ლეგენდარული გურამი - კვირის პალიტრა

ლეგენდარული გურამი

გურამ რჩეულიშვილის დაღუპვიდან 50 წელი გავიდა

1960 წლის 23 აგვისტოს, გაგრის სანაპიროზე, არნახულად აზვირთებულ ზღვაში, სხვების სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლისას დაიღუპა დიდი ქართველი მწერალი, ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, მწერლობაში ახალი გზების მესაძირკვლე და გამკვალავი, ლეგენდარული გურამ რჩეულიშვილი. მაშინ იგი მხოლოდ 26 წლის იყო... ნახევარი საუკუნე გავიდა იმ ავადსახსენებელი დღიდან, მისი ხსოვნა კი ცოცხლობს და მარადიულად იცოცხლებს.

განგებისაგან განკუთვნილი 26 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი მეტისმეტად ხანმოკლე სიცოცხლის ბოლო ათწლეულში, მისი ყოველი დღე თავგადასავლებით, ფათერაკებით, წერით, შრომით, ქეიფებით, სიყვარულით, მეგობრობით, ერთგულებით იყო სავსე.

გურამი უღირსეულესი პიროვნება და სამაგალითოდ ერთგული მეგობარი იყო. სულიერად იგი ყოველთვის ჩვენთან იყო, ისევ გვაერთიანებდა, ვაჟკაცობასა და შეუდრეკლობას გვასწავლიდა...

გურამი სიკვდილამდე ზუსტად 20 დღით ადრე ვნახე. 1960 წლის 3 აგვისტოს... მოსკოვს მივდიოდი. თბილისი-მოსკოვის მატარებელი მაშინ დღისით გადიოდა. ორი საათით ადრე ჩემს გასაცილებლად მოვიდნენ გურამ რჩეულიშვილი, აგი აბაშიძე და გურამ რუსიშვილი. ორი საათით ადრე იმიტომ, რომ მაშინ ჩვენთვის მანქანა არ არსებობდა და ტრამვაით უნდა მივსულიყავით სადგურამდე.

ბევრი ვიცინეთ და ვიმხიარულეთ, ტრამვაით მივედით სადგურამდე, ჯერ დეზერტირების ბაზარში შევიარეთ, მოსკოვისათვის აუცილებლად საჭირო ღვინო და არაყი ვიყიდეთ. არჩევის დროს ღვინოც და არაყიც საკმაოდ გულუხვად გაგვასინჯეს, კარგად გამხიარულებულები ავედით სადგურში. ბარგი დავალაგეთ კუპეში, ვაგონის წინ ვიდექით და ხალისიანად ვსაუბრობდით.

მატარებლის გასვლა გამოაცხადეს. მეგობრები გადავკოცნე და კიბის თავზე გადმომდგარი დიდხანს ვუქნევდი მათ ხელს. გურამ რჩეულიშვილი იდგა საოცრად მოხდენილი, შავი, მაღალყელიანი ფეხსაცმელები ეცვა, შავი შარვალი და თეთრი პერანგი, სახეზე ღიმილი და სიკეთე ეწერა. იდგა და ორივე ხელს მიქნევდა, ფართო ბეჭებს რიტმულად ამოძრავებდა. ასეთი ვაჟკაცურად ლამაზი, წარმოსადეგი და იმედით სავსე დარჩა იგი სამუდამოდ ჩემს მეხსიერებაში.

მოსკოვში მომწერეს, გურამი თანაკურსელთან და მეგობართან, თემო ბერიძესთან ერთად გაგრაში წასულიყო დასასვენებლად, თან, როგორც ყოველთვის, სამუშაოდ.

21 აგვისტოს თბილისისკენ მოვდიოდი. მატარებელი გაგრის სადგურში გაჩერდა. ბაქანზე მთელი 20 წუთი წინ და უკან დავდიოდი - ეგებ გურამს ან ვინმე ნაცნობს მოვკრა თვალი-მეთქი. არავინ ჩანდა. გზაში ვფიქრობდი, გაგრაში დავრჩები-მეთქი, მაგრამ უფულობა მიშლიდა ხელს. ამიტომ გადავწყვიტე, თბილისში ჩამოვსულიყავი, ცოტა ფული მესესხა და ათიოდე დღით გაგრაში წავსულიყავი.

იმ ტრაგიკული დღეების გახსენება ყოველთვის მიჭირს ხოლმე, ამიტომ მინდა ნაწყვეტი მოვიტანო ჩემი და გურამის უახლოესი მეგობრის ბორის ინასარიძის ცხოვრებისადმი მიძღვნილი წიგნიდან "სიკვდილამდე დარჩენილი ერთი ნაბიჯი".

"23 აგვისტოს გვიანამდე არ დამეძინა. ვაკეში, ჩვენი ძველი სახლის შუშაბანდში ვიწექი. ყველა შინ იყო - დედაც, მამაც, ჯონდოც, გობრონიც. ღამის ორი საათი იქნებოდა, კარზე რომ დააკაკუნეს. წამოვხტი, ედიშერ რჩეულიშვილი იდგა გაფითრებული, საოცრად მოტეხილი, ძლივს ამოთქვა ორი სიტყვა: "გურამი დაიხრჩო".

ახლაც მაღელვებს და მაკანკალებს იმ წუთების შეგრძნება... სწრაფად ჩავიცვი. დამწუხრებულები დავეშვით კამოს ქუჩისკენ, ბორიას სანახავად. ბორია მიტკალივით გაფითრდა, ცრემლები მოადგა და ხმა ჩაუვარდა.

სწრაფად უნდა წავსულიყავით გაგრაში. რა არ ვცადეთ. გურამის ერთ ამხანაგს მანქანა ჰყავდა. მან რაღაც მოიმიზეზა და უარი გვითხრა. შუაღამით მოთარეშე მანქანებიც გავაჩერეთ, რას აღარ შევპირდით მძღოლებს, მაგრამ ყველა უარს ამბობდა. ისევ აეროპორტისაკენ წავედით. ედი დარჩა, რომ ძია მიშას და მახლობლებს გამოჰყოლოდა. დილის 6 საათზე პატარა, 22-ადგილიანი თვითმფრინავით გავფრინდით ადლერში.

ღრუბლიანი დილა იყო. თვითმფრინავი გვანჯღრევდა. ადლერს მივუახლოვდით და თვითმფრინავმა ზღვაზე დაიწყო დაშვება, რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა. თვითმფრინავმა უცებ დაკარგა სიმაღლე და ისე დაქანდა ზღვისაკენ, რომ სული ყელში მოგვებჯინა.

ახლოს დავინახე ატალახებული, მღვრიე ზღვა. ამ დროს ვარდნა შეჩერდა, თვითმფრინავი ჯერ მარცხნივ გადაქანდა, მერე მარჯვნივ შეჯანჯღარდა. მეც და სხვებიც, ვინც განაპირას ვისხედით, იატაკზე აღმოვჩნდით. მერე თვითმფრინავმა ისევ აიღო სიმაღლე, 10-15 წუთიც იფრინა და დაეშვა ადლერის აეროპორტში.

ნახევარი საათის შემდეგ გაგრაში ვიყავით. წარმოუდგენელი ღელვა და თავსხმა იყო. ჩელუსკინელების სანატორიუმში მივედით, სადაც გურამის ბიძაშვილი ლალი რჩეულიშვილი ექიმად მუშაობდა. დაწვრილებით გავიგეთ, რა უბედურება დატრიალდა. წინადღეს, ოთხის ნახევრიდან ოთხ საათამდე ორი რუსისა და ერთი ქართველის გადარჩენის დროს გურამი აზვირთებულ ზღვაში დაიღუპა. არნახული ღელვა 8-9 ბალს აღწევდა, ზღვის მიერ გატაცებული გურამის პოვნა ვერ მოხერხდა.

დავრჩით მარტოდმარტო ბორია და მე უსასრულო დელგმაში, დამწუხრებულები, სულიერად განადგურებულები.

დიდხანს ვიდექით იმ ადგილას, სადაც ტრაგედია დატრიალდა. ეს იქვე იყო ჩელუსკინელების სახელობის სანატორიუმთან, შვეულმფრენის დასაშვები მოედნის წინ, პლაჟისკენ ჩამავალ კიბესთან. გაიგეს, რომ უკვე ჩავედით, მოდიოდნენ, დეტალურად აგვიწერდნენ, როგორ მოხდა ეს უბედურება, იზიარებდნენ ჩვენს მწუხარებას.

გადაუღებელი წვიმის, არნახული ღელვის, სიცივისა და შიმშილის მიუხედავად, წინ და უკან ფეხით გავიარეთ გრძელი მანძილი დაღუპვის ადგილიდან ჟოეკვარას იქითა ყურემდე. გურამს უკვე გამძვინვარებულ ზღვაში ვეძებდით. თან შორეული იმედიც დაგვყვებოდა: გურამი როგორ დაიხრჩობოდა, როცა ბრწყინვალედ ცურავდა, იქნებ სადმეა წასული, იქნებ გამოჩნდეს, იქნებ შეეშალათ და სულ სხვა იყო...

ღამით ლალიმ დასაძინებლად სანატორიუმის ერთ დიდ ოთახში მოგვაწყო.

არ დაგვეძინა, ჯერ ვლაპარაკობდით, მერე ავდექით, პლედები მოვიხურეთ და შუაღამემდე ვერანდაზე ვიდექით. სანახაობა იყო საშიში, უსაშინლესი, მაგრამ მაინც მიმზიდველი. ზღვის ნაწილს აქ სანატორიუმის სინათლე და პროჟექტორი აშუქებდა. უზარმაზარი ტალღები გრიალით მოისწრაფოდნენ ნაპირისკენ, სანაპირო კედელს ენარცხებოდნენ და შიშინით გადმოდიოდნენ გზაზე...

გამთენიისას თითქმის უძინარები ავდექით და წავედით გაგრის სადგურში ჩამომსვლელების დასახვედრად. კიბეზე ჩამოვიდა ჩაფერფლილი და მოტეხილი ძია მიშა, გურამის მამა, ბიძები, ნათესავები, მეგობრები.

ოთხი დღე ვეძებეთ გურამი, დავდიოდით დარდიანები, წვერმოშვებულები, მშივრები, უპატრონოებს ვგავდით. 27 აგვისტოს ზღვაში ვიყავით გასულები კატარღით. ზღვა ჯერ კიდევ ღელავდა. ჩვენს პატარა კატარღას მართლა ბურთივით ათამაშებდა. ამ დროს დაბრუნების ნიშანი მოგვცეს - გურამი ეპოვათ.

პირველსავე მანქანაში შევვარდით ბორია, შალიკო რჩეულიშვილი და მე. ავედით ფერდობის ზემოთ მდებარე საავადმყოფოში... გურამი სარდაფის პატარა ოთახში იწვა წელს ზემოთ შიშველი, ქამრით მაგრად შემოჭერილი რუხი შარვალი და ბათინკები ზღვას ვერ გაეხადა, ვაჟკაცური მარჯვენა მკლავი კი მოეტეხა და ისე დაემორჩილებინა...

მეორე დილით ბიჭები საბარგო მანქანით წამოვედით. აქეთ-იქით გადმოსაწევ სკამებზე ვისხედით. ჩვენ შორის ყინულებსა და ფორმალინის ხსნარში იწვა ჩვენი უპირველესი მეგობარი, ჩვენი წინამძღოლი, ქართული მწერლობის მშვენება და ლეგენდად ქცეული პიროვნება...

წავიდა გურამი და დაგვიტოვა სამუდამო ტკივილი. ამ დღის შემდეგ ბორია ინასარიძე, ედი რჩეულიშვილი, გურამ გეგეშიძე და სხვები იყვნენ გურამის უპირველესი ჭირისუფალნი, მისი დიდი ოჯახის უერთგულესნი, მისი მშობლების, შვილის, დის მოსიყვარულე და პატივისმცემლები, მეგობრის სახელის გამფრთხილებელნი და მომვლელები.

ბოლო წლების თავისი ფიქრების რვეულში ბორია ინასარიძეს ჩაუწერია: "გურამ რჩეულიშვილი ჩემი საყვარელი ადამიანია. როდესაც ვიგონებ, ყოველთვის ასე მგონია, რომ ის სიბერეს ვერ აიტანდა". ამის შესახებ თვითონ გურამიც ხშირად ამბობდა ბორიასთანაც, გურამთანაც, ნოდართანაც, ერლომთანაც, ჩემთანაც. წერდა კიდეც "მე არ დავბერდებიო" და არც დაბერდა. სამოცი წლის დიდი მწერალიც ისევ იმ შლეგურად ბრძენ ოცდაექვსი წლის ჭაბუკად დარჩა."

...გურამის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილ ჩემს წიგნებში ყველგან არის აღნიშნული, რომ გაგრის მაღალ ჯებირთან ზღვისკენ ჩამავალი კიბის მეცამეტე საფეხურზე მდგარი გურამი აბობოქრებულმა ზღვამ გაიტაცა. საქმე კი სულ სხვაგვარად ყოფილა. გურამის ტრაგიკული აღსასრულიდან ოცდაათზე მეტი წლის შემდეგ სუფრაზე შევხვდი გაგრიდან ლტოლვილ ბიჭებს, მგონი, 1993 წელს. ესენი იყვნენ სიჭინავა, გოგოხია, გეგეჭკორი, ზუხბაია, სამწუხაროდ, სახელები აღარ მახსოვს. მათ მითხრეს, რომ ჩემი წიგნი, "მე ახლაც ოცდაექვსი წლისა ვარ", წაკითხული ჰქონდათ და გურამის დაღუპვის ვერსია არ მიაჩნდათ სწორად.

"იმ დროს ჩვენ სულ ახლო ვიდექით. გურამს ახლოს ვიცნობდით გაგრიდან, ის აბობოქრებულ ზღვაში შესასვლელად ემზადებოდა. ვთხოვდით, - არ გინდა, ძალიან საშიში ღელვაა, მაშველს დაუცადე და ერთად მაინც შედითო. მაშველმა ცოტა რომ დაიგვიანა, თქვა, - არა, ესენი ვერ გაუძლებენ, თუ არ მივეხმარე, დაიღუპებიანო. მუქი რუხი, ჯიბეებიანი ხალათი პლაჟზე მიაგდო და გაბედული და გამოცდილი მოცურავის მსგავსად უზარმაზარ ტალღებს ქვეშ შეუვარდა, გაჰყვა და ნაპირიდან საკმაოდ შორს ამოყვინთა. ღელვა იმ ადგილებში ნაკლები იყო, ვიდრე ნაპირთან.

გურამი მიცურდა ბიჭებთან და ხან ერთს ეხმარებოდა წყლის ზედაპირზე გაჩერებულიყო, ხან - მეორეს. ცოტა ხანში მაშველიც მოვიდა, ნაცნობი გაგრელი ბიჭი იყო, გვარად არშბა. დავინახეთ - ის პირველად გურამთან მიცურდა. გურამს ხმამაღლა დაეყვირა და ხელითაც ენიშნებინა, - იმათ მიხედე, მე არა მიშავსო. ორივე ეხმარებოდნენ არაქართველ ბიჭებს. ამასობაში საათზე მეტი ხნის წინ გამოძახებული შვეულმფრენიც მოვიდა. პილოტმა წრე დაარტყა და ჰაერში გაჩერდა.

მალე კარიც გაიღო და ძველი, გაშავებული თოკიც ჩამოუშვეს. გურამმა ყველა მიუშვა თოკთან, მაშველიც კი, რომელიც ერთ-ერთ ძალღონეგამოცლილ რუსს ასვლაში ეხმარებოდა, გურამიც ყველას ეშველებოდა, ძლიერი ქარისაგან მოქანავე კიბეს იჭერდა... როცა ყველა ავიდა, გურამიც მოეჭიდა კიბეს და ასვლა დაიწყო, მას უკვე არავინ ეხმარებოდა.

ერთი საფეხური აიარა, მეორე და როცა მესამე საფეხურზე დაიწყო ასვლა, ძველისძველი, დაძონძილი კიბე ჩაწყდა და გურამი აზვირთებულ ზღვაში ჩავარდა. ნაპირზე წივილ-კივილმა იმატა, შვეულმფრენს ამ დელგმაში მეტი გაჩერება აღარ შეეძლო, გაფრინდა, რომ კიბე როგორმე შეეცვალა და დაბრუნებულიყო, მაგრამ ბედისწერა უკვე ტალღებზე იდგა. გურამი იბრძოდა, ნაპირისაკენ მოდიოდა, მოისწრაფოდა, ვეებერთელა ტალღა კი უკან აბრუნებდა, მერე მეზღვაურის ზოლიანი მაისური ხელებზე გადაეკრა, კიდევ გაიბრძოლა, ერთხელ ახედა დაბლა დაწეულ ცას და ტალახისფერ ტალღებში გაუჩინარდა.

აქამდე, - დაამატეს გაგრელებმა, - თითქოს სასწაული მოხდა, გურამმა ძალების უკიდურესი დაძაბვით გამოარღვია ტალღები და ნაპირზე გამოვიდა ჯებირთან, ამოსასვლელი კიბე სულ ახლოს იყო, 8-10 მეტრის დაცილებით. ჩქარა, ჩქარა, - ყვიროდა ხალხი. "სეკუნდა", - დაუძახია გურამს, ანუ ერთი წამი დამაცადეთო.

ზოგი ყვიროდა, თოკი ჩავუგდოთო, ზოგი ურჩევდა, - ხელები ამოსწიეო. ხელები რომ აღემართა, დასწვდებოდნენ და როგორმე ამოსწევდნენ. მან კი ასეთი დახმარება არ იკადრა, თითქოს სიკვდილს ეთამაშებოდა, თვალებში უყურებდა და არც უფრთხოდა. წამიერი შესვენების შემდეგ გურამი მოტრიალდა, კიბისკენ უნდა წამოსულიყო, ამ დროს კვლავ უზარმაზარი ტალღა დაენარცხა ჯებირს და გურამი ზღვაში გაიტაცა"...

გურამის შემოქმედების მოამაგე, გამოჩენილი ქართველი მწერალი გიორგი შატბერაშვილი პოემაში, "ზაფხულის ღამის ქრონიკები" გურამის უკანასკნელი წუთების შესახებ წერდა: "და იგი ისე დაიღუპა, არ თქვა "მიშველეთ". ასეთია ბედი ამაყთა". ეს პოეტმა დამსწრეთა მონათხრობისა და საკუთარი განცდების სულის ქურაში გადახარშვის შემდეგ თქვა.

მე ვწერდი ერთ-ერთ წერილში, რომელსაც ვეღარ მივაგენი და ამიტომაც ვისარგებლე ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ჟურნალისტ ირმა ხარშილაძის მშვენიერი წერილით "მე ახლაც ოცდაექვსი წლისა ვარ" (#12, 2010): "ხშირად ვფიქრობ ხოლმე და დარწმუნებული ვარ, გურამ რჩეულიშვილს აუცილებლად შეეძლო ზღვის გააფთრებული ტალღებისაგან თავის დაღწევა, მაგრამ იგი აქაც სიკვდილს დასცინოდა, შეუცნობელს ეთამაშებოდა და კვლავაც ბეწვის ხიდზე გავლას ცდილობდა, უნდოდა დარწმუნებულიყო, რას დააკლებდა სიკვდილი...".

სამწუხაროდ, ასე ვფიქრობ ახლაც, ან გაცილებით უფრო მეტს ვფიქრობ, თუ როგორ და რატომ მოხდა ის შემზარავი ტრაგედია 1960 წლის 23 აგვისტოს, დღის 3 საათიდან 4 საათამდე. იმასაც ვფიქრობ, გურამ რჩეულიშვილს დიდი გალაკტიონის მსგავსად სიკვდილისა არ ეშინოდა, ეს მისთვის უკვდავებისკენ მიმავალი "ვარდისფერი" გზა იყო, იგი ამ გზის გავლას ყოველთვის ელოდებოდა.

"პალიტრა მედიამ" "ქართული პროზის საგანძურის" ფართოდ გახმაურებულ ციკლში გამოსცა გურამ გეგეშიძის შესანიშნავი რომანი "სტუმარი". მწერალი იგონებს გურამ რჩეულიშვილის ზუსტი პროტოტიპის - ვაჟას საუბარს, რაც განსაკუთრებული სიმწვავით მომხვდა გულზე ამ პატარა წერილის წერისას:

"მე სულ ხუთიოდე წლის სიცოცხლე დამრჩენია,  - მეუბნებოდა ვაჟა, - ოცდაათს რომ მივაღწევ, ან მოვკვდები, ან თავს მოვიკლავ, ან გავლოთდები. ვგრძნობ, ამის იქით არც ენერგია მეყოფა და არც სასიცოცხლო ძალა, ამიტომ მანამდე უნდა მოვასწრო ყველაფრის გაკეთება, ამ დროში მთლიანად უნდა ამოვწურო საკუთარი თავი, რომ ჩემი სახელი სამუდამოდ დარჩეს. მერე ძალა აღარ მეყოფა, ან რაღაც მომივა. ამას აშკარად ვგრძნობ...".

გურამ რჩეულიშვილი გრძნობდა აღსასრულის მოახლოებას, არც გაურბოდა, პირიქით, ეტოქებოდა, არ უშინდებოდა, რადგან კარგად იცოდა თავისი უმაღლესი დანიშნულების ფასი. დღეს მსგავსი ციტატების კითხვა მზარავს და გაგრის იმ საოცრად გულისმომკვლელ დღეებთან მაბრუნებს, როცა გურამი იმქვეყნიური სამყაროს ბინადარი გახდა, როცა სამწუხაროდ გაცხადდა მისი წინასწარმეტყველება.

იმ დღიდან, 1960 წლის 23 აგვისტოს დღის 4 საათიდან გურამ რჩეულიშვილი ქართულ მწერლობაში სამარადისოდ დარჩა დიდ მწერლად, დიდ კლასიკოსად და მარად დაუვიწყარ ლეგენდად. დარჩა, როგორც 26 წლის უკვდავი მზეჭაბუკი, ვისაც დავიწყების ბურუსი ვერასდროს დაფარავს, სანამ მისი საფიცარი საქართველო იარსებებს. საქართველო კი მარადიულია.

ნუგზარ წერეთელი

საქართველოს გურამ რჩეულიშვილის საზოგადოების პრეზიდენტი