"ცხრა თვე სხვის ბავშვს მუცლით რომ ვატარებ, ვცდილობ, მასზე ბევრი არ ვიფიქრო, რომ არ შემიყვარდეს" - კვირის პალიტრა

"ცხრა თვე სხვის ბავშვს მუცლით რომ ვატარებ, ვცდილობ, მასზე ბევრი არ ვიფიქრო, რომ არ შემიყვარდეს"

"მე უკვე მზად ვარ და ამ კვირაში გადამიტანენ ემბრიონს"

უცხოელი წყვილები საქართველოში ხშირად ჩამოდიან სუროგატი დედის საძებნელად. მათ კლინიკები სუროგატის მოძებნაში ეხმარებიან და იწყება სუროგატისა და წყვილის ურთიერთობა, ხელშეკრულებაც ნოტარიულად ფორმდება. სუროგატი დედის მომსახურების ფასი, საშუალოდ, 15.000 დოლარიდან იწყება; კლინიკის მომსახურებიანად სულ 30 000 დოლარი ჯდება. ამას ემატება ორსულობის პერიოდში ყოველთვიურად სუროგატის კვებისთვის გამოყოფილი 300 დოლარი. ჩვენთან სუროგაცია 1997 წლიდან ნებადართულია. კანონში განმარტებულია, რომ დაბადებისთანავე ბავშვის დაბადების მოწმობაში მშობლებად რეგისტრირდება ბიოლოგიური წყვილი...

ნინო 30 წლისაა. სამი შვილის დედა ოჯახთან ერთად თბილისთან ახლოს, სოფელში ცხოვრობს. ის უკვე მეორედ აჩენს უცხოელი წყვილისთვის პატარას.

- ჩემს წყვილს რომ შევხვდი, თარჯიმანი გვეკითხებოდა, რა გაინტერესებთო, მაგრამ ერთმანეთს ვერაფერი ვკითხეთ. ისინი იდგნენ და მიყურებდნენ. მე უკვე მზად ვარ და ამ კვირაში გადამიტანენ ემბრიონს.

- რატომ გადაწყვიტე, სუროგატი გამხდარიყავი? - სამი შვილი მყავს. წლების მანძილზე თურქეთში მოხუც ქალს ვუვლიდი. თავიდან თურქული ერთი სიტყვაც არ ვიცოდი. მოხუცს დავაძინებდი, მერე ქუჩაში დავდიოდი და ენას ვსწავლობდი. დიდხანს ვიყავი იმ ოჯახში. კარგად ვცხოვრობდი. ბებიაც კმაყოფილი იყო, მაგრამ ჩემი შვილები მენატრებოდნენ. სამ თვეში ერთხელ ჩამოვდიოდი საქართველოში, მერე ისევ ვბრუნდებოდი. ახლა თურქულ ფირმაში თარჯიმნად ვმუშაობ. სოფლიდან დავდივარ, 450 ლარს მიხდიან.

უკვე მეორე წყვილისთვის ვაჩენ ბავშვს. მეუღლემ იცის, რომ მხოლოდ მუცლით ვატარებ სხვის შვილს და გენეტიკური კავშირი მასთან არ მაქვს.

- ვინ გირჩიათ სუროგატობა? - ჩემმა მეგობარმა მიმიყვანა კლინიკაში, სადაც თვითონ იყო დარეგისტრირებული. ის უკვე მესამედ აჩენს ბავშვს და ახლა სამ ტყუპს ელოდება. კლინიკაში დეტალურად ამიხსნეს ყველაფერი. მალე ორი წელი გახდება, ბავშვი რომ გავაჩინე. მართლა კარგი საქმე გავაკეთე მათთვისაც და ჩემთვისაც, რადგან ფინანსური მდგომარეობა გავიუმჯობესე.

- ფსიქოლოგიურად არ გიჭირთ სხვისი შვილის მუცლით ტარება? - არა. იტალიელებს გავუჩინე შვილი და ქალმა ბავშვი ხელში რომ აიყვანა, ვხედავდი, რა ბედნიერი იყო.

- კონტრაქტი ოფიციალურად გაფორმდა? - მე ბავშვზე იურიდიული უფლება არ გამაჩნია. ხელშეკრულება ნოტარიუსთან იდება, წყვილსაც იქ შევხვდი. ხელშეკრულებაში რაც წერია, იმ თანხას იხდიან.

ნინოს დახმარებით მის მეგობარსაც დავუკავშირდი, რომელიც, უცხოელი წყვილისთვის სამ ტყუპს აჩენს.

- ეკა, ვიცი, რომ უცხოელებს შვილი ადრეც გაუჩინეთ. - უკვე მესამედ ვაჩენ ბავშვს. პირველად იტალიელები იყვნენ. ორსულობის პერიოდში ისინი არ მინახავს, მაგრამ მდგომარეობას კითხულობდნენ. კარგი კვება მქონდა და ნორმალური ანაზღაურებაც. ახლა ისეთ წყვილს ვუჩენ ბავშვს, რომელსაც ტყუპი უნდა.

- რატომ, ანაზღაურება მეტია? ახლა სამ ბავშვზე რამდენს გიხდიან? - სამწუხაროდ, ბავშვების რაოდენობის მიხედვით არ არის ანაზღაურება. ამ წყვილს სამი ტყუპი უნდოდა და ახლა მათზეა დამოკიდებული, დამატებით თანხას მომცემენ თუ არა. ზოგიერთი ძალიან გულუხვია. მე ამ მხრივ გამიმართლა. მეორედ ებრაელი წყვილისთვის გავაჩინე ბავშვები. პირველი წყვილისგან განსხვავებით, ისინი უფრო ხშირად ჩამოდიოდნენ საქართველოში, საჩუქრებიც მოჰქონდათ. ქალი კვების ფულს რომ მიხდიდა, დამატებით 500 ევროსაც მჩუქნიდა. დავმეგობრდით კიდეც. ბავშვები უკვე სამი წლის არიან. რომ დაიბადნენ, სამშობიაროში ერთ პატარას მე ვუვლიდი, მეორეს - დედამისი. ბავშვები რომ წაიყვანეს, კიდევ 2.000 ევრო მაჩუქეს. დღემდე საჩუქრებს მიგზავნიან, მაგრამ არ იფიქროთ, რომ ყველა ასეთი გულუხვია. ჩემთან ერთად 27 წლის გოგომ იმშობიარა. ისიც მარტოხელა იყო, მაგრამ ბავშვების წასაყვანად დედა არც ჩამოსულა საქართველოში, მხოლოდ მამა ჩამოვიდა.

- სამი ტყუპის გაჩენას ადვილად დასთანხმდით? - ჯანმრთელი ქალი ვარ და ვიცი, პრობლემა არ შემექმნება. არც ეს წყვილი ცდილობს, ხშირი კონტაქტი ჰქონდეს ჩემთან, უფრო ორგანიზაციის პასუხისმგებელ პირს უკავშირდებიან და მისგან იგებენ ამბებს. როგორც ვხვდები, ამ შემთხვევაში დონორის კვერცხუჯრედია გამოყენებული.

- როგორც ჩანს, სუროგატობა პროფესიად გექცათ. - მე მარტოხელა დედა ვარ, ორი შვილი მყავს. პატარა თვეების იყო, სახლიდან რომ წამოვედი, რადგან მეუღლე მოძაAლადე, თან წამალდამოკიდებული იყო. მერე თბილისში ბინა ვიქირავე. ბავშვები პატარები რომ იყვნენ, დიასახლისი იტოვებდა, რომ რამდენიმე საათი დამლაგებლად მემუშავა. მამა ალიმენტსაც არ იხდიდა.

ცხრა თვე სხვის ბავშვს მუცლით რომ ვატარებ, ვცდილობ, მასზე ბევრი არ ვიფიქრო, რომ არ შემიყვარდეს. ახლა ბინა ვიყიდე, შAემიძლია ჩემი შვილების განათლებაში დავხარჯო თანხა და ბედნიერი მომავლის შექმნაში დავეხმარო.

- თქვენი ახლობლები რას ამბობენ? - როცა ძალიან მიჭირდა, არავინ მეხმარებოდა. მხოლოდ დედაჩემს ვეცოდებოდი და თავისი პენსიის ნაწილს მაძლევდა. ორი წელია, დედაც გარდამეცვალა. ბედნიერი ვარ, რომ როცა უჭირდა, შევძელი, მისთვის ყველაფერი გამეკეთებინა. ფული რომ არ მქონოდა, ხომ ვერ დავეხმარებოდი!

ჩემი შვილები უკვე დიდები არიან. იციან, რომ მე მხოლოდ ჭურჭელი ვარ - სუროგატი დედის სისხლიდან ნაყოფი მხოლოდ ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს იღებს. სუროგატი დედის საშვილოსნო ასრულებს ე.წ. ბუნებრივი ინკუბატორის როლს.

- ქართველი წყვილის მომსახურება არასოდეს შემოუთავაზებიათ? - ქართველები იშვიათად აჩენენ სუროგატის დახმარებით პატარას, რადგან ამხელა თანხის გადახდა უჭირთ. კლინიკის მომსახურებიანად 30.000 დოლარამდე ჯდება. აქედან სუროგატი დედა 15.000 დოლარს იღებს.

ქართველები უფრო ხელოვნური განაყოფიერებით ცდილობენ შვილის გაჩენას. ესეც ძვირია და, სამწუხაროდ, შედეგიც ხშირად არ არის.