"სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ, არადა, რამდენი მინახავს ქართულად კი ლაპარაკობს გამართულად, მაგრამ საძაგლობას ამბობს! აი, მაშინ უნდა იშიშვლო კაცმა ხმალი" - კვირის პალიტრა

"სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ, არადა, რამდენი მინახავს ქართულად კი ლაპარაკობს გამართულად, მაგრამ საძაგლობას ამბობს! აი, მაშინ უნდა იშიშვლო კაცმა ხმალი"

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სასაუბროდ ცნობილ მსახიობს, კახი კავსაძეს დავუკავშირდით... ცნობილია, რომ კახი კავსაძეს პოლიტიკაზე საუბარი არ უყვარს და ყოველთვის თავს იკავებს, მაგრამ ჩვენთვის გამონაკლისი დაუშვა და თავის აზრი გულახდილად გაგვიზიარა...

- ვიდრე საუბარს დავიწყებდეთ, გეტყვით, რომ თუ თქვენ ადამიანი გძულთ, დამიჯერეთ, რომ თქვენც სძულხართ სხვას! ამიტომ აუცილებელია ერთმანეთი შევიყვაროთ, დღეს ეს ძალიან გვჭირდება...

- ბატონო კახი სამი შვილის დედა ოკუპანტებმა საკუთარი ბაღიდან გაიტაცეს და მას გარკვეული პერიოდის გატარება ცხინვალის იზოლატორში მოუწევს...

- ჩვენ რა ვქნათ, ხალხმა ხმალი ამოვიღოთ, დავდგეთ გზაზე და ჰარიჰარალე ვიძახოთ?! რა უფლება მაქვს ვინმეს ჭკუა ვასწავლო?! ვისაც დავალებული აქვს ეგ საქმე, ფიქრობს და დარდობს, მათ უნდა მიხედონ! ხალხი ხომ ვერ გამოვალთ ჯოხებით და დავერევით მტერს?!

- საპრეზიდენტო კანდიდატებზე გკითხავთ... ხელისუფლება მხარს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს უჭერს. რა აზრის ხართ მასზე? - როგორი აზრის ვიქნები ქალზე, რომლისთვისაც საქართველო იყო ყოველთვის მთავარი და ჩვენს ქვეყანაზე ფიქრით ცხოვრობდა მუდამ?! ძალიან ზრდილობიანი, თავმდაბალი და განსაკუთრებულად კარგი ქალბატონია! მე თვითონ შევესწარი რამდენიმე რჯულის ხალხში რომ იდგა და ყველას თავის ენაზე ესაუბრებოდა. ჩემზე ამაყი იმ წუთში არავინ იყო, როცა ვხედავდი ქალი ხუთ სხვადასხვა ენაზე როგორ უხსნიდა ყველაფერს. უბედნიერესი ვიყავი მისი შემყურე!

- მაშინაც ამაყი ხართ, როდესაც ქართულად კარგად ვერ საუბრობს და საშინელ შეცდომებს უშვებს?

- აჰ, ქართულად ვერ ლაპარაკობს კარგად, ჩემო ბატონო? რას მელაპარაკებით, სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ, არადა, რამდენი მინახავს ქართულად კი ლაპარაკობს გამართულად, მაგრამ საძაგლობას ამბობს, აი, ხმალი მაშინ უნდა იშიშვლო კაცმა!

- სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებზე რას გვეტყოდით... გრიგოლ ვაშაძეს თუ იცნობთ პირადად?

- დიახ, - ძია კახის მეძახის... სამწუხაროდ, უნდა დაგემშვიდობოთ, ძალიან მეჩქარება!

იხილეთ ასევე: "ბელა იყო ჩემი სულიერი დასაყრდენი, ისიც რომ წავიდა, დავრჩი მარტო..."