სპეცეფექტების ქართველი ოსტატი - კვირის პალიტრა

სპეცეფექტების ქართველი ოსტატი

"აგვისტოს ხუთ დღეში" ხუთი მანქანა ავაფეთქეთ, ვერტმფრენი ჩამოვაგდეთ, მარტო 7 ტონა ცემენტი მე ვიყიდე ასაფეთქებლად"

მის სახელოსნოში ერთი შეხედვით გაურკვეველი დანიშნულების ინსტრუმენტებს ამა თუ იმ ფილმის გადაღებისას მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. მათი მეშვეობით ჩვენს რესპონდენტს ზაფხულის მზიან დღეებში გადასაღებ მოედანზე ზამთარი მოჰყავს; შეუძლია, კამერის წინ ქარიშხალი დაატრიალოს, ფილმის გმირები ომის ქარცეცხლში გამოატაროს, ააფეთქოს და ნაცარტუტად აქციოს გარშემო ყველაფერი...

იოსებ გვასალიას კინოში საქმიანობა დაიწყო სერიალით "ყავა და ლუდი". მერე იყო "ქერჩი", "გაღმა ნაპირი", "აგვისტოს ხუთი დღე"... საყვარელ საქმეზე სასაუბროდ პიროტექნიკოსმა და სპეცეფექტების ოსტატმა საკუთარ სახელოსნოში გვიმასპინძლა.

- ბიძაჩემი ალექსანდრე გვასალია ცნობილი კინოოპერატორი იყო. არაერთ ფილმზე იმუშავა: "ღიმილის ბიჭები", "მიზანი", "სინათლე ჩვენს ფანჯრებში"... მისი წყალობით კინოსამყარო ბავშვობიდან მიტაცებდა, თუმცა მას არ უნდოდა, ამ სფეროში მემუშავა. ჯაფა და ჯამაგირი ერთმანეთს არ შეესაბამებაო, - ამბობდა. თავიდან დავუჯერე, თუმცა მოგვიანებით მაინც მოვხვდი ამ სამყაროში და მივხვდი, კინო ჩემი საქმე იყო.

თავდაპირველად ხმის რეჟისორად დავიწყე მუშაობა სერიალში "ყავა და ლუდი". სპეცეფექტების გადაღების ჯერი რომ დადგა, მოიყვანეს პიროტექნიკოსი, რომელიც მაინცდამაინც პროფესიონალი ვერ აღმოჩნდა და კასკადიორი ბეწვზე გადარჩა - ლამის ყელი გამოუწვა. ამ ინციდენტის შემდეგ დავინტერესდი პიროტექნიკით. ჩავუჯექი და ინტერნეტის მეშვეობით ბევრი რამ ვისწავლე. ფაქტობრივად, თვითნასწავლი ვარ. პირველად ტყვიის მოხვედრის ეფექტის იმიტაცია "დავამუღამე". მერე ინგლისელებთან ვმუშაობდით და წვიმის ეფექტის მისაღებად,

თვითმფრინავის ფრთისა და წყლის საქაჩის ნაწილებით წვიმა მოვიყვანეთ გადასაღებ მოედანზე.

დიდი გამოცდილება მივიღე რენი ჰარლინის "აგვისტოს ხუთ დღეზე" მუშაობისას. ამ პროექტზე რეჟისორს, ძირითადად, მოსკოველი პიროტექნიკოსები ჰყავდა ჩამოყვანილი. მათთან ერთად რამდენიმე ქართველიც დაგვასაქმეს. საოცარი ურთიერთობა ჰქონდა კოლექტივთან რენი ჰარლინს. მიშა გომიაშვილი მოეწონა განსაკუთრებით...

ეს კადრი ფილმიდან "გასეირნება ყარაბაღში“ ზაჰესში გადავიღეთ, მატარებლების ლიანდაგზე

- ამ ფილმში განსახიერებული შვილის დატირების სცენით ენდი გარსიამ მიშა გომიაშვილი ალ პაჩინოს შეადარა. - მიშა პროფესიონალია... იდეალური სახე შექმნა... გაგიჟებული იყო რენი ჰარლინი, აქებდა, სუპერ, სუპერო, გაიძახოდა აღფრთოვანებული.

ამ ფილმისთვის აფეთქების სცენებს წალკასა და ვაზიანში ვიღებდით... ბევრი სცენა გადავიღეთ, მაგრამ ნაწილი ფილმში არ შევიდა. ხუთი მანქანა ავაფეთქეთ, ვერტმფრენი ჩამოვაგდეთ, მარტო 7 ტონა ცემენტი მე ვიყიდე ასაფეთქებლად. ცემენტი კარგ ვიზუალურ ეფექტს იძლევა აფეთქების სცენებში - მსუბუქია, კარგად იშლება ჰაერში. ცოტა კომპიუტერულ ეფექტსაც მიახმარ და შესანიშნავი გამოდის. ადრე ე.წ. მოსკოვის იმიტატორებს იყენებდნენ ასეთი სცენებისთვის - მიწაში მარხავდნენ და აფეთქებისას ჰაერში სწევდა ყველაფერს, დაბომბვის იმიტაციას ქმნიდა.

რეალურად აფეთქებული მანქანა ჰაერში არ იწევა, ამას სხვადასხვა ეფექტით ვაღწევთ. სპეციალური თოკით ცეცხლმოკიდებულ მანქანას ვატრიალებთ კიდეც. ახლა ჩინელებთან ვიმუშავე ასეთ ეფექტებზე. ჩინური სერიალის მთელი სეზონი გადაიღეს აქ.

- გადასაღებ მოედანზე უსიამოვნო მოულოდნელობა არასდროს მომხდარა? - ამას წინათ წვიმის მანქანაზე წნევა ათამაშდა და ეს 6-მეტრიანი მანქანა წაიქცა - ინგლისელები იღებდნენ საშინელებათა ფილმს. ღმერთმა დაგვიფარა, რეჟისორს თავში რომ არ მოხვდა.

- ჩანს, უცხოელები ხშირად ჩამოდიან საქართველოში ფილმების გადასაღებად... - ამისთვის მთავრობამ საჭირო ფონი შექმნა. მას შემდეგ, რაც პროგრამა "გადაიღე საქართველოში" ამუშავდა, მართლაც წამოვიდა პროექტები, ხალხიც დასაქმდა. ახლა, მაგალითად, მასობრივ სცენებში ინდოელებმა 700-მდე ადამიანი დაასაქმეს.

- ინდოელებიც ხშირად ჩამოდიან? - დიახ. ჩვენთან ჩვეულებრივად ურთიერთობენ, ერთმანეთთან კი ურთიერთობის თავისებური ფორმა აქვთ.

მონები ჰყავთ წამოყვანილი და მშვენივრად ტყეპავდნენ მათ - ისე გაადენდნენ ტყლაშანს, შეგეცოდებოდა. ყაზბეგში ომის სცენას იღებდნენ და იქაურები შეესწრნენ, როგორ დაარტყა მონას მთავარი როლის შემსრულებელმა. ყაზბეგელები გამოცვივდნენ, რას აკეთებ, ჩვენთან ასე მოქცევა არ შეიძლებაო. ამ მსახიობის ფანკლუბიც ჩამოვიდა ორი ავტობუსით ყაზბეგში. მან ჯერ ვინაობა გამოჰკითხა მათ, მერე რამდენიმეს უყვირა და ისინიც ავტობუსში აიძურწნენ. ვიღაცებს კი გაუღიმა და მათთან ფოტოებიც გადაიღო. მოკლედ, მგონი ნახევარი ავტობუსი "დაბრაკა"."

კიდევ ერთი მსახიობი იყო ჩამოსული გადაღებაზე, ჩხინჩხუ თუ ჩინჩაჩხუ, გვარი კარგად არ მახსოვს, მაგრამ დიდად პატივსაცემი გვარის წარმომადგენელი იყო. რამდენიმე სცენა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში გადავიღეთ. ისეთი აფეთქებები მოვუწყვეთ, 10 ორასლიტრიანი კასრი ჰაერში დაფრინავდა... მოგვიანებით კინოსტუდიის მაშინდელი დირექტორი აჩიკო მენაღარიშვილი პრემიერაზე მიიწვიეს და გადაღებული ჰქონდა, რა ხდებოდა იქ - ბილბორდზე ამ კეთილშობილი გვარის მსახიობის პორტრეტი იყო გამოსახული, იქვე კი კიბე ჰქონდათ მიდგმული, ხალხი ადიოდა და ზაფრანის აცმებით ამკობდა პორტრეტს...

ერთხელ ქუჩაში ერთად მოვდიოდით და უცებ ვიღაც ორი ინდოელი ფეხებში ჩაუვარდა, თან მეტანიებს აკეთებდნენ...

ცემენტი კარგ ვიზუალურ ეფექტს იძლევა აფეთქების სცენებში. მსუბუქია და კარგად იშლება ჰაერში, ცოტა კომპიუტერულ ეფექტსაც მიახმარ და შესანიშნავი გამოდის. რეალურად აფეთქებული მანქანა ჰაერში არ იწევა, ამას სხვადასხვა ეფექტით ვაღწევთ. სპეციალური თოკით ცეცხლმოკიდებულ მანქანას ვატრიალებთ კიდეც...

- როგორ გგონიათ, კომპიუტერული გრაფიკოსები პიროტექნიკოსებს შეცვლიან? - რეალურ კადრებს თავისი ადგილი აქვს, კომპიუტერულს - თავისი. შესაძლოა, ერთმა მეორე გაალამაზოს ან გრაფიკამ სირთულე შეამციროს ჩვენს პროფესიაში, თუმცა უჩვენოდ ფონს მაინც ვერ გავლენ.

1000 გრაფიკოსი მუშაობდა, მაგალითად, "ავატარის" სპეცეფექტებზე. ერთ-ერთი საქართველოშიც იყო ჩამოსული და გადაღების ამბებს გვიყვებოდა. 5-6 წელი იღებდნენ თურმე ამ ფილმს. ძალიან საინტერესო სპეცეფექტებია ფილმში "რიგითი რაიანის გადასარჩენად". გადასარევ კადრებს იღებენ "ვარსკვლავურ ომებშიც". ყველაფერი პავილიონშია გადაღებული, თოკებზე არიან დაკიდებული და გეგონება, დაფრინავენო.

- ალბათ, ქიმია და ფიზიკა კარგად უნდა იცოდე, რომ პიროტექნიკოსობა შეძლო... - ქიმიის რა მოგახსენოთ, მაგრამ სკოლაში ფიზიკა ძალიან მიყვარდა. ამასთან, ბავშვობიდან ჩხირკედელა ვიყავი. მერე სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, ხისა და ლითონის გამოყენებით ფაკულტეტზე, დისერტაციის თემად მინანქარი ავირჩიე და ამ საქმეს კარგა ხანს ვაკეთებდი. კალატოზადაც მიმუშავია... ერთხანს ბაგრატის ტაძრის მხატვარ-რესტავრატორიც ვიყავი. ეს ყველაფერი გამომადგა... სპეცეფექტებისთვის ინსტრუმენტებს ელიავას ბაზრობაზე ვერ შეუკვეთ. ხანდახან თვითონაც არ ვიცი, როგორ ვაწყობ. ალბათ, ნელ-ნელა ჩვენც განვვითარდებით. ჩვენთვის ყოველი გადაღება ახალი ნაბიჯია. დღეს რა პირობებიც გვაქვს, იმ პირობებში სუპერები ვართ.