"ძალიან ბევრი ისტორიული უბანი მიწასთან არის გასწორებული. ზემოდან რომ გადმოხედო აქაურობას, გული მოგიკვდება..."
"ძალიან ბევრი ისტორიული უბანი მიწასთან არის გასწორებული. ზემოდან რომ გადმოხედო აქაურობას, გული მოგიკვდება..."
რისი შეცვლა სურთ თბილისში

თბილისი პატარძალს ჰგავს, რომელსაც ახლა ჭუჭყიანი კაბა აცვია - ასე შეაფასა დღევანდელი თბილისი ერთ-ერთმა, ამ ქალაქზე უზომოდ შეყვარებულმა კაცმა... თბილისი, მისი იერსახე, თბილისელებსა და არა მხოლოდ თბილისელებს შორის გამუდმებული განსჯის საგანია, ზოგს მოსწონს ძველ თბილისში ახალი სტილის შენობა-ნაგებობები, ზოგი მიიჩნევს, რომ უძველესი ქალაქი ამით ავთენტურობას კარგავს...

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალში "გზა" გამოქვეყნებული ინტერვიუებიდან:

ნოე სულაბერიძე, ტელეწამყვანი:

- ძალიან მიყვარს თბილისი, ის ჩემი სახლია და ალბათ ბევრ რამეს
შევცვლიდი. რომ შემეძლოს, მთელ ქალაქს გავამწვანებდი. ამ საქმეს "მზიურის" ქვედა ნაწილიდან დავიწყებდი, ხრიოკად რომაა დღეს გადაქცეული. მკაცრ რეგულაციებს დავაწესებდი გამონაბოლქვზე, დანაგვიანებაზე, როგორღაც დავარეგულირებდი და მოვაწესრიგებდი საცობების პრობლემას..."

ზალიკო სულაკაური, მხატვარი:
- ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი. პირველ რიგში მახინჯ შენობებს დავანგრევდი, ყველას ერთიანად. მერე დავიწყებდი ძველი
თბილისის რესტავრაციას, დღეს მხოლოდ რამდენიმე ქუჩაა აღდგენილი და რესტავრირებული. ძალიან ბევრი ისტორიული უბანი, სახლი, უბრალოდ მიწასთან არის გასწორებული. ზემოდან რომ გადმოხედო აქაურობას, გული მოგიკვდება..."

რატი დურგლიშვილი, მომღერალი:
- პირველ რიგში ქალაქის თავზე გადახლართულ სადენებს ჩამოვხსნიდი და მიწის ქვეშ ჩავიტანდი. ყველა ძველ, ისტორიულ შენობას აღვადგენდი, ახლებს კი რესტავრაციას გავუკეთებდი, შევალამაზებდი, ერთნაირ სახურავებს გავუკეთებდი. მტვერსა და ნაგავს მაქსიმალურად მოვსპობდი ქალაქში. ქუჩებს სპეციალური მანქანებით გავრეცხავდი... აუ, რა კარგი იქნებოდა ასეთი თბილისი..."

მარინა კახიანი, მსახიობი:
- დღეს თბილისს იმდენი რამ სჭირდება, არც კი ვიცი, საიდან დავიწყებდი. პირველ რიგში კარგ ურბანისტსა და კარგ არქიტექტორს ავიყვანდი და ამ აურზაურს მოვაწესრიგებდი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ხე, ბუჩქი, ყვავილი დაირგოს, დასასვენებელი ბაღები გაკეთდეს. ძალიან ბევრი საქმეა.

ბესო ბერულაშვილი, მსახიობი:
- ყველა მახინჯ, უსახურ შენობასა და "გარაჟს" მიწასთან გავასწორებდი, მანქანებისთვის მიწისქვეშა სადგომებს გავაკეთებდი. ასეთი ცუდი გემოვნება როგორ აქვთ ამ ქართველ არქიტექტორებს?.. ან "გარაჟები" რა უბედურებაა? ჯერ როგორი სიმახინჯეა და მერე როგორი სახიფათოა ბავშვებისთვის. ბავშვებს სათამაშო მოედნები აღარ აქვთ, "გარაჟებზე" ადიან. ერთი მეზობლის ბავშვი მე გადავარჩინე, მეორე ვერ გადავარჩინე და ჩამოვარდა..."

ამ და სხვა ცნობილი ადამიანების მოსაზრებებს სრულად ჟურნალ "გზის" 11 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ბახტურიძე

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?