"ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა დიდებული რამ იქნებოდა ცხოვრება, სიბერის მერე ისევ ახალგაზრდობა რომ იწყებოდეს" - კვირის პალიტრა

"ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა დიდებული რამ იქნებოდა ცხოვრება, სიბერის მერე ისევ ახალგაზრდობა რომ იწყებოდეს"

"ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ გაცდენილი დღეები, წლები არ მქონია"

28 სექტემებერს დიდი ქართველი კლასიკოსი მწერალი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე 87 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

თამაზ ჭილაძე 1931 წლის 5 მარტს, ქალაქ სიღნაღში დაიბადა. 1938 წელს შეიყვანეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში.

საშუალო სკოლა კი თბილისში დაამთავრა (ვაჟთა მე-7 სკოლა), შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, შემდეგ კი - ასპირანტურაში. ავტორია არაერთი ცნობილი პროზაული ნაწარმოებისა და პიესის.

თამაზ ჭილაძეს მიღებული აქვს რუსთაველის (1992), სახელმწიფო (1997) და კიდევ რამდენიმე სხვა პრემია, მათ შორის ალექსანდრე ყაზბეგის, აკაკი წერეთლის, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიები. 1996 წელს დასავლეთ გერმანიის რადიო მაუწყებლობამ მიანიჭა პირველი პრემია პიესისათვის „სამოთხის კვარტეტი“. 1999 წელს კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა 1999-2000 წლების „საერთაშორისო ადამიანის“ წოდების ნომინანტად დაასახელა.

მწერლის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე, მათ შორის: ფრანგულად, ინგლისურად, უკრაინულად, ესპანურად, იტალიურად, ჩეხურად, სლოვაკურად, სერბულად, უნგრულად, ბულგარულად, პოლონურად, თურქულად, სომხურად, ესტონურად, ლატვიურად, ლიტვურად.

ის ჩვენი გამორჩეულად ძვირფასი და საყვარელი რესპონდენტი იყო.

გთავაზობთ ამონარიდებს "კვირის პალიტრისთვის" მიცემული ინტერვიუებიდან.

- ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ გაცდენილი დღეები, წლები არ მქონია. საერთოდ, საეჭვოა ასეთი რამ არსებობდეს, თუკი ადამიანი ნამდვილად ცხოვრობს. რაც შეეხება სიყვარულს, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ის დიდი ბედნიერებაა, რომელსაც, თუ ღმერთი ინებებს და გამოგიგზავნის, მერე (არა აქვს მნიშვნელობა, პირველია თუ მერამდენე!) შენი არსების აუცილებელი ნაწილი ხდება, სხვა სიტყვით - შენი სული იზრდება და მდიდრდება სიყვარულით. ასე რომ, ამ გრძნობას, ანუ სიყვარულს, როგორც ვეება კოცონს, ფერფლიც დიდი აქვს, ოღონდ ეს, თუ შეიძლება ითქვას - ცოცხალი ფერფლია, საერთოდ, მოგონებები ცოცხალი ფერფლია, მეტი არაფერი...

- ბატონო თამაზ, თქვენი და - ქალბატონი თინა, ფაქტობრივად, ერთი წუთითაც არ გცილდებათ, მუდამ თქვენზე ზრუნავს, თქვენი ძმის - უდიდესი მწერლის, ოთარ ჭილაძის შვილები - ბატონი ზაზა და ქალბატონი თაკო ყურადღებას არ გაკლებენ... და მაინც... წარმოგიდგენიათ სიმარტოვე?

- ადამიანს სხვისი სიმარტოვის წარმოდგენაც კი ზარავს, არადა, შეიძლება არც იცოდეს, რომ თვითონაც მარტოა. სიმარტოვეს უამრავი სახე აქვს, ამავე დროს, როგორიცა ხარ, ისეთივეა შენი სიმარტოვეც, რომელსაც, თუკი რამე არ შეუძლია, უპირველეს ყოვლისა, ნუგეშისცემა!

სწორედ ცოცხალ ფერფლში ყელამდე ჩაფლული, საკუთარი თავის ამარა ხარ დარჩენილი... წარმოდგენით, როგორ არ წარმომიდგენია და თუნდაც, ამიტომაც, არავის ვუსურვებ სიმარტოვეს!

- ეს შეგრძნება, ალბათ, ასაკი მატებასთან ერთად განსაკუთრებულად მძაფრდება... ერთხელ თქვით: ალბათ, არაჩვეულებრივად საინტერესო და მიმზიდველი იქნებოდა სიბერე, მის მერე ისევ სიჭაბუკე რომ იწყებოდესო და იქვე სიბერეს "წაგებული თამაშის გარჩევა" უწოდეთ. რას ფიქრობთ დღეს, 86 წლის თავზე - მართლა წააგეთ თამაში თუ პირიქით - გაიმარჯვეთ?

- ახლაც იმავეს გავიმეორებდი, ოღონდ - უფრო დიდი სინანულით, გულდაწყვეტილიც კი. მართლაც, აბა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა დიდებული რამ იქნებოდა ცხოვრება, სიბერის მერე ისევ ახალგაზრდობა რომ იწყებოდეს! სიბერეს, რომელსაც წლების წინ "წაგებული თამაშის გარჩევა" ვუწოდე, ანუ მე ვისაც "ვეთამაშებოდი" და ახლაც, ჯერჯერობით, "ვეთამაშები", დაუმარცხებელი მეტოქე გახლავთ!

იყო დრო, როცა ზოგიერთი ჭრილობა პიროვნების ღირსებაზე მეტყველებდა. ასეთივეა ამ შემთხვევაში "წაგების" ცნებაც სიცოცხლესთან გამართულ ტურნირში. მთავარია, ეცადო, როგორმე ღირსეულად "ითამაშო"! (იხილეთ სრულად)

... - ჩვენში შემოიჭრა ნიაღვარი ევროპული თუ ამერიკული ქუჩის, უფრო სწორად, ბიზნესად ქცეული კულტურისა, რომელმაც, უპირველესად, მოგვთხოვა დაგვევიწყებინა ის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში წონასწორობას გვინარჩუნებდა დაუნდობელ გარემოში.

ერთგულება ტრადიციული არსებობის წესისა, მოულოდნელად ჩამორჩენილობად იქცა და ეს იყო საერთო საბედისწერო შეცდომა, რომლის გამძაფრებასაც ოფიციალურადაც კი ხელს უწყობდნენ წინა რეჟიმები. ჩვენთვის დამახასიათებელმა ოპტიმიზმმა უდარდელობის ნიღაბი აიფარა და მოხდა კიდეც ის, რაც უნდა მომხდარიყო - შემოქმედებიდან (რაც ერთ-ერთი მთავარი თვისება იყო ჩვენი ხალხისა) ეპიგონებად გადავიქეცით. მთავარი კი მაინც ის არის, რომ ხალხმა დაივიწყა (თუ დაავიწყებინეს!) აზროვნება ეროვნული მასშტაბით.

შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო, რომ ვერ შევძელით რუსთაველის 850-ე წლისთავის აღნიშვნა, რადგან არ აღმოგვაჩნდა ასეთი დონის იუბილესთვის აუცილებელი ერთიანობა ეროვნული სულისკვეთებისა, არაფერი რომ არ ვთქვა ასევე აუცილებელ მატერიალურ უზრუნველყოფაზე. პარტიების გააფთრებულმა დაპირისპირებამ სხვა ყველაფერი დაგვავიწყა და ასეთ ვითარებაში, ალბათ, შემთხვევითი არ უნდა იყოს, ჯერჯერობით, გაუბედავად წამოსისინებული ფრაზა ორი დედაქალაქის შესახებ, რაც ორად გახლეჩილ საქართველოს ნიშნავს.

... - როგორ ფიქრობთ, რა გვიშლიდა ხელს, სწორად წაგვემართა ჩვენი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა, გვეცხოვრა ისე, როგორც ცხოვრობენ სხვა დამოუკიდებელი ქვეყნები?

- არ მინდა, გული გაგიტეხოთ, მაგრამ ისე ჩვენ, ალბათ, ვერასოდეს ვიცხოვრებთ. რუსეთისა და თურქეთის მეზობლობა ღვთის სასჯელია.

საკვირველი კია - აგერ, ოცდაშვიდი წელი ხდება, თავისუფლები ვართ და ჩვენს სიღარიბეს ვერაფერი მოვუხერხეთ.

როგორ უნდა ვიცხოვროთ? არ ვიცი, მე არ გამოვდგები მრჩევლად. შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ჯერჯერობით, როგორმე უნდა შევეჩვიოთ თავისუფლებას.

თავისუფლება დაუნდობელია, თუკი ისე არ მოექცევი, როგორც ეკადრება, განსაკუთრებით მაშინ, როცა პოლიტიკური დემაგოგების ხელში აღმოჩნდება.

"ო, თავისუფლებავ, რამდენ სისაძაგლეს ჩადიან შენი სახელით!" - თქვა ჟირონდელმა მეამბოხე ქალმა, ვიდრე გილიოტინაზე თავს მოსჭრიდნენ. შიშით და სხვის ხელებში ყურებით თავისუფალი ვერ გახდები. ბოლო მეოთხედი საუკუნის მანძილზე მიწები კი არა, თითქოს სასიცოცხლო სივრცე დავკარგეთ და მასთან ერთად - საკუთარი თავიც. დავუპირისპირდით საკუთარ ტრადიციებს, წარსულს და მოულოდნელად გაურკვეველი მომავლის პირისპირ აღმოვჩნდით ახალი მეგობრების იმედით, რომელთა დავალებებსაც ფრიადოსანი მოსწავლის აღტკინებით ვასრულებთ, სამაგიეროდ დატუქსვისა და თითის დაქნევის მეტს არაფერს ვიმკით. (იხილეთ სრულად)

იხილეთ ვიდეო: "როცა დადგება განკითხვის ჟამი" - კითხულობს ავტორი, თამაზ ჭილაძე