"ეს სტიპენდია სტუდენტებს უკეთესი აკადემიური მოსწრებისკენ უბიძგებს" - კვირის პალიტრა

"ეს სტიპენდია სტუდენტებს უკეთესი აკადემიური მოსწრებისკენ უბიძგებს"

გვანცა ქურდაძე: "აქამდე კვების მრეწველობის სპეციალობა მაინცდამაინც პოპულარულად არ ითვლებოდა, თუმცა, ვხედავ, რომ ნელ-ნელა დაინტერესება მატულობს. ამ დარგის პროფესიონალები საჭიროა ქვეყნისთვის და მეტი ყურადღება ექცევა დარგის განვითარებას"

რამდენიმე დღის წინ კომპანია "ნიკორამ" აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის 4 სტუდენტი ყოველთვიური სტიპენდიით, 150 ლარით დააჯილდოვა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ სტიპენდიებით კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტთა დაფინანსებას. "კვირის პალიტრა" დაინტერესდა, თუ რა კრიტერიუმებით შეარჩია 20-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიამ სტიპენდიანტები და როგორ გაგრძელდება წარჩინებულ სტუდენტებთან თანამშრომლობა.

ანა კოშაძე, კომპანია "ნიკორას" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი: - აგრარულ უნივერსიტეტსა და "ნიკორას" შორის მემორანდუმი გაფორმდა. ჩვენი მიზანი განათლების სფეროს მხარში ამოდგომა და დახმარებაა. შემთხვევით არ შეგვიჩერებია არჩევანი აგრარულ უნივერსიტეტსა და კერძოდ, კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტზე. მოგეხსენებათ, "ნიკორა" კვების პროდუქტების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია საქართველოში და მაღალკვალიფიციურ კადრებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. დღეს ამ სფეროს სპეციალისტები, მით უმეტეს კვალიფიციური კადრები ძალიან სჭირდება, რადგან საკვები პროდუქტების წარმოება და ხარისხიან პროდუქციაზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება. შესაბამისად, გვინდა ხელი შევუწყოთ, სტიპენდიით წავახალისოთ სტუდენტები, რათა რაც შეიძლება მეტი ენერგია ჩადონ განათლების მიღებაში და მეტად განვითარდნენ.

ამ ეტაპზე 4 სტუდენტი გახდა ჩვენი სტიპენდიანტი.

- რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ ისინი და კიდევ ვის აქვს შანსი გახდეს "ნიკორას" სტიპენდიანტი? - საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები დავაჯილდოვეთ. ეს არ არის ერთჯერადი აქტივობა, ჩვენი და აგრარული უნივერსიტეტის თანამშრომლობა გაგრძელდება. ვიმედოვნებთ, რომ ახალგაზრდების პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში მომავალშიც შევიტანთ ჩვენს წვლილს.

- შერჩეული სტუდენტები ყოველთვიურად მიიღებენ სტიპენდიას? - სტიპენდია თითოეულ სტუდენტს მხოლოდ ერთი სემესტრის განმავლობაში, აკადემიური მოსწრების მიხედვით დაენიშნება. თუ მომდევნო სემესტრშიც საუკეთესო რეიტინგს შეინარჩუნებენ, კვლავ დაფინანსდებიან, ან მათ ადგილს სხვა მაღალრეიტინგული სტუდენტები დაიკავებენ. წარმატებას ვუსურვებთ ყოველ მათგანს.

- თქვენს სტიპენდიანტებს მომავალში თუ ექნებათ რაიმე პრივილეგიები? - როდესაც წარჩინებული სტუდენტები დავასაჩუქრეთ და სტიპენდიები გადავეცით, სამომავლოდ, მათ "ნიკორაში" სტაჟირებაზეც ვისაუბრეთ... ვნახოთ, როგორ გამოიჩენენ თავს.

"კვირის პალიტრა" "ნიკორას" სტიპენდიანტებსაც გაესაუბრა.

ელენე ჯავახიშვილი, ნიკორას სტიპენდიანტი: - ეს სტიპენდია სტუდენტებს უკეთესი აკადემიური მოსწრებისკენ უბიძგებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კვების ინდუსტრიამ ამ დარგის სტუდენტებს ყურადღება მოგვაქცია. სასიამოვნოა, რომ ჩვენი შრომა "ნიკორამ" ამ ფორმით დააფასა.

გვანცა ქურდაძე, "ნიკორას" სტიპენდიანტი: - სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ სტიპენდიანტი გავხდებოდი, რადგან ვიცოდი, მაღალი ქულები და რეიტინგი რომ მქონდა. ჩვენს უნივერსიტეტში ასეთი წამახალისებელი აქტივობა არასოდეს ყოფილა და ახლა ძალიან მიხარია, რომ ჩემი სწავლა დაფასდა.

აქამდე კვების მრეწველობის სპეციალობა მაინცდამაინც პოპულარულად არ ითვლებოდა, თუმცა, ვხედავ, რომ ნელ-ნელა დაინტერესება მატულობს. ამ დარგის პროფესიონალები საჭიროა ქვეყანაში და მეტი ყურადღება ექცევა დარგის განვითარებას.

- თავად რატომ გააკეთეთ ასეთი პროფესიული არჩევანი? - ვიცოდი, რომ ბაზარზე ამ დარგის სპეციალისტების საჭიროება იდგა, თანაც ყოველთვის მინდოდა, ჩემი პროფესია ქიმიასთან, ბიოლოგიასა და ფიზიკასთან ყოფილიყო დაკავშირებული. გარდა ამისა, კვების ტექნოლოგია იმ კუთხითაც საინტერესოა, რომ რუტინულ და სტატიკურ მუშაობასთან არ არის დაკავშირებული - ახალ-ახალ რეცეპტებს ქმნი და ეს მხიბლავს.

- სამომავლო გეგმებს გაგვაცნობ? - მინდა მაგისტრატურა დავამთავრო, ჯერ არ ვიცი, საქართველოში თუ უცხოეთში. ჩემს პროფესიაში ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკა. სწორედ ამის შემდეგ გავაკეთებ საბოლოო არჩევანს, თუ სად მინდა ვიმუშაო.

რაც შეეხება თანამედროვე განათლების სისტემას, შემიძლია ჩემს უნივერსიტეტზე ვისაუბრო - ვფიქრობ, სწორი მიდგომები აქვს და კარგად არის აღჭურვილი ლაბორატორიებით. ამასთან, მხოლოდ თეორიას კი არ ვსწავლობთ, პრაქტიკულ გამოცდილებასაც ვიღებთ. დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული.