"მაკა ვარ და ძალიან მიყვარხართო, - ზურამ კი უპასუხა, არჩევნების შემდეგ დამირეკეთო" - ვინ აწუხებდა ზურაბ ჟვანიას სიყვარულის საკითხზე - კვირის პალიტრა

"მაკა ვარ და ძალიან მიყვარხართო, - ზურამ კი უპასუხა, არჩევნების შემდეგ დამირეკეთო" - ვინ აწუხებდა ზურაბ ჟვანიას სიყვარულის საკითხზე

გარდაცვლილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას რძალი და ყოფილი პარლამენტარის გოგლა ჟვანიას მეუღლე ნინო შარაშიძე იხსენებს როგორ გაიცნო მომავალი მეუღლის გაცნობამდე მისი ძმა:

- 20 წლის ვიყავი, როცა "მწვანეთა მოძრაობაში" მოვხვდი. გოგლამდე ზურას ვიცნობდი. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ ჩემს მეგობარს სერიოზულად მოსწონდა ზურა. როცა გამიმხილა, გამიკვირდა, თუმცა, ძალიან თანავუგრძნობდი. მახსოვს, 1992 წლის არჩევნების წინა პერიოდი იყო და მაკამ ზურას ოფისში დარეკა. რა თქმა უნდა, არ დააკავშირეს, უთხრეს, არ სცალიაო. ჩემმა მეგობარმა მდივანს უთხრა, ნანა ვარ დევდარიანიო და ამ ილეთმა გაჭრა. შემდეგ გამოუტყდა, ნანა კი არა, მაკა ვარ და თქვენ ძალიან მიყვარხართო. ზურამ უპასუხა, - დიდი მადლობა, ახლა არ მცალია და არჩევნების შემდეგ დამირეკეთო. მაკამაც დარეკა არჩევნების შემდეგ, - გამარჯობა, ბატონო ზურაბ, სიყვარულის თაობაზე რომ გაწუხებდით, ის ვარო. ზურამ ბევრი იცინა. შესანიშნავი იუმორი ჰქონდა. მაკა პარალელურად, სახლშიც რეკავდა ზურასთან. ზურა სახლში არ ხვდებოდა და რამდენჯერმე გოგლასთან მოუხდა საუბარი. მაკამ მასაც გაუზიარა თავისი გრძნობების შესახებ და გოგლამ ურჩია, "მწვანეებში" შედი და იქ უკეთ გაიცნობ ზურასო. ჩვენც გავხდით "მწვანეები" და ასე მოვხვდი ზურას გვერდით.

- როგორ დაახასიათებდით თქვენს მაზლს?

- ზურა ძალიან თბილი და გულისხმიერი ადამიანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკური ხედვები და სიმპათიები ერთმანეთს არ ემთხვეოდა - არც შევარდნაძე მომწონდა და არც "მოქალაქეთა კავშირი", - ზურასთვის ეს სავსებით მისაღები იყო. საოცარი პოტენციალი ჰქონდა, მათ შორის - ადამიანურიც. ჭკვიანი პოლიტიკოსი რომ იყო, ამაზე არავინ დაობს, მაგრამ იმდენად დადებითი და კეთილშობილი იყო... მართლა გულწრფელად უნდოდა ამ ქვეყნის გაძლიერება, ჯანსაღი სახელმწიფოს აშენება... მგონი, ზურა ერთადერთი იყო, რომელიც ქმნიდა პოლიტიკურ გუნდს და არა - კლანს. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ამ ქვეყანაში მასზე არჩევანი არც ერთხელ არ გაკეთებულა - ჯერ შევარდნაძე ამჯობინეს, მერე - სააკაშვილი.

ნინო შარაშიძე მეუღლესთან, გოგოლა ჟვანიასთან ერთად

- და ამას რით ახსნით? რატომ ხდებოდა ასე?

- ფაქტობრივად, მას არ მიეცა თავისი პოტენციალის ბოლომდე რეალიზების საშუალება. გული მწყდება, როდესაც მას იხსენებენ, როგორც ჭკვიან პოლიტიკოსს, ჭადრაკის თამაშის მსგავსი უნარებით. ზურას უნდოდა, ძლიერი, ჯანსაღი და მართლა ევროპული ტიპის სახელმწიფო და არა ისეთი, როგორიც შემდეგ მივიღეთ.

- ცნობილია ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ექსპრემიერი მოკლულია. ვის და რატომ უნდა მოეკლა იგი?

- რატომ? ზურა იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც სააკაშვილს გარკვეულ ბარიერს უქმნიდა. სააკაშვილი იძულებული იყო, მისთვის ანგარიში გაეწია. სააკაშვილს და მის გუნდს ზურა ბევრ რამეში უშლიდა ხელს. ჩვენ მის სიცოცხლეშივე გვქონდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის გარემოცვაში მიდიოდა საუბრები ზურას მოცილებაზე. ზურა ნამდვილად მოკლეს... არ შემიძლია დაბეჯითებით იმის თქმა, კონკრეტულად ვინ დაგეგმა ეს მკვლელობა. ბევრჯერ იმაზეც მიფიქრია, როგორ მოხდა ეს, - სააკაშვილმა დაგეგმა თუ სხვამ ჩაიდინა, თუმცა, სააკაშვილი ამ ტრაგედიით უკმაყოფილო რომ არ დარჩენილა, ფაქტია. მახსოვს კონკრეტული ფაქტები, როდესაც ის ადამიანები, რომლებიც მაშინ ზურას მეგობრებად მოიაზრებოდნენ, თვითონ ჰყვებოდნენ, მკვლელობის შემდეგ როგორ მუშაობდნენ სხვადასხვაგვარი ჭორისა და ვერსიის გავრცელებაზე. პირდაპირ აძლევდნენ დავალებებს - სად, ვისთან და როგორ უნდა მოეყოლათ შეთხზული ისტორიები. ამაზე მუშაობდა მიშა სააკაშვილის მთელი სისტემა. მალევე გამოვლინდა, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა და ამას უამრავი დეტალი ადასტურებს. არც იმას გამოვრიცხავ, არ გამოვლინდეს ის, ვინც დაუკვეთა ეს მკვლელობა, თუმცა, ჩემი მეუღლე იმედოვნებს, რომ ყველაფერი გამჟღავნდება. ეჭვგარეშეა, რომ ეს მკვლელობა იყო.

- მომიყევით, როგორ დაიწყო თქვენი და ბატონი გოგლას სიყვარულის ამბავი.

- ჩვენი ურთიერთობა "მწვანეებიდან" დაიწყო 1992 წელს, როცა 21 წლის ვიყავი. ერთ დღეს გოგლა მოვიდა ჩვენს ოფისში, იქ გავიცანი და შემდეგ მე და ჩემი მეგობარი კაფეში დაგვპატიჟა. ძალიან დინჯი, თავშეკავებული, გაწონასწორებული ადამიანია და ემოციებს იოლად არ გამოხატავს. მე კი ყოველთვის აქტიური და ხმაურიანი ვიყავი და ალბათ ამიტომაც არის ჩვენი ურთიერთობა დაბალანსებული. ისე, ადრეული ასაკიდანვე განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა ფიზიკოსების მიმართ. სულ ვამბობდი, ფიზიკოსს უნდა გავყვე-მეთქი, ვინაიდან მიმაჩნდა, რომ ისინი ყველაზე მრავალმხრივი, ნიჭიერები და განსხვავებულები იყვნენ. გოგლამ, პირველ რიგში, ფიზიკოსობით მიიქცია ჩემი ყურადღება. ის განსხვავებული იყო თბილისელი ბიჭებისგან. არასოდეს ცდილობდა ყოფილიყო "ძველი ბიჭი", ამავე დროს, იყო ძალზე მამაკაცური და პრინციპული. ერთხელ, სრულიად შემთხვევით, გაჩერებაზე საუბრობდნენ პოლიტიკაზე და ვიღაცამ თქვა, ჟვანია კარგი კაცივით რომ გამოდის, სინამდვილეში ხეტყეს ყიდისო, და უცებ, მშვიდი და უწყინარი გოგლა პირდაპირ მივიდა და მუშტი დაარტყა ამის მთქმელს. ეს ჩემთვის შოკი იყო. 1993 წლის 22 აპრილს, დედამიწის დღეს დავქორწინდით. ურთულესი პერიოდი იყო. მაშინ აქტიურად ვიყავით ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში. გოგლა ტრადიციისამებრ, ხელის სათხოვნელად მოვიდა ჩვენს ოჯახში. ისე ვნერვიულობდი!.. თუმცა, ამ მომენტს არ შევსწრებივარ, ვინაიდან, საბედნიეროდ, ტელეფონმა დარეკა და მეორე ოთახში გავედი.

- დედამთილთან, ქალბატონ რემასთან როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ?

- ზურას დედას თურმე მანამდე ინფორმაციებს აწვდიდნენ ჩემზე და უთქვამთ, გოგლა შავ გოგოსთან დადისო (იცინის). არაჩვეულებრივად შევხვდით და დღემდე რემა დეიდა ჩემი ფავორიტია. ასეთი კეთილშობილი ადამიანი ცხოვრებაში არ შემხვედრია. როდესაც ზურა პარლამენტის თავმჯდომარე იყო და დაცვა ჰყავდა, რემა დეიდა ყოველდღე საკუთარი ხელით უმზადებდა ბიჭებს სადილს. საოცარი ქალია, ძალიან მიყვარს! არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. როცა ცუდად ვიყავი, საავადმყოფოში დედასავით მითენებდა ღამეებს. დიდი ამაგი აქვს შვილიშვილებზე. მაინც ვეჭვიანობდი და ვეუბნებოდი, ზურა უფრო გიყვარს-მეთქი. ზურა, თავისი წარმატებებითა და აქტიური ცხოვრებით, ოჯახში მუდმივად დღის წესრიგში იდგა მაშინ, როცა გოგლა იყო ძალზე წყნარი, ჩუმი... გოგლასგან არასდროს გამიგონია, - დავიღალე, რამე მაწუხებსო. ალბათ მისმა კეთილშობილებამ მომხიბლა და იმან, რომ საოცრად ღირსეული ადამიანია. ისიც კი მიფიქრია, ჩვენ შორის განხეთქილება რომ მომხდარიყო და ცოლქმრული ურთიერთობა დასრულებულიყო, მაინც მის მხარდამჭერად და მეგობრად დავრჩებოდი.

- მეუღლის მსგავსად, მანამდე თქვენც დაკარგეთ ძმა...

- კახა მართლაც გამორჩეული ადამიანი იყო - განათლებული, პოეტური ბუნების, არაჩვეულებრივი გარეგნობის, თავმდაბალი და გამტანი. მთელი თავისი ხანმოკლე ცხოვრება სამართლიანობის ძიებაში გაატარა. ჩემი ერთადერთი ძმა 22 წლის ასაკში სამმა ადამიანმა სრულიად უაზროდ გამოასალმა ქუჩაში სიცოცხლეს - 1991 წლის 22 ივნისს, დოლიძის ქუჩაზე დანა დაარტყეს გულში (სიგარეტზე მოუხდათ შელაპარაკება). რადგან კახა იყო მარტო, მოწმე არ ჰყავდა, მისი მკვლელები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. 20 წლის ვიყავი, როცა ამ საშინელ უსამართლობას შევეჯახე. დედ-მამა სრულიად განადგურებული იყო და მე დავდიოდი გამომძიებელთან. გამომძიებელი კი მიმტკიცებდა, შენ იურისტი არ ხარ, არაფერი გესმისო და მფარველების დახმარებით, თვალსა და ხელს შუა გაატარეს ეს საქმე. მაშინ მართლა დამთავრდა ჩემი ცხოვრება და ვეღარ წარმომედგინა, რომ ამის შემდეგ რამე დადებითი შეიძლებოდა მომხდარიყო. საოცარი იყო, რომ წლების შემდეგ ჩვენს ოჯახში იგივე ტრაგედია გამეორდა და ზურას სახით, მეორედ, ასევე ვერაგულად მომიკლეს ძმა.

იხილეთ ასევე: "ჰყვებოდა, თუ როგორები იყვნენ ალას მშობლები, ქმრები, საყვარლები და ა.შ." - როგორ განაცვიფრა ზურაბ ჟვანიამ ალა პუგაჩოვა?

ნანა ფიცხელაური

ჟურნალი „გზა“, 2014 წელი