"ჩვენ თბილისს თავისი საკადრისი ესსე მივუძღვენით" - კვირის პალიტრა

"ჩვენ თბილისს თავისი საკადრისი ესსე მივუძღვენით"

"ჯერ მარტო გუდიაშვილის ცეკვისთვის ღირდა ამ ფილმის გადაღება"

"რამდენჯერ გითქვამს, აღარ გიყვარვარო, შენ გინდა, მთელი ცხოვრება ჯვრისწერის პირველ დღეს ჰგავდეს - ასე არაა, ძვირფასო... თუ დამიჯერებ, მე დღეს შენი ნაოჭები უფრო მიყვარს, ვიდრე შენი სახე ოცი წლის წინათ, მაგრამ ცხოვრება ისე გვღლის, რომ ყოველთვის აღტაცებულ მიჯნურად ვეღარ გამოიყურები კაცი..." - ფილმში "მზე შემოდგომისა", ოთარ მეღვინეთუხუცესის გმირის მეუღლისადმი ნათქვამი ეს სიტყვები გულგრილს არავის ტოვებს. მისი ავტორი, ფილმის სცენარისტი, გენიალური მწერალი და დრამატურგი რეზო თაბუკაშვილია, ადრესატი კი - მედეა ჯაფარიძე, ფილმშიც და ცხოვრებაშიც... მაყურებელს ხიბლავს ამ ფილმისთვის დაწერილი მუსიკაც. "მზე შემოდგომისას" კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი და რეჟისორი თემურ ფალავანდიშვილი "კვირის პალიტრის" სტუმრები არიან.

ვაჟა აზარაშვილი: - ჩემს კურსზე სწავლობდა პიანისტი ნანა ავალიშვილი, მისი მეუღლეა ბრწყინვალე ოპერატორი ლომერ ახვლედიანი. როგორც ჩანს, ნანამ ურჩია, ლომერსა და თემურ ფალავანდიშვილს, რომ მუსიკის ავტორად მე ავეყვანე. მუშაობის პროცესში ხშირად ვიკრიბებოდით რეზო თაბუკაშვილთან. ამ ფილმისთვის დავწერე თაბუკაშვილის ლექსზე სიმღერა "ყველასათვის ლეგენდავ და არაკო, გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო". გახსოვთ ალბათ, ფაეტონს რომ შეახტება მეღვინეთუხუცესის გმირი, ვახტანგი. კადრები მაჩვენეს და მელოდიაც უცებ მოვიდა...

- ფილმში არსად ჩანხართ... - როგორ არა, მხოლოდ რამდენიმე კადრში - ვახტანგის გამოფენა რომ არის, იმ სცენაში. მომდევნო სცენას, სადაც ელენე ახვლედიანი, ჯანო ბაგრატიონი, თამარ ციციშვილი, ლადო გუდიაშვილი და სხვა ცნობილი ადამიანები სხედან სუფრასთან, არაფრით არ შევუერთდი - მე ჯერ ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ მანდ დავჯდე-მეთქი. ვერ დამიყოლიეს...

მე რომ მკითხოთ, ჯერ მარტო გუდიაშვილის ცეკვისთვის ღირდა ამ ფილმის გადაღება. ტანგოს ეპიზოდი, სადაც ვახტანგი და ეკა ცეკვავენ, ძალიან პოპულარული გახდა - დღესაც უკრავენ კონცერტებსა თუ კონკურსებზე, როგორც ჩვენთან, ისე საზღვარგარეთ.

რაც დრო გადის, ფილმს მეტი მაყურებელი ჰყავს, ამიტომ ხშირად აჩვენებენ ტელევიზიებით. ფილმის გაშვების შემდეგ, ავტორებს ჰონორარი გვე-წერება. 2-3 ჩვენებით იმდენი თანხა გროვდება, მე, ლომერი და თემური ერთად ვხარჯავთ, რესტორანში მოვილხენთ ხოლმე. ტრადიცია ჩამოგვიყალიბდა ასეთი.

"დღემდე გული მწყდება, რომ გუდიაშვილის გადაღებას ზუსტად ორი წუთი დავუთმე"

თემურ ფალავანდიშვილი: - ერთხელ დიღმის კინოსტუდიაში მხვდება რეზო თაბუკაშვილი (ის ჩემი დეიდაშვილიც იყო) და რაღაც სცენარი უჭირავს ხელში, წაიკითხეო. ვოლგა ჰყავდა და შემომთავაზა, დაჯექი, გაგასეირნებო. რეზოს თავისი საყვარელი ადგილები ჰქონდა ძველ თბილისში - როდესაც უცხოელი სტუმრები ჩამოდიოდნენ, რეზო და მედეა მათი მეგზურები იყვნენ ხოლმე... მოკლედ, ჯერ ძველი თბილისი მომატარა და შემდეგ გამომატანა სცენარი სახლში. წაკითხვისთანავე მივხვდი, რომ სცენარში უთუოდ უნდა შესულიყო ძველი თბილისი. ძველი თბილისი ჩვენი ფილმის "გმირად" ვაქციეთ...

მერე დაუკავშირდით ელენე ახვლედიანს, რომელიც მეგობრობდა რეზოსთან, მედეასთან, მამაჩემთან... ჰოდა, მან მხოლოდ ნამუშევრები კი არა, სახელოსნოც დაგვითმო. მოგეხსენებათ, რომ ქალბატონი ელენე ძველი თბილისის ქომაგი იყო, დადიოდა და მემატიანესავით იხატავდა სიცოცხლით სავსე ეზოებსა და ფერად აივნებს. ელენე ახვლედიანის ნახატების მიხედვით ამოვირჩიეთ ადგილები, რომლებსაც ვახტანგი ფილმში ხატავდა... ქალაქური მელოდიები გვჭირდებოდა და მოვიწვიეთ ვაჟა აზარაშვილი. ჩემი საყვარელი ეპიზოდია, როცა ოთარი ქალაქში დადის და ხატავს - უსიტყვო კადრებია, მთლიანად მუსიკაზე აგებული, ლომერმა ბრწყინვალედ შეასრულა, რომ ყველა კადრი მისადაგებული ყოფილიყო ელენეს ნახატებთან... რაც შეეხება მსახიობებს, მე, როგორც რეჟისორს, მაინცდამაინც არ მიყვარს სინჯები. აბა, რა სინჯი სჭირდებოდა ოთარს, გურანდას, ბერიკას, კახის...

- გუდიაშვილი სპონტანურად ცეკვავს ფილმში, თუ ასეც იყო გათვალისწინებული?

- ეს იდეა მაშინ დამებადა, როცა სახელოსნოს სცენებს ვიღებდით. რთული გადაწყვეტილება იყო, არ ვიცოდი, როგორ მეთქვა. ძალიან მინდოდა, ეკრანზე დარჩენილიყო. რეზომ მითხრა: მოდი, ვთხოვოთ, ფილმში კინტაური იცეკვოსო. მომერიდა ამის თქმა, თუმცა, ვიცოდი, რომ ფილმში "ქეთო და კოტე" შავგულიძეს მან ასწავლა კინტაურის ილეთები. დღემდე გული მწყდება, რომ გუდიაშვილის გადაღებას ზუსტად ორი წუთი დავუთმე, ანუ ის დრო, რამდენი ხანიც მჭირდებოდა ფილმში და არ გადავიღე არქივისთვის.

აღსანიშნავია ისიც,"რომ ფილმის გამოსვლიდან მალევე დაწესდა თბილისობის დღესასწაული. მაშინდელი თბილისობა საინტერესო იყო. ახლა ეს დღესასწაული გადავიდა ღრეობაში, 3-კილომეტრიან ხაჭაპურში... მაშინ ამ დღისთვის ქალაქის რომელიმე განახლებული უბანი იხსნებოდა. პირველ წელიწადს განახლდა ლესელიძის ქუჩის ერთი უბანი, მეორე წელიწადს - სანაპირო, მერე - ბამბის რიგი. ასე რომ, ყოველ წელიწადს თბილისს თბილისობაზე ემატებოდა ერთი რესტავრირებული უბანი. მერე ეს ტრადიცია დაირღვა... თბილისობამ მთავარი ეშხი დაკარგა, თუმცა კარგია რომ არსებობს.

- რას ნიშნავს თქვენთვის "მზე შემოდგომისა"?

- მგონია, თბილისს თავისი საკადრისი ესსე მივუძღვენი რეზოს, ვაჟას, ლომერის და უსაყვარლესი მსახიობების დახმარებით. ეს ფილმი აქამდე რომ ცოცხლობს, ესე იგი ხალხისთვის გარკვეული ღირებულება გააჩნია.

"ჯერ მარტო გუდიაშვილის ცეკვისთვის ღირდა ამ ფილმის გადაღება"