"ვერც იოსები მეტყოდა მიყვარხარო, თუშეთში პირდაპირ სიყვარულის გამხელა სირცხვილი იყო" - ვისთვის და როგორ დაიწერა ყველასთვის საყვარელი "შატილის ასულო" - კვირის პალიტრა

"ვერც იოსები მეტყოდა მიყვარხარო, თუშეთში პირდაპირ სიყვარულის გამხელა სირცხვილი იყო" - ვისთვის და როგორ დაიწერა ყველასთვის საყვარელი "შატილის ასულო"

"იოსები ძალიან სახელიანი კაცი იყო, ალვანში მოსულ ყველა სტუმარს მაგას უსვამდნენ თამადად, რადგანაც ყველას ენა იცოდა"

არ ვიცი, არსებობს თუ არა ისეთი ქართველი, რომელსაც "შატილის ასულოს" მოსმენისას გული არ აუჩქროლდება - ეს სიმღერა ყველას სიყვარულს მოანდომებს! იქნებ ამიტომაც იყო, რომ ლექსის ავტორობა ხალხს ჯერ კიდევ მაშინ დაჰბრალდა, როცა ნამდვილი ავტორი, ალვანელი თუში იოსებ ლონგიშვილი, ცოცხალი იყო. მეტიც, "შატილის ასულო" საავტორო ლექსების წიგნში ჰქონდა შეტანილი, თანაც მისი ცოლი სწორედ ის ქალი გახლდათ, რომლის სიყვარულმაც ეს სიმღერა დააწერინა.

ალბათ, ყველას ახსოვს ანსამბლ "ერისიონის" მონაწილეობით გადაღებული ფრანგული ვიდეოკლიპი, სადაც "შატილის ასულო" ხალხურ სიმღერად არის მიჩნეული. ხანდაზმულობისაგან ისედაც დაუძლურებული იოსები ამას იმდენად განიცდიდა, რომ ოჯახმა სასამართლოს არაერთგზის მიმართა. საბოლოოდ სიმართლე დამტკიცდა, თუმცა იოსებ ლონგიშვილი ამას ვერ მოესწრო. სამაგიეროდ, ცოცხალი დარჩა "შატილის ასულო" და ამ სიყვარულის ზღაპარი, რომელსაც იოსებ ლონგიშვილის მეუღლე, 75 წლის ფატიმა წოტოიძე ისე ჰყვება, თითქოს ყველაფერი ამწუთას ხდება. ასეც არის - ნამდვილი სიყვარული ხომ სულ შენთანაა.…

- იოსებმა რომ თვალი დამადგა, სულ 18 წლისა გახლდით. ის კი გეცოდინებათ, რომ ამ დროს ქალებიცა და ვაჟებიც სიყვარულის სურვილით ცაში ვარსკვლავებსა კრეფენ და მეც ასე ვიყავ, თუმცა გათხოვება მინდოდა-მეთქი, რომ ვთქვა, მართალი არ ვიქნები, მით უფრო იოსებზე, რომელიც ჩემზე უფროსი იყო. მე უფრო ჩემი ტოლი ვაჟი მეწადა საქმროდ, თანაც აუცილებლად ნასწავლიც უნდა ყოფილიყო, რადგან სწავლა თავადაც ძალიან მეწადა. მართალია, მამით ობოლი ვიყავი, დედა და დეიდა გვზრდიდნენ და გვიჭირდა, მაგრამ სწავლას მაინც ვფიქრობდი. ამასობაში თურმე თვალი იოსებს დაუდგამს. ალვანიდან თუშეთში ვიყავით თუშები ხატობაზე და სწორედ იქ უთქვამს, ან ფატიმას შევირთავ, ან არავისო. იქიდან ჩამოსულს ორჯერ ცოლობა მთხოვა და ორივეჯერ უარი ვუთხარი, არა ვთხოვდები, უნდა ვისწავლო-მეთქი.

ალვანში დიდი მეურნეობა გვქონდა და იქ დავიწყე მუშაობა. შრომა კი ძნელი იყო, მაგრამ ახალგაზრდები ვიყავით და დრო ხუმრობაში გაგვყავდა. მეც ხშირად ვიტყოდი ხოლმე, ქმრად ისეთი კაცი მინდა, გაბარდინის პალტოს, ლაკის ტუფლებს და ოქროს საათს რომ მიყიდის, ასეთი თუ არ გამოჩნდა, არავის გავყვები-მეთქი. ჩემთან იოსების და, ნატო მუშაობდა და ის ჩამეკითხებოდა ხოლმე, ქალო, მაგ ყველაფერს ჩემი ძმა გიყიდის და ბარემ იმას გაჰყევი, ხომ იცი, რა ძლიერ უყვარხარო... უიმე, რას ამბობ, მაგას ვერაფრით-მეთქი, ვეტყოდი და ისიც ჩაჩუმდებოდა. არადა, ეს ნატო ალვანის ყველაზე სახელიანი ქალი იყო. ისეთი გარმონის დაკვრა იცოდა, სულ ცხენზე შემომჯდარს დაატარებდნენ მთავრობებში თავის გარმონიანად. ძმის ლექსების პირველი დამკვრელიც ეგ იყო.

- იოსებზე აზრი ვერც მისმა სახელგანთქმულმა დამ შეგაცვლევინათ? - განა სიყვარული სახელგანთქმულობით მოდის?! თავად იოსებიც ძალიან სახელიანი კაცი იყო, ალვანში მოსულ ყველა სტუმარს უსვამდნენ თამადად, რადგანაც ყველას ენა იცოდა, მაგრამ ამისთვის ხომ არ შემიყვარდებოდა?!

- არც მისი ლექსები მოგწონდათ? - აბა, რომელი თუში ქალი იტყოდა, იოსების ლექსი არ მომწონსო?! მომწონდა და მერე როგორ. მაგ ლექსებზე სიმღერებს მაშინ უკვე მთელი ალვანი მღეროდა. "შატილის ასულო" კი, მე რომ შატილში ვიყავი, მაშინ დაუწერია. იქ სკოლიდან წაგვიყვანეს ექსკურსიაზე და რომ ჩამოვედი, ლექსი უკვე დაწერილი დამხვდა. ამდგარა და ჩვენი სკოლის სიმღერის მასწავლებლისთვის, თამარ ქააძისთვის მიუტანია, აბა, შენ იცი, ამ ლექსიდან კარგი სიმღერა გამოიყვანეო. იმასაც ხელად გაესიმღერებინა. ქალებმა რომ მითხრეს, ფატიმა, ეგ სიმღერა შენზეა დაწერილიო, მტკიცედ ვიუარე, რას ამბობთ, რამდენი ლექსი დაიწერება, მაინცდამაინც ჩემზე როგორ იქნება-მეთქი! ქალო, შენი სახელი რომ წერია, იმას მაინც ვერ ხედავო?! მოკლედ, ეგ ამბავი გულში მეც მესიამოვნა, მაგრამ მაგას რა შემამჩნევინებდა! ისე, ვერც იოსები მეტყოდა მიყვარხარო, თუშეთში პირდაპირ სიყვარულის გამხელა სირცხვილი იყო. თავდაპირველ ლექსში მართლაც ჩემი სახელი ეწერა "შატილის ასულო, ლერწამო ფატიმა, ტოლებში აგარჩევ ვაჟკაცის ხელითაო!" მერე კი ზოგიერთი სიტყვა თავად მომღერლებმა შეცვალეს... შეიძლება ძალიან ლამაზიც არ ვყოფილვარ, მაგრამ ტანი მართლაც ლერწამი მქონდა. მამაჩემს ვგავდი, 185 სანტიმეტრი ვიყავი სიმაღლით.

მე მაინც უარს ვიტყოდი, ჩემი საქმე დეიდაჩემს რომ არ გადაეწყვიტა. ისეთი დეიდა მყავდა, მზეს ედარებოდა, მაგრამ არ გათხოვილა. ალბათ, ამიტომაც გადაწყვიტა ჩემი საქმე სასწრაფოდ. როცა იოსები მესამეჯერ მოვიდა ჩემს სათხოვნელად, სახლში მის გარდა არავინ იყო. დეიდაჩემმა მითხრა, ფატიმა, ამ კაცს შენ ისე უყვარხარ, სახლიდან უარით ვერ გავისტუმრებ, თუ გინდა ბედნიერი იყო, ის უნდა შეირთო, ვისაც ძალიან უყვარხარ, განა ის, ვინც შენ გიყვარსო! ასე გავყევი...

პატარა ქორწილი გვქონდა. ჩემი ქმარი ჩემზე 16 წლით უფროსი იყო, მაგრამ გული არაფერზე დამწყვეტია. მაშინვე ის ვიფიქრე, ეგ ისეთი ჭკვიანია, მრავალ ნასწავლსაც აჯობებს-მეთქი და ასეც იყო. არც უფროსობა დასტყობია არასოდეს... სულ იმას გაიძახოდა, ჩემზე კარგი ცოლი არავის ჰყავსო. მე ვაჩუმებდი, კაცო, მაგის ხმამაღლა ლაპარაკი როგორ შეიძლება-მეთქი? ის მაინც თავისას გაიძახოდა. გულით რომ ვუყვარდი, სიამტკბილობითაც ვიცხოვრეთ.

იოსებ ლონგიშვილი და ფატიმა წოტოიძე

- გაბარდინის პალტო, ლაკის ფეხსაცმელები და ოქროს საათი თუ აყიდვინა თქვენმა მულმა?.. - აყიდვინა, მაგრამ მაგას მულის ნათქვამი რად უნდოდა, ისედაც იყიდდა. დიდი შემოსავალი არასოდეს ჰქონია, მაგრამ ჩემთვის არაფერი ენანებოდა. არც მე დამნანებია მისთვის ტკბილი სიტყვა. არც გულით მოლხენა დამიშლია. არ მიჩხუბია, მთვრალი რად მოდიხარ სახლში-მეთქი!

ხომ ჯიუტი იყო ყველა თუშივით და დიდად არაფერს მიჯერებდა, მაგრამ ეგ ლექსს არ ეხებოდა. როცა დაწერდა და მაგიდაზე დადებდა, ვითომ შემთხვევით, მე უჩუმრად ავიღებდი და რომელი სიტყვაც არ მომეწონებოდა, ვეტყოდი, ეგ სიტყვა არ მომწონს-მეთქი. ჯერ მეტყოდა, შენ საიდან იციო? შემთხვევით ჩავიარე და წავიკითხე-მეთქი. შეწუხდებოდა, მაშ, ახლა თავიდან უნდა გადავწეროო? და მაინც გადაწერდა, იმიტომ, რომ მართალი ვიყავი. ისე, როგორ ვთქვა, "შატილის ასულზე" მეტად სხვა ლექსები უფრო მომწონდა. მაგალითად, "რა ლამაზია თუშეთი" ნაკლებია?! ანდა კიდევ ესეც: "გული იქ დამრჩა ტიალი/, სადაც ალაზნის თავია/, იქ დამრჩა ჩემი ლამაზი/, ტანაშოლტილი ქალია/, არვინ წამართვას ლამაზი/, მთებო, გეჭიროთ თვალია".

- საოცარ ჰარმონიაში გიცხოვრიათ, ბევრ ქალს შეშურდება თქვენი. ის როგორ გადაიტანეთ, როცა იოსების "შატილის ასულო" ხალხურ ლექსად მოიხსენიეს. - განა ეგ მარტო ერთი მოხსენიება იყო? მსოფლიომ გაიგო, რომ ეგ ლექსი ვითომ ჩემს ქმარს არ ეკუთვნოდა. იოსები ძალიან განიცდიდა. რომ ვამშვიდებდი, მეტყოდა, აბა, როგორია, შენ რომ ლამაზი კაბა შეკერო და ვიღაცამ თქვას, ეგ კაბა ფატიმამ კი არა, მე შევკერეო?! ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, სიმართლის დამტკიცებას ვეღარ მოესწრო. ახლა რომ ვფიქრობ, კიდევ უფრო მეცოდება. მე ხომ ვიცი, რა ძალას ხარჯავდა ლექსების დაწერაში და სულ უგროშკაპიკოდ, მაგის ჯილდო ხალხის სიყვარული იყო, ჩემი კი თავად ეგა. ამიტომაც გულში ახლა მე ვიმეორებ - ჩემისთანა კარგი ქმარი არავისაც არ ჰყოლია.