"ვანო ჩხარტიშვილმა უკრაინის აეროპორტიდან თავისი ქალიშვილი გაატაცებინა?!" - კვირის პალიტრა

"ვანო ჩხარტიშვილმა უკრაინის აეროპორტიდან თავისი ქალიშვილი გაატაცებინა?!"

უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა და "იულია ტიმოშენკოს ბლოკის" წევრის, ტარიელ ვასაძის მცველებმა კიევის "ბორისპოლის" აეროპორტიდან ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ქალიშვილი, ნათია გაიტაცეს. ამ ინფორმაციას უკრაინული გაზეთი "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს. ნათია ჩხარტიშვილი თავის საქმრო დავით ტაბუცაძესთან ერთად თბილისში მოემგზავრებოდა. ტაბუცაძე საქართველოს შსს-ს მაღალჩინოსანია. ახალგაზრდები საქართველოში დაქორწინებას აპირებდნენ. გაზეთის მტკიცებით, ქორწინების ჩაშლა გადაწყვიტა ნათიას მამამ, რომელიც საქართველოდან ლონდონშია გაქცეული.

წყვილი ოდესაში ისვენებდა. როდესაც გაიგეს, რომ ჩხარტიშვილის ხალხი ეძებდა, საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტეს და კიევში ჩაფრინდნენ. აეროპორტში ახალგაზრდებს გზა ტარიელ ვასაძის დაცვამ და უშიშროების თანამშრომლებმა გადაუღობეს. "უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ვალერი ხოროშკოვსკიმ შს მინისტრ ანატოლი მოგილევს დაურეკა და აეროპორტიდან მილიციის თანამშრომლების გაწვევა მოსთხოვა.

სანამ მოლაპარაკება მიმდინარეობდა, წყვილმა მოასწრო რეგისტრაციის გავლა და ავტობუსში ჩაჯდომა, რომელსაც ისინი ასაფრენ ზოლზე უნდა გაეყვანა, მაგრამ ავტობუსში უშიშროების თანამშრომელი ავიდა, ნათია ჩხარტიშვილს პასპორტი გამოართვა და გვერდი ამოხია, შემდეგ კი განუცხადა, ასეთი პასპორტით ვერსად გაფრინდებითო და აეროპორტში დაბრუნება მოსთხოვა, ტაბუცაძეს კი ნათია ჩხარტიშვილის მოტაცება დააბრალა. გაოგნებული ტაბუცაძე გაიძახოდა, თუ დამნაშავე ვარ, დამაკავეთო, უშიშროების თანამშრომლებმა კი უკრაინის სასწრაფოდ დატოვება მოსთხოვეს.

"უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, ნათია ჩხარტიშვილთან არც საქართველოს ელჩი უკრაინაში, გრიგოლ ქათამაძე შეუშვეს.

გამოცემის ცნობით, აეროპორტიდან ნათია ჯერ ტარიელ ვასაძის სახლში წაიყვანეს, შემდეგ კი ლონდონში, მამასთან გაამგზავრეს.

გრიგოლ ქათამაძემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიიღო დავით ტაბუცაძის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი საცოლე აეროპორტიდან გაიტაცეს.

ნათია ჩხარტიშვილს გავლენიანი მამის წყალობით არა და არ ეღირსა ბედნიერება. ზემომოყვანილი ამბავი პირველი შემთხვევა არ არის.

ნათია ჩხარტიშვილსა და ოზურგეთელ ბექა ჩხაიძეს ბავშვობიდან უყვარდათ ერთმანეთი (ვანო ჩხარტიშვილიც ოზურგეთის მკვიდრია). მათი შეუღლების პირველი ცდა კრახით დასრულდა საპატარძლოს მამის გამო. სხვათა შორის, ბექა ჩხაიძე წარსულში ცნობილი ჟურნალისტის, ბეგლარ ჩხაიძის შვილიშვილია.

KvirisPalitra.Geეტყობა, ვანო ჩხარტიშვილს ისე სძულს ჟურნალისტები, რომ ქალიშვილსაც არ აღირსა ბედნიერი მომავალი. ერთი სიტყვით, თითქმის შეუღლებული წყვილი ერთმანეთს დააშორა მოსიყვარულე მამამ.

ნათია ჩხარტიშვილი ბედს დამორჩილდა, მოგვიანებით ოჯახი შექმნა კიდეც. დაოჯახდა ბექა ჩხაიძეც, მაგრამ წლების შემდეგ ორივეს ოჯახები დაენგრათ. რამდენიმე წლის წინ მათი ურთიერთობა განახლდა და წყვილმა კვლავ გადაწყვიტა შეუღლება, მაგრამ ვანო ჩხარტიშვილმა იმჯერადაც "იმარჯვა", სასიძო დააჭერინა და კარგა ხანს ახეხინა ციხის საკანი (შსს-ს ჩინოსან ტაბუცაძეს აშკარად გაუმართლა, ქალი მხოლოდ რომ წაართვეს და უარეს შარს არ გადაჰკიდეს).

როგორც ბექა ჩხაიძის ოჯახის ახლობელმა მიამბო, წყვილს ერთმანეთი უყვარდა, ნათია სიყვარულით და ნებით გაჰყვა ბექას, ამბროლაურის რაიონში ერთ-ერთ ოჯახში მივიდნენ, სადაც სუფრაც გაიშალა.  წყვილს ვანო ჩხარტიშვილმა მეორე დღეს მიაგნო. როგორც მითხრეს, სამართალდამცველებიც თან ახლდნენ გადარეულ მამას.

ვანო ჩხარტიშვილმა ქალიშვილი დაიბრუნა, ბექა ჩხაიძეს კი ადამიანის გატაცების ბრალდებით ციხეში უკრეს თავი. მიუხედავად იმისა, რომ ოზურგეთის რაიონში მათი სიყვარულის ამბავი ცნობილი იყო და სამართალდამცველებმაც იცოდნენ, რომ ნათია ნებით გაჰყვა თავის რჩეულს, ბექა ჩხაიძეს ბრალად დასდეს ადამიანის გატაცება და პატიმრობაც შეუფარდეს.

ნათია ჩხარტიშვილმა მამის შიშით გულის სწორის საწინააღმდეგო ჩვენება მისცა, თითქოს ბექა ჩხაიძემ მოიტაცა. ბექა ჩხაიძე ციხიდან "აღიარების, მონანიების"  შემდეგ, ანუ საპროცესო გარიგებითა და 10.000-ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

ალბათ, ნათია ჩხარტიშვილი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მამამისი პრეზიდენტის მიერ გმირად შერაცხილ საქმროსაც დაუწუნებდა.

2008 წელს საქართველოს პრეზიდენტმა ვანო ჩხარტიშვილის "გადაგდებული" სასიძო, დავით ტაბუცაძე გმირად გამოაცხადა.

მაშინ სააკაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ქვეყანას ამცნო, რომ დავით ტაბუცაძე გმირია, რადგან "უშიშრად მარტო გაეკიდა კბილებამდე შეიარაღებულ ხუთ ბანდიტს, რომლებიც ირანის მოქალაქეს დაესხნენ თავს და დააკავა. რამდენიმე დღის წინათ ამ ადამიანმა ოცდაერთი წლის გოგონა გადაარჩინა, რომელიც მტკვარში თავს იხრჩობდა. იგი დაუფიქრებლად გადახტა მტკვარში და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გოგონა წყლიდან ამოიყვანა".

როგორც მოგახსენეთ, ტაბუცაძემ განცხადებით უკვე მიმართა უკრაინის პროკურატურას. გაოგნებული საქართველოს ელჩი ქათამაძე კი მხოლოდ იმასღა აცხადებს, ველოდებით რეაგირებას ჩვენი მოქალაქის გატაცების ფაქტზეო!

გიორგი კვიტაშვილი