"მე დავწერ წიგნს - მე დავამარცხე კიბო" - ანა მზად იყო ბრძოლისთვის, მაგრამ ბრძოლაც არ დასცალდა - კვირის პალიტრა

"მე დავწერ წიგნს - მე დავამარცხე კიბო" - ანა მზად იყო ბრძოლისთვის, მაგრამ ბრძოლაც არ დასცალდა

ოთხი წლის წინ, სოცილაურ ქსელ "ფეისბუკში" გამოჩნდა ამბავი მეეზოვისა, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა, ფიქრები "მენგავისა", რომელმაც "სანგვეზე გადაგდებული ჩვილი იშვილა", - ამ ჩანახატით გახდა პოეტი ანა ლაშხელი ონიანი სოციალურ ქსელის ქართველი მომხმარებლის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ახლობელი და ძვირფასი ადამიანიც კი, რომელიც ჩვენს მძიმე ყოფაში სიკეთის მარცვლების დანახვას და გამომზეურებას ცდილობდა.

"ილაპარაკეთ ადამიანებზე კარგი, მოუყევით ერთმანეთს სხვის კარგ თვისებებზე, წარმოიდგინეთ როგორი ბედნიერი ხართ, როცა თქვენს თავზე კარგი გესმით, მიანიჭეთ სხვასაც ეს სიამოვნება.

ცუდი ამბები ხომ ორმაგად მიაქვთ ადამიანებს ადამიანებამდე,

ერთი პატარა ცუდი ამბავი, ათ კარგ ამბავს გადაჩრდილავს

ვილაპარაკოთ ერთმანეთზე კარგი", - წერდა ანა, რომელიც ყველა საქმეს, რასაც კი ხელს მოჰკიდებდა საოცარი ენთუზიზმით და სყვარულით აკეთებდა.

ის იყო გიდიც, რომელიც უცხოელ სტუმრებს სამშობლოს ყველაზე საუკეთესო კუთხით აცნობდა...

ქველმოქმედი, რომელიც შეუძლებლის ზღვარზეც კი ცდილობდა სხვის დახმარებას...

სამწუხაროდ, დღეს ანაზე წარსულში გვიწევს ლაპარაკი. რამდენიმე დღის წინ 32 წლის ახალგაზრდა ქალის "ფეისბუკგვერდზე" ტკივილიანი, თუმცა მაინც იმედიანი პოსტი გამოჩნდა:

"არასოდეს არავინ თქვას არასოდეს... უკვე მჯერა რომ შეიძლება გაიღვიძო და არსად იყოს ცა, არც მიწა.. და მით უმეტეს ადრინდელი ცხოვრება.

20-დღიანი შოკის, ელდის თუ ტანჯვის შემდეგ დღეს დიაგნოზი დამისვეს.არ ვიტყვი რა.იმიტომ რომ არავისგან არაფერს ველოდები, არც სიბრალულს არც თანადგომას. ეს მე უნდა გავაკეთო. დღეიდან მე ვარ მთავარი ჩემი თავისვის, ჩემი ჯანმრთელობისთვის და ჩემი სიცოცხლისთვის. დღეიდან ვიწყებ იმ წიგნის წერას,რომელიც ბევრი ადამიანისთვის სახელმძღვანელო გახდება და გპირდებით, ამ წიგნის პრეზენტაციას მეც დავესწრები. ეს გადამატანინებს რთულ გზას რომელიც წინ მელოდება. მე არაფრის მეშინია. პირიქით, ვიღებ ამ გამოწვევას ცხოვრებისგან, დავუმტკიცებ ყველას რომ ერთი გალეული გოგოს უკან, ძალიან ძლიერი ადამიანი იმალება. მოვრჩი წუწუნს.

...

მე დავწერ წიგნს - მე დავამარცხე კიბო"

სამწუხაროდ, ანას ბრძოლაც არ დასცალდა, რაც დიდი უსამართლობაა...

ანა წერდა: "ჯერ არც დამიძინია და გაღვიძებაზე ვფიქრობ...

ავდგები დილას და ყველაფერი იგივე იქნება.

იგივე ოთახი. ადამიანები. გარემო. სამუშაო მუსიკა. მანქანა. ლოგინი. ფარდა. დილის ფინჯანი ყავა. ჭურჭლის დარეცხვა. ზარი მშობლებთან. წუწუნი დაქალთან. იგივე ისტორიები face სამყაროდან.

და უცებ წარმოვიდგინე როგორ მიყვარს ეს ერთფეროვნებაც.

წარმოვიდგინე, რომ ერთ დღეს ჩემ ოთახში ვერ გავიღვიძო.

რომ ჩემი ლოგინი არსად იყოს. რომ ვერ ავადუღო ყავა და მთელი დღე მისი სურნელი მელანდებოდეს. რომ ვერ დავურეკო დედას და არ მპასუხობდეს მამაც. რომ აღმოვაჩინო რომ ისინი უბრალოდ ვერასოდეს გიპასუხებენ. რომ გავიდე აივანზე და ვერსად დავინახო ჩემი სახლი.

რომ უსახლო აივანზე ვდგავარ...

წარმოვიდგინე ერთ დღესაც რომ ვერ გავიღვიძო.

სანამ დავიძინებ... მინდა გითხრა შენ უფალო, ყველაფერი მჭირდება ხვალისთვის. ყველაფერი მინდა იგივე,თუნდაც სიზმრების გზაზე დავარდნილი გამხმარი ყვავილი".

უფალს ებარებოდე, ანა!