"ჩემი ოჯახისთვის კარიერასაც დავთმობ" - კვირის პალიტრა

"ჩემი ოჯახისთვის კარიერასაც დავთმობ"

უცებ დავდექი კამერის წინ და ეს იყო შოკი. ამას პარაშუტიდან გადმოხტომას თუ შევადარებ, 3500 მეტრის სიმაღლიდან ვარ გადმომხტარი, ზუსტად ერთნაირი ადრენალინი იყო. ყველა გადაცემის დაწყების წინ, რომ იტყოდნენ, 5 წუთში ვართ პირდაპირ ეთერშიო და დაიწყებდნენ ათვლას, გაქცევა მინდოდა...

ფოტომოდელი და ტელეწამყვანი, ხშირად კიმ ბესინჯერის ორეულად მიჩნეული რუსა ჩაჩუა საზოგადოებას სარეკლამო რგოლებიდან ახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ შვილების აღზრდით არის დაკავებული, ფოტოსესიებისთვის მაინც იცლის. წელს "ეიჩ ენდ ემმა" ის კომპანიის სახედ აირჩია. რა სიახლეები აქვს პროფესიულ საქმიანობაში და როგორ ანაწილებს დროს 4 შვილის დედა ოჯახისა და კარიერისთვის? - რუსა ჩაჩუა "კვირის პალიტრას" ესაუბრა:

ფოტოგალერეა

- კომპანია ყველა ქვეყანაში ირჩევს ერთ ან რამდენიმე მოდელს "ეიჩ ენდ ემის" სახედ. საქართველოდან მე ამირჩიეს. კასტინგი არ ყოფილა, დამიკავშირდნენ, შემომთავაზეს და სიხარულით დავთანხმდი.

ახლა უფრო მახარებს მსგავსი შემოთავაზებები, როდესაც არასამოდელო ასაკში ვარ, წონაც არასამოდელო მაქვს, თან 4 შვილის დედა ვარ.

ყველა ორსულობაზე 30 კგ-ს ვიმატებ. მშობიარობის შემდეგ 8 თვე მჭირდება, რომ სასურველი წონა დავიბრუნო. კომპლექსურად ვიწყებ ვარჯიშს, დიეტას, მასაჟს...

- "ეიჩ ენდ ემის" სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობის გარდა, რას საქმიანობთ? - პატარ-პატარა პროექტებში ვმონაწილეობ. დილას, თუ იმ დღეს ძიძა მყავს, გავრბივარ ვარჯიშზე, შემდეგ პროდუქტებზე. ყველაფერს ვასწრებ და საღამოს ვცდილობ, მოწესრიგებული დავხვდე შინ დაბრუნებულ მეუღლეს. საღამოობით კი მეგობრებთან ან ღონისძიებაზე მივდივართ.

- პირველ ჩვენებას თუ გაიხსენებთ? - ქუჩაში გამაჩერეს. "ბენეტონის" მაღაზია იყო მაშინ ახალი გახსნილი და ჩვენებაში შემომთავაზეს მონაწილეობა. 13 წლის ვიყავი, პირველად პოდიუმზე რომ გავედი. მე მოდელი არასდროს ვყოფილვარ, ჩვენებაზე გამოსვლას მთხოვდნენ და უარს ვერ ვეუბნებოდი. უფრო ფოტომოდელი ვიყავი. ბევრ სარეკლამო რგოლსა და ფოტოსესიაში მაქვს მიღებული მონაწილეობა... 17 წლისას პირველი შვილი მყავდა. ერთხანს შევწყვიტე მოდელობა, მაგრამ დავუბრუნდი, ძირითადად, სარეკლამო სფეროში. 2000-2002 წლებში მოდელობა, როგორც ანაზღურებადი პროფესია გაჩნდა. ჩემი ასაკის გოგონასთვის სარეკლამო რგოლში მონაწილეობისთის აღებული ჰონორარი საკმაოდ მაღალი იყო.

- თქვენი ძირითადი პროფესია რა არის? - სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული, ტყავისა და მატერიის მოდელირება. ჩემი პროფესიით არ მიმუშავია, მაგრამ სულ ვაკვირდები ქსოვილებს და წარმოვიდგენ, რას გავაკეთებდი. არ ვიცი, როდის, მაგრამ მინდა, დიზაინერობაც გამოვცადო.

- კარიერა თუ ოჯახი? - ჩემი ოჯახისთვის კარიერასაც დავთმობ, თუმცა არც დამჭირვებია დიდ დათმობებზე წასვლა. უფრო დედა ვარ, ვიდრე მოდელი.

ჩემი და დიმას სიყვარული კიდევ უფრო დიდ სიყვარულში გადაიზარდა, ჩვენი ზღაპარი გრძელდება. ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ერთად ვზრდით ბავშვებს. დიმა 8 წლის წინ მეგობართან გავიცანი და 2 წელიწადში ვიქორწინეთ. ქალისთვის მნიშვნელოვანია, რომ მამაკაცი საინტერესო იყოს, მე ბევრი რამ ვისწავლე ჩემს მეუღლესთან ერთად.

- მოდის ინდუსტრიაში რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც დაიწყეთ? - მომწონს, როცა ადამიანს აცვია ის, რაც უხდება და ამ ტენდენციას ვხედავ ჩვენს ქალაქში. ყველაზე მძაფრად ჩემი პროექტებიდან მახსენდება მუსიკალური შოუ "ბრავო". უცებ დავდექი კამერის წინ და ეს იყო შოკი. ძალიან ვინერვიულე, ამას პარაშუტიდან გადმოხტომას თუ შევადარებ, 3500 მეტრის სიმაღლიდან ვარ გადმომხტარი, ზუსტად ერთნაირი ადრენალინი იყო. ყველა გადაცემის დაწყების წინ, რომ იტყოდნენ, 5 წუთში ვართ პირდაპირ ეთერშიო და დაიწყებდნენ ათვლას, გაქცევა მინდოდა.

იხილეთ ფოტოგალერეა