რა აკავშირებდათ ბავშვობაში ბიძინა ივანიშვილის მეუღლესა და კახა კალაძეს? - კვირის პალიტრა

რა აკავშირებდათ ბავშვობაში ბიძინა ივანიშვილის მეუღლესა და კახა კალაძეს?

ქალბატონი მარინა გედენიძე 2011 წლის 6 თებერვლამდე სამტრედიის #3 საჯარო სკოლის დირექტორი გახლდათ. პროფესიით ისტორიკოსი, სკოლაში 21 წლისა მივიდა მასწავლებლად. შემდეგ სასწავლო ნაწილის გამგე გახდა და ბოლო 17 წლის განმავლობაში, სკოლის დირექტორი იყო. სკოლიდან განათლების მაშინდელი მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანებით გაათავისუფლეს, მიზეზი პოლიტიკური გახლდათ. დირექტორს სკოლიდან ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის, ნანა ივანიშვილის და რძლის, ვენერა ივანიშვილის გათავისუფლება სთხოვეს, რაზეც არ დათანხმდა. ამ სკოლაში, რომელსაც ბევრი წელი ხელმძღვანელობდა, კახი კალაძე, მისი გარდაცვლილი ძმა ლევან კალაძე და ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე სწავლობდნენ.

ქალბატონ მარინასთან ინტერვიუს ჩაწერას დიდხანს ვცდილობდით, მაგრამ ის თავს იკავებდა. ცოტა ხნის წინ თბილისში შვილებს ესტუმრა. უფროსი შვილი - ვახტანგ სტურუა, ექიმია. უმცროსი - ზვიადი, ეროვნული ნაკრების მეკარეა.

- ქალბატონო მარინა, როგორ მოხვდა ეკატერინე ხვედელიძის ოჯახი სამტრედიაში?

- ხვედელიძეების ოჯახი სამტრედიაში გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ჩამოვიდა. ეკას მამა ფედია ხვედელიძე დიდებული ადამიანი იყო, თხემით ტერფამდე ინტელიგენტი, რაინდული თვისებების მქონე. იგი რაიონის მთავარ ექიმად დაინიშნა. ურთულეს ქირურგიულ ოპერაციებს აკეთებდა, თანაც ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ბატონი ფედია წარსულში კარგი კალათბურთელიც ყოფილა. სამტრედიელები ახლაც სიამოვნებით იხსენებენ, თავისუფალ დროს როგორ თამაშობდა ბატონი ფედია თანაქალაქელებთან.

- ეკას დედაზე გვესაუბრეთ...

- ქალბატონი ლუდა ხვედელიძე მუსიკალური სკოლის პედაგოგი გახლდათ. ეს უკრაინელი ქალბატონი ქართული ადათ-წესების, ტრადიციების, სტუმართმოყვარეობის უზადო გამტარებელი იყო. ამ კაცთმოყვარე და სტუმართმოყვარე ოჯახმა უამრავი მეგობარი შეიძინა და სულ მალე სამტრედიის საზოგადოებაში ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა.

ბატონ ფედია ხვედელიძეს და ქალბატონ ლუდას ორი ქალიშვილი ჰყავდათ: ირმა და ეკა. ძალიან ყურადღებიანი მშობლები იყვნენ. არ მახსოვს თუნდაც ერთი დღე, ქალბატონ ლუდას გოგონები თავად არ მოეყვანა სკოლაში და თითოეულ პედაგოგს არ გასაუბრებოდა.

ეკატერინე ხვედელიძე, ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე

- გოგონები როგორ სწავლობდნენ?

- სკოლაში ყოველთვის მოწესრიგებული დადიოდნენ: მოსწავლის ფორმით და სასკოლო ჩანთით. ფრიადებზე სწავლობდნენ. აქტიურად იყვნენ ჩართული სკოლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მაშინ მე ახალბედა, დამწყები პედაგოგი ვიყავი და ბავშვებთან კარგი ურთიერთობა მქონდა. საოცრად მუსიკალური გოგონები იყვნენ, ბრწყინვალედ მღეროდნენ. იყვნენ ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრები. მახსოვს, მოსწავლეთა თვითშემოქმედების რაიონული ოლიმპიადა ტარდებოდა. ირმა მექსიკური ცეკვის სოლისტი იყო და მოულოდნელად ბრმანაწლავის სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. სკოლის დირექციის თხოვნით, ოლიმპიადის გრაფიკმა გადაიწია. ირმამ სკოლა წარჩინებით დაამთავრა და სამტრედიელების რძალი გახდა.

რაც შეეხება ეკას, ძალიან ლამაზი, მშვიდი, გაწონასწორებული, სათნო და მოკრძალებული, პასუხისმგებლიანი ბავშვი იყო. ახლაც თვალწინ მიდგას ეკა თეთრი წინსაფრითა და თეთრი ბაფთით, უნიჭიერესი და არა მარტო სწავლით გამორჩეული. აქტიურად მონაწილეობდა ყველა სასკოლო ღონისძიებაში, სასკოლო ექსკურსიებში. ყველა საგანს თანაბარი მონდომებით სწავლობდა, განსაკუთრებით უცხო ენები, ბიოლოგია და ისტორია უყვარდა. უყვარდა ხელსაქმე, ჩინებულად ქსოვდა. გაგრძელება

იხილეთ ფოტოგალერეა: ბიძინა ივანიშვილი ოჯახური ფოტოები