რა ხდება ყაბარდო-ბალყარეთში - კვირის პალიტრა

რა ხდება ყაბარდო-ბალყარეთში

ბალყარელებმა სოფელ კენდელენში არ შეუშვეს ყაბარდოელი ცხენოსნები, რომლებსაც ყანჟალის ბრძოლაში გამარჯვების 310-ე წლისთავის აღნიშვნა სურდათ

ყაბარდო-ბალყარეთში 19 სექტემბერს დაწყებული კონფლიქტი ყოველდღიურად ღრმავდება. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბალყარელებმა სოფელ კენდელენში არ შეუშვეს ყაბარდოელი ცხენოსნები, რომლებსაც ყანჟალის ბრძოლაში გამარჯვების 310-ე წლისთავის აღნიშვნა სურდათ. ბალყარელებმა ყაბარდოელებს ცეცხლი გაუხსნეს და გზაც გადაუკეტეს.

დაძაბულობის განსამუხტად საქმეში ჩაერთო როსგვარდია, მაგრამ ბალყარელებმა მათაც გაუხსნეს ცეცხლი, რამაც ვითარება უფრო დაძაბა და ერთ პატარა აულში დაწყებული არეულობა ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქ ნალჩიკში საპროტესტო აქციებით გაგრძელდა.

რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტში პირობა დადეს, რომ გამოავლენენ იმ პირებს, რომლებმაც კონფლიქტის პროვოცირება მოახდინეს. ამასობაში საქართველო-რუსეთის საზღვრიდან 70 კილომეტრში მდებარე რესპუბლიკაში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება - დაშავდა ათეულობით მოქალაქე, დამტვრეულია მანქანები, ამოღებულია იარაღი. უკმაყოფილების მუხტი ლამის მთელ ჩრდილოეთ კავკასიას მოედო და უკვე მერამდენე დღეა, სროლა არ წყდება.

პატარა აულში დაწყებული არეულობა ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქ ნალჩიკში საპროტესტო აქციებით გაგრძელდა

კონფლიქტის სათავე

ყაბარდოელი ცხენოსნების მსვლელობა 1708 წელს ყირიმის ხანისა და ოსმალოთა გაერთიანებული ჯარის დამარცხებას ეძღვნებოდა. ყანჟალის გარშემო აულები ამჟამად თურქულენოვანი ბალყარელებით არის დასახლებული და მათთვის ჩერქეზების დღესასწაული ეროვნული შეურაცხყოფაა. მოზეიმე ჩერქეზებს ყანჟალის მთაზე ამ გამარჯვების აღსანიშნავად აღმართული ქვა დამტვრეული დახვდათ.

ჩერქეზი საზოგადო მოღვაწის, ასლან ბეშტოს თქმით, დაპირისპირება ათი წლის წინ ბალყარეთის სოფლების გარშემო არსებული საძოვრების გამო დაიწყო. ბალყარელები თვლიან, რომ ეს ტერიტორია მათ ეკუთვნით. არადა, საბ@ჭოთა კავშირის დროს ამ ფართობს რესპუბლიკის მოსახლეობა ერთობლივად იყენებდა. ყველა კოლექტივსა და დასახლებულ პუნქტს თავისი საზღვარი კი ჰქონდა გავლებული, მაგრამ საძოვარი საერთო იყო. ახლა "ირკვევა", რომ ის ბალყარეთის ტერიტორიაა და მისი განკარგვა მხოლოდ მათ შეუძლიათ. აცხადებენ, რომ მიწას არავის დაუთმობენ, სისხლის დაღვრაც რომ დასჭირდეთ.

"თავის მხრივ, ყაბარდოელები იმუქრებიან, რომ 300-წლიან მემკვიდრეობას ბრძოლით დაიცავენ... წლების შემდეგ ეთნიკურმა დაპირისპირებამ იფეთქა და ეს გარდაუვალი იყო. ისინი დიდი ხანია ერთმანეთს მტრობენ", - ამბობს ასლან ბეშტო. ერთი ვერსიით, ბალყარელებს რესპუბლიკის ორად გაყოფა სურთ: ბალყარეთად და ყაბარდოდ. ბეშტოს თქმით, ამის ილუსტრაციაა მიმდინარე კონფლიქტი და ეს მშვიდობიანად ვერ დასრულდება.

"ახლახან გამოიცა წიგნი "ბალყარეთის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა", სადაც ყველაფერი ბალყარეთს მიაკუთვნეს. ჩვენ შევეცადეთ ხმა მიგვეწვდინა რესპუბლიკის ხელმძღვანელობისთვის, თუმცა არაფერი გამოვიდა", - ამბობს ბეშტო.

ყაბარდოელების ლიდერი -აფხაზეთის ომის მოხალისე

ყაბარდოელ ცხენოსნებსა და რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან დაპირისპირებულ ჯგუფს ხელმძღვანელობს ყაბარდო-ბალყარეთში დაბადებული ჩერქეზი, იბრაჰიმ იაგანოვი, რომელიც 1992-93 წლების აფხაზეთის ომში ქართველების წინააღმდეგ მებრძოლი ჩერქეზი მოხალისეების მეთაური გახლდათ. თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველომ ჩერქეზთა გენოციდი აღიარა, იაგანოვმა პოზიცია შეიცვალა და საქართველოს ეწვია. მოგვიანებით კი განაცხადა, აფხაზეთის დამოუკიდებლობა ფორმალობაა და რეგიონი მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. მან აფხაზებს თბილისთან ურთიერთობის დამყარებისკენ მოუწოდა, რასაც აფხაზების მწვავე რეაქცია მოჰყვა.

"აფხაზეთის ომის შემდგომ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობა მანამდე არ გვქონოდა, სანამ აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებდა, თუმცა 20 წლის შემდეგ დამოკიდებულება შევიცვალეთ, მით უმეტეს, რომ საქართველო ინიციატივას იჩენს და სამშვიდობო ნაბიჯებს დგამს", - აცხადებდა იაგანოვი.