"ძმურად, გადით და ცოტა ხანში შემოდით, ყურადღება მეფანტებაო. სურვილი ავუსრულეთ, ოღონდ, ერთად წავედით პოლიციაში" - პოლიციის კაპიტნის კურიოზები - კვირის პალიტრა

"ძმურად, გადით და ცოტა ხანში შემოდით, ყურადღება მეფანტებაო. სურვილი ავუსრულეთ, ოღონდ, ერთად წავედით პოლიციაში" - პოლიციის კაპიტნის კურიოზები

პოლიციის კაპიტანი დავით ლომაური წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. იგი ერთხანობას ვაკის რაიონის ნარკომანიის განყოფილების უფროსიც გახლდათ და თავისთავად უწევდა ურთიერთობა როგორც ნარკორეალიზატორებთან, ასევე ნარკომომხმარებელთან. ყოფილი ძალოვანი პროფესიული საქმიანობიდან "კვირის პალიტრასთან" სახალისო თავგადასავლებზე ჰყვება:

"აგერა ვარ, ქალი და კაცი მაღლა რომ დგანან და ქუჩაზე ტრაქტორი ბუღრაობს" ერთ-ერთი ღონისძიების დროს, ნარკორეალიზატორის დაკავებისას დიდ საგონებელში ჩავვარდით. ნარკორეალიზატორმა, რომელიც ზესტაფონის რაიონის მკვიდრი იყო, ბოლო 10 წელი კი ტაჯიკეთში ნაცხოვრები, ე.წ სვიდანია, ანუ შესყიდვის ადგილი ამგავარად მიგვითითა (კლიენტი ესაუბრებოდა ჩვენი თანდასწრებით) - "აგერა ვარ, ქალი და კაცი მაღლა რომ დგანან და ქუჩაზე ტრაქტორი ბუღრაობს. ე, იქანა გელოდებით, 20 წუთში მოდით, თუ არა, სახლში წევედიო". არ გინდა ამ ადგილის პოვნა?! საფიქრალი დროც ცოტა გვქონდა, მაგრამ გაგვიმართლა და მივაგენით - დამნაშავე დავაკავეთ წერეთლის გამზირზე, გამოფენის წინ, მონუმენტთან, მის მიერ ნახსენები ტრაქტორი კი წერეთლის გამზირზე ტრამვაის ხაზის დემონტაჟს აკეთებდა.

"ძმურად, გადით და ცოტა ხანში შემოდით, ყურადღება მეფანტებაო"

ხილიანზე, ერთ ოჯახში მივედით ნარკომანის დასაკავებლად. კარი ბავშმა გაგვიღო და მამა რომ მოვიკითხეთ, საძინებელ ოთახზე მიგვითითა. შევედით და რას ვხედავთ - დასაკავებელი პიროვნება მუხლებზე დგას, მის წინ მეუღლეა, რომელსაც სარკე უკავია და ჩვენი ობიექტი ყელზე, ვენაში ნარკოტიკის გაკეთებას ცდილობს. ჩვენ რომ შემოგვხედა, მოგვმართა - "ძმურად, გადით და ცოტა ხანში შემოდით, ყურადღება მეფანტებაო". სურვილი ავუსრულეთ, ოღონდ, ერთად წავედით პოლიციაში.

დაკარგული "გოჭი"

დაკავებული მყავს ერთი ძალიან ცნობილი ქალბატონის შვილი ნარკოტიკული ნივთიერების განმეორებით უკანონო მოხმარებისთვის და მისი მეგობარი - უაღრესად მორწმუნე ადამიანი (ისიც ცნობილი ოჯახის შვილი) იმავე ბრალდებით. პირველის დედა, ცნობილი ქალბატონი მოვიდა ჩემთან (იმ პერიოდში ვაკის რაიონის ნარკომანიის განყოფილების უფროსი ვიყავი), კაბინეტში მისი ვაჟი ზის, ავუხსენი რა დაკავების მიზეზი, ქალბატონი მეუბნება, მთელი თვეა მონასტერში დავდივარ და წმინდა პორფირეს ხატს ვევედრები ჩემს შვილს რამე უშველეო და... ამ დროს ვაჟმა მიუგო: ეტყობა, სხვა რამეში აგერია თხოვნა, ამ თვეში უკვე მესამედ დამიჭირესო.

ქალბატონი თავის შვილის მეგობარზე მომიყვა:

ეკლესიაში სულ მუხლისჩოქზე დადის, ფეხზე თუ ადგა, ნარკოტიკი უნდა გაიკეთოსო.

90-იან წლებში მამამისმა საახალწლოდ შემწვარი გოჭი მოიტანა სახლში, საღამოს მთელი ოჯახი შემწვარ გოჭს ეძებდა დასაჭრელად, ამას კი ეზოში ჩაუტანია და მიწაში დაუმარხავს, მარხვაა და სახლში გოჭი არ შეიძლებაო.

"ლომოური ცეკვაში გვამეცადინებს და ახალ ილეთებს ვსწავლობთო"

ამ პიროვნებებთან მხიარული ამბები მთელი ღამით გაგრძელდა იმავე ღამით თავს გენინსპექცია დაგვადგა და იფიქრეს რა, უკანონო პატიმრები მყავს კაბინეტში, მათთან გასაუბრება მოინდომეს. ეკითხებიან, აქ უკანონოდ ხომ არა ხართ, დააშავეთ რამეო? პირველი მათგანი სერიოზული სახით პასუხობს: არა, ლომოური ცეკვაში გვამეცადინებს და ახალ ილეთებს ვსწავლობთო. გენინსპექციის წარმომადფენელი დაიძაბა და კითხვა დაამატა: გცემე, ან გაწამეს? ისევ ის პასუხობს: ოღონდ შენ ტვინს არ ტყ...ვდე და კაიფს დამაცლიდე, მაგან მცემოს მირჩევნიაო. თანამშრომელი მეორე დაკავებულ "მორწმუნე" მეგობარს მიუბრუნდა პასუხის მოსასმენად. "მკრეხელობა ჩავიდინე, ბატონო, ვაღიარებ და ვინანიებ ჩემს ცოდვას უფალთან, თრობას მივეძალე". ინსპექტორი ჩაეკითხა მათ, ალკოჰოლი დალიეთო? აქ პირველი ჩაერთო - "რა ალკოჰოლი, ტო, სად გაგიგია წამალი და ღვინო, უცხოპლანეტელები ხართ?" გენინსპექციის თანამშრომლები თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ, მე კი უკან მივდევდი, შემოწმების ოქმის ასლი დამიტოვეთ-მეთქი.

"120-ჯერ გაბერა და დღეს ალბათ მოუმატებსო"

გულის ოპერაცია მაქვს გაკეთებული ჩაფიძის კლინიკაში. ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციაზე ბუშტს გაბერინებენ. ექიმმა ოპერაციის შემდეგ გამოღვიძებულ პაციენტს, რომელსაც ცოლი ადგა თავზე, დაუბარა, ეს ბურთი დღის განმავლობაში 150-ჯერ უნდა გაიბეროსო. მეორე დღეს შემოვლაზე ექიმი იმავე პაციენტთან მივიდა და კითხულობს, აბა, ბურთს როგორ ვბერავთო. პაციენტი პასუხობს,

120-ჯერ გაბერა და დღეს ალბათ მოუმატებსო, - მიუთითა თავთან მჯდომ მეუღლეზე, თანაც პრეტენზიულად შეხედა, უნდა მოუმატოო

ჩემთან ერთად, კლინიკაში ასაკოვანი გორელი კაცი იწვა. გულის ოპერაცია რომ ჩაუნიშნეს, სადღაც გაიპარა, ეძებეს და ვერ იპოვეს. მერე გამოჩნდა ეს კაცი, ატმის შეწამლვა დამავიწყდა, ოპერაციის მერე გამიჭირდება, ამიტომ გავიქეცი, შევწამლე და ჩამოვედიო.

ერთხელაც, საავადმყოფოშისტანდარტული სადილი მოიტანეს. გამოვედი პალატიდან და ვესტუმრე გორელს, ისე, ჩემთვის ჩავილაპარაკე - რა მაგარი ჩიხირთმა მოიტანეს (ჩოხირთმა გულით ავადმყოფს არ ეჭმევა), ამისთანა გემრიელს ჩემი ცოლი ვერ აკეთებს-მეთქი. გორელი ჩხუბით გავარდა ე.წ. რესეფშენში, ამ ქალაქელებს მაგრა რომ პატრონობთ, ჩვენ, სოფლელებმა რა დავაშავეთაო?!

ჯერ ჩივილი, მერე ქორწილი

იყო ესეთი "პიროვნების ღირსების სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის" განყოფილება, რომლის ხელმძღვანელიც გახლდით. ერთ საღამოს, საკმაოდ რთული მკვლელობის საქმე გავხსენით და კმაყოფილი, ფანტასტიკურ ხასიათზე ვზივარ კაბინეტში. უეცრად მორიგემ კარი შემომიღო, მას წივილ-კივილით შემოჰყვა დაახლოებით 55-60 წლის ქალბატონი - ორი დიპლომი, წვალებით გაზრდილი, ვაი-ვუით და მსგავსი ტექსტებით. გული მიფრიალებს, ვაი, თუ მკვლელობა მოხდა-მეთქი. ბოლო-ბოლო გავარკვიე, რომ ქალბატონის შვილი 36 წლის ასაკში გათხოვილა, უფრო სწორად წყვილი გაპარულა. უცებ ისტერიკული სიცილი ამიტყდა. ქალბატონს თუკი რამე ეჭირა ხელში, მესროლა, ვეუბნები, დაწყნარდით, ქალბატონო, ქორწილის სუფრა გაამზადეთ-მეთქი. თუკი რაიმე ზემდგომი ორგანო იყო, ქალმა ყველგან მიჩივლა, ერთი თვე ჩვენებას ვაძლევდი თუ პროკურატურას, თუ - გენერალურ ინსპექციას და სახალხო დამცველს. ვერ დამსაჯეს იმის გამო, რომ "რეალური დაზარალებული" ჩემზე უფროსი იყო, ქორწილში კი საპატიო სტუმრის სტატუსის მქონე თქვენს მონა-მორჩილთან ჩემს მომჩივან ქალბატონ ნანულის თავისი ხელით მოჰქონდა ცხელ-ცხელი კერძები. შესანიშნავი ქორწილი იყო, ღირდა ჩივილად.

ქეიფი ძებნილთან ერთად

ოზურგეთის რაიონული პოლიციის დახმარებით მაღალმთიან გურიაში ძებნილი დავაკავეთ. მას ერთი ღამის გათენება ოზურგეთის პოლიციის საკანში მოუწია. ბათუმში გავაგრძელეთ გზა, იქაც რაღაც სამძებრო საქმეები გვქონდა. დღის ბოლოს, ჩვენმა მეგობრებმა საქეიფოდ დაგვპატიჟეს და კარგი დროც გავატარეთ. მეორე დილით ჩვენს გურულ პატიმართან ერთად თბილისისკენ წამოვედით. დაკავებული ნამდვილად არ იყო დამნაშავე, გზაში ე.წ. პახმელიამ შემოგვიტია, ერთ-ერთ სასადილოსთან შევჩერდით და წავიქეიფეთ. ძებნილი, რომ იტყვიან, ნერვულ ფონზე კლასიკურად დათვრა. პოლიციასთან რომ მივაყენეთ მანქანა, დაკავებულის გაღვიძება გაგვიჭირდა, მხრებში შეუდექით და ასე მივიყვანეთ წინასწარი დაკავების საკანში. შენობის შესასვლელში, მეორე სართულიდან პოლიციის უფროსმა გადმოგვძახა რა ხდებაო, მეც მოვახსენე, უძინარია, მთელი ღამე მივდევდით და დილით დავაკავეთ-თქო. მეორე დღისით დაკავებულს "საპახმელიო" საჭმელი მივუტანეთ, იგი პროკურატურამ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო გაათავისუფლა, ჩვენ კი ძებმილის 12-საათიანი დევნა-დაკავების წარმატებით განხორციელებისათვის მადლობა გამოგვიცხადეს. თემურ მღებრიშვილი

ჩაშლილი რეიდი

რესტორანის ტიპის დაწესებულებაში ვარ ყოველგვარი რეგალიების გარეშე. ჩემთვის ვზივარ ჩვეულებრივი მოქალაქე, ისიც მსიამოვნებს, რომ დაბალი განათება, ე.წ. პოლუმრაკია და დარბაზში ხალხიც ცოტაა. ამ პერიოდში ბევრ ადგილას რეიდს ბატონ თემურ მღებრიშვილის შავფორმიანები აწარმოებდნენ. უცებ, არ ვიცი, საიდან, ჩემს წინ სრული სამხედრო წესების დაცვით გაჭიმული, "ჩესტით" მომართული შავფორმიანი აღიმართა: გამარჯობა, ბატონო დავით, რა მდგომარეობაა სამმართველოში, ხომ მშვიდობააო. გული თუ არ გამისკდებოდა, არ მეგონა.

7 წელი "ჯენტლმენობისათვის"

ერთხელ, ოქროსუბანში მე და ერთი ჩვენი თანამშრომელი გოგონა შეყვარებულების როლში მივყვებით ნარკორეალიზატორს, რომელიც ცხრა ძმის ქუჩისკენ მიემართება. საკმაოდ ფრთხილობს, უკან რამდენჯერმე მოიხედა, კონკრეტული არაფერი გვქონდა დაგეგმილი. უეცრად თამუმ წამიჩურჩულა, დავიწყეთო, ჩემსკენ სწრაფად შემოტრიალდა და აყვირდა - გარეწარი კაცი მყვარებიხარო, სერიოზული სილაც ამაწნა, მე ხელები დავუკავე, მლანძღავს, წიოკობს, მეძიძგილავება და ჩვენ სამიზნეში ჯენტელმენობამ არ გაიღვიძა? ნარკორეალიზატორი მოტრიალდა, ჩვენთან მოირბინა, შუაში ჩადგა და გვაშოშმინებს. ისე დაავადეთ ბორკილები, დღესაც უკვირს. მას "ჯენტლმენობისათვის", თუ არ ვცდები, 7 წელი მიუსაჯეს.

"ხახუთი"

ერთ ვაკელ კაცს შვილი ეხვეწება ჩემი თანდასწრებით, "ხახუთი" მიყიდე, მამიკონა და ჭკვიანად ვიქნებიო. ცოტა დავიბენი, მაგრამ მალევე გავერკვიე BMW X5 ავტომანქანაზე იყო საუბარი.

"სიდედრ-სიმამრს სახლში "ლიმონკა" შევუგდე და რა ვქნა ახლაო"

ერთ უბნის ინპექტორს დამნაშავემ შინ მიაკითხა, სიდედრ-სიმამრს სახლში "ლიმონკა" შევუგდე და რა ვქნა ახლაო. დილით მოდი, თუ ძმა ხარ, მაგრად მეძინებაო, მიუგია ძილბურანში წასულ ინსპექტორს. მერე გამოფხიზლებულა, მთელი ღამე უძებნია და დამნაშავე დილით მოგვიყვანა განყოფილებაში, - ჩაბარება უნდაო. ისე ხუმრობა იქით იყოს, ამ უბნის ინსპექტორს მოსახლეობა დიდ პატივს სცემდა.

იხილეთ ასევე: "სვანი პატრული: ოცდაცამეტი, ავტობუსის მძღოლი ვნახეთ და ვერ ანძრევს. მეორე პატრული ეხმაურება - შენ მიეხმარე"!