"დედა სტალინთან მოსამსახურედ მუშაობდა" - კრემლში დაბადებული ქალის საოცარი თავგადასავალი - კვირის პალიტრა

"დედა სტალინთან მოსამსახურედ მუშაობდა" - კრემლში დაბადებული ქალის საოცარი თავგადასავალი

კრემლში დაიბადა და როგორც ამბობს, 4 წლის გოგონას ხშირად უწევდა სისხლით მოსვრილი იატაკის მოწმენდა.

მერე ერთ ქალბატონთან ერთად, სასტიკ რეალობას გამოექცა და საქართველოში ჩამოვიდა. ბავშვთა თავშესაფარში გაიზარდა, შემდეგ პროფესიულ სასწავლებელში გაუშვეს და როცა ეგონა, ცხოვრებას ავიწყობო, სწორედ მაშინ გადაეშვა თავით იმ ჭაობში, რასაც ქურდულ სამყაროსან კავშირი ჰქვია. ბევრი ტკივილი გადაიტანა, მთელი ცხოვრება საკუთარი წარსულის მალვა უხდებოდა, ახლა კი გადაწყვიტა, აღსარება "გზის" მკითხველს ჩააბაროს და იმედია, მკაცრად არ განსჯით...

ქალბატონი რიმა ჭყონიას ამბავი უთუოდ დაგაინტერესებთ. მან თავის საცხოვრებელში მიმიპატიჟა. თავიდან ვიფიქრე, - ალბათ, იმიტომ დამიბარა, რომ დახმარება ესაჭიროება და სურს, ხალხს მიაწვდინოს ხმა-მეთქი, მაგრამ ქალბატონმა საკუთარი თავგადასავლის მოყოლა დაიწყო და... ძალიანაც გამაკვირვა.

ძველებურ ეზოში, ზედ შესასვლელთან მიშენებაა, რომელიც ორი საოცრად პატარა ოთახისგან შედგება: ერთი უსინათლო მოხუცი კაცი ცხოვრობს, მეორეში - ქალბატონი რიმა. მოხუცი კაცის ოთახის კედლებზე ე.წ. "კარდონია" აკრული. ჩანს, ახალი გამოცვლილია. აი, ქალის ოთახში კი მხოლოდ საწოლთანაა მიფარებული გაზეთები, ერთგან - მომცრო ხალიჩაა, სხვა ადგილები კი მოშიშვლებულია და თვალში გეცემათ დაბზარული, წყლისგან დახეთქილი კედლები, ჭერი.

- ნუ შეგეშინდებათ აქაურობის. ბოლოს და ბოლოს, სიღარიბე ხომ გინახავთ? სამაგიეროდ, ყველაფერი სუფთაა და შემიძლია, ყავა შემოგთავაზოთ, - მეუბნება ქალბატონი.

გამოვფხიზლდი და ძალიან მომერიდა კიდეც. ეტყობა, გაოცებული სახით ვათვალიერებდი ოთახს და ისეთი შთაბეჭდილება დავტოვე, თითქოს ერთი სული მქონდა, ამ სახლიდან როდის გავიდოდი. თუმცა, გამოგიტყდებით და ასეც იყო: შეუძლებელია, ასეთ ოთახში შეხვიდე და შიშის შეგრძნება არ დაგეუფლოს. მოსალოდნელია, ჭერი ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს.

აი, ქალბატონ რიმას კი არ ეშინია, შეეჩვია ასეთ ყოფას. დიდი ხანია, ბინის მისაღებად იბრძვის, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოუვიდა... თუმცა, ახლა ამ ყველაფერზე სასაუბროდ არ დავუბარებივარ - მან საკუთარი თავგადასავალი დაუფარავად მიამბო. სიმართლე გითხრათ, მის ნათქვამში ეჭვი შევიტანე და უამრავი კითხვა დავუსვი, ასე ვთქვთ, "გამოსატეხად", მაგრამ არაფერი გამომივიდა. დარწმუნებული ვარ, რასაც ახლა წაიკითხავთ, სიმართლეა, მაგრამ ბევრი რამ ისევ საიდუმლოდ შეინახა...

- როგორც გადმოცემით ვიცი, დედა სამეგრელოდან იყო. ძალიან ლამაზი ქალი ყოფილა. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ქმრის ოჯახიდან გამოგდებული ფეხმძიმე ქალი საქართველოში გავლით მყოფ კაცს მოსკოვში, კერძოდ - კრემლში წაუყვანია და დედა სტალინთან მოსამსახურედ მუშაობდა ისევე, როგორც ბევრი სხვა ქართველი თუ რუსი. მე დავიბადე 1936 წელს. დედა არ მახსოვს - თურმე, ჩვილს კი მივლიდა, მაგრამ მერე სადღაც გაქრა, მისი ასავლ-დასავალი არავინ იცოდა. შეიძლება, მოკლეს კიდეც. მაშინ ხომ ადამიანების ხოცვა არავის უკვირდა...

პატარა გოგონას მძიმე ცხოვრება მქონდა. დაახლოებით 4 წლის ბავშვს მევალებოდა გრძელ და ბნელ სარდაფში ჩასვლა, სადაც იყო ბევრი თეთრი "ვანა" და მასში მოფართხალე ან უკვე გაცივებული ადამიანების სხეული. ეს გახლდათ ოთახი, სადაც კრემლისთვის არასასურველ ხალხს კლავდნენ. მაშინ ამ ყველაფერს ცხადია, ვერ ვაცნობიერებდი. ძალიან კარგად მახსოვს, რომ ამ სარდაფიდან უამრავი მიწისქვეშა გასასვლელი იყო, ჩვენ კი ამ სასაკლაომდე რომ მივსულიყავით, გზას ტაძარიც უნდა გაგვევლო და მახსოვს, ყოველი გავლისას ვლოცულობდით ხოლმე.

- იმ სარდაფში მარტო ჩადიოდით თუ სხვებთან ერთად?

- ერთ რუს ქალს ჩავყავდი და ვედროს მაძლევდა, რომელშიც სისხილის სუნით გაჟღენთილი ტილო ეგდო და მეუბნებოდა, - იატაკი გაწმინდეო. მოკლედ, სისხლის წმენდა მევალებოდა...

თუმცა, მაშინ ისიც არ ვიცოდი, სისხლი რა იყო. მახსოვს, იქ ლამფები ბჟუტავდა ხოლმე. ხშირად, უნებურად, ხელით შევხებივარ ცივ სხეულს და შემშინებია, არაერთხელ მიტირია კიდეც. ჩემი ბავშვობა კოშმარულ სიზმარს ჰგავდა.

- თქვენთან ერთად ვინც ალაგებდა სარდაფს, ის ქალი როგორ დაგამახსოვრდათ?

- იმ ქალის სახე კარგად მახსოვს, მაგრამ უკვე ცოცხალი აღარ არის... ძალიან ცელქი, მაგრამ ამავდროულად, დამჯერი ვიყავი. ერთხელ სტალინის ოთახის დალაგებაც კი დამავალეს. დაგვის დროს მაგიდის ქვეშ რაღაც ოქროსფერი, გრძელი "ტრუბკა" ვნახე და ისე მომეწონა, ავიღე, საგულდაგულოდ შევინახე. რამდენიმე საათის შემდეგ აჩოჩქოლდნენ მოსამსახურეები, - სატლინმა ყალიონი დაკარგაო. ბავშვი კი ვიყავი, მაგრამ მივხვდი: ახლა რომ გაიგონ, მე ავიღე, მაწამებენ-მეთქი და მოპარული ნივთი საპირფარეშოში ჩავაგდე. ძალიან "ქვა" ვიყავი და რომ მოგეკალი, ვერ გამომტეხავდი. ხომ მაწამეს, მცემეს, მუხლებზეც დიდხანს დამაყენეს ქალებმა, - ოთახი ხომ შენ დაალაგე და იპოვიდიო, მაგრამ ვერაფერი დამაცდევინეს.

- სტალინს ხშირად ხვდებოდით?

- ცხადია, ზოგჯერ ვხვდებოდი ხოლმე დერეფანში. ის მოსამსახურეებს ცუდად არ გვექცეოდა. მაგრამ რაც იქ ვნახე, ეს საშინელება იყო. სხვათა შორის, ებრაელებს შტამპს რომ უკეთებდნენ, ხომ იცით? ჰოდა, მეც დაშტამპული ვარ - ზურგზე ახლაც მეტყობა ნიშანი.

- რა ნიშანზე ლაპარაკობთ?

- არ ვიცი, რა როგორ მოხდა, მაგრამ კრემლში ასეთი დაღი ბევრ ადამიანს ჰქონდა...

- საქართველოში როგორ ჩამოხვედით?

- საერთოდ, კრემლში ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო და იქიდან ცოცხალი არავინ უნდა გასულიყო, მაგრამ ომის პერიდიოდში სიტუაცია იქაც აირია და მახსოვს, ერთ დღეს რუსმა ქალმა ხელი ჩამჭიდა და კრემლიდან გამოვიპარეთ. ჩავჯექით მატარებლში, რომელსაც ევაკუირებულები საქართველოში უნდა ჩამოეყვანა. კარგად მახსოვს, მატარებელს თვითმფრინავი აედევნა და უკანა ნაწილი დაბომბა, მაგრამ გამოვასწარით. შიგნით დაჭრილები იყვნენ და თუ ვინმე მოკვდებოდა, პირდაპირ ფანჯრიდან აგდებდნენ, ტრანსპორტის გაჩერების საშუალებაც კი არ ჰქონდათ... გაგრძელება