"კოლა ქვარიანის წაუქცეველი ფალავანი აღარ დარჩა" - კვირის პალიტრა

"კოლა ქვარიანის წაუქცეველი ფალავანი აღარ დარჩა"

"გამარჯობა, რამდენიმე დღის წინ სტატია ვნახე ჩემი წინაპრის, კოლა ქვარიანის შესახებ და სურვილი გამიჩნდა თქვენთვის მომეწერა. მე კარლო მარია ველარდი ვარ, 26 წლის, ვსწავლობ ლი სტრასბერგის თეატრისა და კინოს ინსტიტუტში, იქ, სადაც ადრე ალ პაჩინო, დასტინ ჰოფმანი, რობერტ დე ნირო და ანჯელინა ჯოლი სწავლობდნენ. მე ქართული ფესვები მაქვს! კოლა ქვარიანი დედის მხრიდან ნათესავი იყო. დედა ქვარიანი მყავს და მეამაყება ჩემი წარმომავლობა" - რედაქციაში წერილი მოვიდა.

კოლა ქვარიანი 1903 წელს ქუთაისში დაიბადა. მსახიობი აკაკი ვასაძე მოგონებებში წერდა, რომ კოლა მილერის სისტემით ვარჯიშმა ათლეტად ჩამოაყალიბა, მან პირველმა გადაცურა რიონის რთული უბანი, რომელსაც "ქვარიანის ჩქერები" უწოდეს. 1927 წელს მოსკოვში მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა, მოგვიანებით კი მეგობარმა სტალინთან უშუამდგომლა და რინგზე გასასვლელად ლონდონში გაემგზავრა. როცა იქ ფალავანი აღარ დარჩა ქვარიანის წაუქცეველი, კანადაში მიიწვიეს, მაგრამ კანადელ მეტოქეებსაც იგივე ბედი ეწიათ, დაამარცხა ცნობილი ფალავნები: ჟოზეფ ტოტა, მონდი ბერვიკი, "მახრჩობელად" ცნობილი ედი ლუისი და სხვები. კარლო მარია ველარდი 30-იან წლებში კოლა ევროპიდან ამერიკაში გაემგზავრა, 50-იან წლებში საჭიდაო სარბიელს ჩამოშორდა და საჭადრაკო კლუბი გახსნა. ემიგრაციის ისტორიის მკვლევარი რუსუდან დაუშვილი განმარტავს, რომ კოლა იყო ერთადერთი მოჭიდავე, რომელსაც თანრიგი ჰქონდა ჭადრაკში.

რუსუდან დაუშვილი: - ნიუ-იორკში საჭადრაკო კლუბი "The Flea House" ჰქონდა. ეს ჩანს სახელგანთქმულ რეჟისორ სტენლი კუბრიკთან ერთად კოლას საჭადრაკო კლუბში გადაღებულ ფოტოებზეც. სტენლი კუბრიკმა კოლა 1956 წელს გადაიღო ფილმში "მკვლელობა", რომლის ერთი ეპიზოდი სწორედ მის კლუბშია გადაღებული. ჭიდაობით დიდი შემოსავალი ჰქონდა. ერთ-ერთი გამარჯვებისას ჯილდოდ 200.000 დოლარი მიიღო, მაგრამ ქონების დაგროვებაზე არ უფიქრია. გაჭირვებულებს ეხმარებოდა. აქტიურად მონაწილეობდა ამერიკაში 1931 წელს დაარსებული ქართული სათვისტომოს საქმიანობაში, არასოდეს აკლდებოდა ქართულ შეკრებებსა და ღონისძიებებს. როცა ქართველი ემიგრანტების სიკო და კონსტანტინე სიდამონ-ერისთავების აშენებულ დასასვენებელ სახლში "ალავერდი" კავკასიელები იკრიბებოდნენ, ყოველთვის ჩოხას იცვამდა და ჯერ კიდევ სამშობლოში ჩრდილოკავკასიელების ნაჩუქარ ვერცხლის ქამარს იკეთებდა.

- სიცოცხლის ბოლო წლების შესახებ რა იცით? - 1960 წელს, ამერიკაში მოგზაურობის დროს, მწერალმა აკაკი ბელიაშვილმა მოინახულა ბავშვობის დროინდელი ნაცნობი კოლა ქვარიანი. მაშინ კოლა სასტუმრო "შოტლანდიაში" ბოლო, 22-ე სართულზე 2 პატარა ოთახში ცოლთან ერთად ცხოვრობდა. დიდი სიყვარულით გაუხსენებია ქუთაისი. შვილი არ ჰყოლია, 1973 წელს მეორე ცოლი, არიადნა ნოვაკი გარდაეცვალა, სახლში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა, ცეცხლმა გაანადგურა კოლა ქვარიანის არქივიც. მოკრძალებული ადამიანი იყო, არავის შეწუხება არ უნდოდა, ამიტომ უპოვართა თავშესაფარს მიაშურა, იქვე გარდაიცვალა 79 წლის ასაკში 1980 წლის 17 თებერვალს...

...იტალიელი ქართველი, კარლო მარია ველარდი დიდი წინაპრის მსგავსად ნიუ-იორკში დასახლდა, ის მსახიობობაზე ოცნებობს. ველარდი სახელგანთქმული წინაპრის კვალდაკვალ ნიუ-იორკიდან "კვირის პალიტრის" მკითხველს საკუთარი ემიგრაციის ისტორიას უამბობს.

მსოფლიო ჩემპიონატის აფიშა

კარლო მარია ველარდი: - მილანში დავიბადე და გავიზარდე, ერთხანს მოსკოვსა და ლონდონში ვცხოვრობდი, გასული წლის სექტემბრიდან კი ნიუ-იორკში დავიდე ბინა. მამაჩემი სამხრეთ იტალიიდან, აპულიის რეგიონიდანაა. დედ-მამა ერთმანეთს 90-იან წლებში მოსკოვში შეხვდა, მაშინ დედა უკვე რუსეთში ცხოვრობდა. დედა გვარად ქვარიანია, მისი მამა, ჩემი ბაბუა, შალვა ვასილის ძე ქვარიანი, კოლას ენათესავებოდა. სამწუხაროდ, არასდროს ვყოფილვარ საქართველოში, არც დედაჩემი. ვიცი, რომ ბაბუა თბილისში, ცენტრალურ სასაფლაოზეა დაკრძალული, ერთ დღეს აუცილებლად ჩამოვალ და მოვძებნი მის საფლავს, რომ პატივი მივაგო.

- რა იცით კოლა ქვარიანის შესახებ? - პუბლიკაცია კოლა ქვარიანის შესახებ ჩემი დაბადების დღის საჩუქარი იყო, აქაურმა ქართველმა მეგობრებმა დაბადების დღეზე მითხრეს. ვიცი, რომ კოლა სტენლი კუბრიკთან მეგობრობდა და მის ფილმშიც ითამაშა, ფოტოც მაქვს. ძალიან მეამაყება, ამ ფაქტს ლექტორებსაც ვუყვები.

- საქართველოს შესახებ რა იცით? - ვიცი, რომ საოცარი სამზარეულო გვაქვს. ხარჩოს, ლობიოს, ხაჭაპურის, საცივის, ტყემლისა და აჯიკის დიდი მოყვარული ვარ. სულ ვცდილობ საქართველოზე მოვიძიო ინფორმაცია და ჩემს მეგობრებს ქართული კერძები გავასინჯო.

აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში. მე ხომ საოცრად მეამაყება, რომ ქართველი ვარ!

ნინო წიფურია