სად ვიპოვოთ ავტოავარიის კვალი - კვირის პალიტრა

სად ვიპოვოთ ავტოავარიის კვალი

"ხელმარჯვე ოსტატებისა" და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზიანებული ავტომანქანის აღდგენა თითქმის უნაკლოდ არის შესაძლებელი. ლაპარაკია ვიზუალურ ეფექტზე, თორემ სერიოზულად "დაშავებული" ავტომობილი ქარხნულ სიმეტრიასა და სიმტკიცეს ვერანაირი "პლასტიკური ოპერაციით" ვერ დაიბრუნებს. ასე რომ, თუ ახალი ავტომანქანის ყიდვის შესაძლებლობა არა გაქვთ და არც ის გსურთ, დაზიანებული და თავიდან აწყობილი მანქანა შემოგაპარონ, ავტობაზრობაზე გამოცდილი თანამგზავრი გაიყოლეთ, ანდა -ჩვენი რჩევები გაითვალისწინეთ:

1. საბურავები

ავტომანქანის დათვალიერება ბორბლებიდან დაიწყეთ: არათანაბრად გაცვეთილი საბურავები არა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მათი გამოცვლა მალევე მოგიწევთ, იმისაც, რომ ძარის გეომეტრია დარღვეულია. რაკი ძარისა და საკიდრის შეერთების წერტილები აცდენილია, ბორბლებიც არათანაბარი კუთხით არის განლაგებული, ეს ყველაფერი კი შესაძლოა სერიოზული ავარიის მიზეზი გახდეს. ისეთის, როცა დეფორმაციას მთელი ძარა მიიღებს!

2. მინები

დამზადების თარიღის გარდა, ავტომანქანის მინებზე სპეციალური მარკირებაც არის გაკეთებული. როგორც წესი, ციფრი წერტილებს შორის არის მოთავსებული (ჩვენს ფოტოზე ციფრი 7) და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა მინაზე ერთი და იგივე უნდა იყოს და წარმოების წელს ემთხვეოდეს. მცირე ცდომილება დასაშვებია მხოლოდ იმ ავტომანქანებისთვის, რომლებიც წლის ბოლო დღეებშია დამზადებული. გასაგებია, რომ მინა შეიძლება ქვამაც გატეხოს, მაგრამ ყველა ერთად ხომ არა?!

3. უსაფრთხოების ბალიშების ინდიკატორი

გასაღების გადატრიალების შემდეგ ხელსაწყოთა დაფაზე უსაფრთხოების ბალიშების ინდიკატორიც უნდა აინთოს და მალევე ჩაქრეს. თუ არ ჩაქრა, ე.ი. ბალიშ(ებ)მა უკვე იმუშავეს. თუ არ აინთო, ეს იმას ნიშნავს, რომ ნათურის გამორთვით გაუმართაობის დამალვას ცდილობენ! ბალიში მხოლოდ ძლიერი შეჯახებისას იხსნება. ამიტომაც სალონი კარგად დაათვალიერეთ და დარწმუნდით, მართლაც იყო თუ არა გახსნილი უსაფრთხოების ბალიში?

4. მაშუქები

თუ შეცვლილი არ არის, ავტომანქანის მარჯვენა და მარცხენა მაშუქი ერთი და იმავე მწარმოებლის უნდა იყოს, თანაც კონკრეტული მოდელისთვის  "მშობლიური". მაშუქების წარმოების თარიღი, რომელიც ხშირ შემთხვევაში კარგად იკითხება, ავტომანქანის გამოშვების წელს უნდა ემთხვეოდეს. თუ ორივე მხარე თანაბრად არის გაცვეთილი, დიდი ალბათობით, ავტომობილს სერიოზული დაჯახება არ მიუღია.

5. ღრიჭოები

გვერდითა ან საბარგულის კარებს შორის, ანდა - კაპოტსა და ფრთებს შორის არსებული არათანაბარი ღრიჭოები (ავტომფლობელები სიტყვა "ზაზორს" უფრო მიხვდებიან - რ.შ.) იმის მანიშნებელია, რომ ძარას პრობლემები ჰქონდა. ასეთ დროს კარგი იქნება, თუ ავტომანქანის მფლობელს დამატებითი კითხვებით შეაწუხებთ და დაადგენთ, რა დონის დაზიანებები ჰქონდა მის ავტომობილს. თუ პასუხებს თავს არიდებს, ადვილად მიხვდებით, რომ რაღაცის დამალვას ცდილობს.

6. საღებავი

საღებავის საფარი ავტომანქანის მთელ ძარაზე აბსოლუტურად იდენტური უნდა იყოს და უმცირესი ტონითაც არ განსხვავდებოდეს. გამონაკლისია მეტალისა და პლასტმასის დეტალების შეერთების ადგილები (მაგალითად, პლასტმასის ბამპერი და ლითონის ფრთა). ასეთ შემთხვევაში საღებავის ტონში სხვაობა შესაძლებელია ახალ ავტომანქანაზეც კი შეიმჩნეოდეს. მეორადი ავტომანქანის საღებავი არ უნდა იყოს მეტისმეტად ახალი - ავტომობილს, რომელიც წლებია ექსპლუატაციაშია, აუცილებლად ექნება წვრილმანი დაზიანებები, განსაკუთრებით წინა ნაწილში. სწორედ ეს არის "მშობლიური საღებავის" მთავარი დადასტურება. თუ ეჭვი გაგიჩნდათ, რომ მანქანა შეღებილია, ჯობს, საღებავის სისქე ძარის სხვადასხვა წერტილში სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით შეამოწმოთ.

7. ბენზინის ავზის ლიუკი

ბენზინის ავზის ლიუკს არ უნდა ეტყობოდეს დემონტაჟის ნიშნები. საღებავის ფერის "დასასმელად" ყველაზე ხშირად ხომ ძარიდან სწორედ ამ დეტალს ხსნიან.

8. ღებვის კვალი

თუ კარების, კაპოტის ან საბარგულის შემავსებლებზე საღებავის კვალი აღმოაჩინეთ, დარწმუნებული იყავით, რომ ძარის დეტალები შეღებილია, თანაც არაპროფესიულად. ეს დამატებითი საბაბია ფასის დაკლებისთვის, მაგრამ უმჯობესია, თუ ასეთი ავტომანქანის შეძენისგან თავს შეიკავებთ.

9. კოროზია

დროთა განმავლობაში ჟანგს ყველა მეორადი ავტომობილი იკიდებს, მაგრამ თუ ძარის ერთ ან რამდენიმე ნაწილზე კოროზია განსაკუთრებით "ყვავის", აშკარაა: ეს დეტალები ან შეკეთებულია, ან დაბალი ხარისხის/ნახმარი ნაწილებით არის ჩანაცვლებული. დიდი ალბათობით,-ავტოავარიის შემდგომ.