ბალადა ჯარისკაცის დედაზე - კვირის პალიტრა

ბალადა ჯარისკაცის დედაზე

ორიოდე წლის წინ, აგვისტოში, რუსის თვითმფრინავები რომ დაფრინავდნენ თბილისის ცაზე, ერთ-ერთმა დიდმოხელემ ჯერ თავისი ახლობლები რომ დააბინავა საიმედოდ და მერე დაგვმოძღვრა, - შინიდან დანა-ჩანგალი გამოიტანეთ და იმით დაუხვდით მტერსო, მივხვდი, ჩვენი ერთადერთი მხსნელი მამაზეციერი თუ იქნებოდა... შემზარავი ამბები მოდიოდა სამაჩაბლოდან, ამათ კი ტაშ-ფანდური გამართეს - გავიმარჯვეთ და უნდა ვიზეიმოთო... ეს იმ ქვეყანაში, სადაც სვანური ზარი მრავალი საუკუნის წინ შეიქმნა.

აი, სწორედ მაშინ გამახსენდა ერთი სიმღერა, "ბალადა ჯარისკაცის დედაზე", რომელიც ქართული საესტრადო სიმღერის კლასიკოსმა გიორგი ცაბაძემ დედამისს, ოლია ნაცვალაძეს მიუძღვნა. ყურმილი ავიღე და ბატონი გოგის ვაჟიშვილს, კახა ცაბაძეს დავურეკე. ახლა ამ სიმღერის დროა-მეთქი. ალბათ, ბევრმა არ იცის, რა იმალება ამ მშვენიერი სევდიანი მელოდიის უკან. კახა ცაბაძის მოყოლილი საინტერესო ამბები, ვფიქრობთ, ამ კითხვებს ამომწურავ პასუხს გასცემს.

ჩემი სევდიანი ბებო

არაჩვეულებრივი ბებია გვყავდა (კახას ბებია ჩემი პაპიდა იყო. - ავტ.) - ოლია ნაცვალაძე, ბაქოს ქართული გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული. ბაბუაჩემი და ბებიაჩემი სილამაზით თბილისში ცნობილი წყვილი იყო, მაგრამ ცხოვრების ვარამმა თავისი კვალი დაატყო ბებოს, მზერა ნაღვლითა და სევდით აევსო... 75 წლისა გარდაიცვალა.

მე და ბებოს დიდხანს ერთ ოთახში გვეძინა. ძილის წინ ჯერ ზღაპრებს მიყვებოდა, მერე, როცა წამოვიზარდე, ნამდვილ ამბებზე გადავიდა. თუ რაიმე ვიცი მამაჩემის ახალგაზრდობაზე, ბაბუაჩემზე, სულ ოლია ბებოს მოყოლილი ძილისპირული ამბებიდან არის.

ამას წინათ ძველ ფოტოებს რომ ვათვალიერებდი, ბებიაჩემის ერთი სურათი შემრჩა ხელთ. ამ სურათზე ორმოცდაათისაც არ უნდა ყოფილიყო, არადა, ისეთი დარდიანია... უბედური ქალი იყო ბებიაჩემი. ოთხი შვილიდან მხოლოდ მამაჩემი შერჩა. ქმარი გადასახლებაში დაეღუპა, შემდეგ ქალიშვილი - 21 წლის ქეთო, მერე ორი შვილი - ირაკლი და გრიშა გაიწვიეს ომში, საიდანაც აღარ დაბრუნებულან. დარჩა ერთადერთი ვაჟი, რომელიც 13 წლის ასაკში ტრამვაის ქვეშ ჩავარდა და ფეხი დაიზიანა.

დამალული სამკუთხა ბარათი

ჯერ შუათანა ძმის, გრიშას დაღუპვის ცნობა მოსულა ომიდან. ერთ დღეში გათეთრებულა ბებიაჩემი. მდუმარედ ყოფილა დიდხანს. მეორე ძმის, ირაკლის დაღუპვის ამბავი მამაჩემს დაუმალავს დედისთვის. ეს იყო ერთადერთი ტყუილი, რაც მამაჩემს უთქვამს თავის სიცოცხლეში. ერთ დროს უბედნიერესი ოჯახიდან დარჩენილ ერთადერთ ვაჟს აღარ უნდოდა, კვლავ თავზარდაცემული ენახა უსაყვარლესი დედა.

სულ მახსოვს, როგორ ელოდა ბებიაჩემი ძია ირაკლის დაბრუნებას, ნებისმიერ ზარზე განსაკუთრებული რეაქცია ჰქონდა ბებოს - შვილს ელოდა, ელოდა ყოველ წუთს, ყოველ წამს... ერთხანს აიჩემა, - ამა და ამ დღეს მოვაო და ამის მერე ლოგინსაც  უშლიდა ყოველდღე. რა თქმა უნდა, ჩვენც ძალიან განვიცდიდით, მაგრამ არ გვინდოდა, გამჟღავნებულიყო სიმართლე, არ გვინდოდა, სცოდნოდა ბებოს ირაკლის დაღუპვის ამბავი.

სიმღერით ნათქვამი სიმართლე

გრძნობდა მამაჩემის მეგობარი მორის ფოცხიშვილი, როგორ განიცდიდა გოგი და სიმართლის თქმის თავისებური გზა აირჩია, ამ ამბავს ლექსი მიუძღვნა - "ბალადა ჯარისკაცის დედაზე", რომლითაც შესანიშნავი სიმღერა შეიქმნა. 70-იან წლებში ამ სიმღერას ჯილდა დათუაშვილი ასრულებდა. ეს არის ორი შემოქმედის ურთიერთობის ბრწყინვალე ნიმუში.

გული მწყდება, რომ დღეს არ ჟღერს ეს სიმღერა. სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია შინმოუსვლელი ჯარისკაცის თემა. იმხელა ტკივილია ამ სიმღერაში ჩადებული, ბებიაჩემმა მთელი ცხოვრება რომ ატარა.

"დედა გარეთ გამოვა და

ჩუმად მოსთქვამს:

"ჩემი შვილი აღარ სჩანს..."

არც არასდროს გამოჩნდება

შენი შვილი, დედა,

ჯარისკაცი ჯარისკაცად დარჩა...

სადღაც უცხო მიწა-წყალზე

განისვენებს ალბათ,

შენი დავარცხნილი თმები

აუწეწა ქარმა,

შენი დაკემსილი ქუდი

გაუცრიცა ტყვიამ,

შენს შვილს ახლა უსახელო

ჯარისკაცი ჰქვია...

შინ შებრუნდი, გვიან არის,

ხედავ, დედი?

შენი შვილი აღარ ჩანს,

არც არასდროს დაბრუნდება

შენი შვილი, დედა,

ჯარისკაცი ჯარისკაცად დარჩა".

რატომ არ მოსწონდა გოგი ცაბაძის სიმღერა ცუცა ბეღელაძეს

ბებიაჩემი სიცოცხლის ბოლომდე ვერ გაერკვა, რა პროფესიისა იყო გოგი. მამაჩემს ჰქონდა პერიოდები, როცა არ მუშაობდა, იჯდა შინ და წერდა მუსიკას. ბებიაჩემი ამას მუშაობად არ თვლიდა. სულ სინანულით ამბობდა, - ჩემთვის რომ დაეჯერებინა, ახლა ექიმი იქნებოდა და საქმეც ექნებოდაო.

მამაჩემს რომ ტრამვაიმ ფეხი გადაუჭრა, უკითხავთ, რა მოგიტანოთ, ოღონდ ინატრე და ყველაფერს შეგისრულებთო, - პიანინოო. ყველას გაჰკვირვებია, ბებიაჩემს - არა. ისე მღეროდა და უსტვენდა, არსად რომ არ მქონდა გაგონილიო, - იხსენებდა მოგვიანებით. ბაბუაჩემი გაბო ცაბაძე პროფესიონალი მუსიკოსი არ იყო, მაგრამ უკრავდა გიტარაზე, წერდა ლექსებს, საკუთარი სიმღერებიც ჰქონია.

ჩვენს მეზობლად, გოგოლის ქუჩაზე, ცხოვრობდა ერთი მხცოვანი ქალბატონი ცუცა ბეღელაძე, რომელსაც ხშირად უთქვამს, - გოგიმ რა იცის სიმღერა, გაბო რომ გიტარას აიღებდა, სიმღერა აი, ის იყოო...

"გაფუ, გაფუ", ანუ ფაეტონის ქარხნის მადლიერი მუშები

ბაბუაჩემი ძალიან გონიერი კაცი იყო. ცნობილი ბიზნესმენი გახლდათ. სხვადასხვა ქალაქში ჰქონდა ღვინის და ფაეტონის ქარხნები. ბუხარაში უწევდა ხშირად სიარული. ბებიაჩემი იხსენებდა, - რომ ჩამოდიოდა, ჯერ მეზობლებს ჩამოუვლიდა, აბა, რა გიჭირთ, რით დაგეხმაროთო. ფულსა და ბეწვეულს ჩამოარიგებდა და შინ მერე შემოვიდოდაო.

გაბო ოცი წლის გარდაცვლილი მაინც იქნებოდა, ტაშკენტში რომ ჩავიდა "რერო" გასტროლებზე. ანსამბლს გოგიც ახლდა. გუგული მგელაძის ფილმში, "ფესვები", რომ ხვდებიან ლევან აბაშიძის გმირს, აი, ისე შეხვედრიან მამაჩემს ტაშკენტში. გოგი ვერ წარმოიდგენდა, თუ ვინმეს ეხსომებოდა ოცი წლის წინ გარდაცვლილი მამამისი. როცა "რეროს" აფიშაზე წაუკითხავთ ბუხარელებს გოგის გვარი, გადარეულან სიხარულით.

დარაზმულან და დახვედრიან საქართველოდან ჩასულ ანსამბლს. მამაჩემისკენ წამოსულან, უცნიათ იერით, - "გაფუ, გაფუო", - უძახიათ ბაბუაჩემის სახელი... ეხვევიან, ეფერებიან, თან ცრემლებს ვერ იკავებენ, მერე მოთქმით ატირებულა ყველა... ბაბუაჩემის ფაეტონის ქარხნის მუშები არ მოსცილებიან მამაჩემს და ანსამბლ "რეროს" უზბეკეთში ყოფნის განმავლობაში.

როცა ღმერთები ტირიან

მამაჩემს ერთი სიმღერა აქვს დედაზე დაწერილი ლევან ჭუბაბრიას არაჩვეულებრივ ლექსზე. ასეთი სიტყვებია იქ: "ორმოც მაისს მოვესწარ და შენ კი ისევ ამბობ, არ გაცივდეს ბავშვი". ამ სიმღერის მოსმენისას მამაჩემის მეგობრები, ძლიერი პიროვნებები, ვაჟკაცები, რომლებიც,  მეგონა, ქვეყანას გადაატრიალებდნენ და ჩემი სალოცავები იყვნენ (და არიან), პატარა ბავშვებივით იწყებდნენ ტირილს. სულ მიკვირდა, რა ატირებთ ამხელა კაცებს-მეთქი.

მერე მივაქციე ყურადღება, რომ ერთსა და იმავე სიმღერაზე ტიროდნენ... ცოტა რომ წამოვიზარდე და ტექსტს მივაქციე ყურადღება, მეც ჩამომვარდა თვალზე ცრემლი.

გავუგე მამაჩემის მეგობრებს.

P.S. პაპაჩემის საწერ მაგიდასთან რამდენიმე ფოტო შემორჩა ჩემს მეხსიერებას. პატარაობისას ხშირად მიმეორებდნენ მათ სახელებს - ეს ირაკლია, ეს გრიშა, ეს კი ქეთოო... მერე ამ გალერეას პაპიდაჩემ ოლიას სურათიც შეემატა. იმ ქალის სურათი, საოცარი სითბო რომ მახსოვს დღემდე, მახსოვს, მისი ყოველი სტუმრობა ჩემი მშობლებისთვის დღესასწაული იყო.

მახსოვს, როგორ შეიკეტებოდა ოთახში პაპაჩემი და როგორ ესიყვარულებოდა გაცრეცილ სილუეტებს, როგორ იღებდა მაგიდის უჯრიდან ირაკლისა და Gგრიშას ფრონტიდან გამოგზავნილ სამკუთხა ბარათებს... რამდენჯერმე ცრემლიც შევნიშნე, ჩუმად ტიროდა ხოლმე, რატომღაც მარიდებდა ცრემლიან თვალს... მაშინ მეგონა, გულჩვილი იყო... სიტყვით რას გავუბედავდი, გუნებაში კი არაერთხელ მისაყვედურია მისთვის... მერე მე გადამედო მისი გულჩვილობა... ახლა მეც პაპაჩემივით ვტირი...

კიდევ ის მახსოვს, სიკვდილის წინ უკანასკნელი თხოვნა რომ გაუმხილა პაპიდაჩემმა გოგი ბიძიას - ირაკლის გაშლილი ლოგინი დაახვედრეთო... დასტური რომ მიიღო, მშვიდად გაეცალა სააქაოს.

ორმოცი დღე დიდი კომპოზიტორის მეუღლე თამარ მაჭავარიანი პედანტურად ასრულებდა დედამთილის ანდერძს. ორმოცი დღის განმავლობაში ოლია ნაცვალაძის ოთახში არ ალაგებულა ის ლოგინი, ჯარისკაცის დედას საკუთარი შვილისთვის რომ გაეშალა.

მამუკა ნაცვალაძე