"პოდიუმზე დგომის მხრივ პრობლემა არ მქონია, ევროპული გაგების ოჯახი მყავს" - კვირის პალიტრა

"პოდიუმზე დგომის მხრივ პრობლემა არ მქონია, ევროპული გაგების ოჯახი მყავს"

"ჩემებს ღამის საათებში ვწერდი ერთ მესიჯს, რომ ცოცხალი ვარ, ყველაფერი კარგადაა-მეთქი"

ძალიან მხიარული, კომუნიკაბელური, საქმიანი და ლამაზი ანა ამაშუკელი ჩინეთიდან, სადაც მსოფლიო დონის სილამაზის კონკურსი გაიმართა, გამარჯვებული დაგვიბრუნდა. 19 წლის ანამ, მართალია, მოდელობას თავი დაანება, მაგრამ აგენტები ჰყავს, რომლებიც ცდილობენ, გოგონა ამა თუ იმ კონკურსში მონაწილეობაზე დაითანხმონ.

- 19 წლის ვარ, პირველი კურსის სტუდენტი გახლავართ. წელს ჩავაბარე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში, მენეჯმენტის განხრით...

12 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი და ბალეტის გზები გაიყო, მანამდე გატაცებული ვიყავი ცეკვით. ზუსტად მაგ ზამთარს შემოთავაზება მივიღე, რომ "იმიჯ ცენტრთან" მეთანამშრომლა და რეალურად, სამი წელი ვიყავი მანდ, ვმონაწილეობდი ჩვენებებში, მქონდა გადაღებებიც... მერე მივხვდი, რომ სამოდელო სფერო ის არ იყო, რაც მთელი ცხოვრება დამაინტერესებდა. პატარაობიდან კამერასთან მუშაობა მიზიდავდა და მსახიობობა მსურდა, ამაზე ვოცნებობდი, მაგრამ როცა საქმე პროფესიის არჩევაზე მიდგა, ესეც გადავიფიქრე - "ჯიდიპედიასთან" თანამშრომლობამ საკმაოდ დიდი გამოცდილება მომცა. მეოთხე წელია, რაც კინოსფეროში ვარ და ორ სეგმენტს ვეხები: ერთია პროდიუსინგი, მეორე კასტინგი. ამან განაპირობა ჩემი პროფესიის არჩევაც.

- კინოსტუდიაში როგორ მოხვდი? - კასტინგი იყო გამოცხადებული, "ჯიდიპედია" იღებდა რაღაცას. ამ კასტინგის გავლის შემდეგ, "ლეხაინდრაო პროდაქშენის" პროდიუსერმა დამირეკა. იცოდა, რომ ვიცნობდი ბევრ მოდელს, მსახიობს და მითხრა: ესა და ეს ადამიანი მჭირდება, იქნებ დამეხმაროო. დავეხმარე და ამის შემდეგ შემომთავაზეს თანამშრომლობაც. მიხდებოდა გადაღებებზე, პროექტებში მონაწილეობა, რეკლამებზე, კლიპებზე მუშაობა. ვითანამშრომლეთ "პირველ არხთან" თაკო გაჩეჩილაძის სიმღერის კლიპზე, რომელიც "ევროვიზიისთვის" იყო საჭირო. ასევე ვიმუშავე "ცელქი ბავშვები 3"-ზე, რომელიც ერთადერთი 3D ქართული ფილმია. ასევე უამრავი კლიპი და რეკლამა გადავიღე...

- ხომ არ ნანობ, რომ როგორც მოდელმა, კინოსტუდიის გამო ბევრი რამ დაკარგე, მით უმეტეს ახლა, როცა სილამაზის კონკურსში წარმატებას მიაღწიე... - არ ვნანობ, რადგან ის წლები, რაც მე კინოსტუდიაში გავატარე, უფრო ნაყოფიერი იყო, ვიდრე იქნებოდა იმ შემთხვევაში, სამოდელო სფეროში რომ დავრჩენილიყავი.

რაც შეეხება იმას, რომ მსახიობობაც გადავიფიქრე, ამას სხვა მიზეზიც ჰქონდა: საქართველო პატარა ქვეყანაა საიმისოდ, რომ იყო ძალიან წარმატებული მსახიობი. არ არის ბევრი პროექტი, რომ სხვადასხვა რეჟისორმა დაგამტკიცოს როლზე და შენი შესაძლებლობების მაქსიმუმის გაკეთება შეძლო. ახლა ჩემთვის მსახიობობაც ჰობის დონეზეა და ვმონაწილეობ კიდევ სხვადასხვა გადაღებაში...

- მსოფლიო დონის სილამაზის კონკურსში მონაწილეობა ვინ შემოგთავაზა? - მე მყავს ორი აგენტი: ერთი არის საქართველოში - მაია თავაძე და მეორე - ინდოეთში, პუჯა. ძალიან კარგი აგენტები არიან, აქვთ უამრავი შემოთავაზება სხვადასხვა ქვეყნიდან.

- ბევრ საერთაშორისო კონკურსში გაქვს მონაწილეობა მიღებული? - არა. შემოთავაზებები იყო, მაგრამ ვერ ვახერხებდი... მაგალითად, ერთხელ ჩინეთში უნდა წავსულიყავი, ვიზა მზად მქონდა და რატომღაც, კონკურსი გადაიდო. როცა შემატყობინეს, უკვე გაიმართებაო, მე აღარ მეცალა... იყო შემოთავაზება კონკურსიდან, რომელიც ტარდებოდა იტალიაში - იქაც ვერ წავედი... არადა, კონკურსებში მონაწილეობა საჭიროა ნებისმიერი მოდელისთვის, რომ მისმა კარიერამ წინ წაიწიოს. ასეთ ადგილებში მსოფლიოში ცნობილი დიზაინერების, მოდელების, ამ სფეროში მოღვაწე საინტერესო ადამიანების თავშეყრაა და მეტი შანსი გაქვს ხელსაყრელი შემოთავაზებების მიღების. იმისთვის, რომ კარიერაში წარმატებას მიაღწიო, ასეთ კონკურსებში მონაწილეობა აუცილებელიც კია, მაგრამ მე ეს სფერო ჰობის დონეზე მაქვს.

- შენი ოჯახის წევრებს მოსწონთ შენი ეს გატაცება? გაგრძელება