ცნობილია ქუჩები, სადაც პარკირების საათობრივი გადასახადი დაწესდება - კვირის პალიტრა

ცნობილია ქუჩები, სადაც პარკირების საათობრივი გადასახადი დაწესდება

პარკირების საათობრივი გადასახადი პირველ ეტაპზე თბილისის ორ რაიონში - ძველ თბილისსა და საბურთალოზე დაწესდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა, ძველ თბილისში საათობრივი პარკირება საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, მოიცავს ყველა ახლომდებარე ქუჩას ზაარბრიუკენის მოედნამდე და ამაღლების ქუჩამდე. რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, საათობრივი პარკირება დაწესდება შარტავას, კოსტავას, პეკინის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა და მიცკევიჩის ქუჩებზე.

"პარკირების ნაწილში ჩვენი მიზანია, რომ ქუჩები გამტარიანი გავხადოთ. რატომ ეს ორი რაიონი? - ძველი თბილისი ტურისტულად მიმზიდველია, ხოლო ვაკე-საბურთალო ძირითადად საოფისე ადგილებია.

კომპანია "სისტრასთვის" მიცემული გვაქვს დავალება, რომ ამ ორ რაიონში გავაძლიეროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები დავამატოთ და მოსახლეობას ვუთხრათ, რომ კერძო ავტომობილებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადმოჯდნენ - თუ შენ ამას მაინც არ აკეთებ, მაშინ ვიყენებ საათობრივ, ზონალურ პარკირებას", - განუცხადა მუმლაძემ "ინტერპრესნიუსს".

მისივე თქმით, პარკირების საათობრივი საფასური შესაძლოა, 20 თეთრიდან დაიწყოს.

"ფასი შეიძლება 20 თეთრიდან იყოს, თუმცა შედეგზე ორიენტირებული იქნება. ჩვენ თუ კონკრეტულ ქუჩებზე იგივე შედეგი დაგვხვდა, სადაც ტრანსპორტი გავაუმჯობესეთ, ე.ი ფასი უნდა გაიზარდოს. ფასის ზრდა ან კლება დამოკიდებული იქნება შედეგზე. მაცხოვრებლებისთვის იქნება ის ფასი, რაც ახლა არის შეთავზებული - წელიწადში 50 ლარი და 6 თვეში 25 ლარი, მაგრამ ვიზიტორებისთვის გადასახადი გაცილებით მეტი იქნება. შესაძლებელია პარკირების საფასური ძველ თბილისსა და ვაკე-საბურთალოს რაიონში განსხვავებული, დიფერენცირებული იყოს, თუმცა, მაინც ვამბობ, რომ ეს უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული. კონკრეტულ საფასურს, რომელი იქნება ეფექტური, თვითონ ექსპერტებიც ვერ ამბობენ. ჩვენი მიზანი არ არის პარკირების საფასურიდან შემოსავალი მივიღოთ, სულ სხვა პრობლემა გვაქვს დედაქალაქში", - ამბობს მუმლაძე.

კითხვაზე: რა პრინციპით გადაიხდიან მძღოლები საათობრივი პარკირების საფასურს? მუმლაძე პასუხობს: მძღოლები პარკირების საფასურს როგორც სპეციალური აპლიკაციით, ასევე საბანკო ბარათით გადაიხდიან.

"იქნება სპეციალური აპლიკაცია, რომელითაც მძღოლები საათობრივი პარკირების საფასურის გადახდას შეძლებენ. ტელეფონის საშუალებით შეიძლება საათობრივი პარკირების დროის ათვლა და საფასურის დაანგარიშება და ანგარიშიდან ჩამოჭრა. ასევე დავთვალეთ ის ადგილები, სადაც საათობრივი პარკირება იქნება და ვნახეთ, რომ 200-მდე დამატებითი "ფეი ბოქსი" იქნება საჭირო, რომ დაიდგას და ამის საშუალებით თანხას ჩავრიცხავთ. "ფეი ბოქსების" განთავსებასთან დაკავშირებით კონკურსი გამოცხადდება. მანქანის გაჩერების ადგილიდან "ფეი ბოქსის" აპარატამდე დაშორებები გვინდა მინიმალური იყოს. მაგალითად, მანქანას რომ გააჩერებს მძღოლი, მაქსიმუმი იყოს 25 მეტრი, რომ საფასური გადაიხადონ. ან ტელეფონში ექნება აპლიკაცია, რომ ერთი თითის დაჭერით მოახდინონ გადახდა", - აცხადებს მუმლაძე.

"ინტერპრესნიუსი"