სპორტული ჟურნალისტიკის "შავი მარგალიტი" - კვირის პალიტრა

სპორტული ჟურნალისტიკის "შავი მარგალიტი"

რადიო "პალიტრა" წარმოგიდგენთ:

სექტემბრიდან - ყოველდღე, სპორტული მიმოხილვა, ხოლო ყოველ შაბათს - "საუბრები სპორტზე" დიმა ობოლაძესთან ერთად

სექტემბრის ხავერდოვანი სეზონიდან რადიო "პალიტრა" განახლებული პროგრამებით შეაფერადებს სივრცეს. "კვირის პალიტრა" ყოველკვირეულად მათ პორტრეტებს გაგაცნობთ, ვინც რადიოტალღაზე   FM103.9 საავტორო გადაცემებს წარუძღვებიან.

ყოველი მათგანი ცნობილია საზოგადოებისთვის. დღეს ისინი ერთ გუნდში მოღვაწეობენ...

იყო დრო, როცა ფეხბურთს თამაშობდა...

"დინამოს" დუბლებისთვის შესარჩევ ტურზეც კი მივიდა, მაგრამ...

- დაგიწუნეს?

- არა, სპორტულ დონეზე ვითამაშე, მაღალ დონეზე - ვერა. კალათბურთში კი საქართველოს უმაღლეს ლიგაში ვთამაშობდი. ჰო, ალბათ დამიწუნეს...

სხვადასხვა დროს ცურავდა, ფარიკაობდა... მოკლედ, სპორტი დიმა ობოლაძისთვის ყველაფერი იყო.

ერთხელ მორიგ საფეხბურთო შეკრებაზე მიდიოდა, თუმცა გეზი იცვალა (თუ აცვლევინეს) და კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში აღმოჩნდა - იქ, სადაც მამამისი, მერაბ ობოლაძე ასწავლიდა. აღმოჩნდა და... დარჩა, საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ.

მერე მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. გახდა და... ჯარში წავიდა. სავალდებულო სამსახურის დასრულებისთანავე ინსტიტუტში დაბრუნდა და... ჩუმად შეგროვილი საბუთებით ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გადაბარგდა.

ქიმია არ იცის და არც უსწავლია.

ფიზიკასა და მათემატიკას "სწავლობდა, რა!" ჰუმანიტარული საგნებისადმი კი განსაკუთრებით კეთილგანწყობილი იყო. უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი "მშვენივრად" დაასრულა.

ტელევიზიაში დიდი ხნის წინ მივიდა, ჯერ კიდევ პირველ არხზე და ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ყოველ ალიონს "ალიონი" არიჟრაჟებდა. არავითარი კასტინგი, არავითარი ზედმეტი და დამღლელი პროცედურები - ტელევიზიაში შევიდა და... საცდელი კადრები ჩაწერა. მეორე დილით პირდაპირ ეთერში გასასვლელად დაიბარეს. მთელი ღამე არ უძინია. ინერვიულა.

თუმცა, მეორე დღიდანვე "ტელედაძაბულობა" მოეხსნა. ასეა თუ ისე, ფერად ეკრანში "შეძვრა" და... იქვე დარჩა.

პირველს მეორე არხი მოჰყვა - კვირაში სამჯერ სპორტულ (რაღა თქმა უნდა!) გადაცემას უძღვებოდა.

დიმა ობოლაძის ჟურნალისტური ნაღვაწი პრესის ფურცლებზეც გამოჩნდა. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი წარსულიდან - დიმა გაზეთ "სიტყვა და საქმის" სახელწოდების ერთ-ერთი ავტორია. იგი ამავე გაზეთის კორექტორიც იყო...

როდესაც "რუსთავი 2" თბილისში "გადმოსახლდა", დიმა ობოლაძე პირდაპირ მიეჭრა ტელევიზიას, შევიდა და... გასაუბრებამ ტრადიციულად ჩაიარა:

- რას შემოგვთავაზებთ?

- რა გინდათ?

- რა შეგიძლიათ?

...და სხვა მსგავსი შეკითხვა, როგორც ხდება ხოლმე.

ჰო, იმავე გასაუბრებაზე ითქვა, რომ გიორგი ქინქლაძე ინტერვიუსთვის ვერავინ "მოიხელთა." დიმამ - აქ არა ვარო? და გიორგის ოპერატორთან ერთად შინ ესტუმრა, ინტერვიუ "გამოაცხო" და "რუსთავი 2"-ში "აფრინა".

ინტერვიუ ეთერში გავიდა. თუმცა დიმა ტელევიზიაში არ დარჩენილა. უბრალოდ, იმ მომენტში არ შესთავაზეს. წამოვიდა და...

რამდენიმე ხანში ზარია, სატელეფონო.

"რუსთავი 2"-ის წარმომადგენელი:

- ინგლისური იცი?

- ვიცი.

- მოხვალ?

- მოვალ.

მივიდა. დავალება მისცეს და - რამდენ ხანში მოიტანო. ხვალვეო, - უპასუხა. თურმეეე, რა "ღმერთი უწყრებოდა," ეთქვა, ერთ კვირაში ან სულაც 5 დღეში მოვიტანო! ის სიჩქარე, რაც მაშინ "განავითარა," წლების განმავლობაში აღარც "დაუგდია".

თავდაპირველად, თვეში ოთხჯერ გადიოდა ეთერში დიმა ობოლაძის გადაცემა, რომელშიც მინიმალურ ხელფასს უხდიდნენ.

ერთ ჩვეულებრივ დილას, სამსახურში მისულს, მოახსენეს - უახლოეს საღამოს მთავარ გადაცემაში სპორტული ბლოკი უნდა წაიყვანოო. ობოლაძე პირდაპირი ეთერისთვის შოკის მომგვრელად გამოეწყო - სპორტული თემატიკისთვის შესაბამისად, თუმცა საინფორმაციოს ფორმატისთვის - არაადეკვატურად.

იმ დღესაც ყველაფერი ისეთივე ფორსმაჟორში მოხდა, როგორიც ამ ტელევიზიას ახასიათებს და როგორც თვით დიმას ცხოვრება ვითარდება - სასწრაფოდ გამოუცვალეს ტანსაცმელი - პერანგი, ჰალსტუხი და პიჯაკი ჩააცვეს, ეთერში შეუშვეს და...

ათი წელია, დიმას სპორტული ბლოკი ოხუნჯობის, ხუმრობისა და ღიმილის გარეშე თითქმის არ გასულა.

ერთხელ, ჯერ კიდევ ძველ დროში, საინფორმაციო გამოშვებისას ნათია ლაზაშვილმა დიმას ტრადიციულად "წვალება" დაუწყო. ობოლაძის სპორტული მიმოხილვის დრო დადგა. დიმა-წამყვანი ტექსტს კითხულობდა. ნათიას კალამი დაუვარდა, დაიხარა და... ვეღარ ადგა. დიმამ თან ტექსტის კითხვა განაგრძო, პარალელურად კი, ცალი ხელით მთელი სპორტული ბლოკის განმავლობაში ნათია ლაზაშვილის თავი მაგიდის ქვეშ "დაატუსაღა".

ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ამ ყველაფერს თურმე "რუსთავი 2"-ის "სი-ენ-ენ-ელი" საპატიო სტუმარი ადევნებდა თვალყურს. გაოცდებოდა, სავარაუდოდ... ამდენი ხუმრობის გამო ეროსი კიწმარიშვილმა წამყვანთა ტრიოს შენიშვნა მისცა - ასე არ შეიძლებაო. ერთი თვის განმავლობაში "მეტად" დასერიოზულდნენ, მერე ისევ ეროსის შენიშვნა - არა, ასეც არ შეიძლებაო.

სპორტი - სპორტია, მაგრამ ფეხბურთი მაინც ყველაზე აზარტულია. დიმა კი ყველაზე გამორჩეული კომენტატორია თავისი "მარგალიტებიანი" მეტყველებითა და ფრაზეოლოგიით. იცის, რომ მთელი ქვეყანა უსმენს, მაგრამ... იმდენად ჩართულია თამაშის პროცესში, ნაკლებად ფიქრობს ფრაზების სისწორეზე.

ახლა რადიო "პალიტრაში" მუშაობს.

მოსწონს ეს საქმე.

საქმე კი აუარება აქვს, პარალელურად ბევრს ითავსებს. რატომ? ჯერ ერთი, მოსწონს ყველაფერი, რასაც აკეთებს. თუ რომელიმე საქმე დისკომფორტს შეუქმნის, აუცილებლად ამოშლის განრიგიდან. თან ბევრ საქმეს შემოსავალიც შესაბამისი მოაქვს. ასე რომ...

კვლავ ფეხბურთი. ბრაზილიის ნაკრების ერთგულია.

"მანჩესტერ იუნაიტედისაც". საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობს - პატრიოტულად. ქართულ ფეხბურთს აფასებს - მოკრძალებულად:

- ფეხბურთი ქვეყნის პრიორიტეტი უნდა იყოს, ეროვნული ნაკრები ქვეყნის პოლიტიკური იარაღია. ახლა ბევრი რამ უკეთესობისკენ მიდის თითქოს, ალბათ რაღაც შეიცვლება, თუმცა ამას დრო დასჭირდება. ქართული ფეხბურთისთვის უკვე დიდი თანხები იხარჯება. მთავარია, მისი სწორად განაწილება. რაც მთავარია, მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა, რომელიც ბევრს გააკეთებს ქართული ფეხბურთისთვის - მას ეს შეუძლია...

მეგონა, რომ პროფესიის გამო, ფეხბურთის სიყვარულის გამო, დიმა ობოლაძე ბევრს მოგზაურობდა, თანაც სიამოვნებით. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეს პროცესი არ უყვარს! რომ არა სამსახურებრივი მივლინება და მოვალეობა, ალბათ არასდროს გაუჩნდება სურვილი, ჩაალაგოს ჩანთა და საზღვარგარეთ გასწიოს. ის კი არა, აქვე, აჭარაშიც ვერ ჩერდება დიდხანს - თბილისი, სახლი, სამსახური, მეგობრები - ყველაფერი, რაც მის ქალაქთან აკავშირებს, განსაკუთრებით უყვარს, ამიტომ უჭირს განშორება, თუნდაც დროებით.

არასდროს დაუწუწუნია, მადლობელია უფლისა, რომ ასე წავიდა მისი ცხოვრება - აქვს საინტერესო საქმე, თანაც არაერთი. ყველა იცნობს, ცნობს, უყვართ, აფასებენ. ჰყავს ოჯახი - ცოლი, შვილები...

აქვს საინტერესო წარსული, რომლის გახსენებას არასდროს ერიდება - ეს ყველაზე მთავარია.

აქვს საინტერესო აწმყო - არაფერს გააკეთებს ისეთს, რომ "მერეში" არ მოუნდეს მისი ცხოვრების რომელიმე ეპიზოდს გადაახტეს ან გამოტოვოს.

მომავალი კი...

წინასწარ არაფერი იცის, თუმცა მომავალში არაფერია გამორიცხული, მათ შორის საინტერესო რეგალიებიც.

დიმა - ტელესახე.

დიმა - კომენტატორი.

დიმა - რადიოწამყვანი.

დიმა - მამა.

დიმა - ქმარი.

დიმა - შვილი

დიმა - მეგობარი...

დიმა... დიმა... დიმა...

და მაინც - დიმა და სპორტი...