კა­ნა­ფის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფეს­ტი­ვა­ლი - "გირჩი" დედა ენის" ბაღში მარიხუანის გაყიდვას გეგმავს - კვირის პალიტრა

კა­ნა­ფის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფეს­ტი­ვა­ლი - "გირჩი" დედა ენის" ბაღში მარიხუანის გაყიდვას გეგმავს

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი" 20 ოქტომბერს, "დედა ენის" ბაღში, კანაფის ლეგალიზების აღსანიშნავი ფესტივალის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

მისი თქმით, ფესტივალზე მისულ სტუმრებს, მათ შორის უცხოელ ტურისტებს მარიხუანას შეძენის საშუალება მიეცემათ. ამასთან, იაგო ხვიჩიას განმარტებით, ფესტივალის ფორმატზე საბოლოოდ შეთანხმებულები არ არიან.

"20 ოქტომბერს "დედა ენის" ბაღში იგეგმება კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი. ამ ფესტივალის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდებიან სხვადასხვა პირები და ზოგი მათგანი მარიხუანას გაყიდის, ზოგი - იყიდის. ჩვენ გვინდა, ამას დაახლოებით „ქოფიშოპების“ ფორმა მივცეთ, მიგვაჩნია, რომ მარიხუანას ლეგალიზაციის ერთ-ერთი სწორი ფორმა არის „ქოფიშოპები“ და მეორე ფორმა კი ადამიანის მიერ კულტივაციის უფლების ქონა. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ველოდებოდით, მიგვაჩნია, რომ არავისგან არ გვაქვს ეს უფლება მოსაპოვებელი, არამედ ვფიქრობთ, რომ უფლება დაგვიბრუნა საკონსტიტუციო სასამართლომ და ამ უფლების რეალიზაციის დღე არის. ჩემი აზრით, ეს იქნება გართობის, მხიარულების ფესტივალი, სადაც იქნება უამრავი ტურისტი, ამ ქვეყნის უამრავი სტუმარი, რომლებმაც იციან, რომ ამ ქვეყანაში მარიხუანა არის ლეგალიზებული, მალე გაიგებენ, რომ ქვეყანაში მარიხუანას ლეგალიზების ფესტივალი იმართება. იქნება აბსოლუტურად ცივილური აქცია, სადაც მათ შორის, იმ ადამიანებს, რომლებსაც მარიხუანას ლეგალიზების ეშინიათ, შეუძლიათ, მოვიდნენ, დააკვირდნენ, ნახონ და მე დარწმუნებული ვარ, საფრთხეების ის ნაწილი, რომელიც წარმოუდგენიათ, უბრალოდ, მათ თვალწინ გაქრება. ჩვენ გვინდა, რომ ეს ამ ქვეყნისთვის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღე იყოს და ჩვენზე ილაპარაკოს უცხოურმა პრესამ დადებითი კონტექსტით. მე მგონია, რომ მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ განვსხვავდებით", - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

შეკითხვაზე, აქვთ თუ არა მოლოდინი, რომ ფესტივალზე ექსცესები შეიძლება მოხდეს, იაგო ხვიჩიამ უპასუხა, რომ ღონისძიებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პასუხისმგებლობას "გირჩი" იღებს.

„მე მაქვს ადეკვატური რეაქციის მოლოდინი ნებისმიერი უწყებისგან, მათ შორის ძალოვანი უწყებისგან. მე არ ველოდები იმას, რომ არჩევნებამდე 5 დღით ადრე ვინმემ ტურისტები ან საქართველოს მოქალაქეები დაარბიოს. ასეთ რისკს ვერ ვხედავ, იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნების წინ მსგავსი იმუნიტეტი არსებობს და მეორე, არსებობს ასევე მორალური უპირატესობა, რადგან დიდ ხანი ველოდებოდით იმ უფლების რეალიზებას, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ ამდენი გველაპარაკა. ამის ნაცვლად, ჩვენ გვაქვს სიტუაცია, რომ არჩევნების წინ საპრეზიდენტო კანდიდატები საპატრიარქოსთან თანააწყობილად საუბრობენ არაკვალიფიციურად მარიხუანაზე, სახელს უტეხენ ამ მცენარეს, ებრძვიან მას. მოლოდინი გვაქვს, რომ არჩევნების შემდეგ ბევრად უარესი სიტუაცია იქნება, ვიდრე ახლაა და ერთხელ და სამუდამოდ, გავხდეთ ცივილური ქვეყანა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელი გაუქმებულია.