაშვილი მაშინვე გადაიყვანეს მთავარი პროკურორის მოადგილედ, სადაც ამ დრომდე მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ სარწმუნო ინფორმაციით, ამჟამად მთავარ პროკურატურას ისევ ოთარ ფარცხალაძე და მისი სანდო ადამიანები აკონტროლებენ და იქ დაახლოებით იგივე პროცესი ვითარდება, რაც ფინანსურ პოლიციასთან დაკავშირებით აღვწერეთ. შალვა თადუმაძე, რომელიც მთავარი პროკურორია, რეალურად კადრების დანიშვნა-გათავისუფლების გადაწყვეტილებებსაც კი ვერ იღებს ოთარ ფარცხალაძის მარჯვენა ხელის მამუკა ვასაძის გარეშე (მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე). შალვა თადუმაძე ცდილობს ბიძინა ივანიშვილის დახმარებით მიიღოს რეალური ძალაუფლება, ივანიშვილი დახმარებას ჰპირდება, თუმცა ჯერჯერობით ყველაფერი ძველებურადაა - თადუმაძეს წითელი ხაზის იქით არ უშვებენ...

სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, ზემოთ ნახსენები ადამიანები და სავარაუდოდ კიდევ ერთი სხვა გავლენიანი დაჯგუფება, ადრეც ცდილობდნენ ივანიშვილის დარწმუნებას იმაში, რომ ქუმსიშვილზე (რომელიც იმ დროისთვის ივანიშვილის ერთერთ ფავორიტად ითვლებოდა) კორუფციასთან დაკავშირებით სერიოზული კომპრომატები არსებობდა. ისინი, მანამდეც, სანამ ბიძინა ივანიშვილი კვირიკაშვილს და მის გუნდს გაუშვებდა, თავისი "საინფორმაციო პაიკების" მეშვეობით, სხვადასხვა მედიასაშუალებებს მუდმივად "უგდებდნენ" თემებს, რომლის მთავარი მიზანი იყო ქუმსიშვილზე კორუმპირებული მაღალჩინოსნის სტერეოტიპის ჩამოყალიბება.

კვირიკაშვილის წასვლის შემდეგ კი, ივანიშვილის კარზე, როგორც კვირიკაშვილის, ასევე ქუმსიშვილის უკვე დაუფარავი და აშკარა "გაშავების" რაუნდები დაიწყო...სწორედ ერთერთი ასეთი რაუნდისას, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა ზემოხსენებულ პირებს დაახლოებით მსგავსი რამ მოსთხოვა, რომ თუ ამბობთ, რომ ქუმსიშვილზე არსებობს კომპრომატი, მომიტანეთ ის კომპრომატი! ამის შემდეგ პროკურატურა უკვე ოფიციალურად ამუშავდა...

ჩვენი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა ბოლო 2 თვის განმავლობაში რამდენჯერმე მოსთხოვა აღნიშნულ პირებს კომპრომატების წარდგენა ქუმსიშვილთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო, მოისმინა მხოლოდ ზოგადი დაპირება, რომ "აი, ხვალ-ზეგ" გამოძიება დანაშაულის კვალზე გავიდოდა.

მიმდინარე მოვლენების და არსებული ინფორმაციის ანალიზი, შემდეგი სურათს ქმნის: ივანიშვილი კითხულობს გამოძიების ამბებს, ითხოვს დაპირებულ კომპრომატებს, სამართალდამცველ უწყებას კი რაიმე ხელჩასაჭიდი კომპრომატი როგორც ჩანს არ აქვს და რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ნიადაგზე პროკურატურას პანიკა დაემართა. ლამის ყველა სფეროს მოედვნენ, სადაც კი ქუმსიშვილს მინისტრობისას, მანამდე, ან შემდეგ შეხება ჰქონია.

სავარაუდოდ, პანიკის შეტევის პიკი პროკურატურის "პალიტრამედიის" სტამბაში (შპს "კოლორპაკი") შესვლაა. პროკურატურის განცხადებით, თურმე სტამბაში შესვლა მიზნად ისახავს პროგრამა "აწარმოე საქართველოს" "მიღებული თანხების მონიტორინგის შესწავლას". არადა, "კოლორპაკმა" ამ პროგრამაში მონაწილეობა 2016 წელს დაასრულა, პროკურატურამ კი მოითხოვა ყველანაირი დოკუმენტაცია და კორესპონდენცია, 2014 წლის 1-ელი იანვრიდან 2018 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით. რატომ აინტერესებს პროკურატურას პროგრამის დასრულებიდან ორი წლის შემდგომი დოკუმენტაცია? - ეს უკვე უკონტროლო ბულდოზერის სინდრომია: ყველგან თხრი გარშემო, იქნებ რაიმეს მიაგნო. ამ უკონტროლო "თხრისას" კი ზიანს ისევ შენს უფროსებს აყენებ, რომლებსაც "იბერიას" და "ომეგა ჯგუფის " სკანდალიც ვერ აქვს მოგვარებული და ამყარებ არგუმენტებს, რომ სწორედ მედიაზე ზეწოლაა ხელისუფლების მთავარი ინტერესი. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ქუმსიშვილის ფაქტორის გარდა ესეც, "პალიტრამედიაზე" ზეწოლაც იყოს მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა...

ჩვენი ჟურნალისტური გამოძიება გრძელდება, უკვე გამოიკვეთა სხვა ნიუანსებიც, რომლებსაც დაზუსტების შემდეგ შემოგთავაზებთ...

გიორგი კვიტაშვილი