"თამარ მეფეს სიამოვნებით განვასახიერებდი" - კვირის პალიტრა

"თამარ მეფეს სიამოვნებით განვასახიერებდი"

"ჩემს ცხოვრებაში ბევრი ისეთი რამ არის, რაც სხვებმა არ იციან"

მსახიობისა და ტელეწამყვანის - ნინი ბადურაშვილის ცხოვრებაში წიგნს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვა ბებიამ შეაყვარა, თან - ისე ძლიერ, რომ დროის დეფიციტის მიუხედავად, წიგნის კითხვის სიამოვნებაზე უარს ვერასოდეს ამბობს...

- დროის უქონლობის გამო, შეიძლება, 1 წიგნის წაკითხვა დიდხანს გამიგრძელდეს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ისეთი პერიოდი არ არის, როცა წიგნს არ ვკითხულობ. წიგნის კითხვის კულტურა წინათ უფრო არსებობდა, ჩვენ კი "ინტერნეტის თაობა" ვართ და მაგალითად, ბებიებთან შედარებით, შესაძლოა, ლიტერატურულ ნაწარმოებებს ნაკლებად ვკითხულობთ. მიუხედავად ამისა, მაინც ყოველთვის ვახერხებ, წავიკითხო, რადგან ეს ძალიან მსიამოვნებს - წიგნიდან ბევრ ღირებულს იღებ ადამიანი...

- ელექტრონულ წიგნებს არ კითხულობთ?

- სხვათა შორის, არასოდეს გამომიყენებია. ყოველთვის ჩვეულებრივ წიგნს ვკითხულობ.

- ბოლოს რომელი ლიტერატურული ნაწარმოები წაიკითხეთ?

- ნიკოლოზ მაკიაველის ბიოგრაფია წავიკითხე, ახლა კი მის ნაწარმოებს - "მთავარი" ვეცნობი, რომელიც მაკიაველის შემოქმედებაში ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევა. მაკიაველის ბიოგრაფიამდე, თანამედროვე მწერლის - მიხეილ ბუკოვსკის ერთ-ერთი ნაწარმოები წავიკითხე. მცხეთაში უამრავი წიგნი გვაქვს. ბევრი რამის წაკითხვა მინდა, მაგრამ სამწუხაროდ, სულ დროის დეფიციტს განვიცდი.

- მაკიაველით რატომ დაინტერესდით?

- საერთოდ, ძლიერი ფიგურების - პოლიტიკოსების, მწერლების, ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების ბიოგრაფიების კითხვა ძალიან მომწონს. დიდი ხანია, მაკიაველი მაინტერესებდა. მის შესახებ წიგნი მცხეთაში ვნახე და სიამოვნებით წავიკითხე... როცა ბიოგრაფიის კითხვა დავასრულე, შემდეგ ნაწარმოები - "მთავარი" დავიწყე...

- სამაგიდო წიგნი თუ გაქვთ, რომელსაც ხშირად გადახედავთ ხოლმე?

- მართალი გითხრათ, სამაგიდო წიგნი, რომელსაც ხშირად ვკითხულობ, არ მაქვს. რომელი წიგნებიც წამიკითხავს, ყველა მათგანი - მხოლოდ ერთხელ. მინდა, წაკითხული წიგნები თავიდან წავიკითხო, რადგან როცა პატარა ხარ, თითქოს ისე ვერ იაზრებ რაღაცებს, როგორც მაგალითად, ახლა გავიაზრებდი...

- დამოუკიდებლად, პირველად რომელი წიგნი წაიკითხეთ?

- ასტრიდ ლინდგრენის "ბიულერბიუელი ბავშვები". ალბათ, 9-10 წლის ვიქნებოდი. წიგნისადმი ჩემი სიყვარული ბებიაჩემის დამსახურებაა: მახსოვს, ზაფხულობით, როცა სასკოლო არდადეგები გვქონდა, შუადღისას წიგნის კითხვისთვის გარკვეულ დროს გამოგვიყოფდა ხოლმე, როცა ეზოში არ უნდა გავსულიყავით და უნდა გვეკითხა - ეს იყო წესი!

- საკუთარ თავს რომელ ლიტერატურულ პერსონაჟს ამსგავსებთ?

- სიმართლე გითხრათ - არც ერთს. კონკრეტული, "ჩემი" პერსონაჟი არ შემხვედრია, მაგრამ ბევრში ისეთი თვისებები დამინახავს, რაც მეც მახასიათებს. ლიტერატურულ ნაწარმოებში ყველაფერი ისე საინტერესოდაა გადმოცემული, ახსნილი, რომ გაფიქრებს - თურმე, ასეთი ხასიათი მხოლოდ შენ არ გაქვს... მოკლედ, კონკრეტულ პერსონაჟს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ჩემი ხასიათის გარკვეული თვისებები ბევრ მათგანში "დამიჭერია".

- როგორ ფიქრობთ, თქვენი ცხოვრება წიგნის სიუჟეტისთვის საინტერესო იქნებოდა?

- ალბათ, ვინმესთვის საინტერესო იქნებოდა, ჩემ შესახებ წიგნი დაეწერა, რადგან ჩემს ცხოვრებაში ბევრი ისეთი რამ არის, რაც სხვებმა არ იციან. ჯერ ბევრი არ მიცხოვრია, მაგრამ უინტერესო ნამდვილად არ ყოფილა. 30 წლის მერე, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ცხოვრება უფრო მეტად საინტერესო იქნება, თუმცა, იმ დროს შესაძლოა, უკვე წიგნი თავადაც დავწერო.

- საკუთარი გრძნობების შესახებ დაგიწერიათ ან იქნებ დღიური გიწარმოებიათ?

- ბავშვობაში, გარკვეული პერიოდი, პოეზიით ვიყავი გატაცებული. რომანტიკულ ლექსებს ვწერდი, ზოგჯერ - ფილოსოფიურს...

- რომელი ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციაში ითამაშებდით სიამოვნებით და ვის როლს?

- ალბათ, რაიმე ისტორიულ ფილმში ვითამაშებდი... შეიძლება, ძალიან ამბიციური განაცხადია, მაგრამ თამარ მეფეს სიამოვნებით განვასახიერებდი. ძლიერი პიროვნებები, მით უმეტეს - ქალები, ძალიან მიყვარს. თამარი ჩვენი ძლიერების სიმბოლო იყო... რომანტიკული, სიყვარულისთვის შეწირული ქალის როლს ნაკლებად ვითამაშებდი.

- რომელი მწერლის წერის სტილი მოგწონთ განსაკუთრებულად?

- ქართველი მწერლებიდან კონსტანტინე გამსახურდია მომწონს, ასევე - ოთარ ჭილაძე, გურამ დოჩანაშვილი, უცხოელებიდან - რემარკი, ჰემინგუეი, ბულგაკოვი... ბევრი შეიძლება, ჩამოვთვალო... თანამედროვე მწერლებიც ძალიან საინტერესოა, მაგალითად - ბუკოვსკი.

- თანამედროვე ქართველი მწერლების შემოქმედებას თუ ეცნობით?

- კი, აკა მორჩილაძის ნაწარმოებები მაქვს წაკითხული. მშვენიერი მწერალია. ბოლოს მისი "ქართულის რვეულები" წავიკითხე, რომელიც XIX-XX საუკუნის საქართველოს ისტორიის შესახებაა დაწერილი... ასევე, ტურაშვილიც საინტერესო მწერალია... ბევრი თანამედროვე მწერლის შემოქმედებას არ ვიცნობ, მაგრამ ვისი ნაწარმოებებიც წამიკითხავს, ნამდვილად საინტერესოდ წერენ.

- საერთოდ, რომელიმე წიგნის წაკითხვა გინანიათ?

- არა. უბრალოდ, ბავშვობაში ისეთი წიგნებიც შემირჩევია, რომელთა წაკითხვა ჩემთვის ადრე იყო, მაგალითად - სტენდალის "წითელი და შავი" ჩემთვის ცოტათი რთული იყო. ასეთ დროს ჯობია, კითხვა შეწყვიტო და მაშინ განაგრძო, როცა შესაბამისი ასაკის იქნები, რომ უკეთ გაიაზრო...

- ნინი, ჩვენს მკითხველებს რომელი წიგნის წაკითხვას ურჩევთ?

- რემარკის "ტრიუმფალური თაღი" ძალიან მიყვარს! სიამოვნებით წავიკითხე და კიდევ წავიკითხავდი...

რთულია, მკითხველებს კონკრეტული წიგნი ვურჩიო, რადგან მართლა უამრავი საოცარი ნაწარმოები არსებობს... მეც ინტერნეტის მსხვერპლი ვარ - ჩემი ცხოვრება "ფეისბუკით", "ინსტაგრამითაა" მოცული, მაგრამ მაინც ყველას ვურჩევ, ცოტა დრო წიგნის კითხვასაც დაუთმონ, რადგან ლიტერატურული ნაწარმოებიდან ისეთ რამეს მიიღებ, რასაც სხვა რამით ვერ შეავსებ: შესაძლოა, ფილმს უყურო, მაგრამ იქ კონკრეტული სიუჟეტები თუ პერსონაჟები რეჟისორის ხედვითაა გადმოცემული, ხოლო როცა თავად კითხულობ, პერსონაჟებსაც შენი წარმოსახვით ხედავ და შესაბამისად, ეს უფრო საინტერესოა.

შეიძინეთ წიგნები ონლაინ

ეთო ყორღანაშვილი ჟურნალი "გზა"