"ერთი ის კაცი მაჩვენა, ვინც ტურის მოკვლაზე ჯარიმა მოიგონა, ჩემი ხელით შევაგდებდი მშიერ ტურებში" - კვირის პალიტრა

"ერთი ის კაცი მაჩვენა, ვინც ტურის მოკვლაზე ჯარიმა მოიგონა, ჩემი ხელით შევაგდებდი მშიერ ტურებში"

ღამით მავთული კბილებით ააგლიჯეს. ალბათ, რამდენიმე იყო, თორემ როგორ დავიჯერო, რომ ერთი ტურა დამატეხდა ამხელა უბედურებას - 21 ქათამი ერთდროულად დამხვდა ყელგამოჭრილი! ამისთანა დღეშია თითქმის ყველა ჩემი მეზობელი

გGავრცელებული ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში ტურამ ქალს საჩვენებელი თითი წააჭამა, ქალაქ ოზურგეთის ცენტრში კი მათ სამი ადამიანი დაკბინეს. ტურების თავდასხმა განსაკუთრებით ხშირია გურიის იმ სოფლებში, სადაც ეს მტაცებლები ჩაის განადგურებულ პლანტაციებში იდებენ ბინას, მათ შორის ლაითურში, მაკვანეთში, ლიხაურსა და ჭანიეთში. ლიხაურელი ნანა ხინთიბიძის საქათმეს ტურებმა ლითონის ბადე კბილებით შემოხსნეს და რამდენიმე ათეული ქათამი გაუნადგურეს.

ნანა ხინთიბიძე: - დილაადრიან ამდენი ქათამი ყელგამოჭრილი რომ დავინახე, თუ არ გავგიჟდებოდი, არ მეგონა. არადა,…ვითომ თადარიგი მქონდა დაჭერილი, ვიფიქრე, საქათმეს გარედან მავთულის ბადეს შემოვაკრავ და ტურა ვეღარ შეაღწევს-მეთქი, მაგრამ ვერც ამით შევაკავე, ღამით მავთული კბილებით ააგლიჯეს. ალბათ, რამდენიმე იყო, თორემ როგორ დავიჯერო, რომ ერთი ტურა დამატეხდა ამხელა უბედურებას - 21 ქათამი ერთდროულად დამხვდა ყელგამოჭრილი! \ამისთანა დღეშია თითქმის ყველა ჩემი მეზობელი.

- ამდენი ფრინველი როგორ გაწყვიტეს, ტურა ხომ არც ისე დიდი ცხოველია. - საქათმეში თუ შეაღწია, არც ერთს არ გაუშვებს ცოცხალს. ყველას საჭმელად ვერ ერევა, მაგრამ მაინც დახოცავს. ზომით მოზრდილი ძაღლისხელაა და მარტო ქათამი კი არა, მოზრდილი გოჭი და ხბოც ვერ უძალიანდებიან. ერთს საძოვარზე გაშვებული ხბო დაუგლიჯეს. ტურა ყოველთვის იყო, მაგრამ ადამიანს უფრთხოდა, ახლა ისე გამრავლდნენ, რომ აღარც დღე იციან და აღარც ღამე, ხალხს დღისითაც უცვივდებიან ეზოებში.

- რაიმე გამოსავალი ხომ უნდა არსებობდეს, ხელისუფლებას მიმართეთ? - რომ მივმართეთ, მერე რა?! გაიძახიან, ზარალი არც იმდენია, რომ მათზე ნადირობის უფლება მოგცეთო. ტურის მოკვლაზე 400-ლარიანი ჯარიმაა. ერთი ის კაცი მაჩვენა, ვინც ეს ჯარიმა მოიგონა, ჩემი ხელით შევაგდებდი მშიერ ტურებში. ჯერ გლეხისთვის ეკითხათ, რა უღირს თუნდაც ერთი ქათმის გამოზრდა.

გურიაში ტურების შემოსევით გამოწვეულ ზარალზე ჩივის ოზურგეთელი მონადირე ენვერ კომახიძეც:

- როგორც მგელი მისდევს მსხვერპლს და ყელს ღადრავს, ტურაც ისე იქცევა. ასე განსაჯეთ, მგელს ჭკუითაც კი ჯობს. ყველაზე მაგარ ბადესაც იმდენ ხანს არ მოეშვება, სანამ კბილებით არ გაგლეჯს. ტურაზე ერთობლივი ნადირობა უნდა გაიმართოს, ამას კი გამოცდილი მონადირეები სჭირდება. ტურა ისეთი ცხოველია, ჩამიჩუმის გაგონებისთანავე საკუთარ ტერიტორიას იმდენად სწრაფად მოსწყდება, რომ თვალით ვეღარ იხილავ. Gგამოცდილმა მონადირემ იცის, ტურებს წრე როგორ დაარტყას, მაგრამ ამას ორგანიზება და ხალხის მოძიება სჭირდება...

…ჩვენ დავუკავშირდით ოზურგეთის მერიის წარმომადგენლებს სოფელ ჭანიეთსა და ლიხაურში, რომლებიც ტურების თავდასხმით მიყენებულ ზარალს უმნიშვნელოდ მიიჩნევენ. ასე რომ, გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს... თუმცა ოდნავი შვებისთვის შეგვიძლია კიდევ ერთი ოზურგეთელი მონადირის, ვანო სალუქვაძის აზრი შემოგთავაზოთ. მისი გამოცდილებით, ტურა ტყვეობაში ორჯერ მეტხანს (16 წელიწადი) ცოცხლობს, ვიდრე ველურ გარემოში. მისი მოშინაურება ადვილად შეიძლება, რის შედეგადაც ძაღლზე ერთგულსა და ძლიერ მცველს მივიღებთ. Aასე რომ, როცა სანუგეშოდ სხვა არაფერი რჩება, გამოსავალი როცა არ არის, იქნებ ტურის მოშინაურება გვესინჯა?!