ლუტრაკიდან ათენამდე - კვირის პალიტრა

ლუტრაკიდან ათენამდე

მიდიხარ ქუჩაში, ხედავ, მოხუც ქალს გვერდით ახალგაზრდა მომვლელი მოჰყვება, "ქართველია", - ფიქრობ შენთვის. ახლოს მოდიან, აკვირდები და ხვდები, რომ ინტუიციამ არც ამჯერად მოგატყუა. თუმცა რაღა ინტუიცია, იმ ხუთი დღის განმავლობაში, რაც საბერძნეთის საკურორტო ქალაქ ლუტრაკში გავატარე, არ შემხვედრია მოხუცი, რომელსაც ქართველი მომვლელი არ ახლდა.

ბერძენი მოხუცები აქ ან მარტო არიან, ან ქართველ მომვლელთან ერთად. "გამარჯობა", - მიესალმები ქართულად. "გაგიმარჯოს", - გეტყვიან და გაივლიან, ვითომც არაფერიო. საბერძნეთში ქართული სალამი არავის უკვირს. მხოლოდ რამდენიმე გამოგველაპარაკა, ჩემმა ბავშვმა მიიქცია მათი ყურადღება. ერთმა ჩაიხუტა, საქართველოს სუნი ასდისო, მეორემ თავის "ბებოს" მიურბენინა, ნახე, პატარა ქართველიო. ბერძენ მოხუცებს პენსია აძლევს იმის საშუალებას, ყოველ ზაფხულს რამდენიმე თვე ფეშენებელურ კურორტზე გაატარონ, თან მომვლელიც იახლონ. მომვლელების ანაზღაურება ექვსასიდან ცხრაას ევრომდე მერყეობს.

გააჩნია, როგორ გაგიმართლებს და როგორ ოჯახში მოხვდები. ზოგიერთი ხელგაშლილია, ზოგიც ხელმომჭირნე, ზოგი კეთილია, ზოგიც ბოროტი, ამის მიხედვით განისაზღვრება ქართველი მომვლელის ბედი. ყველა მოხუცს თავისი ახირება აქვს, ზოგი მომვლელს სისხლს უშრობს. არაფერი მოსწონს, თუ ავად არის, ერთი წუთითაც გვერდიდან არ იცილებს, მისთვის დასვენების დღეც კი არ არსებობს, საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის, მაგრამ მომვლელი მოვალეა ყველაფერი უხმოდ აიტანოს, თორემ სამსახურს დაკარგავს, მით უმეტეს, რომ ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ახალი "ბებოს" შოვნა გართულდა.

ამიტომ ქართველების დიდი ნაწილი ითმენს დამცირებას. ქართველ მომვლელებზე მაინც განსაკუთრებული მოთხოვნაა. ზოგიერთი ოჯახი განცხადებაში პირდაპირ უთითებს, რომ სამსახურში მხოლოდ ქართველს აიყვანს. ამის მიზეზად თავად ქართველები იმას ასახელებენ, რომ ისინი უფრო ყურადღებიანები არიან. ზოგი ქართველი ისეთ კარგ ოჯახში ხვდება, რომ იქით ევლებიან თავს, მაგრამ ეს იშვიათია.  აქაური ქართველების უმეტესობა ბერძნებს ლანძღავს, ასეთი ცუდი ხალხი არ გვინახავსო. შეხვდებით ისეთებსაც, ვინც ვითარებას უფრო ობიექტურად აფასებს და ამბობს, კარგებიც არიან და ცუდებიცო.

თავად ბერძნებს ქართველებზე როგორი წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ? ვინც ქართველი უნახავთ, ან მოხუცის მომვლელია, ან მოსამსახურე. თუმცა ისინიც ახერხებენ ბერძნების გაკვირვებას. ზოგჯერ ბერძენ "ქალბატონს" (ასე უწოდებენ აქაური ქართველები იმათ, ვისთანაც მუშაობენ) სახლში ისეთი მოსამსახურე ჰყავს, რომელიც მასზე უფრო განათლებულია და თბილისში ორი დიპლომი აქვს დატოვებული. ჰოდა, "ქალბატონს" უკვირს, ქართველებმა ყველაფერი როგორ იცითო.

ბერძნები ცუდ ქართველებსაც ხედავენ. მაგალითად, ქურდებს. ამ საქმეს, ძირითადად, ქართველი კაცები მისდევენ. ზოგჯერ ქართველი ქალი ოჯახში ეწყობა, რამდენიმე დღეში სახლის გასაღების ნიმუშს აკეთებს, კაცს აძლევს და მეორე დღეს ის ბინა გაძარცულია. აქ მოგიყვებიან იმის შესახებაც, როგორ ხდებიან ქართველი ქალები პაკისტანელების საყვარლები. ათენში მცხოვრებ ყველა ქართველს თავისი ისტორია აქვს. ყველაფერ ამას ომონიაზე მოგიყვებიან.

KvirisPalitra.Geომონია

ომონია უბანია ათენის ცენტრში. მას თამამად შეიძლება ქართული უბანი უწოდო. საბერძნეთში მცხოვრები ქართველების უმეტესობა თავს აქ იყრის. აქ ნახავთ ქართულ ბანკს, ქართულ კაფეს, ქართულ სილამაზის სალონს, სადაც თმის შეჭრა ათი ევრო ღირს, აქ არის  საქართველოში ამანათების გასაგზავნი ან დასაქმების ოფისები, სადაც მომვლელებზე შემოსული მოთხოვნები იყრის თავს, შემდეგ ის, ვისაც ეს ოფისი ასაქმებს, ვალდებულია მას განსაზღვრული თანხა გადაუხადოს.

აქ ნახავ ბირჟაზე მსხდომ ქართველ ქალებს, რომლებიც სამსახურს ეძებენ ან ახალი ჩამოსულები არიან, ან მათი "ბებო" გარდაიცვალა და ახალს ელოდებიან. ასევე ნახავთ ბირჟაზე მდგომ ქართველ კაცებს, რომლებსაც თვალები აქვთ ატრიალებული და საეჭვოდ იქექებიან. აქ "წამალი" ოხრად არის და ქართველი კაცების ნაწილი იმ ფულს, რასაც პატიოსანი ან უპატიოსნო გზით შოულობს, სწორედ ნარკოტიკში ხარჯავს.

ომონიაზე მიხვდები, რომ აქ მცხოვრები ქართველების უმეტესობას არ უყვარს საქართველოს ხელისუფლება. ყველა მთავრობას ლანძღავს. მათი არგუმენტი მარტივია: მე ახლა აქ რატომ უნდა ვიყო და სახლისგან, ოჯახისგან მოწყვეტილი, რატომ უნდა ვემსახურებოდე ბერძნებს? პოლიტიკურ ნიადაგზე ხშირად მოსდით დაპირისპირება ბერძნებთანაც. Bბერძნები რუსების მოყვარულები და ამერიკის მოძულეები ყოფილან.

შესაბამისად, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში აქ ყველა საქართველოს ადანაშაულებს. ომის დროს ბერძნული ტელევიზიები ინფორმაციას, ძირითადად, მოსკოვიდან გადმოსცემდნენ და დღესაც ჰგონიათ, რომ რუსეთს თავს ჩვენ დავესხით. აქაური ქართველები ამბობენ, რომ ომის დროს რუსულ პროპაგანდას საქართველოს საელჩომ ვერაფერი დაუპირისპირა, ერთი ბრიფინგიც კი არ გაუმართავთო. საქმე იქამდეც კი მიდის, რომ ზოგს ჯერ ისევ რუსი ჰგონიხარ.

პირადად მე ორჯერ მკითხეს, საიდან ხარო, ვუპასუხე გეორგიიდან-მეთქი და აა, რაშაო. ერთმა ქუჩის მევიოლინემ, რომ ვუთხარი გეორგიიდან ვარ-მეთქი, ჩემს პატივსაცემად "კალინკა-მალინკა" დაუკრა. არადა, სულაც არ იყო უბრალო ქუჩის მუსიკოსი, რამდენიმე დისკიც ჰქონდა გამოშვებული, რომლებსაც იქვე ყიდდა.

ისტორიულად ბერძნებსა და ქართველებს რამდენი რამ გვაკავშირებს. ჩვენ ხომ, ფაქტობრივად, ბიზანტიური სამყაროს ნაწილი ვიყავით, გეორგიაც ხომ ამათ დაგვარქვეს?! აქ კი გექმნება შთაბეჭდილება, რომ ბერძნებს ამაზე წარმოდგენაც კი არა აქვთ. მათთვის მოსამსახურეებისა და მომვლელების ერი ვართ, რუსეთის ყოფილი ნაწილი.

აქ კიდევ ერთი უსიამოვნო რამ შევამჩნიე:  საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს ერთმანეთთან ურთიერთობა არ უყვართ, ერთმანეთს არ ენდობიან. შენც გაფრთხილებენ, დიდად ნუ დაუახლოვდებიო. ის, ვინც მუშაობს, ომონიაზე კვირადღეს მხოლოდ საქართველოში ფულის ან ამანათის გასაგზავნად მიდის. ომონია კვირადღეს პატარა საქართველოა. ნაღვლიანი თვალების საქართველო.