"ვუთხარი, რომ ბრეჟნევი თეირანის დაბომბვაზე თანახმა იყო" - ვინ არის სადამ ჰუსეინის ქართველი მრჩეველი, რომელიც საქართველოს სამ პრეზიდენტსაც ემსახურებოდა - კვირის პალიტრა

"ვუთხარი, რომ ბრეჟნევი თეირანის დაბომბვაზე თანახმა იყო" - ვინ არის სადამ ჰუსეინის ქართველი მრჩეველი, რომელიც საქართველოს სამ პრეზიდენტსაც ემსახურებოდა

"სადამმა ღამის ორ საათზე მიმიღო და ჩვენი პირველი შეხვედრაც გაიხსენა. ყავა დავლიეთ, ვილაპარაკეთ და საუბრის ბოლოს ვუთხარი, რომ ბრეჟნევი თეირანის დაბომბვაზე თანახმა იყო. ძალიან გაუხარდა და რჩევა მკითხა"

ალბათ, ვერავინ წარმოიდგენს, რომ ჩვენ გვერდით ცხოვრობს ადამიანი, რომელიც სადამ ჰუსეინის პირადი მრჩეველი იყო, საბჭოთა კავშირის დროს ატომური ბომბებიც გადაუზიდავს, დამოუკიდებელ საქართველოში კი სამ პრეზიდენტს ემსახურებოდა!.. ვის როგორ იხსენებს 83 წლის ქართველი პილოტი და რა საინტერესო ისტორიული ფაქტების მომსწრეა, ამ თემებზე "კვირის პალიტრას" თავად დარვინ რუხაძე ესაუბრა.

- ჯერ კიდევ 1967 წელს შემომთავაზეს, გადამემზადებინა ერაყელი სამხედრო მფრინავები და მათთვის СУ-7Б ტიპის ავიაგამანადგურებლის მართვა მესწავლებინა. ეს ის პერიოდი იყო, როცა ისრაელსა და არაბული ქვეყნების გაერთიანებას შორის სამხედრო კონფლიქტი მიმდინარეობდა (ომი ეგვიპტის ისრაელზე თავდასხმით დაიწყო. მოგვიანებით ჩაერთვნენ იორდანია, სირია და ერაყი.) СУ-7Б საათში 2700 კმ სიჩქარეს ავითარებს. ამ ტიპის ბომბდამშენები ერაყში საბჭოთა კავშირიდან ნაწილ-ნაწილ გადაჰქონდათ. ააწყობდნენ და შემდეგ საცდელი ფრენებით გამოცდიდნენ. იმ პერიოდში ერაყელებს გამომცდელი მფრინავი დაეღუპათ და საბჭოთა კავშირიდან მე შემომთავაზეს იქ წასვლა. ერაყში ოჯახით გავემგზავრე, მაშინ ჩემი ვაჟი მესამე კლასში იყო, გოგონა კი 6 წლის. როცა ჩავედით, ვითარება უკვე დაწყნარებული იყო. ჯგუფში 54 კაცი მყავდა. პირველი სამი დღე ტყვია-წამალი არ მოგვცეს, მივფრინავდით და ისრაელის თვითმფრინავები მიგვაცილებდნენ. არადა, სამი ავიაციური ზარბაზანი ჰქონდა ჩემს თვითმფრინავს, ერთი 37-მილიმეტრიანი, ორი კი 20-20-მილიმეტრიანი, ასევე, მართული და უმართავი რაკეტები. ტყვია-წამალი მოვითხოვე და ვთქვი, სულ სხვები რატომ გვაცილებენ, ეს ჩვენი მასხრად აგდებაა-მეთქი. ეს ამბავი ბრეჟნევს მოახსენეს და მისი გადაწყვეტილებით, ტყვია-წამლით ფრენის ნება დაგვრთეს.

ერაყული მხარე 30.000 დინარს მიხდიდა. ერთი დინარი თითქმის 3 დოლარს უდრიდა. ეს ფული საბჭოთა კავშირს მიჰქონდა და მე მხოლოდ 250 დინარს მაძლევდნენ. ერაყში კონდიცირებული ბინები მოგვცეს. ძალიან ცხელი ადგილია ერაყი, ზაფხულში 50-52 გრადუსია ჩრდილში, მზეზე კი - 62-65 გრადუსი. ზოგჯერ კვერცხს თეფშზე დავახლიდით, მზეზე დავდებდით და იწვებოდა...

ერთხელ ჰაერში ვიყავი, მფრინავებს ვწვრთნიდი, 150 კმ-ით ვიყავი მოცილებული აეროდრომს, რომ ბრძანება მივიღე, სასწრაფოდ დაბლა დაეშვითო. თურმე სახელმწიფო გადატრიალება მომხდარა...

- ხელისუფლებაში სადამ ჰუსეინი მოვიდა, რომლის პირადი მრჩეველიც იყავით. - არა, ის მეორე სახელმწიფო გადატრიალებისას მოვიდა. სადამი ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი, როცა ოპოზიციაში იყო. მაშინ ფრენებს მის ბიძაშვილს ვასწავლიდი და სანახავად მოვიდა...

დარვინ რუხაძე

- შემდეგი შეხვედრები როდის გქონდათ? - ერაყის შემდეგ 5 წელი ბუდაპეშტში ვიცხოვრე. შემდეგ ამიერკავკასიის ავიაციის ფრენების უსაფრთხოების უფროსი გავხდი და ერთხელ საიდუმლო ტელეფონით დამირეკა უფროსმა, არ გინდა ერაყში წასვლაო. რატომაც არა-მეთქი, თუმცა შემოთავაზება სერიოზულად არ მიმიღია, რადგან ერაყში ერთხელ ნამყოფს მეორედ არ გზავნიდნენ.

ამასობაში ჰუსეინმა გადატრიალება მოახდინა და მეც ისევე მომიხდა ერაყში წასვლა. უკვე ოჯახის გარეშე, რადგან ერაყს ომი ჰქონდა ირანთან და ოჯახებით აღარ გვიშვებდნენ. იცით, ეს ომი როგორი იყო? სამი თვე ებრძოდნენ ერთმანეთს, შემდეგი ორი-სამი თვე ისვენებდნენ.

მე იქ ფრენების უსაფრთხოების სარდლის მრჩევლად დავინიშნე... ერთ დღესაც ერთმა სარდალმა მკითხა, სამხედრო თვალსაზრისით შეიძლებოდა თუ არა თეირანის დაბომბვა. ვიცოდი, რომ შეიძლებოდა, მაგრამ პასუხისგან თავი შევიკავე... მოვახსენე ეს ამბავი საელჩოს, რომელმაც ინფორმაცია ბრეჟნევს აცნობა. მან თავის ხალხს დაავალა ჩემთვის გადმოეცათ: "დაბომბვა შეიძლება, თუ ამის სურვილი აქვთ"! მითითება მიღებული იყო, რომელიც ერაყის მაშინდელი პრეზიდენტისთვის, სადამ ჰუსეინისთვის უნდა მეცნობებინა.

სადამმა ღამის ორ საათზე მიმიღო, სხვათა შორის, მიცნო და ჩვენი პირველი შეხვედრაც გაიხსენა. ისიც მკითხა, ცოლ-შვილი რატომ აღარ ჩამოიყვანეო. ვუთხარი, ომია და აბა, როგორ-მეთქი. "ეგ არაფერი!" - მითხრა და დამპირდა, ვინც ერაყში სამხედრო მისიით იყვნენ ჩასული, მეუღლეებთან შეხვედრას მოგვიწყობდა. მოკლედ, ყავა დავლიეთ, ვილაპარაკეთ და საუბრის ბოლოს ვუთხარი, რომ ბრეჟნევი დაბომბვაზე თანახმა იყო... ძალიან გაუხარდა და რჩევა მკითხა, რა როგორ უნდა გაკეთებულიყო. დეტალურად ავუხსენი. ამის შემდეგაც მეკითხებოდა ჰუსეინი რჩევებს.

მეუღლეებთან შეხვედრის დღე კი მართლაც მოგვიწყვეს... ყოველი შეხვედრისას სადამ ჰუსეინი კვლავინდებურად მეკითხებოდა, ვიყავი თუ არა იქ ყოფნით კმაყოფილი და ვინმემ რამე ხომ არ მაწყენინა...

- სადამ ჰუსეინისადმი ხალხის დამოკიდებულება მაშინ როგორი იყო? - პრეზიდენტი რომ გახდა, მოსახლეობას "ტოიოტები" დაურიგა. ყოველ საღამოს 7-დან 10 საათამდე იღებდა მოსახლეობას. მიწები უსასყიდლოდ გადასცა და გააფრთხილა, ამას ვაკეთებ იმისთვის, რომ მოსავალი მოიყვანოთ და სახელმწიფო გააძლიეროთო. ზოგჯერ თავად ათვალიერებდა, ვის მოჰყავდა მოსავალი და ვის არა, ვინც ვერ უვლიდა მიწას, ართმევდა და იმას აძლევდა, ვისაც მისი უკეთ მოვლა შეეძლო. მან ფაქტობრივად, ბაღდადი ააყვავა, მრავალსართულიანი გზები ააგო.

თავიდან ხალხი კმაყოფილი იყო, თუმცა შემდეგ დიქტატორად იქცა, სახელმწიფო და ხალხი ამ ერთი კაცის ნებაზე იყო ჩამოკიდებული.

- თქვენზე მსმენია, რომ ატომური ბომბებიც გადაგიზიდავთ... - 60-იან წლებში ატომური ბომბები საბჭოთა კავშირის შიგნით გადამიზიდავს. ერაყში კი ასეთი რამ გამორიცხული იყო. მათ ყველაფერი ჰქონდათ, ატომური ბომბის გარდა...

- ვიცით, რომ საქართველოს სამ პრეზიდენტთან მუშაობდით... - ზვიად გამსახურდიასთან ერთად პარლამენტის ბუნკერშიც ვიყავი. მაშინ შინაგან ჯარებში ვმუშაობდი, სარდლის მოადგილე გახლდით ავიაციის განხრით. რუსთაველზე სროლა რომ ატყდა, შინაგანი ჯარების სარდალმა პრეზიდენტის დაცვა დაგვავალა. ზვიადთან ბუნკერში მოწყობილ მისაღებში რომ შედიოდნენ მინისტრები და სხვები, იქვე ახლოს ჩვენ ავტომატებით ვისხედით. მასთან პირადი შეხვედრის და ურთიერთობის დეტალებს ვერ გავიხსენებ, რადგან არც მქონია. აი, ედუარდ შევარდნაძესთან უფრო მქონდა, მისი პირადი მფრინავი ვიყავი. ერთხელ შევარდნაძემ კახეთში წაყვანა მთხოვა. თუ არ ვცდები, 1999 წელი იყო, ხორბლის ძალიან დიდი მოსავალი მოვიდა და შევარდნაძეს უნდოდა პირადად ენახა. მახსოვს, 5-6 ადგილას დავეშვით, ხორბლით სავსე იყო ყველაფერი და მართლაც იმდენი იყო, გავგიჟდით. მალე პრესაში ინფორმაციამ გაჟონა, რომ ხალხი უვარგის პურს ჭამდა, რასაც საზღვარგარეთიდან უვარგისი ხორბლის შემოტანას აბრალებდნენ. ითქვა, რომ ამ ბიზნესს შევარდნაძის ძმისშვილი, ნუგზარ შევარდნაძე "კრიშავდა". ჰოდა, სულ იმას ვფიქრობდი, სად წავიდა ის "ზღვა" ხორბალი, რომელიც ედუარდ შევარდნაძესთან ერთად საკუთარი თვალით ვნახე! ფაქტი იყო, რომ კახური მოსავალი სადღაც გააქრეს, ხალხს კი უვარგის ხორბლის პურს აჭმევდნენ.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ სააკაშვილსაც ვემსახურებოდი. ერთხელ პირადად დამირეკა და მომსახურება მთხოვა. მაშინ ის სამეგრელოში იყო და კოპიტნარის აეროდრომამდე მანქანების კორტეჟმა მოაცილა, ჩვენ იქ დავხვდით. ვერ მოვასწარით ვერტმფრენის სათადარიგო საწვავით მომარაგება და ეს ვუთხარით მას, მაგრამ სააკაშვილმა თქვა, არა უშავს, ჩვენ ჩავსხდებითო!.. მას მეუღლე და სხვა პირებიც ახლდნენ. ისინი ვერტმფრენის უკანა ნაწილში მოთავსდნენ, მიშა ჩვენთან დაჯდა. მთელი გზა გველაპარაკებოდა საერთო სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციაზე, გვკითხა, მათდამი როგორ ვიყავით განწყობილი... კრიტიკას ხომ არ დავუწყებდი... ავიაციაში 2004 წლამდე ვიმსახურე.

- თქვენი აზრით, როგორ იმუშავეს ჩვენმა ვერტმფრენებმა აგვისტოს ხანძრების დროს 2017 წელს, რაზეც ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა? - ერთი შეხედვით ნორმალურად, თუმცა საინტერესო იყო საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებული თანხები. მაგალითად, ყოველთვის არის შესაძლებლობა თქვან, რომ 50 ათასი ლიტრი საწვავი დახარჯეს, სინამდვილეში კი 25 ათასი ლიტრი ჰქონდეთ გახარჯული. მოკლედ, ამის გაკონტროლება ძნელია, თუმცა შესაძლებელი. რამდენადაც მახსოვს, ამ ნახევარი მილიონიდან, რაც ხანძრების ლიკვიდაციისთვის გახდა საჭირო, 200 ათასამდე სწორედ საწვავისთვის იყო გახარჯული. დაკვირვების საგანი შეიძლებოდა გამხდარიყო ის, თუ რამდენი საათი იმუშავეს ვერტმფრენებმა და შემდეგ შეიძლება დაზუსტება, იმ დროის განმავლობაში მაქსიმუმ რამდენ გაფრენას შეძლებდნენ. ერთ გაფრენას 4-5 ათასი ლარის საწვავი მაინც სჭირდება... (ეღიმება).

- 83 წლის ბრძანდებით, საჭირო რომ გახდეს, ისევ შეძლებთ რთული პილოტაჟის მანევრების შესრულებას?

- კი, პრობლემა არ იქნება...