"ერთ თბილისურ ეზოში საუზმეზე მიგვიწვიეს. გავოცდი - არ გიცნობენ, არც გელიან და... გიმასპინძლდებიან" - ეუდოსია ანდოს მოყოლილი ამბები საქართველოზე
"ერთ თბილისურ ეზოში საუზმეზე მიგვიწვიეს. გავოცდი - არ გიცნობენ, არც გელიან და... გიმასპინძლდებიან" - ეუდოსია ანდოს მოყოლილი ამბები საქართველოზე
ფოტო:ეუდოსია ანდო
სამ წელიწად-ნახევარია საქართველოში ცხოვრობს და ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ბევრსაც მოგზაურობს. უკვე ხალხიც კარგად გაიცნო, შეიყვარა და ჩვენი ბუნებითაც ძალიან მოიხიბლა. თავად აფრიკის ერთ-ერთი სახელმწიფოდან - განადან არის და "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" ფისკალური აგენტის მენეჯერია. საქართველოში იგი საერთაშორისო ექსპერტის სტატუსით იმყოფება, მაგრამ მალე - მომავალ წელს სამუშაო ვადა ეწურება და საქართველოდან მიემგზავრება. თუმცა დარჩენილი დროის უქმად გატარებას ნამდვილად არ აპირებს: კიდევ ბევრი რამ დამრჩა თქვენს ქვეყანაში სანახავი და
მაქსიმალურად მინდა, ყველაფერი მოვასწროო...
საოცრად უშუალო, თბილ და ღიმილიან ეუდოსია ანდოს ჩემი მოგზაური და ბლოგერი მეგობრის - თიკა ბუჟიაშვილის დახმარებით შევხვდი IArt Gallery&MD Workshop-ის მიერ მოწყობილ ფოტოგამოფენაზე, რომელსაც ერქვა: "ეუდოსია სესილია ანდოს მოგზაურობა ფოტოგრაფიის სამყაროში იური მეჩითოვთან ერთად". თუ რა როლი მიუძღვის ჩვენს საყვარელ ფოტოხელოვანს
მოყვარული ფოტოგრაფი ქალბატონის ფოტოდაოსტატებაში და რით მოხიბლა ქართველები სტუმარმა აფრიკის განადან, თავად ეუდოსია ანდოსგან მოვისმენთ:

- ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდი, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ იგი ყოფილი საბჭოთა ქვეყანა იყო, გაგონილი მქონდა სტალინის სახელი და, ასევე, მსმენოდა სააკაშვილზე, რადგან მისი მიერ მოწყობილი "ვარდების რევოლუცია" ოდესღაც მსოფლიოს მედიის ყურადღების ცენტრში იყო. აქ ცხოვრება თავდაპირველად გამიჭირდა, რადგან მარტო, ოჯახის გარეშე ჩამოვედი, მაგრამ შემდეგ ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციაში (IWA) გავწევრდი და ბევრი მეგობარიც გავიჩინე. დავიწყე მოგზაურობა საქართველოში, ტელეფონით ვიღებდი ფოტოებს, ვბეჭდავდი და განაში მცხოვრებ ჩემს მეგობრებსაც ვათვალიერებინებდი ხოლმე. ერთხელ, ჩემი ფოტოების ბეჭდვისას, თქვენს სახელგანთქმულ ფოტოხელოვანს, იური მეჩითოვს შევხვდი და გადავწყვიტე, მასთან უფრო საფუძვლიანად შემესწავლა ფოტოგრაფია.
ეუდოსია ანდო და იური მეჩითოვი
დავდიოდი თბილისის ქუჩებში, უმეტესად - ძველ უბნებში და ასე, ნელ-ნელა ვოსტატდებოდი. ეგ კი არა, სადაც უნდა წავსულიყავი, იურისთან აუცილებლად კარგი ფოტოებით უნდა დავბრუნებულიყავი. სხვათაშორის, ხშირად მიწუნებდა და სულ ვეკითხებოდი, რატომ არ მოგწონს ეს ფოტო ან რატომ გინდა, რომ იგი აუცილებლად შავ-თეთრი იყოს-მეთქი? შიგადაშიგ ვკამათობდით და, საბოლოოდ, მაინც ვუგებდით ერთმანეთს. თანდათან დავრწმუნდი, რომ კარგი ფოტოების გადაღება მეც შემეძლო. ამის შემდეგ იურიმ გამოფენის გაკეთება შემომთავაზა. მრავალფეროვანი მასალა მჭირდებოდა და მეც თბილისის ქუჩებში ფოტოაპარატით სიარულს მოვუხშირე - ასე, ნელ-ნელა "ავკინძე" ფოტოობიექტივში ჩემეული თბილისი.

- განსაკუთრებით რომელი ქუჩები, სახლები, ეზოები და ადამიანები დაგამახსოვრდათ?
- მშრალი ხიდით დავიწყე. თქვენი ხალხი ძალიან ადვილად შემოდის კონტაქტში და ფოტოების გადაღებაც მიადვილდებოდა. თბილისური ეზოები, ხომ, ცალკე თემაა! თავდაპირველად ეზოებში შესვლისას ვნერვიულობდი. შემდეგ მივხვდი, რომ იქ კეთილგანწყობილი ხალხი ცხოვრობდა და სტუმრის მისვლაც უხაროდათ, ფოტოების გადაღებაც და პოზირებაც. მახსოვს, მე და თიკა ასათიანის ქუჩის 42 ნომერში რომ შევედით, ყავა ისე გულიანად შემოგვთავაზეს, როგორც, ალბათ, ძველ თბილისურ ეზოებში სთავაზობდნენ. ყველაზე მეტად, იცით, რამ გამაკვირვა? - ერთ თბილისურ ეზოში - ინგოროყვას 20 ნომერში რომ შევედით და საუზმეზე მიგვიწვიეს. როგორ არ გავოცებულიყავი? - არ გიცნობენ, შენზე არაფერი სმენიათ, არც გელიან და... გიმასპინძლდებიან.
ეუდოსია ანდო:  იარეთ, იარეთ თბილისის ვიწრო ქუჩებში და გამოელაპაკეთ ადგილობრივებს!
თბილისური ეზოები მეტისმეტად საინტერესოა, რადგან თითოეული კიბის, კარის თუ შენობის მიღმა საინტერესო ისტორიაა, ყველაფერი მნიშვნელოვანია, ყველაზე მეტად კი - იქ მცხოვრები ადამიანები. დღეს ერთმა ქალბატონმა სახლში შეგვიპატიჟა და თავისი, შთამომავლობით მიღებული ნივთები მაჩვენა. წარმოგიდგენიათ? - უცხო ადამიანს მენდო და მისთვის უძვირფასეს ნივთებთან შეხების უფლება მომცა! თბილისური ქუჩების გადაღებაც ძალიან მომწონს. გოგირდის აბანოებთან ერთ კაცს ფოტო გადავუღე და... ვარდი მომართვა - გასაოცარი არ არის? ვიღებ ფოტოებს ავტობუსის გაჩერებაზე და ხალხი იქაც თბილად მეპყრობა, რაც მოტივაციას მიზრდის.
სხვა ქვეყნიდან ვარ და ჩემი ფოტოებით გეუბნებით, როგორ გხედავთ თქვენ - როცა თქვენ თბილად მიღებთ, ეს სითბო ფოტოებშიც ჩანს; როცა დამოკიდებულება ცივია, ამბავიც იცვლება. გარდა ამისა, იცვლება ქუჩები, შენობები და... თითოეული ფოტო თავისებურ ამბავს გიყვება.
ეუდოსია ანდო: გოგირდის აბანოებთან ერთ კაცს ფოტო გადავუღე და... ვარდი მომართვა - გასაოცარი არ არის?
ძალიან საინტერესოა ადამიანებთან ურთიერთობაც. ბევრს უნდა ჩემთან ფოტოების გადაღება. ზოგიერთი ფოტოს გადაღების შემდეგ გადამეხვევა ხოლმე და მკოცნის. არ ვეწინააღმდეგები და - მიხარია კიდეც. ასე იქმნება საზოგადოება. ქართველები აუცილებლად მიყვებიან ხოლმე თავიანთ ტრადიციებზე. როდესაც პირველად ქართულ სუფრაზე მოვხვდი, ძალიან გამიკვირდა, რომ სუფრა თამადას მიჰყავდა.
ამას წინათ ეზოში ვიყავი, სადაც ერთი ქალბატონი გავიცანი. თურმე, 50 წელიწადია, იმ ეზოში ცხოვრობს. ეზო თვითონ საოცრად ლამაზი იყო - სადარბაზოს კარს აღებ და ასე შედიხარ ეზოში, კიბეებით. ხალხი დახვეულ კიბეებს დღესაც იყენებს. ძალიან მომწონს, რომ ამ კიბეებს არ კარგავთ. ჩვენ ლიფტებს ვართ შეჩვეული. ჩვენი ცხოვრება კარს მიღმა მთავრდება. აქ კიდევ, ვსხედვართ ეზოში და მეორე მეზობელი თეფშზე დადებული ნამცხვრით მოდის, მესამე მეზობელი სარეცხს ფენს და იმასაც იწვევენ სახელდახელო სუფრასთან... ეს საოცარია. ამ ტრადიციის შენარჩუნება აუცილებელიცაა.

ერთ-ერთ ეზოში შევედი და, თურმე, სამი ეზო ყოფილა ერთად. ერთი ეზოდან მეორეში გადავედი, მეორედან - მესამეში... მაშინვე წარმოვიდგინე, როგორი თბილი ურთიერთობა მყარდება ამ ეზოებს შორის. ეზოში ერთმა მამაკაცმა დრო დამითმო და შენობის მოკლე ისტორია მიამბო, ძველი წყაროც მაჩვენა, რაც ძალიან დასაფასებელია. უკვე ვიცი არქიტექტორების სახელი - ოჰანჯანოვი, ტატიშჩევი, პოზნანის ნახატები სადარბაზოებში.
ეუდოსია ანდო
დღეს ერთ-ერთ სკოლაშიც შევედი და ამ შენობის ისტორიასაც მომიყვნენ, ერთ ლამაზ ქართველ ქალს როგორ აჩუქეს ეს ულამაზესი შენობა. ამ შენობას საოცრად ლამაზი ბუხრები აქვს. ეს შენობები, მოხატული სადარბაზოები, დახვეული კიბეები თქვენი განძია და მოფრთხილება სჭირდება.

- ყველაზე მეტად რომელი ადგილი მოგეწონათ საქართველოში?
- ბორჯომი, ბაკურიანი. ლიკანში რომანოვების სასახლით აღვფრთოვანდი. ყაზბეგიც გასაოცარია, თუმცა გზის გამო გერგეტის სამებაზე ვერ შევძელი ასვლა. ძალიან მომწონს ბათუმი და ბევრჯერ ვიყავი კახეთში. მომავალ ზაფხულში სვანეთშიც წავალ. დავინტერესდი თქვენი კულტურით. თითქმის ყველა საოპერო სპექტაკლი ვნახე და ძალიან ბევრ კონცერტს დავესწარი კონსერვატორიის თუ კახიძის საკონცერტო დარბაზებში. რამდენიმე ცნობილი მხატვრის შედევრიც შევიძინე.

ძალიან მომწონს თქვენი სამზარეულო და აღფრთოვანებული ვარ ქართული ღვინით. ამას წინ სუფრაზე ესპანური ღვინო შემომთავაზეს და ქართული ვამჯობინე. ჩემი საყვარელი ღვინო საფერავია. ვარძიაში ვიყავი და ვარძიის ტერასებიც ვნახე...

არავინ იცის, ხვალ რა მოხდება, მაგრამ დრო გავა და ჩემი ფოტოები იტყვიან სათქმელს თბილისსა და მის მცხოვრებლებზე. ჩემი თქვენდამი სიყვარული და პატივისცემა, თუნდაც - ჩემი ფოტონამუშევრები მოტივაციაა სხვა უცხოელებისთვის. მინდა იცოდნენ, რომ თბილისი მარტო ნარიყალა და მთაწმინდა არ არის, არამედ - იგი თბილისური ეზოებია, სადაც სხვა თბილისი და სხვა სითბოა. იარეთ, იარეთ თბილისის ვიწრო ქუჩებში და გამოელაპაკეთ ადგილობრივებს!

(სპეციალურად საიტისთვის)

მერი
19 ოქტომბერი 2018 21:02
გაიხარე ქალბატონო საქართველოს შეცნობა--შეფასებისთვის!!ხშირად გვესტუმრეთ!!გფარავდეს უფალი!!
.......
19 ოქტომბერი 2018 11:46
აი, ადამიანი! ძალიან საყვარელი ვინმე ჩანს :)
??
18 ოქტომბერი 2018 14:11
გაჭირვებამ როგორ გააუფერულა ყველაფერი..
თუ კიდევ არსებობს ეგეთი ართიერთობები ღმერთმა ქნას არ დაიკარგოს ..
აბა ისაა კარგი მეზობელიეზობელს რომ არ იცნობს

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?