"ახმეტა ვირუსი" პირველად საქართველოში დაფიქსირდა­" - რა ვირუსებს იკვლევენ ლუგარის ლაბორატორიაში? - კვირის პალიტრა

"ახმეტა ვირუსი" პირველად საქართველოში დაფიქსირდა­" - რა ვირუსებს იკვლევენ ლუგარის ლაბორატორიაში?

რატომ გამოაცხადა ლუგარის ლაბორატორია რუსეთმა "ბიოლოგიური იარაღის დამზადების ცენტრად"?

ბიოლოგიური იარაღის დამზადება, საშიში ვირუსების გავრცელება, სახიფათო მწერების გამოყვანა მათი დივერსიული მიზნებით გამოყენებისთვის, ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარება; ზიკას ვირუსით დაინფიცირებული კოღოებისა და აზიური ფაროსანას გავრცელება, ცხინვალის რეგიონში ღორის გრიპის გავრცელება - თბილისში არსებულ ლუგარის ლაბორატორიაზე რუსეთიდან ბრალდებების ნიაღვარი არ წყდება. რუს პოლიტიკოსებს ხანდახან პრორუსი ქართველებიც უბამენ მხარს...

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ლუგარის ლაბორატორია იმ ბრიფინგზეც მოიხსენია, სადაც რუსი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ბრიტანეთში მოწამვლის სკანდალურ ფაქტზე საუბრობდა და განაცხადა, რომ პენტაგონი რუსეთის საზღვრებთან ახლოს მასშტაბურ სამედიცინო-ბიოლოგიურ საქმიანობას ეწევა...(?!)

თანამედროვე კლასიფიკაციით, მესამე დონის ლაბორატორიას, რომელიც ამერიკის დაფინანსებით აშენდა, "კვირის პალიტრა" ეწვია. ლაბორატორიის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის თქმით, ლაბორატორია საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებს ემსახურება, დაინტერესებული პირებისთვის ღიაა და არავითარ საიდუმლო საქმიანობას არ ეწევა.

ოფიციალურად დაწესებულებას ამერიკის ყოფილი სენატორის რიჩარდ ლუგარის სახელი აქვს მინიჭებული, რომელსაც ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი ეწოდება. ობიექტი აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს დაფინანსებით აშენდა, 2011 წელს გაიხსნა, 2013 წლიდან კი საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაექვემდებარა. 2018 წლიდან ცენტრის ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხას (წელიწადში 500.000 დოლარზე მეტს) ქართული მხარე იხდის.

ცენტრის აშენების მიზანი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გაფანტული სახიფათო ბიოლოგიური მასალების უსაფრთხოდ, სამედიცინო მიზნებით გამოყენება იყო.

ლაბორატორიაში განმარტავენ, რომ მათი როლი ჩ ჰეპატიტის აღმოსაფხვრელად მიმდინარე მასშტაბურ პროექტში ძალიან დიდია, რადგან სწრაფი ტესტით ადგენენ დიაგნოზს. ცენტრი უმაღლესი სტანდარტებით არის მოწყობილი და ბიოუსაფრთხოების მესამე დონე აქვს მინიჭებული, რაც ნიშნავს, რომ იქ თითქმის ყველა სახის მიკრობს იკვლევენ...

დაწესებულების დათვალიერებას სეროლოგიური ლაბორატორიით ვიწყებთ. უცნაური შეგრძნებაა, შედიხარ იმ სივრცეში, სადაც უამრავი ვირუსი და ბაქტერია გეგულება, თუმცა იქ მოფუსფუსე თანამშრომლების შემხედვარე აცნობიერებ, რომ ეს ვირუსებიც ადამიანების ჯანმრთელობას "ემსახურებიან". ყველა ლაბორატორიაში უარყოფითი წნევაა, რაც ნებისმიერი სახის გამოჟონვას გამორიცხავს, ანუ ჟანგბადი გარედან შეიწოვება, იქმნება სპეციალური "ჰაერის ფარდა" და მისი საშუალებით შექმნილ სივრცეში შიგნით ცირკულირებს. "მითები, რომ აქ ადამიანებზე, ცხოველებზე ან მწერებზე ექსპერიმენტებს ვატარებთ, სიცრუეა. აქ გარედან შემოსული მასალის დიაგნოსტირება ხდება", - მიხსნიან ლაბორატორიაში.

სეროლოგიურ, ანუ მეორე დონის ლაბორატორიაში მიმდინარეობს კლინიკებიდან შემოსული მასალების კვლევა. აქ თავმოყრილია ბრუცელოზის, ლეპოსპიროზის, ლეიშმანიოზის, ყივანახველას, დასავლეთ ნილოსის ცხელების ვირუსი, ასევე ბორელიოზი, დენგეს ცხელების ვირუსი, რომელიც კოღოებით გადადის... თუ რომელიმე კლინიკაში პაციენტი საეჭვო სიმპტომატიკით შევიდა, მისი კლინიკური ნიმუშები გამოკვლევისთვის ცენტრში იგზავნება და პასუხი რამდენიმე საათში ბრუნდება.

ბიოუსაფრთხოების მესამე დონის ლაბორატორიაში გადავდივართ - ის რეგიონში უნიკალურია, რადგან თანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი. აქ მიმდინარეობს კლინიკებიდან შემოსული ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკა, მაგალითად, ჯილეხის, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების...

ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილას, პათოგენების ეროვნული მუზეუმისკენ მივდივართ. იქ საქართველოში საბჭოთა კავშირის დროიდან არსებული ნებისმიერი პათოგენია დაცული. ლაბორატორიის აშენებამდე ისინი საქართველოს კვლევით ინსტიტუტებში ინახებოდა. 2013 წლიდან აქ გადმოიტანეს... ასევე გადმოიტანეს შავი ჭირის ყოფილი სადგური, ბაქტერიოფაგის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს განსაკუთრებით საშიში შტამები... მოქმედი კანონმდებლობით, არც ერთ ინსტიტუტს განსაკუთრებით საშიშ პათოგენთან შეხების უფლება არა აქვს და მათი აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებლად ლაბორატორიაში უნდა მიიტანონ. თუ მისი დიაგნოსტირება ლუგარის ცენტრშიც ვერ მოხდა, ლაბორატორია მას მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებს უგზავნის. პაატა იმნაძე, ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელი: - ასეთი ობიექტი ყველა ნორმალურ ქვეყანაში უნდა იყოს. კავკასიის რეგიონში არსებობს კიდეც მსგავსი დაწესებულებები, თუმცა ჩვენსავით მაღალ დონეზე არ არის აღჭურვილი, ამიტომაც მეზობელი ქვეყნებიდან კოლეგები ხშირად ჩამოდიან ჩვენთან სამუშაოდ... საქართველოში ლაბორატორიები 1937 წლიდანაც გვქონდა, მაგალითად, "შავი ჭირის" სადგური, რომლის ახალი კორპუსი 1987 წელს აშენდა და მაშინდელი ნორმებით თანამედროვე იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში მოძველდა და ახალი ტექნიკა შემოვიდა.

- ალბათ, შემოვიდა ახალი ვირუსებიც. - ისინი ბუნებაში ისედაც იყო, უბრალოდ, ახლა აღმოაჩინეს. მაგალითად, "ახმეტა ვირუსი" ყვავილის ჯგუფის ვირუსია და ახმეტაში გამოვლინდა. პირველად საქართველოში დაფიქსირდა და მისი გენეტიკურად შესწავლა შეგვიძლია. ის ახალი დაავადებები, რაც დედამიწაზე აღმოაჩინეს, სინამდვილეში ახალი არ არის. მაგალითად, ებოლა ადრეც იყო, მაგრამ მთელი სოფელი ისე ამოწყდებოდა, ვერავინ იგებდა. მას შემდეგ, რაც მიმოსვლის პრობლემა აღარ არსებობს, ებოლას ვირუსით დაავადებული ადამიანი ქალაქში ჩავიდა და გაავრცელა... შეიძლება დედამიწის ერთი კუთხიდან მეორეში გადაფრინდე სრულიად ჯანმრთელი, მაგრამ დაინფიცირებული, ვირუსის ან ბაქტერიის მატარებელი იყო. ამიტომაც ვალდებული ვართ ვიცოდეთ, რა საფრთხეები არსებობს ქვეყანაში. ეს კოლექცია იმისთვის გვჭირდება, რომ დავადგინოთ, საქართველოში რა მიკრობებია და ახალი თუ გაჩნდება, ჩვენს კოლექციაში არსებულს შევადაროთ იმის გასარკვევად, ადგილობრივია თუ შემოტანილი. უნდა გამოვიკვლიოთ ისიც, შემოსვლის გზები ბუნებრივი იყო თუ ხელოვნურად შემოიტანეს.

- რუსეთის ვერსიით, აქ დივერსიის მიზნით გამოიყვანეს სახიფათო მწერები, მაგალითად, აზიური ფაროსანა... - ეს არის კიდევ ერთი სისულელე. ფაროსანას ადამიანის ჯანმრთელობასთან არავითარი კავშირი არა აქვს, ჩვენ მხოლოდ იმ მწერებზე ვმუშაობთ, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ვნებს. ფაროსანა საქართველოში რუსეთიდან გავრცელდა. უბრალოდ, ამას მიზანმიმართულად ამბობენ და ავრცელებენ... ეს არის საზოგადოების უსაფრთხოებისთვის შექმნილი ლაბორატორია, რომელიც ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში კარგ უნივერსიტეტებსაც კი აქვთ. ევროპულ ქვეყნებში - საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, შვედეთში არსებობს უფრო მაღალი სტანდარტების, მეოთხე დონის ლაბორატორიები. თავად რუსეთსაც მეოთხე დონის, თანაც რამდენიმე ლაბორატორია აქვს, სადაც ისეთ საშიშ ვირუსებზე მუშაობენ, რომელიც იმ ქვეყანაში არ არის... მაგალითად, ჩვენ ებოლას ვირუსზე დიაგნოზის დასმა შეგვიძლია, მაგრამ მასზე მუშაობა - არა.

- კიდევ ერთი რუსული ვერსიით, თურმე არსებობს საიდუმლო განყოფილება, სადაც ამერიკელები დახურულ პირობებში მუშაობენ. - ამერიკელებს მუშაობის უფლება აქვთ მხოლოდ მეორე დონის, ანუ კლინიკურ ლაბორატორიაში, სადაც მხოლოდ მათ კი არა, ნებისმიერ მკვლევარს შეუძლია მუშაობა. თუმცა მიკრობებზე მუშაობისას ნებისმიერ მკვლევარს ბიოუსაფრთხოების კომიტეტის ნებართვა სჭირდება, კომიტეტი კი ქართველებით არის დაკომპლექტებული. ასე რომ, აქ ჩვენი განხილვისა და თანხმობის გარეშე ვერავინ ვერაფერს გააკეთებს. აქ მხოლოდ ამერიკელები კი არა, თურქები, აზერბაიჯანელები, სომხები და უამრავი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი მუშაობს. ახლა ჩვენთან გერმანელი და მოლდაველი კოლეგები არიან. ლუგარის ცენტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პარტნიორია და სასწავლო მიზნით აქ ხშირად თავს იყრიან სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები, პედაგოგები, მეცნიერები...

თავად რუსებიც ხშირად ჩამოდიან სამუშაოდ, უფრო მეტი - დასათვალიერებლად და ყველა გვეხვეწება, არ გაამხილოთ, აქ რომ ვიყავითო. კარგია, რომ ამ ცენტრზე ცუდის თქმა არც ერთმა რუსმა მეცნიერმა არ იკადრა.

- არც იმის მთქმელი გამოჩნდა, ვინც ამ ბრალდებების უსაფუძვლობას არგუმენტირებულად ახსნიდა. - დიახ. თუმცა პროპაგანდაში რომ ვერ ჩაითრიეს, ესეც ბევრს ნიშნავს... ეს თავდასხმები 2013 წლიდან დაიწყო. ექვს თვეში ერთხელ ააგორებენ ხოლმე, მაგრამ ახლა უფრო მასშტაბურ შეტევაზე გადმოვიდნენ, პოლიტიკოსებიც ჩართეს... ამ ყველაფერს ვუკავშირებთ 14-15 ნოემბერს ლაბორატორიაში მოწვეულ ინსპექციას, რომელიც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის გაეროს კონვენციის ფარგლებში ტარდება, ანუ ეს არის ყოველგვარი ეჭვების გამორიცხვის მექანიზმი. მათ თავად ვიწვევთ, რათა შეამოწმონ, რამდენად შეესაბამება ჩვენი მუშაობა ამ კონვენციას... ეს საკითხი საქართველომ ოფიციალურად დააყენა და 21-მა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი თავიანთი წარმომადგენლები გამოუშვას. მათ ნებისმიერ ლაბორატორიასა და ოთახში, მუშაობის დროსაც კი, შესვლისა და იქაურობის დათვალიერების უფლება აქვთ, რადგან ამ დარგის ექსპერტების მოქმედების წესები იციან, აცრაც გაკეთებული აქვთ. მოწვეულთა ჩამონათვალშია ევროპის, ლათინური ამერიკისა და აზიის ქვეყნების წარმომადგენლები. რუსეთმა უარი განაცხადა... ადრე მივეცით მათ ჟურნალისტების შემოშვებისა და გადაღების უფლება, მაინც თქვეს, არ შეგვიშვესო. რუსეთის დეზინფორმაცია ამერიკის წინააღმდეგ არის მიმართული და შიდა აუდიტორიაზეც გათვლილი, რათა მათ, ვისაც ამ ცენტრის მავნებლობის სჯერა, ამერიკისგან მტრის ხატი შექმნან. არის კიდევ ერთი ფაქტორი - ადრე ჩვენ რუსეთზე ვიყავით დამოკიდებული და ახლა საქართველო ამ სფეროში რეგიონში მოწინავეა, მეზობელი ქვეყნები ჩვენ მოგვმართავენ დახმარებისთვის, რასაც რუსეთი ვერ ეგუება.