"ჩემი ცხოვრების მთავარი საჩუქარი შვილია" - კვირის პალიტრა

"ჩემი ცხოვრების მთავარი საჩუქარი შვილია"

რუსთაველის თეატრის ფასადზე დამონტაჟებულ ბანერზე, რომელიც სეზონის გახსნასა და გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამოს წარმოდგენას იუწყება, ამავე დასის მოცეკვავე ნათია ბუნტურია გამოსახული. რუბრიკისთვის "შთაბეჭდილებები" საუბრისას, პირველი შეკითხვა მოცეკვავეს სწორედ ამ თემიდან გამომდინარე დავუსვი.

- სხვადასხვა დროსა და პრემიერებიდან გამომდინარე, თქვენი ფოტო აფიშასა და ბანერზე იბეჭდება. რა განცდაა, როცა საკუთარ თავს ქვეყნის მთავარი თეატრის შენობის ფასადზე ხედავთ?

- პრემიერების წინ, როცა ინტერნეტში ჩვენი დასის გვერდზე ფოტოს ათავსებენ, სწორედ მაშინ თუ შევავლებ ხოლმე თვალს და ვიგებ, რომ ბანერი დაუკიდიათ. ასეთი რაღაცები ჩემთვის მეათეხარისხოვანია, რადგან სპექტაკლის წინ საჭიროა სხვა უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე კონცენტრაცია. ცხადია, ფოტოგადაღება, ბანერი, ტაში და ოვაცია ჩვენი საქმის ნაწილია, მაგრამ მთავარია, როგორ გავიტან სცენაზე იმას, რაზეც ამდენი ვიმუშავე. ვფიქრობ მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაიწყება სპექტაკლი, როგორ წარიმართება და საერთოდ, როგორ ვიცეკვებ.

- პირველი დიდი შთაბეჭდილება, რაც ბავშვობიდან დღემდე მოგყვებათ და წლებმა ვერ გაახუნა... - სულ პატარა რომ ვიყავი, იმ დროიდან მოყოლებული მახსოვს, თუ რამ გამახარა ძალიან ან რამ მატკინა გული. მაგალითად, მქონდა ბეჭედი, რომელიც დამეკარგა და ამაზე ბევრი ვიქვითინე. ასევე მახსოვს, როგორ შემიკერა დედამ პირველი კოსტიუმი, როცა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სასწავლებელში ვსწავლობდი.

- ბავშვობაში კოსტიუმებს დედა გიკერავდათ? - დიახ, საშუალება არ გვქონდა სამკერვალოში შეგვეკერა, ამიტომ დედამ საკუთარი ხელით ამომიქარგა, ბისერებითა და მძივებით მომირთო კოსტიუმი - ეს არასდროს დამავიწყდება. ის სამოსი დღემდე შენახული გვაქვს. ვფიქრობ, სწორედ ასეთი ძალიან ინტიმური და სათუთი ფაქტები გამახსოვრდება.

- ფოტომეხსიერება გაქვთ? - ფოტომეხსიერებას ალბათ, ციფრების, ფრაზების, ნოტების სწავლებისას და მსგავს შემთხვევაში ამბობენ. მე ალბათ, უფრო ვიდეომეხსიერება მაქვს და ეს ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე ხდება. ქორეოგრაფები გვიჩვენებენ მოძრაობებს, ვუყურებთ და ვიმეორებთ, ანუ თვალით ვსწავლობთ და შემდეგ უკვე სხეულით ვიმეორებთ, ვცეკვავთ. ეს ყველაფერი ვიდეოკადრებს ჰგავს (იღიმის).

- ადამიანი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ... - არის ერთი ასეთი ადამიანი. მასთან დიდი ხნის განმავლობაში მქონდა შეხება და ალბათ, აწი აღარასოდეს მექნება.

- როგორც მივხვდი, ეს არის ადამიანი პირადი ცხოვრებიდან, ხომ? - დიახ. პირველი ის გამახსენდა...

- ქვეყანა ან ქალაქი, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე... - მიყვარს სტამბოლი და ყოველთვის მეყვარება. როდესაც "გურჯი ხათუნს" ვამზადებდით, სტამბოლში ვიმოგზაურეთ. შემდეგ მარტოც წავედი. დიდი ძალა აქვს ამ ქალაქს და მასთან ყოველთვის განსხვავებული პირადი სიყვარულით ვიქნები დაკავშირებული.

- ფილმი, რომელიც რამდენჯერმე გინახავთ ან მხოლოდ ერთხელ გაქვთ ნანახი და დღემდე გახსოვთ... გაგრძელება