"შამანმა "დილის ვარსკვლავი" დამარქვა" - რას ჰყვება ინდიელთა შამანის ქართველი შვილობილი - კვირის პალიტრა

"შამანმა "დილის ვარსკვლავი" დამარქვა" - რას ჰყვება ინდიელთა შამანის ქართველი შვილობილი

"თანამედროვე აპაჩებს ჩვეულებრივი ტანისამოსი აცვიათ. მამაკაცები ქალებივით გრძელ თმას ატარებენ. ეს მათი ეთნიკურობისა და იდენტობის ერთ-ერთი მარკერია. იკვებებიან ისე, როგორც თანამედროვე ამერიკელები, მაგრამ, როდესაც ტრადიციული ცერემონიების, რიტუალების ჩატარების დრო დგება, მაშინ მათი წარსული ცოცხლდება..."

ინდიელთა ისტორიისა და ყოფის მკვლევარი, ისტორიის დოქტორი მიხეილ ბარნოვი 2014 წელს, აპაჩების რეზერვაციაში ყოფნისას, ტომის უხუცესმა იშვილა და მას "შუუს შპინი" დაარქვა.

- რატომ შეგარქვეს ინდიელებმა ეს სახელი და რას ნიშნავს ქართულად?

- ქართულად "დილის ვარსკვლავს" ნიშნავს. როცა შამანი თავისი ოჯახის წევრად გნათლავს და შვილად აყვანის ცერემონია გაიმართება, აუცილებელია სახელი დაგარქვას. მან შვილად აყვანამდე მთელი ღამე ლოცვაში გაატარა და "დილის ვარსკვლავის" დარქმევა შემდგომ გადაწყვიტა. მიხეილ ბარნოვი

- რამ განაპირობა თქვენი ინტერესი და სიყვარული ინდიელებისადმი?

- ალბათ, ინდიელებზე წაკითხულმა წიგნებმა. უპირველეს ყოვლისა, მაინ რიდმა, ფენიმორ კუპერმა... ამას დაემატა კინოც.

- რატომ აპაჩები და არა, მაგალითად, კეჩუას ტომი? - ეს კონკრეტულად ერთმა პიროვნებამ, ჯერონიმომ განაპირობა. ის იყო უკანასკნელი ინდიელი მებრძოლი, რომელიც ამერიკის მთავრობას ებრძოდა. როდესაც გავიგე, აპაჩების ტომიდან იყო, ძალიან შემიყვარდა მისი მებრძოლი ხალხიც. აპაჩებში ორი ბელადი შეგვიძლია გამოვყოთ: ყველაზე ცნობილი კოჩისი და მეორე - ლოკო, ბელადი, რომელიც ველური დასავლეთის პერიოდში ხელმძღვანელობდა აპაჩების დიდ რაზმს. მან ამერიკასთან მშვიდობა შეინარჩუნა, რადგან ხვდებოდა, რომ უაზრო სისხლის ღვრა მის ხალხს ფიზიკურად მოსპობდა.

- პირველად როდის იყავით ინდიელთა რეზერვაციაში? - 2014 წელს რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დამაფინანსა. სადოქტორო კვლევას ვატარებდი ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტში, ქალაქ ალბუკერკეში. ერთი თვის განმავლობაში რამდენჯერმე ჩავედი რეზერვაციაში. თანდათან მათი ნდობა მოვიპოვე და დასახლების უფლება მომცეს.

- როგორი იყო დღის გრაფიკი? - მთლიანად გადავეწყვე იმ ოჯახის გრაფიკზე, სადაც ვცხოვრობდი. ასაკოვანი ბებია ადრიანად დგებოდა და მე და თავის შვილიშვილს გვაღვიძებდა. ნასაუზმევს ოჯახებში მივდიოდით და ბებიის შუამდგომლობით ტომის წევრებისგან ინტერვიუებს ვიწერდი. ისე არავინ მიგიღებდა, ძალიან კარჩაკეტილი კულტურაა. აპაჩების ერთ-ერთ რიტუალზე

რეზერვაციები მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, 1850 წლიდან გაჩნდა, როდესაც ამერიკელებმა რკინიგზის გაყვანა, ბიზონების დახოცვა და ინდიელების ერთ ტერიტორიაზე მოქცევა დაიწყეს. რეზერვაცია მათი კულტურული ავტონომიაა. მათ ტერიტორიაზე არ მოქმედებს შტატის კანონმდებლობა. აქვთ თავიანთი კონსტიტუცია და ფედერალური კანონმდებლობა. შტატის მთავრობასთან შეხება არა აქვთ.

- როგორია თანამედროვე ინდიელი? - ინდიელთა ცხოვრების წესი, წარმოდგენები, ყოველდღიურობა ძალიან შეიცვალა. აცვიათ ჩვეულებრივი ტანისამოსი. მამაკაცები ქალებივით გრძელ თმას ატარებენ. ეს მათი ეთნიკურობისა და იდენტობის ერთ-ერთი მარკერია. იკვებებიან ისე, როგორც თანამედროვე ამერიკელები, მაგრამ, როდესაც რიტუალების ჩატარების დრო დგება, მათი წარსული ცოცხლდება - ძველ სამოსში არიან გამოწყობილი.

თანამედროვე ხის სახლებში ცხოვრობენ. მანქანებით დადიან, მაგრამ შუქნიშნები არა აქვთ. აქვთ ხიდები, ელექტროგაყვანილობა, წყალგაყვანილობა, კანალიზაცია, გაზმომარაგება, ტელემაუწყებლობა, რადიო, ბეჭდური მედია და Wi-Fi. აქვთ სარეცხი მანქანები, მობილური ტელეფონები, სატელიტური თეფშები... რეზერვაციებშივე აქვთ სკოლები. მერე შეუძლიათ კოლეჯსა თუ უნივერსიტეტში სხვა ქალაქებში ჩააბარონ.

ინდიელებს სპეციალური პროგრამა და კვოტები აქვთ, მათ შორის ჯანდაცვაშიც. აქვთ ოფისები, საავადმყოფო, საფოსტო სამსახური, სუპერმარკეტები, სახანძრო სამსახური. ჰყავთ პოლიცია და ყველგან თვითონვე არიან დასაქმებული. სახელმწიფო ინდიელებს პენსიებს უხდის. მთავრობის დახმარებითვე რეზერვაციების ტერიტორიაზე გახსნილი აქვთ კაზინოები. შემოსული თანხა ტომში ნაწილდება.

მოკლედ, იქაც 21-ე საუკუნეა. თუმცა ბევრია ისეთი რეზერვაცია, სადაც სიღარიბეა.

- ყველაზე მეტად რომელი რიტუალი უყვართ? - გოგონების სრულწლოვანების აღსანიშნავ ცერემონიაზე ყველას ეპატიჟებიან. იშლება დიდი სუფრა, ცეკვავენ რიტუალურ ცეკვებს. დგამენ კარავს, სადაც გოგონა რამდენიმე დღე ცხოვრობს. ყველა რიტუალი შამანის მეთვალყურეობით აღესრულება და საიდუმლო ლოცვების წაკითხვასა და ტომის წინაშე გოგონას სრულწლოვანების დემონსტრირებასაც ითვალისწინებს.

ინდიელთა რეზერვაცია - როგორ არის ოჯახებში ფუნქციები გადანაწილებული? - აპაჩებთან დედის ხაზით გადადის ნათესაობა. ძირითადად, ერთმანეთზე ქორწინდებიან, თუმცა არის შერეული ქორწინებებიც. იმ რეგიონში, სადაც მე ვიყავი, ბევრი მექსიკელი ცხოვრობს და ინდიელ-მექსიკელთა ოჯახები იქმნებოდა. აფროამერიკელებთანაც ოჯახდებიან, თეთრებთანაც.

- როგორია მათი რელიგიური მრწამსი? - ტრადიციული ქრისტიანობამდელი რწმენა-წარმოდგენები შერწყმულია ქრისტიანულ ღირებულებებთან. ოფიციალური რელიგია ქრისტიანობაა.

- ინდიელებს დამწერლობა არა აქვთ. - აპაჩებში წინაპრებზე საუბარი ტაბუდადებულია. მაგრამ როცა ნახეს, რომ მათზე დაწერილიდან ნახევარზე მეტი არ შეესაბამებოდა სიმართლეს, გადაწყვიტეს, თემი გაეხსნათ მეცნიერებისთვის, მკვლევრებისთვის და ზეპირსიტყვიერების ბევრი ნიმუში ჩაიწერეს...

შერეული ქორწინებების გარეშე, წმინდა სისხლის ინდიელები 3 მილიონამდე არიან. მათი გადაუჭრელი პრობლემაა, ფეხი აუწყონ ამერიკულ ცხოვრებას თუ დარჩნენ რეზერვაციებში და ისევ კარჩაკეტილად იცხოვრონ. უფრო იქით მიდის საქმე, რომ ამერიკულ ცხოვრებაში ჩაბმა მოუწევთ. ინდიელებს კერძო საკუთრება არა აქვთ. არსებობს მოსაზრება, რომ მთავრობის დახმარება, პირიქით, უარყოფით გავლენას ახდენს მათზე. საზოგადოების განვითარება ეკონომიკაზეა გადაბმული. დარწმუნებული ვარ, ინდიელები არაფრით ჩამოუვარდებიან აშშ-ში მცხოვრებ სხვა ეთნიკურ ჯგუფებს და შეუძლიათ განვითარება, მაგრამ ჯერ ეკონომიკური პრობლემებია გადასალახი.

ნათია სიბაშვილი