"ხედავთ ამ დაქცეულ კიბეს?!" - კვირის პალიტრა

"ხედავთ ამ დაქცეულ კიბეს?!"

პეტერბურგში, სტუდენტობისას დაწერილ "ქართვლის დედას" ილიამ ეპიგრაფად ლაიბნიცის სიტყვები წარუმძღვარა: "აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა" და ჯერ კიდევ ჭაბუკმა ქართველობას შეუძახა, წარსულს დავიწყების ფერფლი არ მიაყაროთ, თორემ აწმყოსაც წაიხდენთ და მომავალსაც დაკარგავთო. როგორ ვიღეთ ყურად დიდი ქართველის რჩევა-მოწოდება, თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში ჩანს.

შორიდან, ჯვრის მონასტრის მხარეს ერის მამის ძეგლი მჭმუნვარედ გასცქერის მტკვრისა და არაგვის შესართავს მიღმა გადაშლილ "ივერთ მხარეს". ვისაც გული ილიასკენ გაუწევს და ახლოს მისვლას მოინდომებს, წინ დიდი დაბრკოლება ელის, მისი დაძლევის შემდეგ კი კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ ჩასწყდება გული. ძნელია გზა ილიამდე, - ეკალბარდიანი, ძნელად სავალი, კიბე ერთიანად მორღვეული და ბალახმოდებული. ამან როგორ უნდა შემაფერხოსო, ფიქრობ, და მაინც მიიწევ ილიასკენ. დამსხვრეულ ფილაქანზე ფრთხილად მიაბიჯებ და უნებლიეთ ებრაული წყევლა გახსენდება, - "შენს კიბეზე ბალახი ამოვიდესო" (ანუ მიმსვლელ-მომსვლელი არ გყავდესო) და გწყდება, ძალიან გწყდება გული, რომ ამის მომსწრე გახდი. მიმსვლელ-მომსვლელი დალევია ერისკაცს, რომელიც სწორედ აქ, წიწამურში, ეწამა სამშობლოსათვის. აქ მოხვდა ბერბიჭაშვილის "ბერდენის" ტყვია და დასთხია სისხლი. განა არ იცოდა, რას უმზადებდა მუხანათი მტერი, განა არ იცოდა, რომ მამულის ესოდენ სიყვარულს არ აპატიებდნენ? იცოდა, ყველაფერი კარგა ხნით ადრე უწყოდა, მაგრამ ილიამ თავის მკვლელებს წიწამურში ტყვიის გავარდნამდე 50 წლით ადრე აპატია. ჯერ კიდევ 1858 წელს პეტერბურგისკენ მიმავალმა შესთხოვა უფალს თავისი მკლელების შენდობა: "...რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდაც გულს ლახვარი მკრან,გთხოვდე: "შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!" ესეც წინასწარ განჭვრიტა და ისიც, რომ შთამომავალნი სახელოვან წინაპართა გზას დავიწყების ფერფლს წააყრიდნენ და ამიტომაც გვწვრთნიდა, გვმოძღვრავდა, წარსული მომავლის მშობელიაო.

იქნებ გვითხრას ვინმემ, განა ილია არ დავსახეთ ჩვენს წინამძღვრად, ერის მამად და გზის მაჩვენებლადო და ამის საილუსტრაციოდ ყველა დიდმოხელის კაბინეტში გამოკიდებული ილიას სურათები შეგვახსენოს. კარგია, რომ პლაჟებს ვაწყობთ, ბუნგალოებს ვაშენებთ და თურმე ნიცასაც ვჯობივართ, მაგრამ აქ, თბილისთან ახლოს, ეკალბარდებით რატომ ვახრჩობთ ილიას, რატომ ვკლავთ წიწამურში მეორედ?! თითქოს სიცოცხლეში არ ეყოფოდა ეკლის გვირგვინი, რომ მის შთამომავლებს არ დაგვეშურებინა ნარისა და ძეძვის "თაიგულები" ერის მამისთვის, რომელიც ამბობდა: "ერის წყლული მაჩნდეს წყლულად, მეწოდეს მის ტანჯვით სული".

ორი წლის წინ ილიას მკვლელობის მეასე წლისთავზე რამდენიმე ქართველმა მიაშურა წიწამურს. ძნელად სავალ კიბეს აუყვნენ. იმ დღეს "კვირის პალიტრაც" მივიდა ილიასთან და იქ ნახულით შეძრწუნებულმა შეუძახა ქართველობას... რა დასამალია და გამოხმაურებაც იყო! "ნაციონალური მოძრაობის" მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა დავით კირკიტაძემ ჩვენი წერილის პასუხად პატრიოტები აიყვანა წიწამურში და ეკალბარდებს შიშველი ხელებით შეუსია, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ კმაროდა... იქაურობა დაგავეს, მოძალებული სარეველა ამოძირკვეს, მაგრამ ეს იყო და ეს. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ამ ინიციატივას დავით კირკიტაძის თანაგუნდელები გაუნაწყენებია!

ორი წლის მერე ისევ მივედით ილიამდე, ოღონდ ამჯერად უფრო ძნელად, ჯახირით. ამჯერად ჩვენ დავუკავშირდით უკვე ქვემო ქართლის გუბერნატორ დავით კირკიტაძეს:

- ორი წლის წინ თქვენი წერილის შემდეგ წიწამურში ილიას ძეგლის მიმდებარე ტერიტორია დავასუფთავეთ და დავიწყეთ მუშაობა, რომ მემორიალი და მასთან მისასვლელი გზა აღდგენილიყო. მცხეთა-მთიანეთის მხარის მაშინდელი რწმუნებული ვასიკო მაღლაფერიძე დაგვპირდა, რომ ილიას ძეგლი უწინდელ სავალალო მდგომარეობაში აღარ იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ილია ჭავჭავაძის მემორიალი დღესაც მიუხედავია.

დარწმუნებული ვარ, თქვენს გულისტკივილს უთუოდ გამოეხმაურება საზოგადოება. ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების ან რომელიმე კერძო პირის საქმე. ყველამ უნდა ვიზრუნოთ ილიაზე, მის მემორიალსა თუ სახლ-მუზეუმზე, რათა მისი სახელი ღირსეულად შევუნახოთ შთამომავლობას.

- ხელისუფლებას, ისევე როგორც ოპოზიციას, უყვარს ილიას ხსენება, მისი სურათის ფონზე გამოჩენა. მაღალჩინოსანთა კაბინეტებსაც ილიას ფოტო ამშვენებს, თუმც...

- მეც მაქვს კაბინეტში ილიას სურათი, როგორც დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და ერის მამისა...

კარგ საქმეს აკეთებთ, ამ პრობლემაზე რომ ამახვილებთ ყურადღებას. დარწმუნებული ვარ, თქვენს წერილს გამოხმაურება მოჰყვება და მემორიალს ისე მოუვლიან, როგორც ილიას შეჰფერის.

- თუ არ ვცდები, ორი წლის წინ "კვირის პილიტრის" წერილზე თქვენი გამოხმაურება ვიღაცას არ მოეწონა ხელისუფლებაში.

- უკმაყოფილო თავად ვიყავი მხარის მაშინდელი რწმუნებულის. როდესაც მემორიალი დავასუფთავეთ, იმ პირებმა, ვისაც ილიას მემორიალისა და მიმდებარე ტერიტორიის მიხედვა ევალებოდათ, უკმაყოფილება გამოთქვეს... არ მინდა ამაზე ლაპარაკი. მათ საკადრისი პასუხი მიიღეს. დარწმუნებული ვარ, თუ მხარის ახლანდელ რწმუნებულს მიმართავთ, ის ძალისხმევას არ დაიშურებს და ამ საქმეს მიხედავს. სანამ ქართველი ერი იარსებებს, ჩვენი ცნობიერებიდან ილია ჭავჭავაძეს ვერავინ ამოშლის...

ჩვენ მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულს ცეზარ ჩოჩელსაც დავუკავშირდით, რომელიც დაგვპირდა, ორიოდ დღეში საქართველოში დავბრუნდები და როგორც ერთი რიგითი ქართველი ჩავერთვები ამ საქმეში, სხვებთან ერთად ვიშრომებო.

ილია ჭავჭავაძის გზის გაგრძელებაზე ხელისუფლების გარდა, ოპოზიციაც ლაპარაკობს. საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ "უცნობს" გია გაჩეჩილაძეს "საკანში" ვესტუმრეთ, რომლის კედლებზე ილიას არაერთ ფოტოსა და ლექსს ნახავთ. მიუხედავად იმისა, რომ საგურამოს გზაზე მიმავალი არაერთხელ დაინახავდა იავარქმნილ ილიას მემორიალს, მაინც ვაჩვენებთ რამდენიმე წუთის წინ გადაღებულ ფოტოებს.

გია გაჩეჩილაძე: - გაპარტახებული ილიას ძეგლი დაქცეული და იავარქმნილი საქართველოს სიმბოლოა. რაც ძეგლს სჭირს, სწორედ იმ მდგომარეობაშია დღეს ქვეყანა და ეს გასაკვირი არც არის. კი უკიდიათ კაბინეტებში ილიას სურათები და უნდათ მისი იდეების გამგრძელებლებად მოგვაჩვენონ თავი, მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ პიარია და სხვა არაფერი. მხოლოდ ილიას კი არა, ყველა ბუმბერაზ ქართველს შეუტიეს. არც ახსოვთ, თითქოს არც არასდროს გვყოლიან. ამათ ილია არ უყვართ, რადგან მათნაირ ცრუპატრიოტებს უპირისპირდებოდა. ხელისუფლებაში დღეს მოსულთა მსგავსად სწორედ ილიას მტერი სოციალ-დემოკრატები - ჟორდანია და ფილიპე მახარაძე არ ცნობდნენ არც ეროვნებასა და არც ისტორიას. აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება ეს ხელისუფლება ილიას საქმეების გამგრძელებელი იყოს? საქართველოში დღესაც იგივე ხდება, რაც ილიას დროს. ამ პატრიოტ, მამულზე გადაყოლილ კაცს გაზეთები ჩირქს სცხებდნენ, გულს უკლავდნენ, ჩამორჩენილსა და ძველი მენტალიტეტის შავრაზმელს ეძახდნენ, რაკი ჩვენს ისტორიასა და კულტურას იცავდა. როდესაც ილია მოკლეს, ნოე ჟორდანიამ თქვა, რას ვიზამთ, როდესაც ხე იჭრება, ნაფოტები ცვივაო. ილია ჭავჭავაძე ნაფოტი ყოფილა! ასე ფიქრობენ დღესაც ისინი, ვისაც თავი ილიას იდეების გამგრძელებლად მოაქვთ და სინამდვილეში ეკალბარდებში მოუქცევიათ მისი მემორიალი. ხომ ხედავთ ამ დაქცეულ კიბეს, - აი, ასეთია ჩვენი გზა ილიამდე. საქართველოს ამ ხელისუფლების სახით ჰყავს ოკუპანტი და შინაური მტერი. ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნა ისევ და ისევ ხალხზე ჯავრის ამოყრას არ ნიშნავს? სწორედ ახალაიამ გამოიჩინა თავი თანამემამულეებთან ბრძოლაში.

ეს ხელისუფლება თავხედია, ამიტომ არ მიდის, თორემ ხომ ხედავს სააკაშვილი, უკვე ტუფლებს ესვრიან. სააკაშვილს თავში "გაურაკუნეს" 44 ზომა კაცის ფეხსაცმელი, მაგრამ მან ხელში ქალის ქოში დაიჭირა და ვითომ კონკიას ძებნა დაიწყო. ჩვენმა კალათბურთელებმა 4 თამაში მოიგეს და ერთზეც არ ყოფილა სააკაშვილი, რადგან ხალხმრავალ შეკრებებზე ვეღარ მიდის. ამას ჰქვია საქართველოს პრეზიდენტი? ბათუმში, დისკოთეკაზე რომ შედის, ყველას ჩხრეკენ და თავდაყირა აყენებენ.

ქართველი კაცი შაჰიდის ქამარს ვერ გაიკეთებს და ისე ვერ ააფეთქებს მოწინააღმდეგეს. გზა, რომელსაც ვადგავართ, შესაძლოა, გრძელია, მაგრამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ და გავიმარჯვებთ. ოღონდ ისე კი არა, რომ ქართველმა ქართველს დასცხოს და სისხლი ადინოს.

ყველას ლაფს ასხამენ, რომ გული ატკინონ. ან მუხრან მაჭავარიანთან სააკაშვილის სტუმრობა რა იყო? აგერ მაქვს მუხრანის ლექსი: "საქართველოში იმნაირი მოხდა სიგლახე, გავიმარჯვეთო, გაიძახის ახლა ვინც ასე, ღირსი არაა დადიოდეს ქართულ მიწაზე". არ ვიცი, ამის მთქმელი მუხრან მაჭავარიანიც თუ ამათ მხარეზე დადგა... გული გამიტყდა, როდესაც სააკაშვილი ბატონ მუხრანთან ვნახე მისული. როდესაც ხალხისთვის სამაგალითო ხარ, წარმოუდგენელია დღეს ერთს ლაპარაკობდე და ხვალ მეორეს აკეთებდე. სააკაშვილის თავხედობა ვიცი, თავზე დაადგებოდა და მუხრანიც ვერ ეტყოდა უარს მასპინძლობაზე. ამიტომაც ჰგავდა კედელთან მიყენებულს. ამ კადრების ნახვის შემდეგ გულის სიღრმეში ჩამწყდა რაღაც. ასე ატალახიანებს ეგ ყველას, ყველაფერს ანგრევს და სვრის, რასაც ეხება. ასაკოვანი ადამიანისთვის ძნელია უხეშად უთხრას პრეზიდენტს რამე.

იცით, რატომ მივიდა სტუმრად მუხრან მაჭავარიანთან? ლევანმა რამდენიმე დღით ადრე დაურეკა ბატონ მუხრანს, იქნებ "დაიცავი საქართველოში" შემოხვიდეთო. ლევანი მასთან გეგმავდა ჩასვლას, მაგრამ სააკაშვილმა გადაჭრა ისარი და დაასწრო. ამით უხერხულ მდგომარეობაში მხოლოდ მუხრან მაჭავარიანი კი არა, მთელი საქართველო ჩააყენა, რადგან ბატონი მუხრანი ყველას უყვარს. აი, ასე ცდილობს სააკაშვილი ავტორიტეტების გათელვას, მაგრამ რამდენად გაითელა სააკაშვილთან შეხვედრით მუხრანი, ხალხმა შეაფასოს. ჩემი აზრით, არ გათელილა.

რასაც ესენი კადრულობენ, იმას ჩვენ ვერ ვიკადრებთ. ამიტომაც გაგვიჭიანურდა ბრძოლა. დღეს თითოეული ქართველის აზროვნებაშია ბრძოლა. შესაძლოა, ისეთმა კაცმა გიმუხთლოს, რომელსაც უსაზღვროდ ენდობი. ეს არის ბრძოლა კეთილსა და ბოროტს, ფარისევლობასა და სიმართლეს შორის. მაგათ ჰგონიათ, პირველობა მინდა და მებრძვიან. მთელ ოპოზიციურ მოძრაობას სცხებენ ჩირქს. არ მინდა ვინმეზე ვიეჭვიანო და ვთქვა, ეს გააკეთა ან ის აიღო-მეთქი, მაგრამ ურთიერთობებიდან ხომ ჩანს ყველაფერი? ხომ ვხედავ, ვინ მემალება და ვინ - არა, ვის არ უნდა ჩემი ნახვა და ასეთები, სამწუხაროდ, ძალზე ახლობელი ადამიანებიც არიან.

- იქნებ ისეთი იდეაა მოსაფიქრებელი, რაც ქართველ საზოგადოებას გაყოფის ნაცვლად გაამთლიანებს, იქნებ ილიაზე ზრუნვა, თუნდაც ფონდის შექმნაა საჭირო, სადაც ყველა, ვისაც სურს, მიიღებს მონაწილეობას. გავანათოთ და გავაკეთილშობილოთ იქაურობა, როგორც ჩვენი ერის მამას ეკადრება (ილიას მემორიალის აღდგენისათვის საზოგადოების დარაზმვაც შეიძლება იყოს გამამთლიანებელი. ჩვენი აზრით, ამ საქმეში ხელისუფლების მომხრეც ჩაერთვება, ოპოზიციონერიც და აპოლიტიკური მოქალაქეც).

- მართალს ამბობთ, ასეთი იდეაა მოსაფიქრებელი. პატრიარქმაც ხომ ბრძანა, ეშმაკი ჰყოფს და უფალი აერთიანებსო. ვიფიქრებ ილიას მემორიალზე, როგორ შეიძლება ამის გაკეთება და მერე გიპასუხებთ ამ კითხვაზე. ვფიქრობ, ილიას მემორიალზე ზრუნვა ჩვენი დიდი ბრძოლის შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს. ხელისუფლებამ როგორ, რა სინდისით უნდა გააკეთოს მემორიალი? ქვეყნის პირველმა პირმა, რომელსაც ყველაზე მეტად ხელეწიფება ხალხის გაერთიანება, ამის გაკეთება ვერ შეძლო. ილიაც ამ ქვეყნის შვილია და ფილიპე მახარაძეც. ამ ორ ბანაკს შორის ბრძოლა ყოველთვის იქნება. ფილიპე მახარაძისთანა სარეველა ყოველთვის შეეცდება ილიასთანას ავნოს, ბოლო მოუღოს. სააკაშვილს კაბინეტში ილიას სურათი უკიდია, მაგრამ მასზე, ილიას თავისუფლებაზე არ გველაპარაკება, რადგან ფილიპე მახარაძის იდეოლოგიური მემკვიდრეა. ხელისუფალთ ვურჩევ, ჩამოხსნან კაბინეტებში ილიას სურათები, პიარისთვის რომ უკიდიათ და ფილიპე მახარაძის სურათები დაკიდონ. სანამ გზა ილიამდე დანგრეული და მიუვალი იქნება, მანამდე არაფერი ეშველება საქართველოს. სამწუხაროდ, დიაგნოზი, რაც ქართველ ერს დაუსვა ილიამ "ბედნიერ ერში", ისევ ძალაშია. რაც ვართ, ამ გულის გასახეთქი ლექსით გვითხრა ილიამ.

p. s.საღამოს საგურამოს გზიდან განათებული ჯვარი და სვეტიცხოველი მოჩანდა. ილიასაკენ გავიხედე. მწუხრს შთაენთქა წმინდანად შერაცხილი ერის მამის ძეგლი.