"ხალხი ადრე ნამუსიანი იყო, ახლა გულჭრელი გავხდით" - კვირის პალიტრა

"ხალხი ადრე ნამუსიანი იყო, ახლა გულჭრელი გავხდით"

"ახლა ლოთობ-შფოთობა, ბოზობ-ქურდობა, გაუტანლობა, ნიკოტინი და ნარკომანიაა ახალგაზრდების დამკნინებელი. სასმელს მიჰყვებიან და პაპიროსსა. ახლა მითხრა ვიღაცამ, ნარკოტიკი თავისუფლად უნდა იხმაროს ყველამაო. ამით ხომ გაჩანაგდებიან"

ფშავის სოფლებში - თხილიანასა და შუაფხოში სულ 12 ოჯახი დარჩა. დიდი ხანია, აქ არც ქორწილი გაუმართავთ და არც უმღერიათ. ბავშვიც კი იშვიათი სანახავია. ფშავში უცვლელი მხოლოდ წარმართული ღვთაებებია - ერთი მთიდან კოპალას ხატი მოჩანს, მეორიდან - იახსარი. ვიწრო, ტყიან, ულამაზეს ხეობაში აღარც ჟიპიტაურის სურნელი ტრიალებს და აღარც ხინკლის ოხშივარი ამოდის. დარჩენილ ოჯახებს დროდადრო ტყიდან ჩამოსული ნადირის ყმუილი ურღვევს მყუდროებას. ნასახლარებისა და დანგრევის პირას მისული სახლების შემხედვარე ვფიქრობდი, ალბათ, მალე თითზე ჩამოსათვლელი ღია კარებიც გამოიკეტება და სოფლები გაქრება - აღარც ხევისბერი, აღარც ფშავლები და აღარც აგიზგიზებული ცეცხლი კერაში... შუაფხოს მკვიდრი, 83 წლის თეკლე ბადრიშვილი ხევისბერის შვილია. სოფლის უხუცესი ისე ცხოვრობს, როგორც მამამ ასწავლა - წინაპრების ტრადიციებს მკაცრად იცავს. ორი შვილის დედა მარტო ეჭიდება ცხოვრებას. ცელიც უჭირავს და ცულიც, საქონელსაც უვლის. მის სახლში ძველი ნივთები სამუზეუმო ექსპონატებს ჰგვანან: ხის სადღვებელი, ნაკვერჩხლის უთო, ჯარა და თითისტარი...

- სურათი უნდა გადამიღოთ, არა? მოიცა, ცოტა გამოვიპრანჭები. ბებერი კი ვარ, მაგრამ არა თქვან, ეე, გადაღრძუებულ ქალს რანაირად აცვიაო..."თეკლე ბებო ეზოში მეპატიჟება, თვითონ კი რამდენიმე წუთში პიჯაკსა და ბრჭყვიალა ყელსახვევში გამოწყობილი გამოდის სახლიდან. ამ კოსტუმს მაშინ ვიცვამ, ხატში რომ მივდივარ ხოლმე. ჩვენი გართობა ხატობა იყო. მერე დავიწყებდით მკას, თიბვას, ლეწვას. მიწას გუთნით ვხნავდით... დღეს ყველაფერი იყიდება, მაგრამ მოწამლული. შუაფხო. მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ფოტო

მაშინ "მანანას" ვეძახდით - ფოთოლზე ჩამოდიოდა როგორც თაფლ-წყალი - იმასა ვჭამდით, ბალახეულობით ვმკურნალობდით.

შუაფხოში დავიბადე და გავიზარდე. 12 წელი ქმრის სოფელში, თვალივში ვიცხოვრე. მერე წამოველ, გავეყარე. მე მორწმუნე ვიყავი, ის - არა. მომიტაცა 20 წლის სტუდენტი რომ ვიყავ, თბილისიდან წამომიყვანა. არც არავინ მამეშველა... ვეხვეწებოდი ყველასა, მაგრამ ჩამსვეი მანქანაში და წამამიყვანა. მარტომ გავზარდე შვილები. ორივე წიგნზე გავზარდე. წიგნი მიყვარდა ძალიან. დღესაც ეგრე ვარ, ღამე ვერ ვიძინებ, თუ არ წავიკითხე. ახლა მე-17 საუკუნის წიგნები გამომიგზავნეს და რა საცოდაობაში ყოფილან ჩვენი ქართველები, ვკითხულობ და გული მიკვდება. 21 წელი ბარისახოში ვმუშაობდი, მერე - შუაფხოს სკოლა-ინტერნატში.

- როგორი იყო მაშინ ეს სოფელი? - სოფელი აგე, გაღმა იყო. ჩვენი სახლი იმ მთაზე, კაკალი რომ მოჩანს, იმასთან იდგა. ახლა ნანგრევებიც აღარ არის. მამა იტყოდა ხოლმე, 60 კომლი იყო ჩემს მოსწრებასო. მე რომ გავიზარდე, 20-მდეც აღარ იყო, ახლა ხუთი ოჯახი ვართ. 13 წელი იქნება, აქ ბავშვი აღარ დაბადებულა. ქორწილი როდის იყო, აღარც მახსოვს.

- აქ სულ მარტო ხართ? - ჰო. უკანა ფშავში სტუმარი იშვიათობა გახდა. აი, ახლა, რომ გამოჩნდით, გულს გაუხარდა. ამ მთებში ახლა სიჩუმემ და მოგონებებმა დაისადგურა. ორი ვაჟი მყავს, ოთხი შვილიშვილი. ხანდისხან ამოდიან, დამავლებენ თვალსა. ორი ძროხა მყავ, მოვწველავ, ყველს ამოვწურავ, შევდღვებავ კარაქსა... ქათმები მყავ. თუ არაფერი გავაკეთე, ვინ რას მაჭმევს.

- ბარში ჩასვლა არ გიფიქრიათ? - მამაჩემს უნდოდა, მაგრამ იახსარის ხევისბერი იყო და არ შეიძლებოდა იმის წასვლა. იახსარი ჩვენი სალოცავია. მამა წინამძღოლობდა ხატობას, ხატის დროშას გამააბრძანებდა, სოფელს, ქვეყანას და იახსარს გაადიდებდა და იწყებოდა მოლხენა. ერთხელ კოლმეურნეობის თავმჯდომარემ ქვემო ქედში სანახიროდ გაგზავნა და გზაში ფეხი მოსტყდა. სახლში დაბრუნდა თუ არა, გამოეცხადა ანგელოზი, მეორე ფეხსაც მოგტეხავ, კიდევ რომ წახვიდეო. შუაფხო. მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ფოტო

მამაჩემი თავის წინაპრებისგან ნანახ-გაგონილს მიყვებოდა. ერეკლე მეფე ციხეგორაზე იზრდებოდაო. აკლდამებიც არის იმ ადგილას. ნაროულაას ვეძახით; წყალი ჩამოდის; იქ ბევრი დათვი იცის. იქაო, ცხრა წლის ერეკლემაო, დათვი მოკლაო; მაშინათვე სახელიანი იყო ერეკლე მეფეო. მამაჩემმა მითხრა, თამარ მეფე ეტლით დადიოდა ამ ადგილებში და ადიდებდა ფშავის სალოცავებსაო...

- ახალ წელს მარტო ხართ ხოლმე? - მამდიოდნენ ხოლმე სტუმრები, შარშან მარტო ვიყავი. ახალი წლის მეორე დღეს ქათმების მეკვლეობაზე არავინ მამივიდა. მეკვლემ ქათამი უნდა მოგიყვანოს, გამრავლების და ბარაქის სიმბოლოდ. ადრე სხვანაირი ახალი წელი ვიცოდით. გოგა ჰქვიან კვერსა, ახალი წლისთვინ ვაცხობდით. მერე ბედის კვერებს გამოვაცხობდით ოჯახის წევრების სახელზე. გოგა უნდა შემოეგორებინა მეკვლეს სამჯერ. წაღმა თუ დადგებოდა, ოჯახში ბედნიერება იყო იმ წელს, თუ პირიქით - უბედურება.

ახალ წლამდე მამა სულ ხატში იყო და ახალი წლის შემობრძანებისთანავე მთავრდებოდა ხატობა. ხატში მყოფები ქუდებს იხდიდნენ, ნაბადში შეახვევდნენ, ერთმანეთში აურევდნენ, მერე ვიღაცა შეყოფდა ხელსა და ვის ქუდსაც გამაიღებდა, იმას შეხვდებოდა მეკვლეობა და სოფელში ყველა ოჯახში უნდა მისულიყო. გული იმაზე მწყდება, რომ ძველი ტრადიცია იკარგება.

შვილები მეხვეწებიან, გაყიდე ძროხები და წამოდიო. თბილისში სპორტის სასახლის გვერდზე ცხოვრობს ჩემი შვილი. იქ რომ ჩავალ, იმ ღამეს სულ ცოფ-ცოფ ვათენებ, დილას ჩქარა წამოვიდე აქა. აქაურობაც ნელ-ნელა იშლება. ახლა სკოლა რომ დაიხუროს და ამბულატორია, სოფელი თავისთავად დაიცლება. ცხოვრება ომია, გულხელდაკრეფილი რომ დაჯდე, უფრო დაბეჩავდები. როგორც გინდა გაჭირვება გქონდეი, უნდა იბრძოლო, რომ დაამარცხო სიღარიბეც, სიბეჩავეც.

შევთხოვ მეფეთა ქართველის მეთაურთ, წაღმი აბრუნონ ცხოვრების ჩარხი, გალაღდეს ერი, დამარცხდეს მტერი, ქვეყანა იქნეს ბარაქიანი, ხალხი შეიქმნას ხალისიანი. ახლა რა ხდება ქვეყანაში, არ ვიცი - ზაფხულიდან ამ დრომდე არ მაქვს ტელევიზორი. სიმართლე გითხრა, აღარც მინდა! ყოველდღე გამააცხადებენ - აქ ეს მოკლეს, ამას ცეცხლი წეეკიდა, ამას ესროლეს... სულ სიკვდილიანობა, სულ უბედურებაა. პრეზიდენტობის კანდიდატებზე ვკითხულობდი გაზეთში. ღმერთსა ვთხოვ, იასო მაცხოვარს, წმინდა გიორგის, იმან გაიმარჯვოს, ვინც საქართველოს აღმავლობაზე იფიქრებს და არა - თავის სკამზე და ჯიბეზე.

- ხალხი შეიცვალა? - ხალხი ადრე უფრო ნამუსიანი იყო. ახლა კი გულჭრელი გავხდით, ღალატიანები, დაუნდობლები. ახლა ლოთობ-შფოთობა, ბოზობ-ქურდობა, გაუტანლობა, ნიკოტინი და ნარკომანიაა ახალგაზრდების დამკნინებელი. სასმელს მიჰყვებიან და პაპიროსსა. ახლა მითხრა ვიღაცამ, ნარკოტიკი თავისუფლად უნდა იხმაროს ყველამაო. ამით ხომ გაჩანაგდებიან. ორი დღის სიცოცხლე აღარ დამრჩენია, მაგრამ მაინც ახალგაზრდებზე ვფიქრობ. ანდერძიც კი დავწერე: "სიკვდილს სიცილით არვინ შეხვდება, / არ დამანახოთ თვალზე ცრემლები, / არ გამაგონოთ მოთქმით ტირილი, / სუყველას თავსამც შემოგევლებით. / მე ნუ დამმარხავთ შორს სადმე მარტო, / იახსრის გვერდზე დამასაფლავეთ, / რომ მიემეტოს ჩემი საფლავი / ჩემი მშობლების უკვდავ სამარეს. / თქვენი ყვავილი ახლა იშლება, / ჩემი ფესვები კი დამძრალია, /საცაა მალე დამიძახებენ, / ჩემი დღეები გამოთვლილია. /აი, რასა გთხოვთ, / რას გეხვეწებით: / იცხოვრეთ მუდამ კეთილი გულით, / სიკეთე რჩება ამ ქვეყნად მხოლოდ."

პ.ს. იმ დღეს, უკანა ფშავში, ბედნიერების საძებრად წასული უსასრულობაში დავიკარგე. ასე იცის მთამ, თუ ერთხელ მაინც იპოვე იქ გაბნეული ბედნიერება, მერე სულ იქ გინდა. არ აქვს მნიშვნელობა, სად დაიბადე და გაიზარდე - თუ ცამდე აზიდული მთების სიყვარული" შეგეყარა, მთელი ცხოვრება მათთან ერთად უნდა იცხოვრო. მთა საუკეთესო წამალია, მაგრამ როგორია იქ ცხოვრება, იმ წესების ერთგულება, რომელთა დაცვას მთა უპირობოდ მოითხოვს? ამას მანამდე ვერ იტყვი, სანამ იქ არ იცხოვრებ. იქ ცხოვრებას მხოლოდ სიყვარული რომ ჰყოფნიდეს, რატომ გამოიკეტებოდა ამდენი სახლის კარი, რატომ იქნებოდა მიმქრალი და გაცივებული საკვამურები, რატომ გათბილისელდებოდა მთიელი?!

იხილეთ ასევე: შუაფხოს მზე - "მე ჩემი მიწა მაძლევს ძალას"

იხილეთ ვიდეო