ბათუმი, ცოტა ვისკი, პრეზიდენტი და ინგა გრიგოლია - კვირის პალიტრა

ბათუმი, ცოტა ვისკი, პრეზიდენტი და ინგა გრიგოლია

ამბობენ, ადამიანები ამინდზე მაშინ ლაპარაკობენ, როცა სხვა თემა არ აქვთო. ჩვენც ამინდით დავიწყეთ, მიუხედავად იმისა, რომ სალაპარაკო ძალიან ბევრი გვაქვს.

ცოტა უჩვეულოა, ბათუმში ასეთი ზაფხული არ გვახსოვს - მზიანი და უღრუბლო. არც ბათუმი გვახსოვს ასეთი - ლამაზი და თან... პრობლემებით სავსე.

ინგა განსაკუთრებულ პლაჟზე არ გადის, ჩვეულებრივ გარემოში ჩვეულებრივ ხალხთან ერთად ეფიცხება მზეს - პოლიტიკოსისთვის ეს უფრო ხელსაყრელია, ბევრს ისმენს და ბევრ ახალს იგებს. პირველად აღმოაჩინა წელს მზისგან მოკუნტული ადამიანები, რომლებიც სანაპიროზე დადიან და ჩურჩულით გთავაზობენ - წყალი ან სიმინდი იყიდეო. ხელისუფლებამ გალამაზებული ბათუმის გამო მათ ერთადერთი შემოსავლის წყარო დაუხშო.

ალბათ, სტრატეგია არსებობს ამგვარი - სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს. მსგავსი მსხვერპლი კი ჩვენს ქვეყანაში მრავლადაა - აჭარის საკურორტო ზონის ადგილობრივი მოსახლეობა და თბილისის გასალამაზებლად განწირული ლტოლვილები.

არადა, წინასაარჩევნოდ ყოველ მათგანს შეხვდა ინგა გრიგოლია, რჩევებსაც აძლევდა, თუმცა არ დაიჯერეს, ან ვერ... ლტოლვილებმა ხმა მაინც ხელისუფლებას მისცეს. მერე კი, ხომ გახსოვთ "დათა თუთაშხია" - "ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადა"... დღეს ისინი ქუჩაში აღმოჩნდნენ, უბედური ბედის ანაბარად...

მე და ინგა სანაპიროზე ვსხედვართ, ვისკის ვწრუპავთ... თუმცა, პოლიტიკასა და პრობლემებზე საუბარს თავს მაინც ვერ ვარიდებთ.

ამინდის პროგნოზს პოლიტიკური პროგნოზი ენაცვლება - ინგამ იცის, რომ ძალიან მალე სერიოზული განხეთქილება მოხდება ხელისუფლებაში. სააკაშვილი კი მის გუნდში აღარავის ადარდებს.

ასე რომ არ იყოს, ნუთუ არავინ ურჩევდა, რომ ვერა ქობალია ეკონომიკური განვითარების მინისტრად არ დაენიშნა, რომ ქობალიების აღზევება არ უნდა წამოეწყო? არ არის ეს ანეკდოტი? ორივეს გვეცინება, თუმცა ეს სასაცილო ნამდვილად არ არის! შესაძლოა, პრეზიდენტის არაორდინარული სვლები ბევრ ჭკვიან პოლიტიკოსს ხელს აძლევს და ახარებს კიდეც, ეს სიმპტომია პრეზიდენტის ვადამდე არჩევნებით პოლიტიკიდან წასვლისა.

სააკაშვილი საქციელს ვეღარ აკონტროლებს? არააა! ის ყოველთვის ასეთი იყო. ეგ იყო - ერთხანს ტონი შეარბილა, ახლა უკვე დაიჯერა, რომ მოძლიერებულია და...

ინგას ჟურნალისტური და პრეზიდენტის პოლიტიკური კარიერა პარალელურად მიიწევდა წინ და მაღლა.

ჯერ იყო ძალიან საინტერესო, კრეატიული და ნიჭიერი ახალგაზრდა სააკაშვილი. გაუცვეთელი და სასურველი რესპონდენტი. მერე იყო მეგობარი სააკაშვილი. ზუსტად ისეთი, გადაცემა რომ გივარდება, თემა არ გაგაჩნია, მასთან ერთხელ დარეკავ, ერთ სიტყვას ეტყვი - "მიშველე" და ... მეორე დღეს შენს ყველაზე სკანდალურ გადაცემაზე ყველა ალაპარაკდება.

ჰო, კარგი მეგობრები იყვნენ. მერე ინგამ აღმოაჩინა, რომ ამ ახალგაზრდა კაცს მშვენივრად აქვს მორგებული დემოკრატის ნიღაბი. ნიღაბია, აბა, რა: როდესაც ხელისუფლებაში მოსვლის პირველსავე დღეს სამ ყველაზე რეიტინგულ გადაცემას ერთდროულად დახურავ, შენ დემოკრატი არ ხარ!

ინგას და პრეზიდენტის მეგობრობა მაშინ დასრულდა, როდესაც "ვარდების რევოლუციის" პირველივე დღეს პარლამენტის შენობაში ჟურნალისტმა გრიგოლიამ რევოლუციონერ სააკაშვილს კომენტარი სთხოვა, მან კი უშვერი სიტყვებით მოურიდებლად გალანძღა.

არადა, ვერ დაუკარგავ, ნიჭიერი კაცია - მშვენივრად მოახერხა, ზურაბ ჟვანიას მიერ წამოწყებული რევოლუცია მიესაკუთრებინა, სადავეები ხელში აეღო და... აი, ზურაბ ჟვანია კი ნამდვილად მოკლულია და ამაში ინგა ასი პროცენტით არის დარწმუნებული. ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე ყველაფერი გამოაშკარავდება.

ჭორი, რომელიც პრეზიდენტსა და ინგა გრიგოლიას უკავშირდება, ყველაზე მტკივნეული და დამანგრეველი იყო უარესთა შორის.

KvirisPalitra.Geმტკივნეული იყო განცდილი სიყვარულიც. უფრო სწორად, სიყვარულთან განშორება.

ურთიერთობა კი არასდროს დაწყებულა გრძნობით, პრეისტორია ყოველთვის ჰქონდა რამდენიმეწლიანი მეგობრობის სახით.

სულ სამჯერ უყვარდა - ერთხელ ბავშვობისას და წრფელად;

მეორედ - ირაკლი გოგავასთან აკავშირებდა გახმაურებული რომანი;

მესამედ - ყველაზე ხანგრძლივი და ძლიერი აღმოჩნდა გრძნობა - ის არ არის ცნობილი ადამიანი. დიდხანს იყვნენ ერთად და კარგად. ინგამ ახლახან "დაუქნია ხელი". ხელის დაქნევა ძნელია, თუმცა არ უჭირს. როგორც კი იგრძნობს, რომ თითქმის ამოწურა, ნაკლებად უხარია და... გაეცლება.

დაკარგულის დასაბრუნებლად არასოდეს იბრძვის. ყოველთვის უკეთესის მოლოდინი აქვს.

ახლა მარტოა.

კარგადაა.

მარტოობა არ კლავს, არც ტანჯავს, ბევრზე ფიქრის საშუალებას აძლევს.

ძალებს იკრებს.

ზუსტად იცის, რომ ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება, მალე მოუტანს დრო ახალ სიყვარულს. ამას გუმანით გრძნობს.

გუმანს კი... ყველაზე მეტად ენდობა.

არასდროს, ცხოვრების არც ერთ ეტაპზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ მიუღია. ფიქრის პროცესი ხანგრძლივია და მტანჯველი. დუღილისას "ინგრედიენტები" უცვლელია - რამდენიმე უძილო ღამის შედეგად სასწორის პრინციპს მიმართავს - ახარისხებს პლუსებსა და მინუსებს. შედეგი ყოველთვის გემრიელი, ნოყიერი და ჯანსაღი გამოდის. თუმცა, მთავარი - თუ გუმანით არ იგრძნო, რომ ღირს, ფიქრს არც კი წამოიწყებს.

ლონდონში სასწავლებლად გამგზავრებას დიდი რეზონანსი მოჰყვა. ამბობდნენ, ხელისუფლებამ "გაამწესაო"... ღმერთო, იმის საშუალება კი ნამდვილად ჰქონდა, საკუთარი სწავლა ოთხიოდე თვით დაეფინანსებინა.

არც პოლიტიკაში გადადგმული ნაბიჯი "დაინდეს". ხშირად ეკითხებოდნენ - რას გააკეთებ პოლიტიკაში? კითხვაზე კითხვითვე პასუხობდა - უკაცრავად, მაგრამ თქვენ რას აკეთებთ პოლიტიკაში? და საერთოდ, ვის აქვს უფლება, განსაზღვროს, წავიდეს თუ არა ინგა გრიგოლია პოლიტიკაში?!

ვერასდროს ვერავინ ვერაფრით გააოცებს - პრესაში არც ერთი ჟურნალისტი იმ დოზით არ ულანძღავთ, როგორც ინგა. ამიტომ იმუნიტეტი გაძლიერებული აქვს, რეაქცია - ურეაქციო.

ხელისუფლებამ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაბლოკა კოკა ყანდიაშვილთან ერთად. მომზადებული გადაცემა ეთერში უნდა გასულიყო და... რამდენიმე მძიმე თვე გადაიტანა ინგამ. დიდი ოჯახი ჰყავს, რომელსაც მოვლა, რჩენა სჭირდებოდა. თავის გასატანად საკუთარი ავტომობილი გაყიდა. მერე ისევ მეგობრობა და გიორგი თარგამაძის თავდადებული ბრძოლა - იქნებ, როგორმე "იმედში" დაეწყო მუშაობა ხელფეხშეკრულ ჟურნალისტს. მცდელობამ შედეგი გამოიღო.

როდესაც გბლოკავენ, ეს ნიშნავს, რომ აღიარებენ შენს ძლიერებას.

არის ხშირად დაბლოკილი, მაგრამ მაინც ყოველთვის ხელფეხგახსნილი ინგა.

აპოლიტიკური ინგა... აღარც მახსოვს, როდის ვნახე ასეთი - დასვენებულია, დამშვიდებული, თითქოს უფრო ლაღი და მშვიდი...

ასე ლაღი ბოლოს ბავშვობისას ყოფილა.

მერე იყო სტუდენტობა - უმძიმესი მდგომარეობა ქვეყანაში და არანაკლებ მძიმე - ინგას პირად სამყაროში. თვეობით არ გამოდიოდა სახლიდან. ეს მკვდარი ეტაპი იყო.

მერე... თითქოს იმედმაც გამოანათა, მუშაობა მოქალაქეთა კავშირის პრესსამსახურში დაიწყო.

მერე კი... მერე დანარჩენი სხვა - ის, რაც ვიცით და რასაც ვხედავდით. ინგა ჩვენ თვალწინ, "ტელევიზორში იზრდებოდა".

ტელევიზია და ის თორმეტი წელი სიცოცხლის ეტაპია, ბედნიერების, დახარჯვის და სისავსის.

იყო ყველაფერი - აღზევება და ხელის კვრაც, თუმცა არ დაცემულა.

ტელევიზიამ ბევრი მისცა, მაგრამ ერთი და ყველაზე მთავარი კი წაართვა. ბავშვობიდან  წერდა. წერდა, წერდა, წერდა... ლექსებს. დაუსრულებლად!

ჟურნალისტიკაში წასვლამ ემოცია ჩაყლაპა თითქოს, ღრუბლებიდან ძირს დაეშვა და გაცილებით პრაგმატული, რეალისტური გახდა. ახლა ოცნების უფლებას აღარ აძლევს თავს.

ერთადერთი ოცნება კი მაინც აქვს და ისიც მის ერთადერთ შვილს უკავშირდება...

ბავშვობაში ტელევიზიაზე ოცნებობდა.  თვალებს დახუჭავდა და სხვა განზომილებაში გადადიოდა - იმ სამყაროში ზუსტად ისე ცხოვრობდა, როგორც სურდა.

ახლა კი...

თვალებს ვახუჭვინებ.

არაფერიც არ გამოსდის. ოცნებები და სხვა სამყარო აღარ არსებობს...

სალომე ლილუაშვილი

შეხვედრა წარსულთან

"ჩემზე ხომ ვერ იტყვი, "კუკოლკააო"?!

"ყოჩაღ, გოგონი!"

"შეხვედრა წარსულთან" - ამ სახელწოდების ახალ რუბრიკაში შევეცდები წარსულში დავაბრუნო ცნობილი ადამიანები. "კვირის პალიტრის" მდიდარ არქივში ვის ფოტოს არ ნახავთ. 15 წლის განმავლობაში უამრავი ფაქტი, სახე და ემოცია დაგროვილა...

მაშ ასე, პირველი ინგა გრიგოლია დავაბრუნეთ თითქმის 12 წლით უკან. როდესაც ფოტოები ნახა, თვალები აუწყლიანდა და მისთვის ჩვეული რიხით შეუდგა მოგონებების გაცოცხლებას.

KvirisPalitra.Ge1) ინტერვიუ შევარდნაძესთან

მგონი, პარლამენტის შენობაში ვართ... ამ დროს "რუსთავი 2"-ზე ვმუშაობ. ისე გამოვიყურები, ახალი დაწყებული უნდა მქონდეს ჟურნალისტური კარიერა. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო ეტაპი იყო.

ამ ფოტოზე ნამდვილად მაქვს ინგა გრიგოლიას მზერა, ოღონდ უფრო პატარა ინგასი, რომელსაც ალბათ ძალიან უნდა "ამოქაჩოს" რაიმე პასუხი შევარდნაძეს.

ისიც გამახსენდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ერთ-ერთი ყველაზე იოლად მოსახელთებელი რესპონდენტი იყო. შეხვედრაზეც რომ ყოფილიყო, დღევანდელი პრეზიდენტისგან განსხვავებით, მობრუნდებოდა და კითხვებზე უსათუოდ გიპასუხებდა.

KvirisPalitra.Ge2) შავთმიანი ინგა პირველი არხის მიკროფონით

ამ ფოტოზე მგონი, შევარდნაძის რეზიდენციაში ვარ, კრწანისში. ამ დროს შეყვარებული ვიყავი... რა სასაცილო ვარ, არა? ესეც  ჩემი კარიერის დასაწყისია და ძალიან ძვირფასი ფოტოა. მადლობა "კვირის პალიტრას," საერთოდ არ მახსოვდა ეს ფოტოები.

მაშინ შამბა ჩამოვიდა და ველოდებოდით. ნებისმიერი რესპონდენტი გვხვდებოდა, არავინ გვირტყამდა თავში მიკროფონს. ერთადერთი რესპონდენტი, ვის გამოც მიკროფონი მომხვდა თავში, ასლან აბაშიძე გახლდათ. დიდი გაწევ-გამოწევა იყო და არ მიმიშვეს.

KvirisPalitra.Ge3) "მოამბე" ინგა გრიგოლიასთან ერთად"

ეს კადრები კიდევ ერთხელ მახსენებს, რომ ზაზა შენგელიამ თავის დროზე დაარღვია ყველანაირი სტანდარტი. მაშინ მოდაში "კუკოლკა" წამყვანები იყო, ჩემზე ხომ ვერ იტყვი, რომ "კუკოლკა" ვარ.

ამ პერიოდში ძალიან მოვიმატე წონაში. მანამდე სულ რეპორტაჟებზე დავრბოდი. დღისით სამი-ოთხი რეპორტაჟი მქონდა ხოლმე. ეს გადაცემა რომ დავიწყე, ძალიან დიდ ენერგიას კი ვხარჯავდი, მაგრამ მოძრაობა შევწყვიტე და გასუქება დავიწყე.

ამიტომ ჩემმა რეჟისორმა ზურაბ ფანქველაშვილმა მითხრა, - წითელ პიჯაკს ნუღარ  ჩაიცვამ, თორემ ძალიან ცუდად გამოიყურებიო. მუქი პიჯაკების ჩაცმა დავიწყე. ეს ფოტოები კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ქერა თმა არ მიხდება.

უცნაურად გამოვიყურები, თუმცა ძალიან კარგად მახსენდება ის პერიოდი. მაშინდელი სახელმწიფო ტელევიზია იმაზე ასჯერ თავისუფალი იყო, ვიდრე ოდესმე  ყოფილა და ეს ზაზა შენგელიას ნოვაცია გახლდათ.

მან ახალი თაობა მიიყვანა ტელევიზიაში, რის გამოც ბევრი უკმაყოფილო დარჩა... როდესაც თავისუფალი სიტყვა იარსებებს საქართველოში, ტელევიზიების  ისტორიაში ახალი ეტაპი აუცილებლად დაიწყება.

KvirisPalitra.Ge4) გიორგი სანაია

ეს არის ძალიან მტკივნეული მოგონება. არასოდეს დამავიწყდება მისი გარდაცვალებით მიღებული შოკი. შესაძლოა, პროფესიის ბრალია და ბუნებითაც ეჭვიანი ვარ, მაგრამ სულ ვფიქრობ, რომ ვერსია, რომელიც თავიდან გავრცელდა მის მკვლელობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს.

მგონია, რომ მის მკვლელობაში პოლიტიკური ქვეტექსტები იყო.  ვახო სანაიას რომ ვუყურებ, ყოველთვის მახსენდება გიორგი. მაშინ, როცა ამ ფოტოს ვიღებდით, ვერ წარმოგვედგინა, რომ წინ დიდი ტკივილი გველოდა. მგონი, ვარდისფერი პიჯაკი მაცვია -  გოდერძი შარაშიას ქორწილისთვის ვიყიდე.

ძალიან ვგულშემატკივრობ ამ ფოტოებზე აღბეჭდილ ინგას. მაშინდელი ინგა დღევანდლისგან დიდად არ განსხვავდება, მაგრამ  მაშინ არ ვიცოდი, რისთვის შეიძლებოდა მიმეღწია.

წლებმა მომიტანა გამოცდილება და დამარწმუნა, რომ არ არსებობს მიზანი, რომელსაც ვერ მიაღწევ.  ვუყურებ ამ ფოტოებს და ჩემი გარეგნობის მიხედვით ვხვდები, რომ არა მარტო გადაცემების შინაარსსა და ფორმატზე, ჩემს თავზეც ბევრი მიმუშავია. იმას კი არ ვამბობ, რომ ახლა კარგი ვარ და მაშინ ცუდი ვიყავი.

არა, უბრალოდ, ერთი ეტაპი დასრულდა, 12-წლიანი ეტაპი,  და ვეტყოდი ძველ ინგას, - ყოჩაღ, გოგონი, მართლა გყვარებია შენი საქმე.

ეკა ლომიძე