"ჭუჭყის ფენები" ძალიან სქლად მოლაგდა ზედაპირზე" - კვირის პალიტრა

"ჭუჭყის ფენები" ძალიან სქლად მოლაგდა ზედაპირზე"

"ამ თაობას მუდამ შევახსენებ, რომ სამშობლო ერთადერთია და მის საპირწონეს ვერაფერს ვერსად იპოვის"

ცნობილ პოეტს, თემურ ჩალაბაშვილს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა. გულწრფელად მითხრა: - ნამდვილად არ ველოდი, თუ ვინმეს გავახსენდებოდი, ესე იგი, პოეზია საჭიროა და უკუნეთი სიბნელე არ ყოფილაო. არადა, რეალურად მწერლობა სწორედ ახლა გვჭირდება - როცა ადამიანურ ღირებულებებს იმდენად დავცილდით, რომ ისინი არარად მიგვაჩნია. ბატონ თემურს თავისი პატარა ლექსი შევახსენე ("რის ლამაზი მთა და მდელო,/რის თელა და ფიქრი,/ეს ლამაზი საქართველო,/სირცხვილისგან იწვის"). ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. რამხელა შვებაა, როცა მწერალი სულის სიღრმეში გახედებს. ასეთ დროს იმედი ჩნდება, რომ მომავალი გექნება.

- ბატონო თემურ, საპატიო თბილისელობას გილოცავთ. არაერთხელ გითქვამთ, ხელისუფლება მწერლობას ხელს ჰკრავსო, მაგრამ მაინც დაფასდით.

- თუ პოეტი და პოეზია გაახსენდათ, ესე იგი, სულიერი მარცვალი ვიღაცაში მართლაც არის და ეს ბევრს ნიშნავს. თუმცა, ყველაფერი სწორია, რაც ვთქვი - ხელისუფლებას მწერალი არაფრად სჭირდება, ის უფრო დაუფასებელია, ვიდრე საზოგადოების ნებისმიერი ფენა; თავად საზოგადოება კი არსებობის შესანარჩუნებლად იბრძვის და დუღს, ამ დუღილში იმდენი ჭუჭყი დააგროვა, სულიერება მიივიწყა. იმიტომაც არის, რომ საითაც გაიხედავ, აგრესიას, დაუნდობლობას და გაუტანლობას წააწყდები.

ქუჩაში შემთხვევით შეხვედრისას ოდესღაც ახლობელი ადამიანები ერთმანეთის ბედს აღარ კითხულობენ, ორიოდ სიტყვას ესვრიან ერთურთს და გარბიან. ხშირად მიფიქრია, როგორ მოვახერხეთ ამ კონდიციამდე მისვლა, ან ეს ხომ არ არის იმის ნიშანი, რომ სინამდვილეში ყოველთვის ზედაპირული თვისებების მქონე ერი ვიყავით და მითებით ვილამაზებდით ცხოვრებას-მეთქი. პასუხი კი, საბედნიეროდ, ის არის, რომ ეს უფრო ეპოქის ჭუჭყია, და არა ეროვნული ნიშანი. რა გასაკვირია, ერთმანეთი რომ დავგმოთ და ვერ გავიტანოთ, როცა ეპოქამ უფალი დაგმო და სულ უფრო მეტი ადამიანი აიყოლია.

ამას წინათ სწორედ ასეთმა ტიპმა, რომელსაც ჰგონია, რომ უფალი სწორედ ის არის და შეუძლებელს შეძლებს, ლხინში მთვრალმა მედიდურად გადმომძახა: - როგორ ფიქრობთ, ბატონო თემურ, ღმერთი არსებობსო? ბატონო ჩემო, თქვენ არსებობთ, თორემ ღმერთი სუფევს-მეთქი. შეცბა და გაჩუმდა...

ამას ისევ გაიმეორებს, სანამ არ მიხვდება, რომ ის ყველაფრის შემძლები არ ყოფილა და ცხოვრებამ მიწაზე დაანარცხა. ეს კანონია. ქვევრშიც ასე ხდება, როცა ღვინო დუღს, თავზე ჩენჩო ექცევა და იქ მანამდე გაჩერდება, ვიდრე დრო არ მოუვა და თავის ადგილას არ დაილექება. შეიძლება ყბადაღებული თემაა, მაგრამ ჩვენ "ვეფხისტყაოსნის" შემქმნელი ერი ვართ და როგორ შეიძლება, ასეთი უმაღლესი ფილოსოფიის ხალხში სულიერმა ღირებულებებმა თავისი ადგილი არ დაიმკვიდროს! თუმცა შეიძლება ეს დუღილი ძალიან დიდხანს გაგრძელდეს და თაობები შეიწიროს -

"ჭუჭყის ფენები" ძალიან სქლად გახლავთ ზედაპირზე მოლაგებული. რის სიმბოლოც ერთ-ერთი ცნობილი მხატვრის პერფორმანსი მგონია - მან რამდენიმე წლის წინ სამხატვრო აკადემიის სტუდენტები დასვა და ერთმანეთისათვის აფურთხებინა.

მაშინ ამ ამბავმა აღმაშფოთა, მაგრამ ეს მართლაც იყო ჩვენი სულიერი მდგომარეობის გამომხატველი. რაზეა ლაპარაკი, როდესაც თავად მწერლობა, შემოქმედებითი ნაწარმოები იქცა დედის გინებისა და ბილწსიტყვაობის არენად. ღმერთმა დაგვიფაროს, ყველას ეხებოდეს, მაგრამ როცა ადამიანს სულის სიღრმეში კარგი არაფერი ეგულება, სათქმელი აღარაფერი აქვს, ისღა დარჩენია, უწმაწური სიტყვებით მიიპყროს ყურადღება. Gგალაკტიონი ასეთ ამბებზე იტყოდა - "არ შეუძლია, მტვერი არ იყოსო".

- ამ ყველაფერთან ერთად სამშობლოს გინებაც გახშირდა. თუ ადრე გავიძახოდით, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართო, ახლა ვამბობთ, ყველაზე უვარგისები ქართველები ვყოფილვართო. ხშირად გაიგონებთ, აქ რა უნდა ვაკეთოთ, უცხოეთში უნდა წავიდეთო. - როდესაც ახალგაზრდობას ყოველწამს აყურებინებ, როგორ ძირავენ ადამიანები ერთმანეთს, როცა უამრავი გაჭირვების მოწმედ ხდი, როცა უწმაწური სიტყვებით გაჯერებულ ნაწარმოებებს აკითხებ და თავში უტენი, რომ მის სამშობლოში მსგავსი "შედევრები" იქმნება, როცა 40 წელს გადაშორებული კაცები საკუთარ დედას აგინებენ, რა გასაკვირია, რომ სამშობლოც საგინებელ სიტყვად იქცეს.

საქმე იქამდე მივიდა, რომ სიტყვა "სამშობლოს" ხსენება ლამის ჩამორჩენილობად ითვლება. ეს სიტყვა სახელმძღვანელოებშიც კი აღარ შეაქვთ. რაღა შორს წავიდეთ - იაკობ გოგებაშვილის "დედაენა" სასკოლო პროგრამებიდან არის ამოღებული, მის ნაცვლად კი ამერიკელი ჯიმისა და ტომის ამბები ისწავლება.

ქართველი მოყვრად მოსულ უცხოსა და საუცხოოს არასოდეს შებრძოლებია, მაგრამ არა - ეროვნული ღირებულებების დაშორების ხარჯზე. როცა ბავშვს ბავშვობაშივე ეროვნულ ფესვებს აგლეჯ, როგორ ფიქრობ, მისთვის სამშობლო არ გაუცხოვდება? თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, სამშობლოს სიყვარულთან ბრძოლის მოგება ასე მარტივად არც გამოვა და არც გამოსულა.

ერთ მშვენიერ დღეს სამშობლოზე ზრუნვა საყურიან ბიჭებსაც მოუნდებათ. რადგან ისინიც დარწმუნდებიან, რომ საყურე დაიმტვრევა და გახუნდება, ხოლო სამშობლო ყოველთვის იარსებებს და დაუძახებთ.

ზემოთაც ვახსენე, ქვევრში ღვინო აუცილებლად დაიწმინდება-მეთქი, ახლა კი იმას დავამატებ, რომ იქნებ ეს ყველაფერი -

სამშობლოს ლანძღვა და უბედურებანი აუცილებელიც არის, რომ ვიღაც გამოფხიზლდეს - რას ჰქვია, შენ სამშობლოს მილანძღავო! როცა რწმენას ებრძვი, მაშინ ის ძლიერდება. ქმედება აუცილებლად იწვევს უკუქმედებას.

უკვე ვხედავ და ურთიერთობა მაქვს იმ თაობასთან, რომელიც სულიერ ედელვაისად მოგვევლინება და ეპოქის ჭუჭყის გადაწმენდას მოინდომებს. უკვე არიან ახალგაზრდები, რომლებშიც თავი იჩინა პროტესტმა იმ ყველაფრის მიმართ, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება. ახალგაზრდობასთან ყოველთვის ვმეგობრობდი, მაგრამ ამ სიღრმეების დანახვა განსაკუთრებით მას შემდეგ შევძელი, რაც ბათუმელმა ახალგაზრდა პოეტებმა თავმჯდომარედ ამირჩიეს. ამის საშუალებით მკაფიოდ დავინახე ის უამრავი ახალგაზრდა, რომელიც სულ სხვა თაობაა: ისინი არც პოლიტიკოსების გადადგომას მოითხოვენ, არც მარიხუანის ტრანზიტს, ისინი მოითხოვენ, რომ მათ სამშობლოს პატივი სცენ და სამშობლოს საფიცრად სახავენ. სწორედ ამ თაობაში გავიგონე ჯიუტად ნათქვამი: - არსად წამსველელი არ ვარ, ან რატომ უნდა წავიდე, სწორედ აქ, სამშობლოში უნდა დავრჩე, აქ უნდა გავაჩინო შვილებიო! აი, ასე ჯიუტები და თან საოცრად განათლებულები არიან, უცხო ენები იციან, ამ უცხო ენებზე კითხულობენ, იღებენ ტექნიკურ განათლებას და რეალურ საქმეს აკეთებენ. მათი შემხედვარე, ხანდახან გაიფიქრებ, ასეთი პრაგმატულები ლექსს როგორ წერენო, მაგრამ წერენ. თანაც ძარღვიან ლექსებს. მათზე ფიქრისას სულ მახსენდება, ვაჟა ლუხუმზე რომ ამბობს, არ მომკვდარაო - "ეღირესებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომაო". ასე რომ, მოვა დრო და გამოჩნდებიან. ამის იმედი რომ არ მქონოდა, სიცოცხლეც არ მენდომებოდა.

- დამამშვიდეთ. სხვათა შორის, თქვენი პოეზიაც ამგვარად ამშვიდებს.

- ეს რომ არ მახარებდეს, ვეღარც ლექსს დავწერდი. ამას წინათ მშრალ ხიდზე მოვდიოდი დაღონებული, - რაღაცის ყიდვა მინდოდა, მაგრამ ჯიბეში გროშიც არ მქონდა. უცებ გვერდით ახალგაზრდა ქალმა ჩამიარა და როგორც იქ ჭადრის ფოთლებმა, უცებ ისე ჩამიშრიალა ეს სიტყვები: "მე მშრალი ხიდით სახლში ვბრუნდები". ვერ აგიწერთ, რა დამემართა. მე მაქვს ასეთი ლექსი: "ეს სანაპირო შენს თავს მაგონებს, შორს თოლიათა კრთიან გუნდები/,მე ჩუღურეთის წვიმა მასველებს,/და მშრალი ხიდით სახლში ვბრუნდები". ამ ქალმა ეს ლექსი ზეპირად იცოდა და ამით ბედნიერი იყო. ეს რომ ვიგრძენი, ჩემზე ბედნიერი კაცი იმ ხიდზე გაქრა!..

სიტყვას განსაკუთრებით დიდი ფასი აქვს. სიტყვა კლავს და სიტყვა აცოცხლებს. ამას წინათ კახეთში გახლდით, სოფელში. მამაჩემმა მითხრა, - შვილო, უკვე რამდენი ხანია, ბეღურები აღარ მოფრინავენ ჩვენს სოფელში და ნეტავი რატომო? გუნება წამიხდა... მერე ვენახს ავყევი და უცებ ჩემი შვილის ნათქვამი გამახსენდა, - მამა, დიდი პაპის ვენახის თავს სახლი უნდა ჩავდგა, ზვარში ჩემი ბიჭი, ჩემი თარაში უნდა გადავაგოროო. ეს მომაგონდა და სიცოცხლეც დამიბრუნდა, - აი, მოვა თარაში და იქნებ ბეღურებიც დაბრუნდნენ-მეთქი.

შვილს რომ თარაში დაარქვა, ჩემს ვაჟს ერთმა ჰკითხა, - აფხაზური სახელი რატომ დაარქვი, აფხაზეთი გინდა დააბრუნებინოო? დიახ, რახან ჩემი თაობიდან უკვე აღარაფერი გამოვა, აფხაზეთი თარაშის თაობამ უნდა დაიბრუნოს, - იმ თაობამ, რომელსაც სულ არ უნახავს აფხაზეთი, მაგრამ მასზე ტკივილი სისხლით გამოჰყვება.

აი, ეს არის იმ სამშობლოს ძალა, რომელიც ახლა საგინებელ სიტყვად იქცა. მაგრამ მე რაც შემიძლია და სანამ ვიცოცხლებ, ამ თაობას მუდამ შევახსენებ, რომ სამშობლო ერთადერთია და მის საპირწონეს ვერაფერს ვერსად იპოვის.

P.S. ყველა თაობას თავისი მისია აქვს და ბატონი თემურის თაობის "გატანილი ლელო" მკითხველს მისივე ლექსით უნდა შევახსენოთ, ჩვენს სახელოვან ქართველს კი ხანგრძლივი სიცოცხლე ვუსურვოთ...

"გასატანი ჩემი გავიტანე ლელო,/გულმაც გაიარა უკვე გასავლელი,/როგორ მოგეფერო, ჩემო სანატრელო,/იცი, შენ გეკუთვნის თვით სიცოცხლე ჩემი./ბევრი კარგი ვნახე, ბევრიც განსაცდელი,/ვინ რა იცის ხვალის, ცოტა დამრჩა კიდევ,/რომ ველოდი ადრე, იმას დღესაც ველი,/ერთი კაცის ცოდვა, ერთმა კაცმა ვზიდე, არც არაფერს ვნანობ, არც არაფერს ვითხოვ,/ისე მიდის მდორედ ამ ცხოვრების დღენი. როცა სურდეს, მაშინ, მაშინ მომაკითხოს,/ბოლოს მაინც უნდა ჩამოვართვა ხელი."