დიდი ცხოვრებისეული გაკვეთილები თამაზ ჭილაძისგან... - კვირის პალიტრა

დიდი ცხოვრებისეული გაკვეთილები თამაზ ჭილაძისგან...

თავად მახსენებდა ხოლმე, - ჩვენ ხომ მეგობრები ვართ და ხომ შეიძლება, შენობით ვისაუბროთო. მე როგორ გავბედავდი ასე გათავხედებას, მას კი უდიდესი სიხარულით ვუდასტურებდი, რომ შეიძლებოდა კი არა, აუცილებლად ასე უნდა მოემართა და ამით ძალიან ბედნიერი ვიყავი... ჩვენი "გაუბზარავი მეგობრობით", როგორც ერთხელ თავად უწოდა, უსაზღვროდ ვამაყობდი... აკი, სამძიმარზე მისულს, მისმა უერთგულესმა დამ, ქალბატონმა თინამაც შემომაგება, ვეღარ დაგახვედრე შენი მეგობარიო...

ხავერდოვანი ხმა ჰქონდა, ძალიან გამორჩეული... თავის ლექსებსაც ხომ საუცხოოდ კითხულობდა და ნებისმიერს დაატყვევებდა! ბევრჯერ მიფიქრია, ალბათ, რამდენი ქალბატონი ეტრფოდა-მეთქი. ხანდახან ძალიან მინდოდა, რაიმე თავის სიყვარულზეც ეთქვა, მაგრამ ყოველთვის სიტყვაძუნწი იყო. წლების წინ ხან ასე რომ მოვუარე და ხან ისე, ბოლოს შევაპარე, გიყვართ მოგონება გაცდენილი დღეების, წლების, სიყვარულის-მეთქი? პასუხად მითხრა:

- ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, გაცდენილი დღეები და წლები არ მქონია. საერთოდ, საეჭვოა, ასეთი რამ არსებობდეს, თუკი ადამიანი ნამდვილად ცხოვრობს. რაც შეეხება სიყვარულს, ის დიდი ბედნიერებაა, რომელსაც, თუ ღმერთი ინებებს და გამოგიგზავნის (არა აქვს მნიშვნელობა, პირველია თუ მერამდენე!), მერე შენი არსების აუცილებელი ნაწილი ხდება, სხვა სიტყვით - შენი სული იზრდება და მდიდრდება სიყვარულით... ამ გრძნობას, როგორც ვეება კოცონს, ფერფლიც დიდი აქვს, ოღონდ ეს, თუ შეიძლება ითქვას, ცოცხალი ფერფლია, საერთოდ, მოგონებები ცოცხალი ფერფლია, მეტი არაფერიო...

2 წლის წინ ზუგდიდში 85 წლის იუბილე რომ მოუწყო ხელოვნებათმცოდნე ხატია ჯანაშიამ, რობერტ სტურუასა და გია თევზაძის თაოსნობით, სტუმრად ჩამოსულმა "რუსთაველელებმა" მისი "ნადირობის სეზონიც" ითამაშეს. დარბაზიდან გამოსულ ბატონ თამაზს თაყვანისმცემლები არ ასვენებდნენ - ავტოგრაფებსა და ფოტოების გადაღებას სთხოვდნენ. უბედნიერესი იყო. თაყვანისმცემლებს შორის გოგონები ჭარბობდნენ, თანაც - ახალგაზრდები და მარტო რომ დავრჩით, დანანებით თქვა: რა დროს ვარ 85 წლის, სამართალია ესაო? ჩავეკითხე: მაინც რამდენი წლის გინდათ რომ იყოთ-მეთქი? ასე, 40-45-ის... თუნდაც 50-ის... 60-ის... 80 წლამდეც შეიძლება ბევრი რამ ინატრო ადამიანმაო, მიპასუხა ღიმილით...

საიუბილეო საღამოს ერთკვირიანი ანაკლიის დაუვიწყარი დღეები მოჰყვა... დილაც, შუადღეც, და საღამოც, გვიან ღამემდე იყო ისტორიის, ლიტერატურის, სიყვარულის, მეგობრობის, მოგონებების გაკვეთილები - დიდი ცხოვრებისეული გაკვეთილები თამაზ ჭილაძისგან... მოვა დრო, იმ ჩანაწერებს მივუბრუნდები და ბევრ საინტერესო ამბავს გიამბობთ ადამიანზე, რომელმაც ძმობაც განსაკუთრებული იცოდა, სიყვარულიც, მეგობრობაც, სამშობლოსაც განსაკუთრებულად გრძნობდა, ახალგაზრდობაც გამორჩეულად უყვარდა და მომავლის იმედსაც არასდროს კარგავდა.

მას ჰყავდა სათაყვანებელი უმცროსი ძმა, უდიდესი მწერალი ოთარ ჭილაძე და მისი ცხოვრებაც ასეთი იყო - ოთართან ერთად. ტყუპივით გაზრდილან და უცხოვრიათ. ბავშვობაში ბათუმის ბულვარში დასაძმობილებლად კინაღამ დანით გაუჭრიათ თითები. მეგობარს შეუხსენებია, ისედაც ერთი სისხლისანი ხართო... ბატონ თამაზს ხშირად უთქვამს, მიუხედავად ამ იდუმალი ერთიანობისა, ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენს ერთმანეთისგან ასე მძაფრად განსხვავებულ ორ მწერალსო...

ერთმანეთის ფასი ძმებმაც კარგად იცოდნენ, ორივეს ფასი კი არაჩვეულებრივად იცოდა მათმა უმცროსმა დამ, ქალბატონმა თინამ, რომელსაც ოთარ ჭილაძე "დედის მაგიერს" უწოდებდა... სწორედ ქალბატონი თინა არ მოშორებია უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ბატონ ოთარს მერე კი ბატონ თამაზს...

წარმოგიდგენიათ სიმარტოვე-მეთქი? - ვკითხე ერთხელ ბატონ თამაზს. ჩაფიქრდა და... - ადამიანს სხვისი სიმარტოვის წარმოდგენაც კი ზარავს, არადა, შეიძლება არც იცოდეს, რომ თვითონაც მარტოა! სიმარტოვეს უამრავი სახე აქვს, ამავე დროს, როგორიცა ხარ, ისეთივეა შენი სიმარტოვეც, რომელსაც, თუკი რამე არ შეუძლია, უპირველეს ყოვლისა, ნუგეშისცემა! სწორედ ცოცხალ ფერფლში ყელამდე ჩაფლული, საკუთარი თავის ამარა ხარ დარჩენილიო... ბუნებამ კი ბოლომდე ვერ გაყო ორი უდიდესი მწერალი, ტყუპივით გადაჯაჭვული ძმები. გნებავთ, დამთხვევა უწოდეთ, გნებავთ - მისტიკა, მაგრამ ერთ თვეში დაიბადნენ, გარდაცვალებით კი... ბატონი ოთარი 2009 წლის 1-ელ ოქტომბერს გარდაიცვალა, ბატონი თამაზი კი ახლა - 28 სექტემბერს... უმცროსი ძმის გარდაცვალების დღეს უფროს ძმასთან გამოსათხოვებლად მივლენ ადამიანები.

ბატონო თამაზ, ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი სული და მარადიული სასუფეველი დაგიმკვიდროთ!

ირმა ხარშილაძე

* * *

დაიწერება ბევრი თბილი სიტყვა, ბევრი მოგონება, არაერთხელ ითქმება დიდი მწერლის შემოქმედებაზე, ჩვენ კი, თქვენს უდავოდ დიდ შემოქმედებასთან ერთად, დიდი ადამიანისთვის დამახასიათებელი უბრალოება და თავმდაბლობა გვაოცებდა ყოველთვის, თქვენი მოკითხვა და კეთილგანწყობა.

ჩემი ძმა ჩემზე დიდიაო, მე მასთან არაფერი ვარო, ის გენიოსია, მე - ჩვეულებრივი მწერალიო, - ამბობდა ოთარის სიცოცხლეშიც და მისი გარდაცვალების შემდეგაც. ამას ჩვეულებრივად უსმენდა და აღიქვამდა საზოგადოება. აბა, დავფიქრდეთ, აბელიდან და კაენიდან მოყოლებული, განა ბევრ ძმას შეუძლია მართლაც გენიოსი ძმის ასე გულწრფელი საქვეყნო აღიარება და, მით უმეტეს, როცა თვითონაც დიდი მოაზროვნეა ჩვენი თანამედროვეობისა; კიდევ იმიტომ იყო დიდი პიროვნება, რომ კაცობრიობის თანდაყოლილ მანკიერებებზე მაღლა დგებოდა ყველგან და ყოველთვის.

ჭილაძეებმა შექმნეს ეპოქა ქართულ მწერლობაში და არა მხოლოდ მწერლობაში, მათ შექმნეს ეპოქა ადამიანური ურთიერთობებისა, ქცევისა, კაცობისა. მათ ისე გამოიარეს ჩვენი ქვეყნისთვის ურთულესი პერიოდები, რომ არსად შეშლიათ. ეს თითქმის შეუძლებელი იყო ჩვეულებრივი ადამიანისათვის. ისინი არ იყვნენ ჩვეულებრივები - ისინი საოცარი ძმები ჭილაძეები იყვნენ...

რაღაც დამთავრდა, დაცარიელდა უთქვენოდ საამქვეყნო სამყოფელში. უფალმა დაგიმკვიდროთ სასუფეველი, მრავალჭირნახული თაობის ერთ-ერთო უკანასკნელო მოჰიკანო, ჩვენი თაობისთვის კი იმედო და გზის გამკვალავო, ჩვენო ბატონო თამაზ...

თამარ მამაცაშვილი

"ლიტერატურული პალიტრის" სახელით