საშიში დანამატებით გაჯერებული ქართული ბაზარი - კვირის პალიტრა

საშიში დანამატებით გაჯერებული ქართული ბაზარი

"ერთსა და იმავე ბრენდს საქართველოში შეიძლება შემოჰქონდეს უხარისხო პროდუქტი, ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებზე კი ხარისხიანი"

შეიძლება გამოთქმა "ქიმიას ვჭამთ" აზრობრივად მთლად სწორი არ არის, მაგრამ ნებისმიერი ჩვენი თანამემამულე ადვილად მიხვდება, რა მოიაზრება ამ სიტყვების მიღმა. ჩვენს რუბრიკაში ქართულ დახლებზე განთავსებულ საკვებ პროდუქტებსა და მათ ხარისხზე ვისაუბრებთ.

ვახტანგ კობალაძე, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი: - პროდუქტის მწარმოებელ ფირმებს, მათ შორის მსოფლიოში ცნობილ ბრენდებსაც, საქართველოში შეიძლება შემოჰქონდეთ სხვა ხარისხის პროდუქტი, ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებზე კი გაცილებით მაღალი ხარისხის... სხვათა შორის, შარშან ამის გამო სკანდალი ატყდა - როგორც გაირკვა, აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებიც დიდი ხანი არ არის, რაც ევროკავშირს მიუერთდნენ (იქ არც ხარისხს და არც სურსათის უვნებლობას აკონტროლებენ სათანადოდ), ძალიან ბევრი ისეთი პროდუქტი იყიდებოდა, რომელსაც იგივე შეფუთვა ჰქონდა და იმავე რეკლამით იყიდებოდა, როგორც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, სინამდვილეში კი ბევრად დაბალი ხარისხის იყო.

ეს მაგალითი იმისთვის მოვიყვანე, რომ თუ ევროკავშირის ქვეყნებშიც დგას ეს პრობლემა, წარმოიდგინეთ, რა ხდება ჩვენთან. საქართველოში ძალიან ბევრი სურსათის უვნებლობის ნორმა არ მოქმედებს, ჩვენი კანონმდებლობაც მოძველებულია.

- ჩვენი ქვეყნის ბაზარი რატომ არის ასეთი ღია დაბალხარისხიანი პროდუქტებისთვის? - ბოლო 30 წლის განმავლობაში ხელისუფლებას, ასე ვთქვათ, არ ეცალა სურსათის უვნებლობაზე ფიქრისთვის. წინა ხელისუფლების დროს ნებისმიერი სახელმწიფო კონტროლი მინიმუმამდე დაიყვანეს. მთავარი იყო ეკონომიკა, მეწარმეობა განვითარებულიყო და კორუფცია შემცირებულიყო, სასურსათო პროდუქტებზე სახელმწიფო კონტროლი ზედმეტად მიაჩნდათ.

2010-2011 წლებიდან ხელახლა მოგვიხდა ყველაფრის შექმნა და, ბუნებრივია, ძალიან ჩამოვრჩით იმ საჭიროებებს, რაც რეალურად ბაზარზე არსებობს. მიმდინარეობს რეფორმები, მაგრამ ძალიან გრძელვადიანია, ალბათ, ათწლეულები გვაშორებს სურსათის ხარისხიანობის ევროპულ დონეს.

განვითარებულ ქვეყნებში მკაცრად კონტროლდება საკვები დანამატების შემცველობა პროდუქტში. ჩვენც გვაქვს მარეგულირებელი ნორმა, თუმცა ძალიან მოძველებული. 2016 წელს ევროკავშირის ნორმის შესაბამისად მიიღეს ახალი ნორმა, თუმცა მისი ამოქმედება მხოლოდ 2019 წლიდან არის გათვალისწინებული. ჩვენში ტრადიციული მიდგომაა - ბიზნესსაც და სახელმწიფო მაკონტროლებლებსაც უნდა ჰქონდეთ დრო, რათა ახალი რეგულაციების დასანერგად მოემზადონ. გონივრული დრო ნამდვილად საჭიროა, მაგრამ 3 წელი?!

- ჩვენისთანა ქვეყნის ბაზარი ამ ცნობილი და უცნობი ბრენდების პროდუქტების მწარმოებლებს რა შეღავათს აძლევს?

- უფრო იაფფასიანი პროდუქტის წარმოება შეუძლიათ. დანაზოგს აკეთებენ.

- ესე იგი, შუბლის ძარღვი მეორეხარისხოვანი ხდება? - მთელ მსოფლიოში ბაზარი ასე მოქმედებს, არიან პატიოსანი ბიზნესმენებიც, თუმცა ბაზარი ასეთია - თუ არ დაუწესე ბარიერები, გაიყიდება ის, რაც იაფია. ამასთან, უამრავი სარეკლამო საშუალება არსებობს და უხარისხო პროდუქცია ხშირად დაუბრკოლებლად იყიდება. ბიზნესმენი რომც ცდილობდეს ხარისხიან პროდუქტზე აქცენტის გაკეთებას, ძალიან გაუჭირდება ასეთი ტიპის ბაზარზე კონკურენცია.

- რას შეიცავს ის ტკბილეული, რომლითაც პატარებს ვანებივრებთ? - ზუსტად ისეთი სახის პროდუქტებია, რომელთა, ალბათ, 90%-ში, თუ ყველაში არა, საკვები დანამატებია, რომელთაგან ზოგი აკრძალულია, ზოგი დაშვებულია, თუმცა გააჩნია, რა დოზით.

არსებობს საიტები, საიდანაც შეიძლება საკვები დანამატების შესახებ ინფორმაციის მოძიება, ყიდვისას არ უნდა დავიზაროთ და გადავამოწმოთ.

1-ლ სექტემბერს უნდა ამოქმედებულიყო მომხმარებლის ინფორმირების შესახებ ახალი ნორმა, თუმცა ზაფხულში წამყვანმა სავაჭრო ქსელებმა წერილობით მიმართეს მთავრობას - ვერ მოვასწარით მომზადება ამ ნორმის ასამოქმედებლად და გადაგვივადეთო. მათ ოპერატიულად გამოეხმაურა საქართველოს მთავრობა და გადაავადეს 2019 წლის 1-ლ მარტამდე.

- რას გულისხმობს ეს ნორმა? - როგორ უნდა მოხდეს ეტიკეტირება, ეტიკეტზე ინფორმაციის დატანა, დეტალურად უნდა იყოს გაწერილი შემადგენლობა და ამა თუ იმ ნივთიერების რაოდენობა პროდუქტში. მაგალითად, ამ ნორმაში საყურადღებოა პუნქტი პროდუქტში კოფეინის შემცველობის ოდენობაზე. ზოგიერთ პროდუქტში კოფეინი გადაჭარბებული დოზით არის. ამიტომ ეტიკეტზე აუცილებლად უნდა იყოს გაფრთხილება მითითებით, თუ მოსახლეობის რა ჯგუფები (ბავშვები, ორსულები, მეძუძურები...) უნდა მოერიდონ მის მიღებას.

ამ სფეროში კანონმდებლობის მიღებაზე გეგმა 2027 წლამდეა გაწერილი. მიღების შემდეგ როდის ამოქმედდება, ცალკე თემაა.

ინგა ღვინერია, ექიმი-ტოქსიკოლოგი: - სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 20 წლის განმავლობაში გარე ფაქტორების შედეგად 4 მიმართულების დაავადებამ იმატა: ავთვისებიანმა სიმსივნემ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებმა, ენდოკრინულმა დაავადებებმა, რესპირატორულმა, ანუ სასუნთქი გზების დაავადებებმა. მნიშვნელობა აქვს ადამიანის ინდივიდუალურ მდგომარეობასაც, ასაკს, მაგრამ მნიშვნელოვანია გარე ფაქტორები, რომელთა შორის წამყვანი ადგილი მაინც ქიმიურ და ბიოლოგიურ ფაქტორებს უკავია, იმ ნივთიერებებს, რომელთაც კვებისას გამოვიყენებთ.

- რომელ პროდუქტებში ვხვდებით დიდი რაოდენობით მძიმე ლითონებს, მაგალითად, ტყვიას? - დაბინძურებულ ნიადაგში არსებულ პროდუქტს ითვისებს მცენარე, რომელიც გადმოდის გამზადებულ საკვებში და ხვდება ადამიანის ორგანიზმში. საჭირო ელემენტების (რომლებიც ფერმენტულ პროცესებსა და ნივთიერებათა ცვლაში მონაწილეობენ) რიცხვში ტყვია არ შედის. ის ერთბაშად ისეთი დიდი რაოდენობით ვერ მოხვდება ორგანიზმში, რომ მწვავე მოწამვლა გამოიწვიოს, მაგრამ ახასიათებს ორგანიზმში დაგროვების უნარი. გროვდება თირკმლებში, ღვიძლში, ძვლებში და მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, სისხლის წარმოშობაზე. ხომ ვიცით, რომ კალციუმი ორგანიზმისთვის აუცილებელი მიკროორგანიზმია, ტყვია მისი ანტაგონისტია - ის კალციუმს გამოდევნის ორგანიზმიდან, რასაც შეიძლება კბილების ჩამოშლა ან ძვლების დაშლა მოჰყვეს.

საკვების გარდა, ორგანიზმში ტყვია ჰაერიდანაც შეიძლება მოხვდეს. მაგალითად, ორსული დედის ორგანიზმიდან ტყვია ბავშვის ორგანიზმში იჭრება და ახალშობილი ტყვიის განსაზღვრული მარაგით იბადება. ამ ასაკში ბავშვს ჯერ კიდევ არა აქვს ჩამოყალიბებული იმუნური სისტემა და ტყვია მოქმედებს მის ნერვიულ სისტემაზე, აფერხებს განვითარებას როგორც ფიზიკურს, ისე გონებრივს.

- სპილენძი როგორ ხვდება ორგანიზმში? - სპილენძის ნაერთები უხვად არის გამოყენებული პესტიციდებში, რომელთაც სასუქებსა და ნიტრატებთან ერთად სოფლის მეურნეობაში იყენებენ. ყველაფერს მოხმარების წესი და დოზა სჭირდება.

რაც შეეხება ადგილობრივ პროდუქციას, შეიძლება ითქვას, რომ მათი ხარისხი მწარმოებლის სინდისზეა დამოკიდებული. ადგილობრივ წარმოებებს ამოწმებენ, მაგრამ არჩევითად და არარეგულარულად, იმიტომ, რომ ძვირი ჯდება.

რომელი დანამატი ითვლება ჯანმრთელობისთვის საზიანოდ

მაია სურვილაძე, მედიცინის დოქტორი, პედიატრი, ნუტრიციოლოგი:

- 400-მდე საკვები დანამატი არსებობს და მათგან 120 აკრძალულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თუ სპეციალური განათლება არა გაქვს, რთულია გარკვევა, რას ნიშნავს ეტიკეტზე დატანილი თითოეული მათგანი.

ეტიკეტზე დატანილი E ასო ნიშნავს, რომ პროდუქტი დანამატებს შეიცავს და მას სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. ეს დანამატები შეიძლება იყოს ნატურალური ან სინთეზური. E ასოს აუცილებლად მოჰყვება სამნიშნა რიცხვი. მაგალითად,

E 1... - საღებავები (ფერის სიმკვეთრისთვის)

E 2... - კონსერვანტები (ვადის გახანგრძლივებისთვის)

E 3... - ანტიოქსიდანტები (მჟავიანობის დასარეგულირებლად და

გაფუჭებისგან დასაცავად)

E 4... - სტაბილიზატორები (ფორმის და კონსისტენციის შესანარჩუნებლად)

E 5.... - ემულგატორები (სტრუქტურის შესანარჩუნებლად)

E 6... - გემოსა და არომატის გამაძლიერებლები

E 9... - ქაფის საწინააღმდეგო

ბავშვთა (განსაკუთრებით 3 წლამდე ასაკის) კვებაში დაშვებულია ნატურალური საღებავები, ანტიოქსიდანტები, სტაბილიზატორები, გემოს მიმცემები და არომატიზატორები.

გავრცელებული და საშიში დანამატები:

ასპარტამი - შაქრის შემცვლელი დანამატი. ხშირად აღინიშნება როგორც E 951, ის დატკბობის მიზნით შაქრის მაგივრად გამოიყენება. გვხვდება უალკოჰოლო სასმელებში, ცხელ შოკოლადში, საღეჭ რეზინში, კანფეტში, იოგურტში... ასპარტამი არ გამოიყენება საკვებში, რომელიც მუშავდება თერმულად, რადგან 300ჩ-ზე მაღალ ტემპერატურაზე იშლება ტოქსიკურ ნივთიერებებად და არყევს ჯანმრთელობას. კვლევების თანახმად, იწვევს თავის ტკივილს, ძილის დარღვევას და აქვეითებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას.

ნატრიუმის ნიტრატი - ნატრიუმის მარილი. ეტიკეტზე შესაძლოა დატანილი იყოს როგორც E250. კვების მრეწველობაში გამოიყენება როგორც ფერის გამაძლიერებელი და კონსერვანტი ხორცის და თევზის წარმოებაში. ევროპაში მისი გამოყენება დაშვებულია მხოლოდ საჭმელ მარილთან ერთად 0,6% შემცველობით. მისი ჭარბი რაოდენობით მიღებისას ვითარდება გასტრიტი, ეროზია, წყლულოვანი დაავადებები.

ნატრიუმის გლუტამატი - ეტიკეტზე შესაძლოა აღნიშნული იყოს როგორც E621. ამ ნივთიერების შემცველი პროდუქტის ხშირი მიღებისას ზედმეტი წონის პრობლემა იჩენს თავს. საცდელ ცხოველებს ამ ნივთიერებას რეგულარულად აძლევდნენ 6 თვის განმავლობაში და მათმა 20%-მა მხედველობა დაკარგა.

კარმაზინი - სინთეზური წითელი საღებავი. დაშვებულია რუსეთში (აშშ-სა და ევროპაში - არასაკვებად). იგი უსაფრთხოა დასაშვები რაოდენობით.

სხვადასხვა კვლევით, ჭარბად მიღება ზემოქმედებს ბავშვების ტვინის განვითარებაზე, განაყოფიერებაზე. შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, კანის შეშუპება, ასთმიანები ცუდად რეაგირებენ მასზე. მისმა გამოყენებამ კონსერვანტ ნატრიუმის ბენზოატთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის მომატება და ბავშვების ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება. 2008 წლიდან ინგლისმა აკრძალა მისი გამოყენება. მას არ იყენებენ შვედეთი, აშშ, ნორვეგია, კანადა, იაპონია.