"ჩოჩიშვილის ოსტატობით აღფრთოვანებულმა იამასიტამ შვილს შოოთა დაარქვა... ჩემს ბიჭსაც შოთა დავარქვი" - კვირის პალიტრა

"ჩოჩიშვილის ოსტატობით აღფრთოვანებულმა იამასიტამ შვილს შოოთა დაარქვა... ჩემს ბიჭსაც შოთა დავარქვი"

"შოთა ქართული სახელიცაა და იაპონურიც, ოღონდ იაპონურად გამოითქმის - შოოთა. ისე, მაგ ლეგენდას იაპონელებიც იცნობენ. ჩოჩიშვილის მეტოქე ცნობილი იაპონელი ძიუდოისტი იამასიტა იყო და ჩოჩიშვილის ოსტატობით აღფრთოვანებულმა თავის შვილს შოოთა დაარქვა"

მთარგმნელ იასუჰირუ კოჯიმას იაპონურ-ქართული ოჯახი აქვს. მისი შვილი ამ ორი ერის კულტურასა და ტრადიციებზე იზრდება. ბატონი იასუჰირუ "კვირის პალიტრის" სტუმარია:

- საქართველოს შესახებ მაშინ გავიგე, როცა ენათმეცნიერების შესწავლა დავიწყე. ქართული უცნაური ენააო, მითხრეს, და ამიტომაც დავინტერესდი. მართლაც თავისებურია, რთული გრამატიკა აქვს, თანხმოვნებიც უცნაური გამოსათქმელია... ბევრს ვკითხულობდი, ვსწავლობდი, მაგრამ პრაქტიკაც მჭირდებოდა, ამიტომ დავიწყე გამოკითხვა, იაპონიაში ვინმე ქართველი ხომ არ ცხოვრობს-მეთქი. მართლაც გავიცანი ქართული ოჯახი. წელიწად-ნახევარი დავდიოდი მათთან. 1998 წელს პირველად ჩამოვედი საქართველოში და სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხოელებისთვის საზაფხულო სკოლაში ჩავეწერე. იაპონიაში დაბრუნებულმა კი უფრო დიდი ხნით ჩამოსვლა გადავწყვიტე.

შემდეგ უნივერსიტეტში ასპირანტურაში შევუდექი განათლების მიღებას. პარალელურად იაპონურს ვასწავლიდი სტუდენტებს. იმდენი საათი მომცეს, მინდოდა, რომ სხვა ლექტორიც შემშველებოდა და სწორედ მის ძებნაში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე მედეა გოცირიძე, რომელიც აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში ასწავლიდა იაპონურს. შემიყვარდა და ვიქორწინეთ. მედეა რაჭველია, ოღონდ თბილისში დაბადებულ-გაზრდილი. ნამყოფიც არ იყო რაჭაში. ბოყვა ჰქვია მათ სოფელს. რამდენიმე კომლიღა ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ ვუთხარი, წამო, ვნახოთ-მეთქი. საუცხოო დღეები გავატარეთ...

- იაპონიაში რა იციან ქართველების შესახებ?

- ბევრი არაფერი... ბოლო დროს ტოჩინოშინის წარმატების წყალობით ნელ-ნელა პოპულარული ხდება საქართველო. ბევრი გადამღები ჯგუფი ჩამოდის იაპონიიდან. ამას წინათ ტელეგადაცემას აკეთებდა იაპონური არხი საქართველოზე, მოვიარეთ ყაზბეგი, ვარძია, ბათუმი, მცხეთა. ყველაფერი აინტერესებთ - ბუნება, კულტურა, ისტორიული და თანამედროვე ნაგებობები. ძალიან გაუკვირდათ, ავანგარდული შენობები რომ ნახეს, მაგალითად, მშვიდობის ხიდი, საქართველოს ბანკის სათავო ოფისი... განსაკუთრებით კერძები მოეწონათ. ყოველ საღამოს მიირთმევდნენ ხინკალს და ღვინოს სვამდნენ.

- ტოჩინოშინს თუ იცნობთ? - ლევან გორგაძე პირველად რომ ჩამოვიდა იაპონიაში, ჯერ კიდევ სუმოს სამყაროში შესვლამდე, იაპონური არ იცოდა და სპორტულ ჟურნალს მასთან ინტერვიუს ჩაწერაში თარჯიმნობა გავუწიე. კარგად ვიცნობ გაგამარუსაც - თემურ ჯუღელს, კოკაის - ლევან ცაგურიას...

იასუჰირუ კოჯიმა და მისი მეუღლე ლევან გორგაძეს, თემურ ჯუღელსა და  ლევან ცაგურიასთან ერთად

- როდის შეუდექით ქართული ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმნას? - თბილისში სწავლის პერიოდში ჩემმა გურულმა მეგობარმა მირჩია, "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" წაიკითხეო. ისე მომეწონა, ვიფიქრე, ეს სიამოვნება ჩემს თანამემამულეებსაც უნდა გავუზიარო-მეთქი.

წელს დაისტამბა ვაჟას თარგმანები. ღირებულებები, რასაც მისი ნაწარმოებები ეძღვნება, ვთქვათ, მტრის ღირსების აღიარება, ან სტუმრის დაფასება, იაპონელებისთვისაც საინტერესო და გასაგებია. ერთ ჟურნალში წერდნენ, საოცარია, ასეთ ლიტერატურას აქამდე რომ არ ვიცნობდითო. ვთარგმნე გოდერძი ჩოხელის მოთხრობები,. ახლა ვაპირებ ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხიას" თარგმნას.

- ერთხელ კოლეგებთან საუბარში ითქვა, შოთა იაპონური სახელიაო, მე არ დავეთანხმე, შოთა ჩოჩიშვილის გამარჯვებამ ისე მოხიბლა იაპონელები, იმ წელს იაპონიაში ბევრი შოთა დაბადებულა-მეთქი. არ დამეთანხმნენ... - სხვათა შორის, ჩემს ბიჭსაც შოთა დავარქვით. ქართული სახელიცაა და იაპონურიც, ოღონდ იაპონურად გამოითქმის - შოოთა. ისე, მაგ ლეგენდას იაპონელებიც იცნობენ. ჩოჩიშვილის მეტოქე ცნობილი იაპონელი ძიუდოისტი იამასიტა იყო და ჩოჩიშვილის ოსტატობით აღფრთოვანებულმა თავი შვილს შოოთა დაარქვა.

ჩემი ბიჭი იაპონიაში დაიბადა, თუმცა 5 თვიდან საქართველოში იზრდება. მისთვის პირველი ენა ქართულია, მაგრამ მე სულ იაპონურად ვესაუბრები.

- ჩვენ შორის რა მსგავსება და განსხვავებაა?

- იაპონია და საქართველო ორი ძალიან განსხვავებული სამყაროა. აქ ყველას აქვს საკუთარი აზრი. იაპონელებს კი არ მოსწონთ იდეებით გამორჩეულები. საქართველოში ხალხი ეროვნებით, რელიგიით, კულტურით და ა.შ. მრავალფეროვანია, იაპონიაში კი უმრავლესობა იაპონელია და საზოგადოებაც ერთფეროვანია.

შეიძინეთ წიგნები ინლაინ