"ვარჯაანიდან ტირილით წავედით, უკან კი სიხარულით დავბრუნდებით" - კვირის პალიტრა

"ვარჯაანიდან ტირილით წავედით, უკან კი სიხარულით დავბრუნდებით"

უკვე 80 წლის ვარ და მეგონა, მთავარანგელოზი გულით ნანატრ სათხოვარს აღარ შემისრულებდა... სწორედ ამ დროს გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ეკლესიის აღდგენა ითავა. ახლა, თუ გზა, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირიც გვეღირსება, ნახევარი საუკუნის შემდეგ მშობლიურ კერას დავუბრუნდებით

დაცარიელებული სოფლის აღმართს მივუყვები, ნასახლარებს ვათვალიერებ და გონებაში წარსულის გაცოცხლებას ვცდილობ... ერთ ნასახლართან დიდ ქვას წავაწყდი წარწერით: "თებრო და ვარლამი"... ქვაზე ამოკაწრული სიტყვები ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის. მათი სიყვარულის ისტორიას ერთ ღამეში იძულებით დაცლილი სოფლის ორღობე და ეს პატარა ქვა ახლაც ინახავს. იმ ღამეს ვარლამი და თებრო სოფელ ვარჯაანის ერთადერთ ტაძარში ჯვრის დასაწერად მიდიოდნენ და მაყარს წითლები წამოეწივნენ. სოფელმა სწორედ მაშინ გაიგო, რომ მამაპაპისეული სახლ-კარის დასატოვებლად სულ რამდენიმე საათი ჰქონდათ. ასე ერთ ღამეში გაქრა ვარჯაანი დასახლებული სოფლების ნუსხიდან. არავინ იცის, თებრომ და ვარლამმა შექმნეს თუ არა ოჯახი, მაგრამ მათი სახელები სამარადჟამო სიყვარულის სიმბოლოდ იქცა.

კოლექტივიზაციამ თავისი ხარკი მოითხოვა, კასპის კოლექტივს საძოვრები არ ჰქონდა და ამიტომ ბოლშევიკებს ვარჯაანი საძოვრებად სჭირდებოდათ. წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა, კომუნისტებმა დანდობა არ იცოდნენ...

"ასრულდა ჩემი სათხოვარი..."

ბოხჩით ხელში ბარისკენ მიმავალმა 14 წლის მიშა ჩოხელმა ვარჯაანის მთავარანგელოზს შესთხოვა,"დააბრუნე ჩვენი ხალხი თავიანთ სახლებშიო. ახლა ის 80 წლის მიშა პაპაა. მისი ვედრება ფრთებს ისხამს და ნასოფლარი მალე ხალხით გაივსება, ისევ ახმაურდება, ისე, როგორც მის ბავშვობაში.

-"ვარჯაანში დავიბადე 1938 წელს. პირველად სოფელში ბურთი რომ მოიტანეს, ბავშვები მხეცებივით დავდევდით. მერე კოლმეურნეობაში რადიოც ვნახე... კრამიტი რომ მოიტანა ვიღაცამ მანქანით, გაოგნებული ვუყურებდით. კასპის რკინიგზის სადგურს რომ გადავხედავდით, გველივით მიიკლაკნებოდა მატარებელი და ვფიქრობდი, ეს რა არის-მეთქი?

ვარჯაანი ულამაზესი სოფელია, უხვმოსავლიანი. მეორე მსოფლიო ომში სოფლიდან ბევრი მამაკაცი გაიწვიეს. დარჩენილები ერთ მუშტად შეკრული ვცხოვრობდით...

ძნელია სახლ-კარის მიტოვება. წინაპართა საფლავები, სახლები და მიწა აქ დაგვრჩა, ამ ყველაფერთან ერთად კი თითოეული ჩვენგანის გული. დრომ არც ტაძარი დაინდო, დაინგრა, მიწით გაივსო, ფრესკები წაიშალა, ღობე მოერღვა. ტაძარს სახლებიც მიჰყვა, ნასახლარებად იქცა... ახლაც თვალწინ მიდგას აღდგომის დღესასწაული. მთავარანგელოზის სალოცავში აღდგომას დიდი დღეობა ეწყობოდა. მთელი სოფელი თავს იყრიდა. ბავშვები კვერცხებს დავაწყობდით, თავკაცი ჯოხს შეახებდა და ვისი კვერცხიც ყველაზე შორს გაგორდებოდა, ყველა წითელი კვერცხი მას რჩებოდა. იმართებოდა შაირობა და კაფიაობა, ცეკვა-თამაში.

უკვე 80 წლის ვარ და მეგონა, მთავარანგელოზი გულით ნანატრ სათხოვარს აღარ შემისრულებდა... სწორედ ამ დროს გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ეკლესიის აღდგენა ითავა. ასრულდა ჩემი სათხოვარი. ახლა, თუ გზა, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირიც გვეღირსება, ნახევარი საუკუნის შემდეგ მშობლიურ კერას დავუბრუნდებით, სოფელს ავაღორძინებთ. აქედან ტირილით წავედით, უკან დიდი სიხარულით დავბრუნდებით...

"ვარჯაანი ანტიკური ხანიდან იხსენიება, აქ აბრეშუმის გზა გადიოდა"

როცა ვარჯაანიდან ჩასახლებული მე-4 კლასელი გოგონა კასპში გაიზარდა და პროფესიას ირჩევდა, ბედმა უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტამდე მიიყვანა. 74 წლის ნინო ბურდული ბავშვებს ქვეყნის ისტორიას ასწავლის...

- ვარჯაანის შესახებ მწირი ცნობები არსებობს, თუმცა ანტიკური ხანიდანვე იხსენიება, აქ აბრეშუმის გზა გადიოდა. მთავარანგელოზის საყდარი მე-10 საუკუნისაა, სამწუხაროდ, ფრესკები აღარ არსებობს, კანკელი კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება, უნიკალური ნამუშევარია.

სოფელში დღეობები დიდი ლხინით იმართებოდა. ვახუშტი კოტეტიშვილმა ჩვენი სოფლის კაფიები და ლექსები ჩაიწერა და გამოსცა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბოლო ათი წელია არ ვყოფილვარ ვარჯაანში. ამეტირა ჩემი ნასახლარის დანახვაზე. მომავალი წლიდან ვაპირებ იქ დასახლებას...

"აუცილებლად დავბრუნდებით"

ვარჯაანიდან გადასახლებულებმა კასპში პატარა ვარჯაანი შექმნეს. ადგილს, სადაც ისინი დასახლდნენ, ახლაც ვარჯაანელების უბანს ეძახიან. სწორედ იქ ცხოვრობს კარატისტი, მწვრთნელი და წინაპრებსა და სოფელზე შეყვარებული კაცი, თამაზ ბუთხუზი. ვარჯაანის დაცლის ამბავი გადმოცემით იცის. თამაზი თავისი პატარა აღსაზრდელებითა და ოჯახით ავსებს სოფელს - ზაფხულში ნასოფლარში დიდი ჟრიამულია, იქ წვრთნები ტარდება. თამაზი და მისი ოჯახი პირობების გაუმჯობესებას ელოდებიან, გზის დაგებასა და ფანჯრებში შუქს. ამის შემდეგ დაბრუნდებიან.

- აქ"არაჩვეულებრივი გარემოა, ულამაზესი და მდიდარი ჰაერითა და წყლით. ჯერ ჩემი შვილები ამომყავდა, მერე ბავშვები, რომლებსაც კარატეში ვავარჯიშებ. სამწუხაროდ, აქ არც გზაა, არც ელექტროენერგია და არც გაზი, მაგრამ ამას არ შევუშინებივარ. მეუღლემ და მე გადავწყვიტეთ ჯერ მწვანილი მოგვეყვანა, მერე ბოსტნეული, ხეხილიც დავრგეთ. სიამოვნებით ვიცხოვრებ ვარჯაანში. აუცილებლად დავუბრუნდებით მშობლიურ კერას.

"მთავარანგელოზის ეკლესია აღვადგინეთ"

ლევან ჩოლოყაშვილი ექიმია. გასულ ზაფხულს აგარაკზე, სოფელ კავთისხევში ისვენებდა. თვალისმომჭრელმა ხედებმა და თრიალეთზე ბუდესავით ნასოფლარმა ლევანი ვარჯაანამდე მიიყვანა. მიშა პაპას შეხვდა, სოფლის ისტორია გაიგო, განადგურებული საყდარიც ნახა და მისი აღდგენა გადაწყვიტა. ბატონი ლევანის თანამოაზრეები, მეგობრები, ვარჯაანიდან გადასახლებულთა შთამომავლები და გულშემატკივრები გაერთიანდნენ და სოფელიც ახმაურდა...

- მიშა პაპასთან ერთად ამოვედით ვარჯაანში და გადავწყვიტე, მიმემართა ძეგლთა დაცვის სააგენტოსთვის, მეგობრებისთვის, ეს დიდი საქმე აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა. გეგმით, სავარაუდოდ, წელიწად-ნახევარი დასჭირდებოდა, თუმცა ახალგაზრდების დახმარებით სამ თვეში აღვადგინეთ მთავარანგელოზის ეკლესია...

P.S ნამდვილი ზეიმი ვარჯაანში გასულ კვირას გაიმართა - იმ დღეს მთავარანგელოზის ტაძარი გაიხსნა. ანთებული კელაპტრებით სამადლობელი ლოცვა წარმოთქვეს ვარჯაანელებმა და სტუმრებმა.

თრიალეთის ქედიდან გადასახედი დაუვიწყარია. ალბათ, ოდესღაც გრიგოლ რობაქიძეც აქ იყო, როცა თქვა: ბედნიერი ვიქნები, როცა თრიალეთიდან კავკასიონს გავხედავო. კავკასიონის უზარმაზარი მთაგრეხილი და აისის მზით ალისფრად შეღებილი მყინვარწვერი სწორედ ვარჯაანიდან ჩანს. გამოთქმა, ცხრა მთას იქითო, ალბათ ამ ადგილას დაიბადა. ასეთი საქართველო სხვაგან არსად არის...