"ფრანგებს ჩურჩხელა ჩავუტანე და მოხარშეს" - კვირის პალიტრა

"ფრანგებს ჩურჩხელა ჩავუტანე და მოხარშეს"

"ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯიასა" და "მის საქართველო 2012"-ის გამარჯვებული თამთა შედანია, რამდენიმე წელია, ეკრანზე არ გამოჩენილა. ევროპასა და აზიაში საერთაშორისო სამოდელო სააგენტოებთან კონტრაქტები დროებით დასრულდა. თამთა შედანია სამოდელო კარიერაზე, პირად ცხოვრებასა და მსოფლიოს სილამაზის კონკურსებზე გიამბობთ:

- მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მთავარი მიზანი იყო, პროფესიონალი მოდელი გავმხდარიყავი, საზღვარგარეთ ცხოვრებისას ვცდილობდი, სხვადასხვა კურსზე მევლო, რომ მეტი მესწავლა. პირველად კონტრაქტით საზღვარგარეთ რომ წავედი, ინგლისური არ ვიცოდი, მაგრამ მიუხედავად შეცდომებისა, მაინც ვლაპარაკობდი და სამ თვეში თავისუფლად ავლაპარაკდი. ჰონკონგში ცხოვრებისას თან ვსწავლობდი (საზოგადოებასთან ურთიერთობის კოლეჯი წარმატებით დავამთავრე), თან მოდელად ვმუშაობდი. შემდეგ ვიზაჟის კურსები გავიარე. ახლა საქართველოში ერთ-ერთი კომპანიის მთავარ ვიზაჟისტად ვმუშაობ. იმისათვის, რომ პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" მიმეღო მონაწილეობა, უარი ვთქვი საინტერესო შემოთავაზებაზე - გაყიდვების მენეჯერი უნდა ვყოფილიყავი ძალიან დიდ კომპანიაში.

- თამთა, შენ ხარ "მის საქართველო 2012", წარადგინე საქართველო "მის უნივერსი 2012"-ზე და "მის მსოფლიო 2013"-ზე. ხშირად ამბობ, რომ საერთაშორისო კონკურსებზე უსამართლოდ იღებენ გადაწყვეტილებებს. - ეს არ არის სილამაზის კონკურსი, აქ ძალიან დიდ როლს თამაშობს პოლიტიკა. წინასწარ იციან, ვინ არის გამარჯვებული. ვნახე, რამდენ ფულს დებენ ისეთი ქვეყნები, როგორიც არის არგენტინა, ვენესუელა, რომ კონკურსანტები შთამბეჭდავად წარადგინონ, ჩვენთან კი ამისთვის არაფერი იხარჯება. მე იქ იმიტომ წავედი, რომ ჩემი ქვეყანა მესახელებინა. ჩემს გამოსვლაში 5% იყო სააგენტოს ხარჯი, დანარჩენი თვითონ გადავიხადე.

თამთა შედანია ქალიშვილთან ერთად რა თქმა უნდა, გარეგნობასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დროთა განმავლობაში ვისწავლე ჩემი სხეულის მოვლა. ვვარჯიშობ პილატესს ან იოგას, ვცეკვავ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ცეკვა არის ფორმის სწრაფად აღსადგენი ერთადერთი ვარჯიში. ათ დღეში ისეთ შედეგს მივაღწიე, რასაც სატრენაჟორო დარბაზში ძალიან დიდხანს ვარჯიშის შემდეგ თუ მივაღწევდი.

- თამთა, ვიცი, რომ მუდმივად ჩაგაქვს ქართული ღვინო იმ სააგენტოსთვის, სადაც გიწვევენ... - 2012 წელს, როდესაც ჰონკონგიდან ჩამოვედი, დავიწყე მუშაობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნულ სააგენტოში. სადაც ჩავსულვარ, ყოველთვის ჩამიტანია საჩუქრად ქართული ღვინო და ჩურჩხელა. ჩვენი ღვინო ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს. ერთხელ საფრანგეთში ჩავიტანე ძალიან ბევრი ჩურჩხელა. მეორე დღეს რომ მივედი, ვხედავ, სააგენტოს სამზარეულოში მოუხარშავთ - ცოტა მაგარი იყოო.

- შენს პირად ცხოვრებაზე ხშირად ლაპარაკობს მედია... - ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი იყო მამის გარდაცვალება. ამის შემდეგ, მალევე, ჩემი შვილი დაიბადა და 15 დღის იყო, როდესაც მეუღლეს გავშორდი... შვილი მარტომ გავზარდე, დედობამ გამაძლიერა და "დიდი შესვენების" შემდეგ ყველაფერი თავიდან დავიწყე, დღეს კი ამაყი ვარ, რომ შემიძლია, ყველა სირთულე დავამარცხო.

ახლა შეყვარებული ვარ. არასდროს უნდა თქვა არასდროს. როდესაც ქალს იმედი უცრუვდება, მამაკაცისადმი ნდობას კარგავს, მაგრამ ყველას, ვისაც ერთხელ მაინც გული ეტკინა, ვეტყოდი: "არ დაკარგოთ დრო იმაზე ფიქრში, რატომ მოხდა ეს, რომ უბედური ხართ! იფიქრეთ, როგორ გაძლიერდეთ! საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ქალი ბედნიერია და სიყვარულიც თავისით მოდის!"

იხილეთ ფოტოგალერეა

ნინო წიფურია