"4 წლიდან ისეთი მომთმენი გახდა, უხმოდ იტანს ამდენ ტკივილს" - გიორგი ჩვენი დახმარებით აუცილებლად გაივლის - კვირის პალიტრა

"4 წლიდან ისეთი მომთმენი გახდა, უხმოდ იტანს ამდენ ტკივილს" - გიორგი ჩვენი დახმარებით აუცილებლად გაივლის

"მე მარტო იმის თქმა შემიძლია, რომ იმ პროცედურების შემდგომ ჩემი ბიჭი საბოლოოდ დადგება ფეხზე, მათ კი თავიანთი სიკეთე მუდამ ფეხზე ამყოფებთ"

როცა უფალმა ადამიანი შექმნა, ალბათ, ჯოჯოხეთური ტანჯვის გაძლების ნიჭიც მისცა, თორემ როცა ტკივილი წლობით გრძელდება, თანაც შვილს სტკივა და მის ტანჯვას შევყურებთ, როგორ უნდა ვიცოცხლოთ?! ამ კითხვას საკუთარ თავს არაერთხელ ვუსვამ და 13 წლის გიორგი მეშვილდიშვილის დედასთან საუბრის შემდეგაც დიდხანს ვფიქრობდი, როგორ გაუძლეს მან და მისმა მეუღლემ გიორგის ტანჯვას, რომელსაც 13 წლის განმავლობაში დასასრული არ უჩანდა.

თამარ ლობჯანიძე: - თავზარი პირველად მაშინ დამეცა, როცა მშობიარობის წინ, ბოლო ექოსკოპიაზე, შეცბუნებულმა ექიმმა მითხრა, აქამდე ეს ყველაფერი არ ჩანდა, მაგრამ ბავშვს კუდუსუნის ძვალთან რაღაც ლაქასავით აქვს, ან ხალი უნდა იყოს, ან ხერხემლის თიაქარიო. მაშინ თავი როგორღაც დავირწმუნე, რომ თიაქარი იქნებოდა. მაგრამ მშობიარობის შემდეგ ექიმმა რომ მითხრა, ბავშვს კუდუსუნთან ორი მალა აქვს ჩაშლილი, ამიტომ ოპერაცია ახლავე უნდა გაკეთდესო, თითქოს სამყარო ჩამომექცა. თუმცა დამამშვიდეს, ამ ოპერაციის შემდეგ ბავშვი საღ-სალამათი იქნება, ოღონდ ოდნავ გვიან გაივლოსო. გიომაც მაშინ გაიარა, როცა ორ წელზე მეტის იყო, მაგრამ როგორც კი გაიარა, ტანჯვაც მაშინვე დაეწყო - რაც უფრო იზრდებოდა, ტერფები მით უფრო ეგრიხებოდა. საბოლოოდ თითქოს კოჭებით დაიწყო სიარული. ამასობაში ძვალი ფეხის რბილ ნაწილს დააწვა და ტროფიკული წყლული გაუჩნდა, რომელიც მალამოებით შევუხორცე, მაგრამ ისევ გაჩნდა. ასე დაიწყო ჩვენი ჯოჯოხეთი.

- ამასობაში ექიმები რით გამშვიდებდნენ? - ბავშვი ერთ ცნობილ ექიმთან მივიყვანე და მან მითხრა, როცა ბავშვებში ხერხემლის ოპერაცია კეთდება, ყოველთვის ასე ხდება. ამას მომდევნო ოპერაცია გამოასწორებს, რომელსაც 6 წლის ასაკში გავუკეთებთო. ასე ვიკვებეთ 6 წლამდე იმედით. 6 წლისას ბავშვს ოპერაცია გავუკეთე და ექიმის დანიშნულებით ფეხზე სპეციალური პროთეზები, ე.წ. ორთეზები ჩავაცვი, რომელიც ძილშიც კი არ უნდა გაეხადა. ცხადია, ამ პროთეზებში ბავშვიც იტანჯებოდა და ჩვენც, მაგრამ რაც მთავარია, სასოებით ველოდით იმ დროს, როცა ყველაფერი რიგზე იქნებოდა. მაგრამ ეს დღე არ დამდგარა. პირიქით, უარესი ჯოჯოხეთი დაიწყო. ბავშვს ტერფები არ გაუსწორდა და ნაოპერაციებმა წყლულები უფრო გაუხშირა.

ექიმმა, მე ოპერაცია საუკეთესოდ გავაკეთე, მაგრამ ჩანს, პროთეზები ვერ შეკერეს კარგად, მაგრამ ნუ გეშინიათ, ოპერაციას 9 წლის ასაკში კიდევ გავუკეთებთ და მაშინ იქნება ყველაფერი კარგადო. ჩვენც 9 წლის შესრულებას და ახალ ოპერაციას დაველოდეთ.

- როცა ეს ოპერაციაც უშედეგოდ დამთავრდა, ალბათ, სხვა გზა უნდა გამოგეძებნათ. - როცა ექიმი დედას შვილის გადარჩენაში არწმუნებს, ყველა დედა ამ ხავსს ჩაებღაუჭება. მოკლედ, გიორგის ოპერაცია ისევ იმავე ექიმმა გაუკეთა 9 წლის ასაკში და ისევ დავიღუპეთ. ოპერაციის შემდეგ გიორგის გაუთავებელ წყლულებს სხვა უბედურებაც დაერთო - წყლულები აღარ უხორცდებოდა და როცა დაწყლულებულ ნაწილებს ვუწმენდდი, წვრილი ნაფლეთები მომყვებოდა, რომლებიც არ იშლებოდა, ქვასავით იყო.

- ამ ტანჯვას გიორგი როგორ უძლებდა? - ალბათ, უფალი აძლებინებდა. 4 წლის ასაკიდან დიდი კაცივით მომთმენი გახდა.…რომ ვეტყოდი, დედიკო, ფეხსაცმელი გაიხადე, წყლული გაგიმიზეზდება-მეთქი, მაშინვე ფეხსაცმლის გახდას დაიწყებდა. ხმას არ იღებდა, როცა იმდენ მტკივნეულ პროცედურას უტარებდნენ.…

მერე სხვა ექიმებთანაც დავიწყეთ სიარული, მაგრამ ვერავინ მიხვდა, როგორ ეშველათ, ან წყლულები რატომ აღარ უხორცდებოდა. მოკლედ, ერთ-ერთი ექიმის მისაღებში ვიღაც უცნობი ქალი გამომელაპარაკა, ამა და ამ საქველმოქმედო ფონდს თურქი ექიმები ჩამოჰყავს და იქნებ ბავშვი აჩვენოთო. რაც ახლა იმ ქალს ვლოცავ, მან არ იცის, როგორც კი ერთ-ერთმა თურქმა ექიმმა ჭრილობას დახედა და ზედ ეს წვრილი ნაწილები დაინახა, მაშინვე თქვა, ამ ბავშვს ძვალი ეშლება, განგრენა აქვს და სასწრაფოდ მისახედიაო. არ ვიცოდით, თურქეთში წასასვლელი ფული საიდან უნდა მოგვეტანა, მაგრამ უფალი და ადამიანური სიკეთე მართლაც ყოვლისშემძლეა - საქველმოქმედო ფონდები და სრულიად უცხო ადამიანები დაგვეხმარნენ, როგორც კი ეს ამბავი სოციალურ ქსელში გავრცელდა და გიორგის ოპერაცია გავუკეთეთ.

- შედეგი? - აქამდე გაკეთებული არც ერთი ოპერაციის შემდეგ გიორგის კოჭის ძვალი აღარ უჩანდა, ახლა კი ფეხი უკვე დადგა. რაც მთავარია, მგრძნობელობა დაუბრუნდა. თუმცა ეს ყველაფერი მანამდე არ მორჩება, სანამ კიდევ ერთხელ თურქეთში არ ჩავიყვან და რამდენიმე პროცედურას არ ჩავუტარებთ, რასაც 4.000 დოლარი სჭირდება. სახელმწიფო ამისთვის ფულს არ იძლევა, მაგათ თავიანთი კანონები აქვთ, ჩვენნაირ ადამიანებზე მორგებული არ არის. ამიტომ ისევ მინდა კეთილ ადამიანებს მივმართო, რომ ხელი გამომიწოდონ. მე მარტო იმის თქმა შემიძლია, რომ იმ პროცედურების შემდგომ ჩემი ბიჭი საბოლოოდ დადგება ფეხზე, მათ კი თავიანთი სიკეთე მუდამ ფეხზე ამყოფებთ. სხვა სიტყვები უკვე აღარც მაქვს, იმდენი ადამიანი მყავს შეწუხებული.

თიბისი ბანკი, ანგარიში

GE78TB7412745061100087

მიმღები თამარ ლობჯანიძე:

598716776