ვინ არის და რას საქმიანობს რამაზ და ნატაშა ჩხიკვაძეების შვილიშვილი და როგორ იხსენებს ბებიასა და ბაბუას? - კვირის პალიტრა

ვინ არის და რას საქმიანობს რამაზ და ნატაშა ჩხიკვაძეების შვილიშვილი და როგორ იხსენებს ბებიასა და ბაბუას?

რამაზ და ნატაშა ჩხიკვაძეების უფროსი შვილიშვილი - ნატალია ჩხიკვაძე საკუთარ საქმიანობაზე, აშშ-სა და ჩეხეთში დიზაინისა და პიარის კუთხით მიღებული ცოდნისა და გამოცდილების, ბებია-ბაბუასთან დაკავშირებულ ტკბილ მოგონებებსა და სხვა თემებზე გვესაუბრება.

- საზღვარგარეთ გამოცდილების დაგროვების შემდეგ მივხვდი, რომ ცხოვრება და საქმიანობა თბილისში მირჩევნია. 25 წლის შემდეგ ანუ შარშან ჩამოვედი, მანამდე, პრაღასა და აშშ-ში ვცხოვრობდი და პერიოდულად ჩამოვდიოდი. პროფესიით "პიარშიკი" ვარ, ამიტომ ჩვენი ოჯახის კომპანიაშიც ძირითადად, პიარი და მარკეტინგია ჩემი საქმე.

- როგორც ვიცი, ნიუ-იორკის მოდის კვირეულებში აქტიურად იყავით ჩართული პიარის განხრით.

- იქ სამწელიწად-ნახევარი ვიყავი. აშშ-ში ცხოვრება ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, ამერიკულ სკოლაში ვსწავლობდი, უნივერსიტეტიც ამერიკული დავამთავრე პრაღაში. თავიდან, სამი თვით ჩავედი დიზაინისა და ხატვის სასწავლო კურსზე, მერე კი იქაურობა ძალიან შემიყვარდა. გადავწყვიტე, სამსახური მომეძებნა და იქ ცხოვრება მეცადა. გამიმართლა, მალევე დავსაქმდი და სამუშაო ვიზის მოცემის შემდეგ ჩეხეთში დავბრუნდი, საბუთები მოვაწესრიგე და აშშ-ში დიდი ხნით გავემგზავრე. ჯერ ერთ კომპანიაში ვმუშაობდი მარკეტინგის სპეციალისტად, მაგრამ ეს კრეატიული არ იყო, ჩემი სფერო არ აღმოჩნდა, რადგან მანამდე, წლების განმავლობაში მოდის სფეროში გახლდით დასაქმებული და ნიუ-იორკშიც სამსახურის ძებნა ამ კუთხით დავიწყე. სამ თვეში ვიშოვე კიდეც სასურველი საქმე და პიარის სააგენტოში ორი წელი ვიმუშავე. ბოლოს ბრენდების "ექაუნთ დირექტორი" ვიყავი, რვა ბრენდს ვკურირებდი, რომელთაგან ორი ნიუ-იორკის "ფეშენ ვიკზე" მუშაობდა. ყოველ სეზონზე პრეზენტაციები, ივენთები ჰქონდათ. ამ დროს ყველა კომპანია აწყობს პრესის დღეებს - ახალი კოლექციის წარდგენა და ჟურნალისტებისთვის ამ ყველაფრის გაცნობა ხდება. ჩვენი მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტ, მაღალი დონის პრესტიჟულ ჟურნალს გაეშუქებინა ჩვენი ბრენდების შესახებ.

პატარა ნატალია ბებიასთან ერთად

- მოდის კვირეულებზე ჰოლივუდის ვარსკვლავებს თუ ხვდებოდით? - ბევრი მათგანი მინახავს, მაგრამ ძირითადად, ჩვენ მათ სტილისტებს, აგენტებს ვეკონტაქტებოდით, იმ პერიოდში საშინლად დატვირთულები ვიყავით და 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით. ჩვენი ხშირი კლიენტი იყო რიანას სტილისტი, მას ვაცმევდით. სამოსი ბიონსესთვისაც გაგვიგზავნია...

- რატომ გადაწყვიტეთ, ეს ყველაფერი მიგეტოვებინათ და წამოსულიყავით?

- 24-საათიან რეჟიმში, დასვენების გარეშე მუშაობამ დიდხანს მომიწია, შვებულება წელიწადში მხოლოდ ხუთი დღით მეკუთვნოდა, ჩემები აშშ-დან საკმაოდ შორს ცხოვრობდნენ, ვერ ჩამოდიოდნენ და მათი ნახვა წელიწად-ნახევარში მხოლოდ ერთხელ მოვახერხე, რაც საკმაოდ რთული იყო. როდესაც ცხოვრებისეული პრიორიტეტები დავალაგე, მივხვდი, აქ ჩამოსვლა ჯობდა. ოჯახური ბიზნესი გვაქვს - ჩვენი ტურისტული კომპანია, თანაც, მოდის სფეროში მუშაობა აქაც შემიძლია. სხვათა შორის, როდესაც პრესის დღეებზე პირველად შევხვდი ჟურნალისტებს და გაიგეს, რომ ქართველი ვარ, არაერთმა მითხრა, - საქართველო ვიცით და იქაურ "ფეშენ ვიკზეც" ნამყოფები ვართო. ეს კარგია, მაგრამ ვფიქრობ, რაც შეიძლება ბევრი უცხოელი ჟურნალისტი და გაყიდვებით დაინტერესებული პირები, ბაიერები უნდა დავპატიჟოთ და ჩვენი მოდა კარგად გავაპიაროთ, ამით ჩვენი ბრენდები უფრო პოპულარული გახდება. ნატალია მშობლებთან და ძმასთან ერთად

- რომელ ქართველ დიზაინერს იცნობენ იქ? - რა თქმა უნდა, ყველა იცნობს დემნა გვასალიას! ევროპაში კი ავთანდილს უფრო იცნობენ.

- თქვენ მიერ წლების წინ, თბილისში წარმოდგენილი კოლექცია სრულად გაიყიდა? - კი, გაიყიდა და ოთხი კოლექციიდან 1-2-ის გარდა არაფერი შემომრჩა. პირველი კოლექცია ბაბუაჩემის საღამოზე გამოვიტანე, ესეც იმიტომ, რომ ბებოს და ბაბუას მივუძღვენი. როცა ბებიამ გაიგო ვხატავდი, ჩემი კოლექციის იდეები ძალიან მოეწონა და მეხმარებოდა. სამწუხაროდ, მალევე გარდაიცვალა. ორ თვეში ბაბუაც დაიღუპა და მთელი ემოცია, ნეგატივი სამსახურზე გადავიტანე. დავიწყე მუშაობა, ხატვა, კოლექციის შექმნა, რომელიც ორად გავყავი: ერთი ბებიასთვის იყო განკუთვნილი, მეორეში ბაბუას ნახატები გამოვიყენე, მაისურებზე დავპრინტე. მინდა, ეს საქმე მომავალშიც გავაგრძელო. იდეალისტი ვარ და თუ გავაკეთებ, ძალიან მაგარი უნდა იყოს. დანარჩენი კოლექციების ჩვენება პრაღაში მქონდა. ბევრი ჩეხი და სლოვაკი ბაიერი მოვიდა და კოლექციები ჩვენების დასრულებისთანავე შეიძინეს, შემდეგ მათ მაღაზიებში იყიდებოდა. ჩემი პატარა შოურუმიც მქონდა და ინტერნეტმაღაზია...

- პრაღაში გატარებული წლების შესახებაც გვიამბეთ. - იქ ხუთი წლიდან ვცხოვრობდი. როგორც თბილისი, პრაღაც ჩემი სახლია. ამ ქალაქში ქართველი მეგობრებიც მყავს და ადგილობრივებიც - სკოლიდან, უნივერსიტეტიდან. ქართულად ვლაპარაკობდი, მაგრამ ყველა ენას ერთმანეთში ვურევდი და ქართველები რომ გავიცანი, უკვე მარტო ქართულად მიწევდა საუბარი. თავიდან, ეკონომიკური განხრა ამარჩევინეს, მაგრამ საჩემო არ იყო, მათემატიკა საერთოდ არ მესმის. პიარზე ვსწავლობდი და პარალელურად, დიზაინის ოთხწლიანი კურსი დავამთავრე.

- მსახიობობის სურვილი არ გქონიათ? - ბავშვობიდან მქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამომივიდა. ერთ ფილმში კი ვითამაშე პრაღაში, ეპიზოდურ როლში. ბაბუაჩემის მეგობარი ჩამოვიდა, - ნატულიკო გვინდა ვათამაშოთო. სამსახიობოზე არ ჩავაბარე, ჩემებსაც არ უნდოდათ ეს. ბაბუა იმდენად დიდი არტისტი იყო, მის სახელს ვერასდროს ვერც გადავფარავდი და არც შევეცდებოდი. ვიცი, უნიჭიერესი ადამიანი იყო, ვგიჟდები მის მიერ შესრულებულ როლებზე, სპექტაკლებზე, ფილმებზე. დღესდღეობით მიჭირს მათი ყურება, რადგან მისი ხმის გაგონებაზე ემოციები მეძალება. ბაბუაა და რა თქმა უნდა, მენატრება. როცა მას აქებენ, ძალიან მსიამოვნებს და მეამაყება.

- როდის გააცნობიერეთ, რომ ბაბუათქვენი ცნობილი მსახიობი იყო? - ხუთი წლის ვიყავი, როდესაც პირველად "კავკასიური ცარცის წრე" ვნახე და მსახიობობა სწორედ მაშინ მომინდა. ბაბუა აზდაკის როლში დახეული ტანსაცმლით რომ გამოვიდა, ტირილი დამიწყია, - დედა, ბაბუს რა სჭირს? მოდი, ტანსაცმელი ვუყიდოთ-მეთქი. სცენაზე რომ შემოვიდა და ყველა ფეხზე დადგა, ტაშის დაკვრა დაიწყეს და შეძახილები ისმოდა, მართლა შოკში ვიყავი. აქამდე არ მენახა ასეთი ბაბუა, ვერც იმას მივხვდი, რატომ უკრავდნენ ტაშს. მაშინ გავაცნობიერე, ალბათ, რომ უნიკალური ადამიანი იყო. ეს სპექტაკლი ზეპირად ვიცი, სიტყვასიტყვით შემიძლია გავიმეორო.

ბაბუას ვარსკვლავის გახსნის წინადღეს, გენერალურ რეპეტიციაზე საოცრება ხდებოდა, ხალხი ვერ ეტეოდა, გარედან კი სტუდენტები ითხოვდნენ შემოსვლას. თურმე, თეატრში იპარებოდნენ. იცოდნენ, რომ ბოლო წარმოდგენა იყო და ნახვა უნდოდათ. ეს რამაზს რომ გაუგია, გადარეულა, - ამათ უნდა ნახონ, არტისტების ახალი თაობააო. გასულა, თეატრის მთავარი კარი გაუღია და ყველა სტუდენტი გენერალურ რეპეტიციაზე შეუშვია სპექტაკლის სანახავად. ასეთი ემოციური წარმოდგენა არასდროს მინახავს, დარბაზი ინგრეოდა ტაშით. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამ სპექტაკლში მონაწილე მსახიობების განიალურობაზე.

- როგორი ბაბუა იყო რამაზ ჩხიკვაძე? - შესანიშნავი! ყველგან ერთად დავდიოდით, სულ რაღაცას მასწავლიდა, მარიგებდა. კროსვორდების შევსება უყვარდა. დამიძახებდა და ერთად ვავსებდით, მამოწმებდა ხოლმე. ხან ისტორიას მასწავლიდა. ბაბუა ძალიან განათლებული იყო, ყველაფერი იცოდა და ამით მაკვირვებდა. სპექტაკლებზე, გამოფენებზე დავყავდი, კულტურულ საღამოებს ვიწყობდით. მუსიკაზე მელაპარაკებოდა, ჯაზი უყვარდა ძალიან და ცუდადაც ყოფნისას სულ მთხოვდა, "იუთუბზე" ჩამირთეო. უსაყვარლესი, თბილი ბაბუ გახლდათ. სულ ვკოცნიდი და კოცნიას მეძახდა. ყველაზე მეტად, ჩვენი წარმატება, წინსვლა უხაროდა.

ბებია ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა და რთული იყო როგორც ბაბუას, ასევე მისი წასვლაც... თანაც, მოულოდნელად გარდაიცვალა და ბაბუასთვის ეს განსაკუთრებული შოკი იყო. ნატაშა ჩემი უახლოესი მეგობარი გახლდათ, ყველაფერზე ვჭორაობდით "გოგოშკურად". პრაღაში თუ არ იყო, ტელეფონზე ვლაპარაკობდით საათობით, ძირითადად, სწავლაზე, საქმიანობაზე, პირად ამბებსაც ვუყვებოდი, რჩევებს მაძლევდა. ორივე საოცარი ადამიანი იყო, დაუვიწყარი...

თამთა დადეშელი