ველასკესი - "მხატვართა მხატვარი" - კვირის პალიტრა

ველასკესი - "მხატვართა მხატვარი"

მადრიდის მუზეუმი პრადო მსოფლიოს ერთ-ერთი უპირველესი მუზეუმთაგანია, სადაც მსოფლიოს უდიდეს მხატვართა გვერდით გამოფენილია დიდი ესპანელი მხატვრების - ელ გრეკოს, გოიას, მურილიოს, რიბერას, სურბარანისა და სხვათა უკვდავი ნამუშევრები.

თუმცა პრადოს დიდებულ სვეტებიან და ფრონტონებიან შესასვლელთან მნახველს მხოლოდ ერთი ესპანელი მხატვრის ქანდაკება "ეგებება" - ეს გახლავთ, ედუარდ მანეს ხატოვანი თქმით, "მხატვართა მხატვარი" დიეგო ველასკესი.

უდიდესი ესპანელი რეალისტი მხატვარი როდრიგეს დიეგო დე სილვა ველასკესი 1599 წლის 6 ივნისს დაიბადა სევილიაში. დიეგოს პირველი მასწავლებელი ფრანსისკო დე ერერა იყო, რომელთანაც 11 წლამდე სწავლობდა. ამის შემდეგ ასწავლიდა მომავალი სიმამრი ფრანსისკო პაჩეკო, რომლის კრედო ასეთი იყო:

"ფერმწერის მთელი ხელოვნება ნახატშია!". შეგირდიც უსასრულოდ ხატავდა - ფულს უხდიდა გლეხის ბიჭს, რომელსაც მოდელად იყენებდა... ფერმწერმა ხატვის ხელოვნება იმდენად სრულყოფილად აითვისა, რომ შეეძლო ტილოზე თავისი ბრწყინვალე რეალისტური ფერწერა წინასწარი მონახაზის გარეშე გადაეტანა.

1618 წელს ველასკესმა ცოლად შეირთო ფრანსისკო პაჩეკოს ქალიშვილი ხუანა.

ამ დროისთვის ახალგაზრდა მხატვარმა ისეთი რეპუტაცია მოიპოვა მშობლიურ სევილიაში, რომ 1617 წლის 14 მარტს ხელისუფლებამ მისცა დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევდა, "მოეხატა ტაძრები და საზოგადოებრივი ადგილები, ჰყოლოდა მოწაფეები".

ახალგაზრდა მაესტროს ხელოვნების ოსტატის წოდება მიენიჭა. 1622 წელს ველასკესი პირველად ეწვია მადრიდს, ოცნებობდა, დაეხატა მეფის პორტრეტი, მაგრამ ვერ მოხვდა სამეფო კარზე და შინ დაბრუნდა. წელიწად-ნახევარში მაესტროს მიერ შექმნილმა ბევრმა პორტრეტმა სევილიის საუკეთესო სასახლეების მისაღები დარბაზები დაამშვენა.

1623 წელს ველასკესმა მეფის კაპელანის, დონ ხუან ფონსეკას ბარათი მიიღო - მეფის კარზე გელიანო. ველასკესმა მადრიდში ჩასვლისთანავე დახატა დონ ფონსეკას პორტრეტი. ნამუშევარი სასახლის კარზე წარადგინეს. ყველა ხოტბას ასხამდა ველასკესს, თვით მეფე ფელიპე IV-ც მოხიბლა ამ ტილომ და სურვილი გამოთქვა, მაესტროს მისი პორტრეტიც დაეხატა.

სურათმა მხატვარს საყოველთაო აღიარება მოუტანა. ველასკესმა მეფის კარის მხატვრის წოდება მიიღო. მეფე ძალიან დაუახლოვდა მხატვარს, რაც მეტად უჩვეულო იყო სასახლის წესების ფონზე - ფელიპე  IV იმ დროს მსოფლიოს უდიდეს იმპერიას მართავდა. ხელოვნების დიდად დამფასებელმა იმპერატორმა ფელიპე IV-მ საკუთარ აპარტამენტებში გამოუყო სახელოსნო, იქ სავარძელი დაიდგა და ერთი გასაღები დაიტოვა, რათა ნებისმიერ დროს შესძლებოდა შესულიყო დიდ მაესტროსთან და საათობით დამტკბარიყო მისი მუშაობის ყურებით...

მხატვრის პოპულარობა იმდენად გაიზარდა, რომ სასახლის დიდგვაროვნებში სირცხვილად ითვლებოდა მის მიერ შესრულებული პორტრეტის უქონლობა! ამ პერიოდში ველასკესი, ელიტის გარდა, ესპანეთის კულტურის მოღვაწეთა პორტრეტების მთელ გალერეას ქმნის.

1629 წელს 30 წლის ველასკესი ჩადის იტალიაში - რომში, ვენეციაში. სწავლობს ტიციანის, ტინტორეტოს შემოქმედებას. უფრო იხვეწება მისი მანერა. მხატვარი დიდხანს უმზერდა დიდოსტატთა ქმნილებებს და სწავლობდა მათგან გასაოცარ ხელოვნებას.

დღეში რამდენიმე საათს ანდომებდა სურათების ასლების გადმოღებას. იტალიურ ხელოვნებასთან ზიარებამ ველასკესის მხატვრობის სტილზე გავლენა იქონია - გახდა ბევრად უფრო თავისუფალი და ბრწყინვალე. ადრე მხატვრის ტილოებზე ჭარბობდა მუქი, თითქმის შავი ფერი, რომელიც ღია, მდიდრულმა ფერადოვანმა შეხამებამ შეცვალა. ამ მოგზაურობის შედეგია ტილო "ვულკანის სამჭედლო".

1631 წელს ველასკესი ესპანეთში ბრუნდება. ქმნის მეფის, მისი ოჯახის წევრების, მთავრობის მეთაურების და სხვათა პორტრეტებს. მნიშვნელოვანია ამ პერიოდში შექმნილი პორტრეტები: "ფელიპე  IV " (არაერთი ვარიანტი), "გრაფი ოლივარესი ცხენზე", "დედოფალი იზაბელა", "პრინცი ბალთაზარი". 1630-1640 წლებში ველასკესმა შექმნა მასხარებისა და ჯუჯების პორტრეტების სერია.

მათი მოღიმარი სახეების მიღმა უდიდესმა მხატვარმა ამ ადამიანების სულიერი მდგომარეობა დაინახა. ამ დროისათვის მეტად უჩვეულო სურათი იყო ველასკესის შედევრი "ვენერა სარკის წინ" - შიშველი ქალის გამოსახულება  ინკვიზიციის ზეობის წლებში ესპანეთის ეკლესიის მიერ იკრძალებოდა.

1649 წელს ველასკესი იტალიაში დაბრუნდა, სადაც  შექმნა თავისი შემოქმედების გვირგვინი - "პაპ ინოკენტი X-ის პორტრეტი". პაპის სახეში ერთდროულად ჩანს ჭკუაც, გონებაც და სისასტიკეც.

ეს პორტრეტი მსოფლიო ხელოვნების შედევრად აღიარეს.  პორტრეტმა საუკუნეებს გადასცა მხატვრის შესანიშნავი ოსტატობა, მისი დევიზი - "სიმართლე, უწინარეს ყოვლისა". ინოკენტი X-მ დიეგო ველასკესი დააჯილდოვა ოქროსძეწკვიანი მედალიონით, რომელშიც თვით პაპის პატიოსანი ქვებით მოოჭვილი პორტრეტი იდო. მხატვარმა დაიპყრო იტალიელთა გულები. ის წმინდა ლუკას აკადემიის წევრად აირჩიეს.

1650-იანი წლები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მადრიდში დაბრუნებელი ველასკესის შემოქმედებაში. ის ქმნის სასახლის კარის ბავშვებისა და ქალბატონების პორტრეტებს.

1659 წელს იმპერატორმა ველასკესს გადასცა ესპანეთის უმაღლესი ორდენი - სანტიაგოს ჯვარი და საყვარელი მხატვარი სამეფო ობერჰოფმარშლადაც (ანუ სახლთუხუცეს-ცერემონმაისტერად) დანიშნა, რაც... საბედისწერო გამოდგა მხატვრისთვის.

მისი მოვალეობა იყო სამეფო ზეიმების მომზადება-მოწყობა, რასაც დიდი დრო და ენერგია მიჰქონდა. როცა ლუდოვიკო XIV-სა და ინფანტა მარია-ტერეზას შეუღლების გამო საფრანგეთის საზღვარზე დიდ ზეიმს ამზადებდა, სამოც წელს გადაცილებულ ველასკესს ციება შეეყარა და 1660 წლის 6 აგვისტოს გარდაიცვალა.

ესპანეთმა მშობლიურ სევილიაში დაკრძალა  დიდი მაესტრო, სადაც მის ძეგლს მოკლე წარწერა ამკობს: "სიმართლის მხატვარი". ედუარდ მანემ ველასკესს "მხატვართა მხატვარი" უწოდა. ოსტატთა შორის თვით რემბრანდტსა და რუბენსსაც არა ჰყოლია თაყვანისმცემელთა ასეთი არმია.

KvirisPalitra.Geროდრიგეს დიეგო დე სილვა ველასკესი

1834 წელს ველასკესმა შექმნა საუკეთესო ნამუშევარი "ბრედას ჩაბარება", რომელიც ევროპაში ისტორიულ თემაზე შექმნილ ყველა დროის საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება - მაესტრო ტილოზე ცხოვრებისეული სიმართლის ერთგული დარჩა. სწორედ სიმართლემ მოუპოვა მის ქმნილებას უკვდავება და ისტორიის ცოცხალი მატიანის სახელი.