ექსტრემალური ქორწილები საქართველოში - კვირის პალიტრა

ექსტრემალური ქორწილები საქართველოში

"რუსმა მხატვრებმა საქორწილო ცერემონიალი ქუთაისის ნაგავსაყრელზე გადაიხადეს"

კითხვაზე - როგორ ვაქციოთ ქორწინება დღესასწაულად, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება, ალბათ, იმდენი პასუხი არსებობს, რამდენიც ნეფე-პატარძალია. ბედნიერების დღეს ჯიბესაც ყველა იცარიელებს, რაც ყოველთვის ასე იყო, თუმცა ადრე ქორწილების მოწყობა ოჯახის ფანტაზიაზე იყო დამოკიდებული, დღეს კი მათ სპეციალური ივენთკომპანიები აწყობენ, რომელთა რიცხვი მოთხოვნილების შესაბამისად იზრდება. მათი პოპულარობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ახერხებენ ორიგინალური საქორწილო იდეების ხორცშესხმას, იდეები კი, მართალია, ხშირად ტრადიციულია, მაგრამ ექსტრიმმაც იმატა. ერთ-ერთი ივენთკომპანიის მენეჯერი თორნიკე რუაძე გააკვირვა მოგზაურობის მოყვარული სიძე-პატარძლის შეკვეთამ, რომლებმაც ცერემონიის გამართვა კოჯრის ტრიალ მინდორზე, კარვებში მოინდომეს, იქამდე კი კედებითა და ზურგჩანთებით მივიდნენ.

- მითხრეს, თქვენგან მხოლოდ საქორწინო თაღი, სანთლები და ფოიერვერკი გვჭირდებაო. თაღი შებინდებისას ავიტანეთ მინდორში და დავდგით. ამასობაში თბილისიდან ფეხით ამოვიდნენ ზურგჩანთამოკიდებული და კედებში გამოწყობილი სიძე-პატარძალი და მათი სტუმრები. როგორც კი ნეფე-პატარძალმა ხელი მოაწერა და ფოიერვერკები გავუშვით, "სუფრა" შებოლილი ხორცით, კონსერვებითა და არყით გაშალეს. მერე კარვები დასცეს და ჩვენც მიგვიპატიჟეს. არ მეგონა, ეს ქორწილი ასეთი მხიარული თუ გამოვიდოდა, მაგრამ ბოლოს ბევრ ტრადიციულ სუფრასაც აჯობა. ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის ქალიშვილმა და სიძემაც სწორედ ბუნებაში გადაიხადეს ქორწილი, თანაც, მაშინ, როცა ძალიან ციოდა. თუმცა, ამ დღის ეშხიც ხომ ის არის, რომ ნეფე-პატარძალი სიცივეს ვერ გრძნობს. ქორწილთან ერთად, ბუნებაში ხელის თხოვნის ცერემონიასაც ხშირად ვმართავთ - ძალიან ლამაზი ტრადიცია მკვიდრდება და ჩვენც სიამოვნებით ვმონაწილეობთ.

- ივენთკომპანიას რა ევალება? - სადღესასწაულო გარემოს შექმნა. ხშირად მომღერლებიც მიგვყავს და სადმე ვმალავთ. ხანდახან ძალიან სარისკო სიტუაციაშიც ვხვდებით - ზოგ ბიჭს თვალახვეული გოგონა რომელიღაც ციხის ნანგრევებზე აჰყავს ხელჩაჭიდებული, ჩვენ კი ქვემოდან გულგახეთქილები ვუქცერით, რომ ფეხი არ დაუცდეთ. მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქავთ ხოლმე, როცა ბიჭი გოგოს სახვევს ხსნის და უჩოქებს. ამ დროს მომღერლებიც აგუგუნდებიან, ანდა ფოიერვერკებს ვუშვებთ, მერე კი ყველა ვმშვიდდებით, რადგან ყველაფერი კარგად მთავრდება.

- ასეთი ექსტრაორდინარული ღონისძიებები რა ჯდება? - არც ისე ძვირი, რომ ამ სიამოვნებად არ ღირდეს... მაგალითად, ბუნებაში საქორწინო თაღის ატანა 200 ლარამდე ღირს, განათების კონსტრუქციისა - 300-დან 400 ლარამდე, ფოიერვერკები და სანთლები ერთად -150 ლარამდე. ქორწინების ორგანიზება კი უფრო ძვირია.

ყოფილა შემთხვევა, სიძე-პატარძალს ბუნებაში ქორწილისთვის 8-10 ათასი ლარი გადაუხდია. ამაში მაგიდების მიტანა, ნეფე-დედოფლის კუთხის მოწყობა, განათება, სუფრის მორთვა, ფოტოგრაფი და ზოგჯერ თამადის დაქირავებაც შედის. რესტორანში ქორწილის დიზაინის ფასი კი 2000-დან 5000 ლარამდე მერყეობს. მდიდრულ ქორწილებს უმეტესად ის წყვილები მართავენ, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, ქორწილის გადახდა კი სამშობლოში უნდათ. ასეთი ქორწილების ხარჯი ზოგჯერ 60-70 ათას ლარს აღწევს.

- ცნობილთა ორიგინალური ქორწილები შეგიძლიათ გაიხსენოთ? - ბიზნესმენები თუ მთავრობის წევრები ორიგინალობას გასაგები მიზეზების გამო ერიდებიან, სამაგიეროდ, ამით სპორტსმენები გამოირჩევიან. მათ საქორწინო ცერემონიალი სტადიონზეც ჩაუტარებიათ. ეს, ხშირად, პატარძლების იდეაა, რომლებიც ამ დროს სტადიონზეც კი თამაშობენ მეჯვარეებთან ერთად. მაგალითად, მორაგბე გიორგი აბდუშელიშვილსა და მაია შენგელიას სწორედ ასეთი ქორწილი ჰქონდათ.

ორიგინალური ქორწილების იდეებს, ძირითადად, პატარძლებს მიაწერს სხვა ივენთკომპანიის მენეჯერი დათო გაბოძეც:

- პატარძლების იდეებს ხშირად წინააღმდეგობას უწევენ ნეფეები, მაგრამ შემდეგ თანხმდებიან. ყოფილა შემთხვევა, როცა პატარძალს ხედი მოსწონდა, მაგრამ დარბაზის კედლები და ჭერი შეგვაცვლევინა.

- შეგაღებინათ? - ეგ რომ ყოფილიყო, ვინ ჩიოდა! ერთმა პატარძალმა ორი დღე სურო და ყვავილები გვაზიდვინა და ფუნიკულიორის დარბაზის ჭერი და კედლები დაგვაფარვინა, ბეტონის კედლები არ მომწონსო.

- და რა დაჯდა ეს? - სხვა ატრიბუტების ჩათვლით 3 000 ლარამდე. სამაგიეროდ, ნეფე-პატარძალი და სტუმრები ძალიან ბედნიერები იყვნენ.

- ასეთი პრეტენზიები ხშირად აქვთ? - რასაკვირველია. უცხოელებს უფრო მძაფრი ექსტრიმიც ახასიათებთ. ჩემი კომპანიის ორგანიზებული არ ყოფილა, მაგრამ იყო შემთხვევა, როცა ქუთაისში ერთ-ერთი ეკოღონისძიების მონაწილე რუსმა მხატვრებმა სერგეი კალინინმა და დიანა მალჩინინამ საქორწინო ცერემონიალი ქუთაისის ნაგავსაყრელზე გადაიხადეს.

- არ მითხრათ, რომ ესეც ძვირი იყო! - არ ვიცი, ალბათ, არა. სამაგიეროდ, უცხოელები დელიკატურები არიან, ზოგიერთი ჩვენი თანამემამულე კი ყველაფერს მოგამზადებინებს და მერე გამოგიცხადებს, არ მომწონს, აღარ მინდაო; ცხადია, არც გასამრჯელოს გვაძლევს, უცხოელებს კი ეს არასოდეს გაუკეთებიათ.

- ბათუმში, ზღვის სანაპიროზე თუ გადაუხდიათ ქორწილი? - როგორ არა! ქორწინების ორგანიზების ფასი ბათუმშიც დაახლოებით იგივეა, თუმცა იქ იქაური კომპანიებიც მუშაობენ.

ბევრი ბათუმელი ნეფე-პატარძალი კი იახტაზე მართავს საქორწინო ცერემონიას.

- ძალიან რომანტიკულია... თუ არ ვცდები, ბათუმში ქორწინების აღსანიშნავად ცაზე თვითმფრინავებით გულებსაც ხატავენ... - დიახ. გარდა ამისა, ზღვაში ფოტოსესიებიც ეწყობა. წყალში ფოტოსესიებისთვის დასავლეთ საქართველოდან ბევრი წყვილი ჩადის და განუმეორებელ მოგონებას იტოვებენ. ამით ქუთაისელი ფოტოგრაფი ირაკლი მაჩაბელი გამოირჩევა.

ირაკლი მაჩაბელი, ფოტოგრაფი: - როგორც ქუთაისელი, ვამტკიცებ, რომ ქუთაისურ ქორწილს არაფერი შეედრება. ბათუმშიც ჩავდივარ საქორწილო ფოტოსესიებზე, არადა, რამდენიმე წლის წინ მთელმა ქუთაისმა ქოქოლა მომაყარა - რას ჰქვია, ნეფეს ფეხსაცმლიდან "ნასკები" გამოუჩინე და პატარძლები საპატარძლო კაბებით ზღვაში შეიყვანე, ხომ გაუფუჭდათო! არაფერიც არ ფუჭდება! ასეთი ორიგინალური ფოტოსესია ნეფე-პატარძალს რომ არ უნდოდეს, ზღვაში საქორწილო კაბები და კოსტიუმებიც რომ შეუყარო, იმათ გამოსატანადაც არ შევლენ.

ჩემს ფოტოსესიებში გადასასვლელებზე გაწოლილი ნეფე-პატარძალიც ხშირად ყოფილა. ქორწილს ექსტრიმით თუ დაიწყებ, არც თანაცხოვრებისას იქნები მოწყენილი.