ხანუმადან "ფეისბუკამდე" - კვირის პალიტრა

ხანუმადან "ფეისბუკამდე"

არსებობდა აკვანში დაწინდვის ტრადიციაც, როცა მშობლები ჯერ კიდევ ჩვილობისას ნიშნავდნენ ახალშობილებს, მაგრამ თუ რომელიმე მათგანს ნაკლი აღმოაჩნდებოდა, ნიშნობა ჩაიშლებოდა და ეს ტრადიცია ბევრი კონფლიქტისა და სისხლის ღვრის მიზეზიც გამხდარა. მაჭანკლის მოხერხებით მოგვარებული საქმეები კი თითქმის ყოველთვის მშვიდობიანად გვირგვინდებოდა, ამიტომაც ის ძალიან პოპულარული იყო

ადამიანის "აღმოჩენა" უბრალო საქმე არ გახლავთ. როგორც ჩანს, ეს მარკ ცუკერბერგმაც კარგად იცის და ამიტომაც შექმნა ახალი აპლიკაცია - "აღმოაჩინე ადამიანები", რომელიც მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნის მცხოვრებლებს ერთმანეთთან დააკავშირებს იმ იმედით, რომ ბევრმა ამ გზით, შესაძლოა, თავისი მეორე ნახევარი იპოვოს. აპლიკაციის ფუნქციები მარტივია. შემქმნელები გვპირდებიან, რომ ის დაიცავს მომხმარებელთა პირად ინფორმაციას და, რაც მთავარია, იქ "ფეისბუკის" მეგობრები ვერ გამოჩნდებიან. აპლიკაცია არ გამოიყენებს "ფეისბუკის" მიმოწერის სერვისებს და თავის სისტემას შექმნის. პროგრამა ამჟამად სატესტო რეჟიმით მუშაობს, რაც ნიშნავს, რომ ძალიან მალე დაინერგება ვირტუალურ სამყაროში და ამ სიახლით საქართველოს მოსახლეობაც ისარგებლებს.

მანამდე თვალი გადავავლოთ ისტორიას და გავიხსენოთ, როგორ ეცნობოდნენ წყვილები ერთმანეთს საქართველოში.

გარიგების ტრადიციები საქართველოში

ხანუმასა და სოლომან მორბელაძის სამშობლოში კარგად განვითარებული მაჭანკლობის ინსტიტუტი სხვადასხვა პერიოდში შეიცვალა. გარიგება, მაჭანკლობა წყვილისთვის უანგარო დახმარება იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ამ საქმეში გამოცდილთათვის შემოსავლის წყაროდ იქცა. იყო შემთხვევები, როცა მაჭანკალი დასაქორწინებელ წყვილს თვითონ არჩევდა.

ისტორიული წყაროების თანახმად, მთაში გულის სწორის პოვნისთვის საუკეთესო ადგილად რელიგიური დღესასწაულები და ქორწილები ითვლებოდა. მაგალითად, აჭარაში ამ მხრივ გამორჩეული დღესასწაული შუამთობა იყო, როცა სტუმრები თითქმის ყველა სოფლიდან მთაში ადიოდნენ და ზეიმობდნენ. ამას დაკვლევა-გარიგება ეწოდებოდა, თუმცა უფრო ხშირი იყო იძულებითი ქორწინებები. ისტორიკოსების ცნობით, საქართველოში ოჯახები, ძირითადად, გარიგებით იქმნებოდა. აქტიურობით ვაჟის მშობლები გამოირჩეოდნენ. ისინი დაწვრილებით გამოიკითხავდნენ გოგონას წარმომავლობას, წინაპრებს, გვარის ისტორიას, მის ჯანმრთელობას და ქორწინებაზე ლაპარაკიც ამის შემდეგ იწყებოდა.

არსებობდა აკვანში დაწინდვის ტრადიციაც, როცა მშობლები ჯერ კიდევ ჩვილობისას ნიშნავდნენ ახალშობილებს, მაგრამ თუ რომელიმე მათგანს ნაკლი აღმოაჩნდებოდა, ნიშნობა ჩაიშლებოდა და ეს ტრადიცია ბევრი კონფლიქტისა და სისხლის ღვრის მიზეზიც გამხდარა. მაჭანკლის მოხერხებით მოგვარებული საქმეები კი თითქმის ყოველთვის მშვიდობიანად გვირგვინდებოდა, ამიტომაც ის ძალიან პოპულარული იყო.

მეოცე საუკუნეში, საბჭოეთის ხანაში, გარიგების ტრადიციამ უფრო ცივილიზებული ფორმა მიიღო ძირითადად ისეთი წყვილებისათვის, რომლებიც ქორწინებისათვის ხელსაყრელად მიჩნეულ ასაკს გადააბიჯებდნენ. მაჭანკლის ფენომენმა ასახვა ლიტერატურაში, თეატრსა და კინოშიც კი პოვა...

დადგა ოცდამეერთე საუკუნე და შეიქმნა სოციალური ქსელები, რომელთა საშუალებით ადამიანის გაცნობა ისე გაადვილდა, რომ ამ გზით შექმნილი ოჯახების რაოდენობა მალე გადააჭარბებს მაჭანკლების წარმატებით გაჩარხული საქმეების რიცხვს. აღარც ის უკვირს ვინმეს, თუ ერთ კონტინენტზე მცხოვრები "ფეისბუკით" გაიცნობს მეორე კონტინენტზე მცხოვრებს, დაქორწინდება და ასე იპოვის ბედნიერებას.

"ნიშნობა სკაიპით გვქონდა"

თბილისელმა მარიამმა და კანადელმა ფილიპმაც ორი წლის წინ ინტერნეტით გაიცნეს ერთმანეთი. წყვილმა დაქორწინება რამდენიმეთვიანი ურთიერთობის შემდეგ გადაწყვიტა და დღეს უკვე ხუთი თვის უილიამ-გიორგიც ჰყავთ. მარიამი თვლის, რომ გაუმართლა, რადგან ყველაზე ერთგული და თბილი ადამიანი იპოვა.

- ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი, როცა ლექტორმა ბლოგის დაწერა დამავალა ვირტუალურ ურთიერთობებზე. ამ საკითხზე ბევრი არაფერი ვიცოდი, "ფეისბუკი" მქონდა მხოლოდ და გადავწყვიტე, მომეძებნა სპეციალურად გაცნობისთვის შექმნილი საიტები. ძალიან ბევრი ვიპოვე... ერთ-ერთზე სხვა სახელით დავრეგისტრირდი და დავიწყე ჩემი გამოკითხვისთვის საჭირო რესპონდენტების ძებნა. სწორედ ამ ძებნისას ვიპოვე ფილიპი, კანადაში მცხოვრები ფრანგი. მასთან საუბარი საინტერესო აღმოჩნდა და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.

კანადაში ბევრი ქრისტიანი არ არის, ფილიპი და მთელი მისი ოჯახი კი ქრისტიანია. ისინიც ინტერნეტით გავიცანი. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. თებერვალში გავიცანი ფილიპი, აპრილში სკაიპით ნიშნობა გვქონდა და 18 ივნისს ვიქორწინეთ. ფილი ქორწილამდე ერთი დღით ადრე ჩამოფრინდა თბილისში და პირველად სწორედ მაშინ შევხვდით. სამწუხარო ის იყო, რომ ქორწილის შემდეგ ერთად მხოლოდ ხუთი დღე გავატარეთ, შემდეგ ის კანადაში დაბრუნდა, მე კი ვიზის პრობლემების გამო 7 თვე თბილისში დავრჩი.

ფილი თბილი, მოსიყვარულე და მზრუნველია. არაჩვეულებრივი მამაა. ქართულის სწავლაც დაიწყო.

დედამთილთანაც ახლო ურთიერთობა მაქვს, ერთად ვცხოვრობთ და თავისი შვილებისგან არ მასხვავებს. სხვათა შორის, ჩემმა მულმაც თავისი მეუღლე "ფეისბუკით" გაიცნო.

"სოციალური ქსელი გვეხმარება, წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი იმაზე უკეთ, ვიდრე სინამდვილეში ვართ"

როგორც ფსიქოლოგი ნიკა გაბლიშვილი აღნიშნავს, "ფეისბუკს" ჰყავს ძალიან კარგი ექსპერტები, რომლებიც ზუსტად აანალიზებენ, რა მოთხოვნები აქვთ ადამიანებს და შესაბამისად პასუხობენ მათ.

- "ფეისბუკის" საშუალებით ადამიანების გაცნობა აქამდეც შეიძლებოდა, მაგრამ ამ აპლიკაციით ერთი და იმავე ინტერესის მქონე პირები უფრო ადვილად დაუკავშირდებიან ერთმანეთს... საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, სოციალური ქსელები ძალიან პოპულარულია. ამის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ საშუალებას გვაძლევენ, ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ სხვებსაც გავუზიაროთ. არსებობს ბევრი კვლევა, რომლებიც ამტკიცებს, რომ როცა ადამიანი საკუთარ თავზე ლაპარაკობს, ტვინი ბედნიერების ჰორმონებს - ენდორფინებს გამოყოფს. ამიტომაც ვხდებით ასე დამოკიდებული სოციალურ ქსელებზე, რომლებიც, ამ კვლევების თანახმად, ზრუნავს ჩვენს ბედნიერებაზე.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადამიანთან პირისპირ ურთიერთობა ემოციურად, ცოტა არ იყოს, უხერხულია. მიმოწერის დროს ემოციების კონტროლი უფრო იოლად შეიძლება. სოციალური ქსელი გვეხმარება, წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი იმაზე უკეთ, ვიდრე სინამდვილეში ვართ.

ცუკერბერგი ძალიან კარგად აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ფსიქოლოგიის ცოდნა. ამას მოწმობს ისიც, რომ "ფეისბუკი" შესანიშნავი ანალიტიკოსია. მან ჩვენ შესახებ, ფაქტობრივად, ყველაფერი იცის - პოლიტიკური და რელიგიური განწყობა, ინტერესები, კარიერა, იცნობს სამეგობრო წრეს, ამ ინფორმაციების გენერირებით კი იცნობს ჩვენს ფსიქოტიპსაც. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს სახიფათო ჩანს, მაგრამ ჯერჯერობით" აღმოაჩინე ადამიანები" ფერად სინამდვილეს გვთავაზობს, დანარჩენი კი მომავლის საქმეა. ასეა თუ ისე, ხანუმადან "ფეისბუკამდე" მოსული საქართველო უდავოდ მრავალფეროვანი და საინტერესოა.

თეკლა ლომთაძე