"სიყვარულს, როგორც ვეება კოცონს, ფერფლიც დიდი აქვს" - და ისევ "ოთართან ერთად" - კვირის პალიტრა

"სიყვარულს, როგორც ვეება კოცონს, ფერფლიც დიდი აქვს" - და ისევ "ოთართან ერთად"

თავად მახსენებდა ხოლმე, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ და ხომ შეიძლება, "შენობით" ვისაუბროთო. მე როგორ გავბედავდი ასე გათავხედებას, მას კი უდიდესი სიხარულით ვუდასტურებდი, რომ შეიძლებოდა კი არა, აუცილებლად ასე უნდა მოემართა... და ამით ძალიან ბედნიერი ვიყავი... ჩვენი "გაუბზარავი მეგობრობით", როგორც ერთხელ თავად უწოდა, ხომ, უსაზღვროდ ვამაყობდი... აკი, სამძიმარზე მისულს, მისმა უერთგულესმა დამ - ქალბატონმა თინამაც შემომაგება, - ვეღარ დაგახვედრე შენი მეგობარიო... ვეღარ დამახვედრა ჩემი უძვირფასესი ადამიანი, უფროსი მეგობარი, დამრიგებელი, მასწავლებელი - ჩემი ბატონი თამაზ ჭილაძე!

თამაზ ჭილაძე

ჩვენ ხომ "მარტელები" ვართო, - ასე ვამბობდით ხოლმე. იგი 5 მარტს იყო დაბადებული, მე - 4 მარტს... მახსოვს, ერთხელ ჩვენი მეგობრობის გარიჟრაჟზე ჩავეკითხე: მარტში დაბადებულ ადამიანებს ცვალებადი ბუნება აქვთ, ხანდახან გიჟურიც, ინტუიციითაც გამოირჩევიან, გაბუტვაც სჩვევიათ და გულისხმიერები და ყურადღებიანებიც არიან, მეოცნებენიც, როგორია "თქვენი მარტის" ბუნება-მეთქი? გაოცებულმა შემომხედა და სიცილით მიპასუხა - ანუ, თქვენი სიტყვით, მარტში დაბადებულ ადამიანს ყველა ის თვისება ჰქონია თანდაყოლილი, რაც, საერთოდ, ახასიათებს ადამიანს. არ ვიცი, სხვა დროს დაბადებულ ადამიანებს რა თვისებები დავუტოვეთ, მაგრამ, სხვა რა დამრჩენია, მადლობა უნდა ვუთხრა ღმერთს, მაინც და მაინც მარტში რომ გამაჩინაო...

ხავერდოვანი ხმა ჰქონდა... ძალიან გამორჩეული... თავის ლექსებსაც, ხომ, საუცხოოდ კითხულობდა და მისი ლაპარაკის მოსმენაც ნებისმიერს დაატყვევებდა! ბევრჯერ მიფიქრია, ალბათ, რამდენ გოგონას უყვარდა და რამდენი ქალბატონი ეტრფოდა-მეთქი... ხანდახან, განსაკუთრებულად გულახდილი საუბრისას, ძალიან მინდოდა, რაიმე თავის სიყვარულზეც ეთქვა, მაგრამ ამ შემთხვევაში ყოველთვის სიტყვაძუნწი იყო. წლების წინ ხან ასე რომ მოვუარე და ხან ისე, ბოლოს შევაპარე, გიყვართ მოგონება გაცდენილი დღეების, წლების, სიყვარულის-მეთქი? მერე მისი ლექსიც გავიხსენე, ძალიან რომ მიყვარს - ის: "სადა ხარ, როცა ასე მჭირდები,/ როცა უძილო ღამის კოცონზე/ ვიწვი -/ ფიქრები, ვით ბრმა ჩიტები, გავარვარებულ სულს მიკორტნიან -/ როცა გამდნარი ღამის ზვირთები/ მახრჩობენ,/ როცა ღმერთიც შორია.../ მხურვალე თოვლში იწვის ქვეყანა,/ ფიქრს რამოდენა ფერფლი ჰქონია!.."

ბოლოს ვკითხე: მართლა დიდი ფერფლი აქვს ფიქრს ან რა არის ის ფერფლი-მეთქი? პასუხად, "ცოტაზე" ოდნავ მეტი მითხრა: - ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ გაცდენილი დღეები და წლები არ მქონია. საერთოდ, საეჭვოა, ასეთი რამ არსებობდეს, თუკი ადამიანი ნამდვილად ცხოვრობს. რაც შეეხება სიყვარულს, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ის დიდი ბედნიერებაა, რომელსაც, თუ ღმერთი ინებებს და გამოგიგზავნის, მერე (არა აქვს მნიშვნელობა, პირველია თუ მერამდენე!) შენი არსების აუცილებელი ნაწილი ხდება, სხვა სიტყვით - შენი სული იზრდება და მდიდრდება სიყვარულით. ასე რომ, ამ გრძნობას, ანუ სიყვარულს, როგორც ვეება კოცონს, ფერფლიც დიდი აქვს, ოღონდ ეს, თუ შეიძლება ითქვას - ცოცხალი ფერფლია, საერთოდ, მოგონებები ცოცხალი ფერფლია, მეტი არაფერიო...

2 წლის წინ ზუგდიდში 85 წლის იუბილე რომ მოუწყო ხელოვნებათმცოდნე ხატია ჯანაშიამ და რობერტ სტურუასა და გია თევზაძის თაოსნობით, სტუმრად ჩამოსულმა "რუსთაველელებმა" მის პიესაზე დადგმული "ნადირობის სეზონიც" ითამაშეს, დარბაზიდან გამოსულ ბატონ თამაზს თაყვანისმცემლები არ ასვენებდნენ - ავტოგრაფებსა და ფოტოების გადაღებას სთხოვდნენ. უბედნიერესი იყო და მართალია, ძალიან დაიღალა, ერთი წუთით წარბი არ შეუხრია. თაყვანისმცემლებს შორის აშკარად გოგონები ჭარბობდნენ, თანაც - ახალგაზრდები და მარტო რომ დავრჩით, დანანებით თქვა: რა დროს ვარ 85 წლის, სამართალია ესაო? ჩავეკითხე: მაინც რამდენი წლის გინდათ, რომ იყოთ-მეთქი? - ასე, 40-45 წლის... თუნდაც 50-ის... 60-ის... 80 წლამდეც შეიძლება ბევრი რამ ინატრო ადამიანმაო, მიპასუხა ღიმილით...

საიუბილეო საღამოს ერთკვირიანი ანაკლიის დღეები მოჰყვა... საოცრად შთამბეჭდავი და დაუვიწყარი... დილაც, შუადღეც, და საღამოც, გვიან ღამემდე იყო ისტორიის, ლიტერატურის, სიყვარულის, მეგობრობის, მოგონებების გაკვეთილები - დიდი ცხოვრებისეული გაკვეთილები თამაზ ჭილაძისგან... მოვა დრო, იმ ჩანაწერებს აუცილებლად მივუბრუნდები და კიდევ რამდენ საინტერესო ამბავს გიამბობთ ადამიანზე, რომელმაც ძმობაც განსაკუთრებული იცოდა, სიყვარულიც, მეგობრობაც, სამშობლოსაც განსაკუთრებულად გრძნობდა, ახალგაზრდობაც გამორჩეულად უყვარდა და მომავლის იმედსაც არასდროს კარგავდა. კლასიკოსი ძმები - თამაზ და ოთარ ჭილაძეები

მას ჰყავდა სათაყვანებელი უმცროსი ძმა - უდიდესი მწერალი და უდიდესი ადამიანი ოთარ ჭილაძე და მისი ცხოვრებაც ასეთი იყო - "ოთართან ერთად". ტყუპივით გაზრდილან და უცხოვრიათ. ბავშვობაში ბათუმის ბულვარში დასაძმობილებლად კინაღამ დანით გაუჭრიათ თითები. მეგობარს შეუხსენებია, - ისედაც ერთი სისხლისანი ხართო... ბატონ თამაზს ხშირად უთქვამს, მიუხედავად ამ იდუმალი ერთიანობისა, ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენს ერთმანეთისგან ასე მძაფრად განსხვავებულ ორ მწერალსო.

ერთმანეთის ფასი ძმებმაც კარგად იცოდნენ და ორივეს ფასი კი არაჩვეულებრივად იცოდა მათმა უმცროსმა დამ, ქალბატონმა თინამ, რომელსაც ოთარ ჭილაძე "დედის მაგიერს" უწოდებდა და რომელმაც ძმების გულისთვის მართლაც ყველაფერი დათმო. დედის გარდაცვალების შემდეგ ოთარ ჭილაძემ მშობლის ბოლო თხოვნა შეასრულა და გარდაცვალებამდე და-ძმასთან ცხოვრობდა... სწორედ ქალბატონი თინა არ მოშორებია უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ბატონ ოთარს დღისით თუ ღამით და, ასევე, არ მოშორებია იგი ბატონ თამაზს...

- წარმოგიდგენიათ სიმარტოვე-მეთქი? - ვკითხე ერთხელ ბატონ თამაზს. ჩაფიქრდა და, - ადამიანს სხვისი სიმარტოვის წარმოდგენაც კი ზარავს, არადა, შეიძლება არც იცოდეს, რომ თვითონაც მარტოა! სიმარტოვეს უამრავი სახე აქვს, ამავე დროს, როგორიცა ხარ, ისეთივეა შენი სიმარტოვეც, რომელსაც, თუკი რამე არ შეუძლია, უპირველეს ყოვლისა, ნუგეშისცემა! სწორედ ცოცხალ ფერფლში ყელამდე ჩაფლული, საკუთარი თავის ამარა ხარ დარჩენილი... წარმოდგენით, როგორ არ წარმომიდგენია და თუნდაც, ამიტომაც, არავის ვუსურვებ სიმარტოვესო!.. ეშინოდა სიმარტოვის და მუდამ ქალბატონ თინას უხმობდა, მაგრამ სიკვდილთან მაინც მარტო დარჩა... ბუნებამ კი ბოლომდე მაინც ვერ გაჰყო ორი უდიდესი მწერალი, ტყუპივით გადაჯაჭვული ძმები. გნებავთ, დამთხვევა უწოდეთ, გნებავთ - მისტიკა, მაგრამ ერთ თვეში დაიბადნენ, გარდაცვალებით კი... ბატონი ოთარი 2009 წლის 1-ელ ოქტომბერს გარდაიცვალა, ბატონი თამაზი კი ახლა - 28 სექტემბერს. საოცარი ამბავი არ არის, რომ უმცროსი ძმის გარდაცვალების დღეს უფროს ძმასთან გამოსათხოვებლად მივლენ ადამიანები?!

ოთარ ჭილაძეს არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ ღმერთმა უდიდესი ბედნიერება მაჩუქა, ბატონ თამაზთან ასე რომ დამაახლოვა... მასავით ღირსეული ქართველი, ერის და სამშობლოს მოყვარული და მასზე მზრუნავი, ძალიან ცოტა შემხვედრია ცხოვრების გზაზე.

ბატონო თამაზ, ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი სული და მარადიული სასუფეველი დაგიმკვიდროთ!

იხილეთ ასევე: "ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა დიდებული რამ იქნებოდა ცხოვრება, სიბერის მერე ისევ ახალგაზრდობა რომ იწყებოდეს"

მოისმინეთ ბატონი თამაზ ჭილაძის ლექსი, კითხულობს ავტორი